„გვირაბი რა საჭიროა?“... პრემიერ კვირიკაშვილის მიერ არაერთხელ დაანონსებული ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი „გვირაბების“ მშენებლობა - მითი თუ რეალობა?
23-05-2018, 12:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ არაერთხელ დაანონსებული ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობის  საკითხი ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ამ დრომდე არც პროექტია ხელმისაწვდომი და არც დაფინანსების წყაროებია მოძიებული.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან წერილობით აცნობეს, „ხელშეკრულების თანახმად პროექტის წარმოდგენის ვადა განსახილველად განსაზღვრულია 30.05.2018 წ.“

 

 

მათივე ინფორმაციით, საპროექტო სამუშაოებს ახორციელებს ხორვატული კომპანია, ინსტიტუტი იგჰ „სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში.“

 


მიმდინარე წლის 30 მაისამდე კი, რაც პროექტის წარმოდგენის ბოლო ვადადაა განსაზღვრული, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის უცნობია „საპროექტო გზის და გვირაბის ტექნიკური პარამეტრები, სიგრძეები“.

 


GUARDIAN.GE ასევე დაინტერესდა, პროექტის მიხედვით, ლენტეხის და მესტიის მუნიციპალიტეტების რომელ დასახლებულ პუნქტებს დააკავშირებს გვირაბი და რა მანძილით არის დაცილებული აღნიშნული პუნქტები დაბა ლენტეხიდან და დაბა მესტიიდან, შესაბამისად - ასევე, პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, როდის შეიძლება დაიწყოს გვირაბის სამშენებლო სამუშაოები და რა პერიოდშია განსაზღვრული (რომელ წელს) მისი ექსპლუატაციაში შესვლა და აღნიშნული გვირაბის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ რა იქნება მანძილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესტიამდე და არსებულთან შედარებით რამდენი კილომეტრით შემცირდება მანძილი?- რაზეც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „გასავლელი მანძილის გავლის ხანგრძლივობაზე დახარჯული დროის, მშენებლობის ხანგრძლივობის და ღირებულების დადგენა [ასევე] მოხდება პროექტის განხილვის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე“ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტის დაფინანსების წყარო/ები ჯერ მოძიებული არ არის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნულ „საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან“.

 


იმაზე, რაზეც 2018 წლის 22 მაისსაც კი არ აქვს ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტს, პასუხები ჯერ კიდევ 2016 წლის 24 აგვისტოს გააჩნდა საქართველოს ხელისუფლებას, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელმაც მთავრობის სხდომაზე განაცხადა: „ჩვენ გეგმაში გვაქვს ქუთაისი-თეთნულდის [ლენტეხი-მესტია] შემაერთებელი გზის მშენებლობა გვირაბების მეშვეობით, რათა ზამთარში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საათნახევარი-ორი საათის ინტერვალით ტურისტებმა შეძლონ კურორტ თეთნულდზე ასვლა“.

 


პრემიერ კვირიკაშვილის ამ ბუნდოვანი განცხადებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტს ვთხოვეთ დაეზუსტებინა, „იქნებოდა ეს ერთი, უწყვეტი გვირაბი თუ რამდენიმე გვირაბისაგან შემდგარი საავტომობილო გზა?“, რაზეც უწყების ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ პასუხის გაცემას თავი აარიდა, თუმცა ჯერ კიდევ 2016 წლის 16 ივლისს, კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებამდე თითქმის 40 დღით ადრე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მაშინდელი თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე აცხადებდა, რომ ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გვირაბის გაკეთება, პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო და იმედოვნებდა, რომ 2017 წლისთვის „სრულყოფილი ინფორმაცია და ციფრები“ ექნებოდათ.

 


„აქ არის პროგრესი. მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, ალბათ, ძალიან მალე კონკრეტული ინფორმაცია ამის შესახებაც დაიდება. გვირაბი რომ ამ მიმართულებით გაკეთდეს, ეს შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილია. მაგრამ აქ არის საჭირო სერიოზული კვლევა იმისთვის, რომ ზუსტად დაიგეგმოს, თუ რა ზომის გვირაბი დაგვჭირდება. და ზუსტად საუბარია ახლა იმაზე, რომ დავიწყოთ პროცესი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და გაკეთდეს ზუსტი პროექტი“, უთხრა 2016 წლის ივლისში GUARDIAN.GE-ს გიორგი სეთურიძემ, რომელმაც ქუთაისი–ლენტეხი–უშგული– მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 100 მილიონის ღირებულების პროექტის განხორციელების დაწყება 2016 წლის აგვისტოსთვის დაანონსა და მისი გათვლებით, ლენტეხი და მესტია ასფალტიანი გზით უკვე მაქსიმუმ 2018 წელს უნდა შეერთებულიყო, თუმცა ერთი წლის დაგვიანებით, 2017 წელს დაწყებული პროექტი ჯერ შუა გზამდეც კი არ არის მიყვანილი.

 

 

 


უფრო ადრე, უფრო ოპტიმისტური იყო მაშინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. იგი 2016 წლის მარტში აცხადებდა, რომ ლენტეხი-უშგული-მესტიის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ღირებულება 200 მლნ ლარი იქნებოდა და აღნიშნული გზის ნახევარი მონაკვეთის მშენებლობა 2016 წელსვე, ხოლო სრულად კი 2017 წელს დასრულდებოდა, თუმცა ჯავახიშვილმა ისე დატოვა მინისტრის თანამდებობა, რომ ამ გზის მშენებლობა არც კი ყოფილა დაწყებული და როგორც უკვე ითქვა, 2016 წელს არათუ ამ გზის ნახევარი გაკეთებულა, არამედ სამუშაოები არც კი დაწყებულა.

 


ჯავახიშვილის 2016 წლის მარტის განცხადება კი იმითაც იყო საყურადღებო, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირისაგან სრულიად საპირისპირო რამეს ამტკიცებდა. კერძოდ კი, მისი ინფორმაციით, ქუთაისი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ორი ვარიანტი განიხილებოდა - ამათგან კი, ერთ-ერთი გვირაბის გაყვანას გულისხმობდა, და „ამ ეტაპზე“, მისი განხორციელება არ იგეგმებოდა, რადგან მინისტრი მიიჩნევდა, რომ ის „დღეს იმდენად აქტუალური“ არ იყო.

 


ჯავახიშვილის 2016 წლის მარტში გაკეთებული განცხადებიდან 6-ზე მეტი თვის შემდეგ, 28 სექტემბერს, მაშინ, როცა მინისტრი ისევ ნოდარ ჯავახიშვილი იყო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული კომენტარის გამომრიცხავი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „დაგეგმილია, ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი 6-კილომეტრიანი გვირაბისა და 38-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა.

 


„პროექტის სავარაუდო ღირებულება 200 მლნ. აშშ დოლარია. პროექტირება 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, 2018 - 2020 წლებში განხორციელდება“.

 


პროექტის დასრულების შემდეგ, ლენტეხი-მესტიის მიმართულებით, გადაადგილების დრო 1.5 საათით შემცირდება. ამ დროისათვის, აღნიშნულ გზაზე, დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს“, ნათქვამი იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2016 წლის სექტემბრის ბოლოს გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

 


როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ იყო გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაც გაუგებარი, რომელიც 2016 წლის აგვისტოში მთავრობის წევრების წინაშე ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის პროექტის შესახებ საუბრისას „გზისა და გვირაბების“ შესახებ თავდაჯერებულად აცხადებდა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან „საათნახევარი-ორი საათის ინტერვალით“ ტურისტების კურორტ „თეთნულდზე“ ასვლის პერსპექტივას სახავდა და ეს - მრავლობით რიცხვში ნახსენები „გვირაბები“ რომ კვირიკაშვილის მხრიდან შემთხვევით წამოცდენილი ფრაზა არ უნდა ყოფილიყო, იმითაც დასტურდება, რომ მთავრობის სხდომიდან მეორე დღეს, 2016 წლის 25 აგვისტოს, საპარლამენტო არჩევნებამდე 8 კვირით ადრე, უკვე ლენტეხში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას, მთავრობის მეთაურმა ადგილობრივებს ომახიანად განუცხადა: „თქვენთან მოსასვლელი პირი არ გვექნება, თუ არ ავაშენეთ ლენტეხიდან მულახისკენ [მესტიისკენ] მიმავალი გზა, თავისი გვირაბებით“.

 


უფრო ადრინდელ განცხადებაში, 2016 წლის 21 თებერვალს, მესტიის მუნიციპალიტეტში სამთო-სათხილამურო კურორტ „თეთნულდზე“ ყოფნისას კი პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „აუცილებლად გაკეთდება ქუთაისიდან ცაგერი-ლენტეხის გავლით სვანეთთან [ზემო სვანეთთან] დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან ორი საათის სავალზე თეთნულდამდე მივა“.

 

 

 

 

 

აქ მთავრობის მეთაურს სიტყვა „გვირაბი“ არ უხსენებია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქუთაისიდან ლენტეხის გავლით, თეთნულდამდე სავალი გზის 2 საათში დაფარვა მხოლოდ და მხოლოდ გვირაბის არსებობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, ალბათ გვირაბი თუ „გვირაბები“, მის ამ კომენტარში, როგორც ჩანს, ნაგულისხმევი მაინც იყო, რაც შემდგომ არაერთხელ დადასტურდა.

 

 

 

 


მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი კი, რომელსაც აღნიშნული გზის „მინიმუმ, ნახევრის“ 2016 წელსვე დასრულება ჰქონდა განზრახული და რომლისთვისაც, პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილისაგან განსხვავებით, გვირაბი „აქტუალური“ არ ყოფილა, აცხადებდა, რომ ეს გზა 36 სოფელს გაივლიდა და „36 სოფელს სიცოცხლეს ხელახლა შთაბერავდა“.

 


მცირე გეოგრაფიული ექსკურსი და... „გვირაბი რა საჭიროა?“

 


იმისათვის, რომ მგზავრი/ტურისტი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე „თეთნულდის“ სამთო-სათხილამურო კურორტზე ყველაზე მოკლე სახმელეთო გზით მოხვდეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტს მესტიასთან გვირაბი უნდა აკავშირებდეს.

 


დაბა ლენტეხი (ქვემო სვანეთი) და დაბა მესტია (ზემო სვანეთი) უშგულის გავლით, ერთმანეთს საავტომობილო გზითაც უკავშირდება (სწორედ ამ გზის აღდგენა უნდა მომხდარიყო 2017 წლის ბოლომდე სრულად, როგორც ამას ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებდა), მაგრამ ეს გზა საკმაოდ გრძელია (ლენტეხი-უშგული 75კმ, უშგული-მესტია 47, ჯამში დაახლოებით 122კმ), ამასთან მწყობრიდან არის გამოსული და მასზე გადაადგილება მხოლოდ ზაფხულის პერიოდშია შესაძლებელი, ისიც მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით და მაშინაც კი, როცა მისი აღდგენა - მოასფალტება მოხდება, ზამთარში, უხვთოვლობის გამო, საეჭვოა, რომ გზის დიდი ნაწილის გამოყენება შესაძლებელი იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში ხშირად, გაცილებით დაბლობ ნაწილებში მდებარე სოფლებთან მისასვლელი ცენტრალური საავტომობილო გზების გაწმენდაც კი შეფერხებულია.

 


ქუთაისი-ლენტეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა 95კმ სიგრძისაა და გვირაბის შემთხვევაში, რომლის სიგრძე მაქსიმუმ, ალბათ, 9-10 კილომეტრი შეიძლება იყოს, ქუთაისიდან „თეთნულდამდე“ მისასვლელი გზა სულ მცირე 120 კილომეტრით დამოკლდება. სადღეისოდ კი, ქუთაისიდან მესტიაში ასასვლელად, საიდანაც თეთნულდი სულ რაღაც 15-იოდე კილომეტრშია, მგზავრს/ტურისტს ზუგდიდის გავლით უწევს ასვლა, რაც საკმაოდ გრძელი და მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდ ნაწილში საკმაოდ რთული საგზაო მონაკვეთიცაა (ქუთაისი-ზუგდიდი 100 კმ, ზუგდიდი-მესტია 130კმ. - ჯამში 230 კმ. მგზავრობის დრო საშუალოდ 3 საათი, ზამთარში მეტი).

 


სწორედ ამიტომ არის საჭირო გვირაბი, რომელიც „თეთნულდის“ და „ჰაწვალის“ სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ტურისტების მხრიდან დღეს არსებულ მაღალ მოთხოვნას კიდევ უფრო მაღალს გახდის, რადგანაც გვირაბის შემთხვევაში ქუთაისიდან იქ ასვლის დრო და მანძილი, როგორც ეს უკვე მაღლა იხილეთ, საგრძნობლად მცირდება და მგზავრობაც გაცილებით კომფორტული ხდება.

 


წესით, რამდენიმე დღეში, 2018 წლის 30 მაისის შემდეგ მაინც უნდა გაირკვეს ის, რაც საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისთვის, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილისთვის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძისთვის ჯერ კიდევ 2016 წელს იყო „გარკვეული“ - როგორც აღმოჩნდა, სამივე შემთხვევაში განსხვავებული და ინდივიდუალური ინტერპრეტირებებით.

 


ყველასათვის ცნობილ, გენიალური ქართული ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ „ყვარყვარე თუთაბერში“ რკინიგზის გაყვანისა და მთასთან მიდგომისას „მოხვევისა და გვირაბის საჭიროების“ თაობაზე ყვარყვარეს „გეგმასთან“ დაკავშირებით, მეწისქვილის შეკითხვას - „გვირაბი რა საჭიროა?.. მთას რად უხვედრებდი, გვერდზე ვერ გაუშვიო?“- ალბათ, მეწისქვილისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილისაგან განსხვავებით, რომლისთვისაც გვირაბი „აქტუალური“ არც არასდროს ყოფილა და რომლის გათვლებითაც, სვანეთის 36 სოფლისთვის „ახალი სიცოცხლის შთაბერვა“ უკვე 2017 წელს ახალი საავტომობილო გზით უნდა მომხდარიყო - მკითხველი სავარაუდოდ, აღარ დასვამს, მით უფრო მესტიაში არა მხოლოდ თეთნულდი და ჰაწვალი, არამედ უამრავი სხვა რამეც არის მოსანახულებელი და აქედან გამომდინარე, ქართველი თუ უცხოელი ტურისტების ნაკადი იქ არ წყდება, განსხვავებით ქვემო სვანეთისაგან, რომელსაც გვირაბის არსებობის შემთხვევაში, ლეჩხუმთან ერთად, წესით, განვითარების ახალი შესაძლებლობები უნდა მიეცეს.

 

კომენტარები: 2
#2  Dato
      
ამ სკანდალური ტყუილების გამო, რაც მშვენივრადაა დასაბუთებული სტატიაში, ხომ უნდა აგოს პასუხი ამ ე.წ.-მა პრემიერმა და მისმა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ?
23 მაი 2018 12:04
#1  ლევან გველესიანი
      
ამაზე მეტი რა უნდა ითქვას, დეტალურადაა აღწერილი ამ მთავრობის სრული მცონარება და ყვარყარიზმი. სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ ლენტეხი-მესტიის გვირაბი ამათ. ჯავახიშვილი სად ბრძანდება ამჟამად, ეს არაფრის მაქნისი?
23 მაი 2018 10:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი