ლიანა პილტოიანი - დირექტორი, რომელმაც ხაჩკოვის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 2,5 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო
28-04-2021, 21:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს, რაზეც სახელმწიფოს მიერ 2,5 მილიონამდე ლარი იხარჯება და სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეთნიკურად სომხებით დასახლებულ სოფელ ხაჩკოვს, რომელიც ზღვის დონიდან 1 900 მეტრამდე სიმაღლეზე მდებარეობს, წალკის მუნიციპალიტეტში ყველაზე კეთილმოწყობილი და თანამედროვე საჯარო სკოლა ექნება.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ​ლიანა პილტოიანი 

 

 

პროექტის განხორციელებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებას და შემდეგ კი, მის დაწყებას ყველაზე მოუთმენლად სკოლის დირექტორი, ქალბატონი ლიანა პილტოიანი ელოდებოდა.

 

 

 

 

 

მანამდე, ვიდრე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხაჩკოვის საჯარო სკოლას სარეაბილიტაციო სიაში შეიყვანდა და სამუშაოების შესრულების თაობაზე ტენდერს გამოაცხადებდა, სკოლის დირექტორს დიდი შრომის გაწევა დასჭირდა ხელისუფლების დასარწმუნებლად, რომ მათი შენობა ამორტიზებული იყო და სრულ აღდგენას საჭიროებდა.

 

 

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ის ლიანა პილტოიანმა განუცხადა, როდესაც შენობის კაპიტალურ განახლებაზე დაიწყო ფიქრი, შიშმა შეიპყრო, რადგან ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ასეთი მასშტაბური პროექტისთვის, წალკის განაპირა, მივარდნილ სოფელში, სადაც დღემდე ხეირიანი გზაც კი არ არსებობს, ვინმე მოიცლიდა, მით უფრო პანდემიის პირობებში.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ​ლიანა პილტოიანი მე-12 კლასელებთან 

 

 

თუმცა მისი შიში არ გამართლდა და დღეს უკვე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

 

 

 

„გულწრფელად გეტყვით. არ მჯეროდა ბოლომდე, რომ სკოლის რეაბილიტაცია დაიწყებოდა, რადგან იცით, რა რთული პერიოდია, მაგრამ ხომ ხედავთ, სამუშაოები როგორი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. გვეუბნებიან, რომ ოქტომბრისთვის ახალი სკოლა ექსპლუატაციაში შევა“, - ამბობს ლიანა პილტოიანი.

 

 

 

 

იგი მადლობას უხდის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და წალკის რესურსცენტრის ხელმძღვანელობას, თანადგომისა და გაწეული სამუშაოსთვის.

 

 

 

 

„რაღა დაგიმალოთ და ძალიან გახარებული ვართ, მეც და პედაგოგებიც, მოსწავლეები, მათი მშობლები, მთელი სოფელი. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობას, ვინც გულისყურით მოეკიდა ჩვენს სატკივარს და გვერდით დაგვიდგა ამ უდიდეს საქმეში.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ​ლიანა პილტოიანი სკოლის სარემონტო სამუშაოებს ეცნობა

 

 

„მინდა მადლობა ვუთხრა წალკის რესურსცენტრის უფროსს, ბატონ არსენ ჯმუხაძეს, რომელიც ჩემსავით იყო ჩართული ამ პროცესში, შეიძლება უფრო მეტადაც კი. არ დაუშურებია ძალ-ღონე, რომ საწადელისთვის მიგვეღწია.

 

 

 


„რა ყურადღებასაც ბატონი არსენი წალკის არაქართულენოვანი სკოლების მიმართ იჩენს, სიტყვით თუ საქმით, ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი იშვიათობაა. იგი ჩვენ, სომხებს, თავს ყოველთვის ჩვენი ქვეყნის, საქართველოს განუყოფელ ნაწილად გვაგრძნობინებს, გამორჩეული თანადგომის უნარი აქვს და საოცრად თავმდაბალი ადამიანია.

 

 

 

 

ამას იმისთვის არ გეუბნებით, რომ დაბეჭდოთ ეს. უბრალოდ, მინდა იცოდეთ, თუ როგორი მაღალი დონის პროფესიონალი და ხელმძღვანელი ჰყავს ჩვენი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრს და რაც მთავარია, იგი არის ძალიან კარგი პიროვნება, განათლებული და ადამიანების მოსიყვარულე.

 

 

 


„მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენი რესურსცენტრის მთავარ ბუღალტერს, ბატონ ნოდარ მგელაძეს, სხვებს და სხვებს. რომ არა მათი თანადგომა, მარტო ვერაფერს გავხდებოდი. მათ დიდი სამუშაოები გასწიეს.

 

 

 

 

„მეც, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ვიყავი ჩართული ამ პროცესში. რამდენჯერ შემიღია ინფრასტრუქტურის სამინისტროს კარები თხოვნით, რომ დაეჩქარებინათ ჩვენი საკითხის განხილვა.

 

 

 

 

თავდაპირველად ცოტა ფანტაზიადაც კი მეჩვენებოდა ჩვენი თხოვნის დაკმაყოფილება, რადგან მშვენივრად მესმოდა, რომ ამხელა, სამსართულიანი სკოლის სრული რეაბილიტაცია ძალიან დიდ თანხას მოითხოვდა და ადვილი შესაძლებელი იყო უარით გამოვესტუმრებინეთ.

 

 

 


„არადა, სკოლა მართლაც გადაუდებლად საჭიროებდა გამაგრებას, კაპიტალურ რემონტს და ხედავთ, რომ შედეგი სახეზეა. შეიძლება ვთქვათ, რომ ახალი სკოლა შენდება ფაქტობრივად. ისე, როგორც მშენებლებმა თქვეს, ამის აღდგენა უფრო რთული პროცესია, ვიდრე ახლის აშენება.

 

 

 

 

 

„გვექნება თანამედროვე სპორტდარბაზიც, რომელიც ისე იყო ამორტიზებული, რომ ბავშვები შიშით შეგვყავდა იქ. ძალიან კარგი ახალგაზრდობა მოდის და თანამედროვე სპორტდარბაზი მათი სპორტული მონაცემების განვითარებას ძალიან შეუწყობს ხელს. სკოლის შენობას შიგნითვე ექნება სათანადოდ მოწესრიგებული სველი წერტილებიც.

 

 

 


„განსაკუთრებით მახარებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული არიან ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებიც. ისინი ჩემს ხელში გაიზარდნენ და ვხედავ, რომ ძალიან დიდი მოტივაციით მუშაობენ.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ​ლიანა პილტოიანი კერძო სახლში განთავსებულ სკოლასთან

 

 

„მათი გაკეთებული საქმე ისევ მათივე შვილებს დახვდებათ წინ. საერთო ჯამში, აქ 40-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული“, - უთხრა ლიანა პილტოიანმა GUARDIAN.GE-ის.

 

 

 


სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო, დღის წესრიგში დადგა ალტერნატიული ფართის მოძიება, რაც სოფელში ადვილი არ იყო, თუმცა მოხერხდა ორი კერძო სახლის პოვნა, სადაც ამჟამად სასწავლო პროცესი ორ ცვლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 

 

 

 

ლიანა პილტოიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი შენობა ვერ მოიძებნებოდა, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდებოდა.

 

 

 


„სწავლა დილის 9 საათზე იწყება და საღამოს 7-ზე მთავრდება, რადგან თავადაც უყურებთ, რომ ამ პატარა ზომის კერძო სახლებში სხვაგვარად ვერ მოხერხდება სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვა.

 

 

 


„ეს სახლები რუსეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანასოფლელმა დაგვითმო და რაც მთავარია, გვერდიგვერდაა, თან ჩვენი სკოლის სიახლოვესაცაა, სადაც ახლა, როგორც თავადაც ნახეთ, კაპიტალური სამუშაოები მიმდინარეობს და მეც თავისუფალ დროს, დღეში რამდენჯერმე ჩავდივარ იქ, რომ დავხედო მუშაობის პროცესს. ვიცი, რომ კარგად იქნება ყველაფერი, მაგრამ გული მაინც არ მითმენს, ჩავდივარ და სიამოვნებას მანიჭებს ყოველი ახალი გაკეთებულის ყურება“, - ამბობს ლიანა პილტოიანი.

 

 

 


ქალბატონი ლიანა ამაყობს იმით, რომ უმაღლესი განათლება თბილისში, მაშინდელ პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში მიიღო და მთელი მისი პედაგოგიური მოღვაწეობის საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდში, თავის მოსწავლეებს ყოველთვის იმას აგულიანებდა, რომ კარგად შეესწავლათ ქართული ენა და თბილისში გაეგრძელებინათ სწავლა.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ​ლიანა პილტოიანი მე-11 კლასში სომხური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილის ჩატარების დროს

 


იგი, დირექტორობის პარალელურად, სომხურ ენას და ლიტერატურას ასწავლის.

 

 

 

 

სომხური ენის გაკვეთილზე მან საგნის თემას გადაუხვია და მე-11 კლასის მოსწავლეებს რამდენიმე შეკითხვა ქართულ ენაზე დაუსვა - ქართულად მოეყოლათ იმის შესახებ თუ ვინ არიან და რა გეგმები აქვთ სკოლის დამთავრების შემდეგ.

 

 

 


მოსწავლეებმა თავიანთ თავზე და სამომავლო გეგმებზე ძალიან კარგი, გამართული ქართულით გადმოსცეს ნააზრევი.

 

 

 


მათგან ზოგიერთს სამედიცინო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება და ექიმობა უნდა, ზოგს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ინგლისური ენის განხრით და მასწავლებლობის სურვილი აქვს, ზოგს საბანკო საქმიანობა იზიდავს და ა.შ.

 

 

 


„აი, ხომ ხედავთ, ქართულად როგორ კარგად საუბრობენ ბავშვები. ჩვენი სკოლის არაერთი კურსდამთავრებული თბილისში სწავლობს. ბევრმა უკვე დაამთავრა უნივერსიტეტი.

 

 

 


„მოდის შესანიშნავი თაობა. თავადაც ხომ უყურებთ, როგორი ლაღები არიან. რა კარგად ფლობენ ქართულ ენას.

 

 

 


„ესენი მე-11 კლასელები არიან. ერთი წლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, მათი უმეტესობა სტუდენტი იქნება. ისინი პირველები იქნებიან, ვინც ახალ სკოლაში დაასრულებენ სწავლას.

 

 

 

 

„გული მწყდება, რომ მე-12 კლასელებს, რომლებიც ასევე შესანიშნავი ბავშვები არიან, ეს არ მოესწროთ და აქ, ამ კერძო სახლში მოუწევთ სკოლის ცხოვრებასთან გამომშვიდობება.

 

 

 


„ასევე, მინდა ვთქვა, რომ სექტემბრიდან 15 პირველკლასელი გვეყოლება. ეს დიდი მატებაა. ჩვენ, მასწავლებლები ხომ ყველაფერს მომავალი თაობის გულისთვის ვაკეთებთ.

 

 

 

 

ჩვენზე უკეთ, მეეჭვება ვინმეს ესმოდეს მათი. მინდა ლაღი და სიყვარულით სავსე ცხოვრება ჰქონდეთ.

 

 

 

 

ჩვენ არ დავიღლებით მათ აღზრდაში. მიმაჩნია, რომ უპირველესად, სწორედ კარგად აღზრდილი მომავალი თაობები უნდა მივცეთ ქვეყანას“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის ქალბატონმა ლიანა პილტოიანმა.

 

 

 


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 2020 წლის 27 ოქტომბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღება იმავე წლის 15 ნოემბერს დაიწყო და 20 ნოემბერს დასრულდა.

 

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ​ლიანა პილტოიანი სკოლის შენობასთან

 

 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2, 497, 528.00 ლარი იყო.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ​ლიანა პილტოიანი სკოლის შენობასთან

 


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის (ს/კ № 85.15.24.006) რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N2-ის თანახმად, NAT200016558 ელექტრონულ ტენდერში ყველაზე დაბალი სატენდერო წინადადების ფასის შეთავაზების მქონე პრეტენდენტი იყო შპს „ინსტალი“ (ს/კ404436570), რომლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულმა საბოლოო ფასმა 2,472,500.00 ლარი შეადგინა.

 

 

 

 

გამარჯვებულ კომპანიასთან შენობის დასრულების სამუშაოების შესახებ ხელშეკრულება 30 ნოემბერს გაფორმდა და მიწოდების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 (თერთმეტი) კალენდარული თვე განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხაჩკოვის საჯარო სკოლის აღდგენა 2021 წლის ოქტომბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი