ფოტო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის „1+4 პროგრამის“ სტუდენტს, ეროვნებით ბერძენ ვლადიმირ ტერსენოვს, 14 აპრილს, დედა ენის დღესთან დაკავშირებით თსუ-ში გამართულ ღონისძიებაზე, ენის დღისადმი მიძღვნილ ესეების კონკურსში გამარჯვებისთვის ჯილდო გადაეცა. საკონკურსო ესეს დასახელება: „ჩემი სახელმწიფო ენა - ქართული“.
როგორც ვლადიმირ ტერსენოვმა GUARDIAN.GE-ის განუცხადა, მან სულ პატარაობიდანვე დაიწყო ქართული ენის სწავლა, შემდეგ კი სომხურენოვან სკოლაში ყოფნის პერიოდში გაიღრმავა ცოდნა. მისი თქმით, გაუმართლა იმით, რომ ქართული ენის კარგი მასწავლებელი ჰყავდა, ეროვნებით ქართველი და უნივერსიტეტში სწავლა არ გასჭირვებია.
ფოტოზე: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის „1+4 პროგრამის“ სტუდენტი ვლადიმირ ტერსენოვი
„მამით ბერძენი, დედით კი, სომეხი ვარ. დავიბადე და გავიზარდე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, სადაც ამჟამად ბერძნების ათამდე ოჯახი ცხოვრობს. სოფელში, ჩვენ გვერდიგვერდ აჭარიდან და სვანეთიდან ჩამოსახლებულებიც ცხოვრობენ და ბავშვობიდან ქართველ თანატოლებთან ხშირი კონტაქტი მქონდა, რაც ძალიან დამეხმარა ქართულის ათვისებაში. ენის შესწავლაში კომუნიკაცია იცით, რომ აუცილებელია.
„როცა პატარა ვიყავი და ვთამაშობდი, ისე ვუყურებდი ჩემს თანატოლებს, რომ არაფერი არ მესმოდა, არც ერთი სიტყვა არ ვიცოდი, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლე და შემდეგ სკოლაც დამეხმარა. ქართულის გარდა ვიცი სომხური, რადგან დავამთავრე სომხურენოვანი საჯარო სკოლა. ასევე ვფლობ თურქულ, რუსულ და ბერძნულ ენებს და ვიცი ცოტა ინგლისური. დავდიოდი ჟვანიას სახელობის სკოლაშიც და იქიდანაც ვისწავლე რაღაცები. უნივერსიტეტში ერთწლიან პროგრამაზე სწავლაც რა თქმა უნდა, ძალიან მეხმარება“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ვლადიმირ ტერსენოვმა.
ვლადიმირი, როგორც თავად გვითხრა, ბავშვობიდან მედიცინით იყო გატაცებული, თუმცა შემდეგ საბანკო სექტორით დაინტერესდა. სწორედ ამის გამო, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის სომხურენოვანი საჯარო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვიდრე ახალი პროფესიის დაუფლებას შეუდგება, როგორც არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულმა, „1+4 პროგრამა“ უნდა დაასრულოს წარმატებით.
„სხვებისგან განსხვავებით, უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლა არ გამჭირვებია, რადგან როგორც გითხარით, კარგი საფუძველი მქონდა, თუმცა აქ სწავლა მაინც გაცილებით მაღალ დონეზეა, ბევრ ახალ ტერმინს ვსწავლობთ. უკვე 2021 წლის სექტემბრიდან ეკონომიკის ფაკულტეტზე მინდა სწავლის გაგრძელება. ბავშვობიდან მედიცინით ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ მე-10 კლასიდან შემეცვალა აზრი და უფრო ეკონომიკის სპეციალობაზე დავიწყე ფიქრი. ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა მათემატიკა. მომწონს საბანკო სფერო და ვფიქრობ, სწავლის დასრულების შემდეგ ბანკში დავიწყებ მუშაობას“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ვლადიმერ ტერსენოვმა.
მას ნამდვილი სტუდენტური ცხოვრება, აუდიტორიებში ლექციებზე ყოფნა და ცოცხალი ურთიერთობები ლექტორებთან და ჯგუფელებთან, არ ჰქონია, რადგან პანდემიის პერიოდში გახდა სტუდენტი. მისი თქმით, პირველ სემესტრს გარკვეული სირთულეებიც ახლდა, თუმცა ახლა უკვე სწავლის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.
„თავიდანვე ონლაინ სწავლება დავიწყეთ და ვერ ჩამოვედი თბილისში. ცუდ პერიოდს დაემთხვა ჩემი სტუდენტობა (იცინის), ვერ შევძელი ჩემი ჯგუფელების პირისპირ გაცნობა. პირველად ძალიან რთული იყო ონლაინ სწავლება, გვქონდა ინტერნეტის პრობლემა, „ზუმის“ პლატფორმა ახალი იყო ჩვენთვის და პირველი სემესტრი სირთულეებით გამოირჩეოდა, მაგრამ მეორე სემესტრში მივეჩვიეთ და არ არის ისეთი ძნელი უკვე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულებრივი გახდა ასეთი ცხოვრება, როგორც დავდიოდით სკოლაში, ისე შევდივართ „ზუმში“ და ვისმენთ ონლაინ ლექციებს, უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც მირჩევნია აუდიტორიებში ვესწრებოდე ლექციებს“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის ვლადიმირ ტერსენოვმა.
შენიშვნა: ქართული ენის სწავლასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თსუ-ში, 14 აპრილს, ასევე, დაჯილდოვდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები:
ფოტოზე: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში
კერძოდ, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიის, ავსტრიის და ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში.
ფოტოზე: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე
ჯილდოები ასევე გადაეცათ ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისთვის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტებს და ესეების კონკურსში „ჩემი სახელმწიფო ენა - ქართული“ გამარჯვებულ 1+4 პროგრამის სტუდენტებს:
თსუ კურსდამთავრებულს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ლიანა მარქარიანს;
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, რამილია ალიევას;
თსუ 1+4 პროგრამის სტუდენტს, ეკა მეირაბიანს;
თსუ 1+4 პროგრამის სტუდენტს, ვლადიმერ ტერსენოვს;
თსუ 1+4 პროგრამის სტუდენტს, რაუფ მახარამოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.