[ვიდეო] ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მას ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა დაავალა - 2007 წლის სკანდალური ინტერვიუ ოქრუაშვილთან, რომელიც ექსპერტ ამირან სალუქვაძის შეფასებით, წინა მთავრობის ანატომიას გაგაგებინებთ
11-11-2021, 17:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE -  ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში, 2007 წლის სექტემბერში ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ირაკლი ოქრუაშვილთან პირდაპირ ეთერში გასულ ინტერვიუს აქვეყნებს და წერს: „1.არ დაიზაროთ, ყურადღებით მოუსმინეთ, ბევრ თემას ეხება. „ნაცმოძრაობის“ მთელი ანატომიაა. მეათედიც რომ სიმართლე იყოს, „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკაში თავს ვერ უნდა ჰყოფდეს. ეს იყო დანაშაულებრივი სინდიკატი. ამათ დემოკრატიის არაფერი სცხიათ.

 


2. ერთ დროს გრიგოლია კითხვებს სვამდა...

 


3. თავის თავზე რასაც ტრაბახობს, წუთში გავუბათილებ, საბუთებით. თუმცა, ახლა სხვა თემებია აქტუალური.

 


მოუსმინეთ, ნუ დაიზარებთ. ვინც არ ხართ ჩახედული, გაიგებთ წინა მთავრობის ანატომიას.

 


„დამითაგეთ“ საელჩოები, პარტნიორები, კუბილიუსები, ბელტები, პოტიგები...“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 


ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, 2007 წლის სექტემბერში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასული ირაკლი ოქრუაშვილი, არაერთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. როგორც იგი ირწმუნება, 2005 წლის ივლისის დასაწყისში მას საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაზე თანხმობის მიცემა სთხოვა და სააკაშვილის თქმით, პატარკაციშვილის „მოცილება“ უნდა მომხდარიყო იმავე ფორმით, როგორც ეს ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ჰარირის შემთხვევაში მოხდა (შენიშვნა: ცნობილი ლიბანელი ბიზნესმაგნატი, ლიბანის პრემიერ-მინისტრი -1992-1998 წლებში და 2000-2004 წლებში, რაფიკ ჰარირი 2005 წლის 14 თებერვალს ქვეყნის დედაქალაქ ბეირუთში ააფეთქეს. მის ესკორტზე თავდასხმისას მასთან ერთად 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მისი დაცვის პირადი წევრები). ოქრუაშვილის თქმით, მისი სააკაშვილის ხელისუფლებიდან წამოსვლის მიზეზი სწორედ ეს გახდა, რადგან ეს „წყალგამყოფი“ მომენტი აღმოჩნდა მისთვის.

 

 

 


„მას შემდეგ, რაც 2005 წლის ივლისში, ივლისის დასაწყისში, ჩემსა და პრეზიდენტს შორის შედგა ერთ-ერთი საუბარი. მან მე პირდაპირ მკითხა. რას ფიქრობ იმაზე, რომ ჩვენი მთავარი საფრთხე მოვიცილოთ? მე ვკითხე, რას გულისხმობდა ის ამ საფრთხეში და მან დამისახელა ერთ-ერთი პიროვნება - პიროვნება, რომელიც მას დღესაც მიაჩნია, რომ ეს მისი საფრთხეა. და მან კონკრეტული გეგმა დამისახა თუ როგორ უნდა ყოფილიყო ეს პიროვნება მოცილებული. მე არ მითქვამს მისთვის არც დადებითი, არც უარყოფითი პასუხი, მე მას ვთხოვე, რომ დრო მჭირდებოდა იმაზე, რომ მოვიფიქრებდი. მე მივხვდი, რომ ეს იყო ხაფანგი და თუ მე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი და ამ დავალებას შევასრულებდი, მეორე დღეს მეც მომიცილებდნენ. ეს პიროვნება გახლდათ პატარკაციშვილი და კონკრეტული მაგალითი დამისახა პრეზიდენტმა მისი მოცილების. კონკრეტულ სიტყვებს ვიძახი: ‘ის უნდა მოვიცილოთ, როგორც მოიცილეს რაფიკ ჰარირი - ეს გახლდათ ლიბანის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ააფეთქეს საკუთარ მანქანაში. ეს იყო 2005 წლის ივლისის დასაწყისი და მე შევეცადე, ტაიმ-აუტი ამეღო და მასთან ამ საკითხზე აღარ მესაუბრა“, - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.

 


მისივე თქმით, პრეზიდენტის დავალებით მოხდა ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემაც და იმ შეხვედრაზე, სადაც მისი ცემა დაიგეგმა, სამი ადამიანი იმყოფებოდა - სააკაშვილი, მერაბიშვილი და თავად ოქრუაშვილი. „ეს დავალება საკმაოდ „კარგად“ შეასრულა მერაბიშვილმა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

 


ზურაბ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით კი, ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე „სპეკულაცია“ არ სურს, რადგან არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია, თუმცა თქვა, რომ „მისი გვამი იმ სახლში მიტანილი იქნა... მისი გვამი იმ სახლში არ იმყოფებოდა და იქ მიიტანეს“. ოქრუაშვილმა არაფერი თქვა იმის შესახებ, თუ ვინ მიიტანა ჟვანიას გვამი ბინაში: „არ ვისაუბრებ მე დღეს ამაზე“.

 


ოქრუაშვილი ასევე ჰყვება სააკაშვილისა და მისი ოჯახის კორუფციულ სქემებზე, მისი შინაგან საქმეთა მინისტრობისას, მის მიერ პრეზიდენტის ბიძის, თემურ ალასანიას დაკავებაზე, საპატრიარქოს მაღალ იერარქიული პირებზე კომპრომატების შეგროვებასა და მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების სხვა მანკიერ მხარეებზე.

 

 

„ეს ფაქტი მოხდა პეროვსკაიაზე, რესტორან „სან-ტაფეში“. ეს ადამიანი [თემურ ალასანია] 200 000 დოლარს სძალავდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის, თუ არ ვცდები, სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, ვინმე კაპანაძეს. სუფრაზე იჯდნენ ეს ორი ადამიანი (თემურ ალასანია და კაპანაძე). ეს თანხა იქნა გადაცემული მისთვის, ამ დროს მოხდა მათი დაკავება. თემურ ალასანია მას ჰპირდებოდა, რომ არანაირი წილების არევა - წილების არევას განვმარტავ, რას ვგულისხმობ - წილების არევა არ მოხდებოდა, თუ მას ამ თანხას გადაუხდიდნენ. ეს იყო ის დრო, როდესაც „ფეროს“ პრივატიზაცია მზადდებოდა და ფაქტობრივად, იმ ავსტრიულ კომპანიას, რომელსაც წარმოადგენდა ეს პიროვნება, უწევდა გარკვეული წილის დათმობა სახელმწიფოს სასარგებლოდ. და თემურ ალასანია არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ძალიან ბევრ შემთხვევაში ადამიანებს ე.წ. კრიშის გაკეთებას სთავაზობდა“, - ამბობს ინტერვიუში ირაკლი ოქრუაშვილი და განმარტავს, რომ მან იცოდა, რომ თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილის ბიძა იყო.

 


„იგი დააკავეს ადგილზე“ - განაგრძობს ოქრუაშვილი - „ბუნებრივია, ეს რომ მოხდა, მე დავურეკე პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ ასეთი შემთხვევა იყო“. ოქრუაშვილის თქმით, სააკაშვილმა ამის შესახებ მისგან გაიგო, მისი რეაქცია კი იყო „საკმაოდ მშვიდი, მაგრამ მითხრა, რომ უნდა გამეშვა, სხვა რას მეტყოდა, როგორ გგონიათ? მეც გავუშვი“.

 


ოქრუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები სააკაშვილი და ბოკერია იყვნენ. „ბოკერია ქვეყანაში დღეს არის მთავარი იდეოლოგი. ბოკერიას იდეების განხორციელება ხდება სააკაშვილის მიერ. თუკი რამე ხდება დღეს ქვეყანაში, ცუდი და კარგი, გადაწყვეტილებებს იღებს ეს ორი ადამიანი. ეკლესიის დანგრევის ფაქტზე [აჭარაში] გადაწყვეტილება მიიღო ბოკერიამ“.

 


„პირდაპირ ჰქონდა ახალაიას დავალებული, ეს კამპანია რევოლუციიდან დაახლოებით 3-4 თვეში დაიწყო, კომპრომატების მოგროვება სასულიერო პირებზე, უშუალოდ სააკაშვილის მხრიდან“, - აცხადებს ოქრუაშვილი და განმარტავს, რომ ამის მიზეზი ეკლესიის მაღალი რეიტინგი იყო.

 


„დღეს როგორ გგონიათ, სააკაშვილის ქონების კაპიტალიზაცია რა ციფრებში გამოიხატება - რამდენიმე მილიარდით. ის მითქმა-მოთქმა რკინიგზაზე, რაც იყო აქამდე, ხომ დავრწმუნდით, რომ ჩვეულებრივი ბლეფი აღმოჩნდა, მაგრამ რკინიგზის მესაკუთრე აღარ არის სახელმწიფო, არის კომპანია. ეს კომპანია ეკუთვნის რეზო შარანგიას, რომელიც არის სააკაშვილის კარის ბიზნესმენი. კომპანია „ბილაინის“ 40% ეკუთვნის სააკაშვილს, კომპანია „რუსთავი 2“ ასევე ეკუთვნის სააკაშვილს.

 


„თავდაცვის სამინისტროს გაზრდილი ხარჯები ძირითადად იხარჯება იარაღის შესყიდვებში და დღეს იარაღის მთავარი შემომტანი საქართველოში გახლავთ პრეზიდენტის ბიძაშვილი ნიკა ალასანია. ისრაელიდან ჩამოტანილი ყველა იარაღი, იარაღის ტრანზაქცია, არის უშუალოდ ამ ადამიანის მონაწილეობით შესრულებული და თქვენ ახლა დამაჯერებთ, რომ ის ამაში საკომოსიოს არ იღებს?!“ - აცხადებს 2007 წლის სექტემბერში ირაკლი ოქრუაშვილი.

 

 

იგი ასევე ამბობს, რომ „ბოკერია და მერაბიშვილი ცალ-ცალი კალოშებით მოვიდნენ ხელისუფლებაში და დღეს მილიონერები არიან“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი