ტრამპმა განაცხადა, თუ რა საკითხებზე ისაუბრებს პუტინთან შეხვედრისას - აშშ-ის პრეზიდენტს საქართველო არ უხსენებია
30-06-2018, 10:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს, როცა ვაშინგტონიდან ნიუ ჯერსიში, თავის კერძო გოლფის კლუბში მიფრინავდა, ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ფინეთში 16 ივლისს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას რუსეთის მიერ შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის საკითხს წამოწევს და ასევე განიხილავს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და სირიის ომს.

 


„ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინის შესახებ, ჩვენ ვისაუბრებთ სირიის შესახებ. ჩვენ ვისაუბრებთ არჩევნების შესახებ... ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმე აყალბებდეს არჩევნებს. ჩვენ ვისაუბრებთ მსოფლიო ამბებზე“, განაცხადა ტრამპმა, რომელმაც ნატო-ს წევრები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

 


მან ჟურნალისტებს ბორტ ნომერ ერთზე უთხრა, რომ ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმა უნდა გაზარდონ თავიანთი ფინანსური წვლილი ბლოკისადმი.

 


„არ არის სამართლიანი, რასაც ისინი შეერთებული შტატების მიმართ აკეთებენ. შეერთებული შტატები გაცილებით მეტს იხდის დისპროპორციულად, ვიდრე რომელიმე სხვა [წევრი ქვეყანა]“, განაცხადა ტრამპმა იმ დროს, როცა ბრიუსელში ნატოს სამიტის გამართვამდე ორი კვირით ნაკლები დროა დარჩენილი.

 


პრეზიდენტად არჩევიდან მალევე დონალდ ტრამპმა ნატო-ს „დრომოჭმული ორგანიზაცია“ უწოდა, რასაც ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის და ევროპის ლიდერების კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.

 

 

ტრამპის და პუტინის შეხვედრა და მოლოდინები

 

 

თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 16 ივლისს, ჰელსინკში შეხვდებიან და ლიდერებს შორის აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა პირველად გაიმართება. 

 

 

რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების ივლისში დაგეგმილი შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდება, რის შემდეგაც ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გაკეთდება განცხადებები ჟურნალისტებისთვის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

 


მან აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა „ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას მისცემს კარგ იმპულსს“.

 


მოსკოვში ვიზიტად მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა, რომელმაც უკვე გამართა შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან, იმედი გამოხატა, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე წამოწეული იქნება საკითხი რუსეთის აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით.

 


მან აღნიშნა, რომ მოსკოვში პუტინთან გამართული მოლაპარაკებებისას რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნების თემა არ განხილულა, თუმცა ეს საკითხი შესაძლოა ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე იყოს წამოწეული.

 


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადაში გამართულ დიდი შვიდეულის სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ უნდა დაუბრუნდეს დიდ შვიდეულს, რომელიც მანამდე დიდი რვიანი იყო.

 


საინტერესოა რა ადგილს დაიკავებს ტრამპის და პუტინის მოლაპარაკებებისას უკრაინის თემა მას შემდეგ რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და უხეშად დაარღვია ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც ეს მანამდე გააკეთა საქართველოში 2008 წელს ორი ქართული რეგიონის - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით.

 

 

იმის გათვალისწინებით, რომ კანადაში დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა, ყირიმის თემაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ყირიმის ანექსიაში ბარაქ ობამას დასდო ბრალი და განაცხადა, რომ „რუსეთს მან მისცა საშუალება, რომ წაეღო ყირიმი“, ნაკლებად სავარაუდოა, ამერიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნების აუცილებლობაზე გააკეთოს რაიმე აქცენტი. 

 

 

„თქვენ ეს ობამას უნდა ჰკითხოთ, რადგან ის იყო ის, ვინც ყირიმის გადაცემის ნება დართო“, თქვა ტრამპმა ყირიმის ანექსიაზე დასმული შეკითხვის - უნდა იყოს თუ არა ყირიმი აღიარებული რუსეთის ტერიტორიად? - პასუხად. „ობამას შეუძლია თქვას ყველაფერი რაც უნდა, მაგრამ მან მისცა საშუალება რუსეთს, წაეღო ყირიმი. მე შესაძლოა, დიდად განსხვავებული პოზიცია და დამოკიდებულება მქონოდა. თქვენ ამ კითხვით შეგიძლიათ ობამას მიმართოთ. რატომ გააკეთა მან ეს? რატომ გააკეთა მან ეს? მაგრამ ეს დიდი ხნის წინ მოხდა“, განაცხადა ტრამპმა. (დაბლა ვიდეოში მე-14:52 წუთიდან)

 

 

 

 

როგორც ოაბამას ადმინისიტრაციის უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა CNN -ს უთხრა, „დღევანდელი დღე ზუსტად ახდენს იმის კრისტალიზებას, თუ რატომ იყო პუტინი ასე საოცრად მოწადინებული იმისათვის, რომ ტრამპი აერჩიათ“. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი