დრამატულ ნდობის კენჭისყრაში პოსტის შენარჩუნების შემდეგ ტერეზა მეი ბრიუსელში დაბრუნდა, სადაც იგი ევროკავშირის ლიდერებთან „ბრექსიტის“ შეთანხმებაში ცვლილებების მიღწევას შეეცდება
13-12-2018, 17:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტერეზა მეი ლონდონიდან ბრიუსელში დაბრუნდა სამიტზე დასასწრებად და ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებების გასამართად მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ნდობის კენჭისყრაზე გამარჯვება მოიპოვა. იგი ცდილობს, ევროკავშირის ლიდერებისაგან მიცემული პირობა ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვართან დაკავშირებით „ბრექსიტის“ შეთანხმებაში ასახოს.

 


კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მეის მიერ ბრიუსელთან დადებული „ბრექსიტის“ შეთანხმება დიდ ბრიტანეთს ევროკავშირთან და მის რეგულაციებთან მუდმივად მიჯაჭვულად აქცევს და ხელს შეუშლის მის შესაძლებლობას გააფორმოს სავაჭრო გარიგებები.

 


ევროკავშირის ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი არ აპირებენ „ბრექსიტის“ შეთანხმების ხელახლა განხილვას ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის ბარიერებთან დაკავშირებით, მაგრამ შესაძლოა, უფრო მეტი სიცხადის შეტანის თვალსაზრისით გარკვეულ დათმობებზე დათანხმდნენ.

 


როგორც BBC იუწყება, ნაკლებად სავარაუდო ჩანს, რომ ამან საკმარისი მხარდაჭერა მოაპოვებინოს ტრეზა მეის მის „ბრექსიტის“ გეგმაზე და გაუჩინოს რეალისტური შანსი, რომ ის თემთა პალატაში კანონად აქციოს იმ ფონზე, როცა ოთხშაბათ საღამოს გამართული ნდობის კენჭისყრის კვალდაკვალ დიდი ბრიტანეთის მმართველ „კონსერვატიულ პარტიაში“ დაძაბულობები გაძლიერდა.

 


ტერეზა მეიმ ნამდვილად გაიმარჯვა „ტორების“ დეპუტატთა ნდობის კენჭისყრაში - 200 ხმით 117-ის წინააღმდეგ და პარტიის თავმჯდომარის და შესაბამისად, პრემიერ მინისტრის პოსტიც შეინარჩუნა, მაგრამ კენჭისყრამდე სულ ცოტა ხნით ადრე პარლამენტის „კონსერვატორი“ წევრებისადმი მიმართვისას მან პირობა დადო თანაპარტიელი დეპუტატების წინაშე, რომ იგი 2022 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე გადადგება და პარტიას ამ არჩევნებზე აღარ გაუძღვება.

 


მეი ამჟამად, სამიტის დაწყების წინ, ირლანდიის პრემიერ მინისტრს, ლეო ვარადკარს ხვდება. მასთან მოლაპარაკებები ოთხშაბათს იყო დაგეგმილი, მაგრამ ნდობის კენჭისყრის გამო იგი იძულებული გახდა დუბლინში ვიზიტი გაეუქმებინა.

 


კენჭისყრის შემდეგ, დაუნინგ სთრითზე მდებარე ოფისში საუბრისას ტერეზა მეიმ პირობა დადო, რომ ბოლომდე მიიყვანს „ბრექსიტს“, რასაც „ხმა ხალხმა მისცა“, მაგრამ დასძინა, რომ მას აღქმული აქვს იმ დეპუტატების წუხილები, ვინც მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

 

 

თუმცა „ლიბერალ-დემოკრატების“ ლიდერმა სერ ვენს ქეიბლმა განაცხადა, რომ ოთხშაბათის „მძლავრი დრამის“ მიუხედავად, “რეალურად არაფერი არ შეცვლილა“.

 


„ტორების“ ყოფილმა ლიდერმა იან დანკან სმიტმა კი აღნიშნა, რომ ახლა მეიზეა დამოკიდებული მოუსმინოს თავის პარტიას და „შეანჯღრიოს ევროკავშირი... რომ გადაწყვიტოს ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის ბარიერი“.

 

 

დრამატული კენჭისყრა

 

 

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატორი“ დეპუტატების უმრავლესობამ ტერეზა მეის ნდობის კენჭისყრით გადაწყვიტა, მისი პარტიის ლიდერის პოსტზე დარჩენა. მეიმ 200 ხმით 117 წინააღმდეგ ნდობის კენჭისყრა მოიგო. კენჭისყრაში „კონსერვატორი“ დეპუტატების 100-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. მეის პოსტზე დასარჩენად 159 ხმა ესაჭიროებოდა.

 


ოფიციალური შედეგის გამოცხადებამდე კი „ბრექსიტის“ მინისტრმა რობინ უოკერმა განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, „ტორების“ დეპუტატთა სულ მცირე ორმა მესამედმა დაუჭირა მხარი ტერეზა მეის, რაც დაახლოებით 200 ხმა გამოდიოდა. 

 

 

ტრანსპორტის მინისტრმა ქრის გრეილინგმა განაცხადა, რომ პარტიისთვის რთული დღე იყო, მაგრამ დეპუტატებმა „მნიშვნელოვანი სხვაობით“ დაუჭირეს მხარი ტერეზა მეის.

 


მისი თქმით, კენჭისყრის შედეგი პრემიერ მინისტრისა და პარტიისთვის გაკვეთილს წარმოადგენს, მაგრამ ეს მაინც „მხარდაჭერის მძლავრი ჩვენება“ იყო.

 

 

ტრანსპორტის მინისტრმა აღნიშნა, რომ უფრო მეტმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი პრემიერ მინისტრს ამ კენჭისყრისას, ვიდრე 2016 წელს ხელმძღვანელის პოსტზე არჩევის საბოლოო რაუნდისას.  

 

 

„ტორების“ დეპუტატმა ვიკი ფორდმა თქვა, რომ „გამარჯვება გამარჯვებაა“ და ეს მისცემს მეის სრულ მანდატს, რომ ბოლომდე მიიყვანოს „ბრექსიტის“ შეთანხმება.

 

 

„შოტლანდიის ნაციონალური პარტიის“ საპარლამენტო ლიდერმა იან ბლაკფორდმა განაცხადა, რომ იმ დროს როცა ტერეზა მეის მისსავე პარტიაში 117 დეპუტატი მხარს არ უჭერს, დროა ტორების მთავრობა წავიდეს.

 

 

„შოტლანდია უნდა გადარჩეს „ბრექსიტისგან“. ეს არის გადაუდებელი პრიორიტეტი. მაგრამ ჩვენ უნდა ვუთხრათ შოტლანდიას, რომ თუ ჩვენ გვინდა უესტმინისტერის ქაოსის ალტერნატივა, ეს დამოუკიდებლობაა“, დაწერა მან „თვითერზე“.

 

 

ჩრდილოვანმა ფინანსთა მინისტრმა ჯონ მაკდონელმა კი „თვითერზე“ დაწერა, რომ  ეს „მეისთვის შოკისმომგვრელი შედეგი“ იყო, რადგან მისი თქმით, მას პარტიაში უზარმაზარი რაოდენობა - 117 მოწინააღმდეგე „კონსერვატორი“ დეპუტატი ჰყავს, რომელმაც მას ხმა არ მისცა.  

 


დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კენჭისყრამდე ბოლოჯერ მიმართა თემთა პლატის რიგით დეპუტატებს მათთან ემოციური შეხვედრისას და მოუწოდა მხარი დაეჭირათ მისთვის. მეიმ მათ უთხრა, რომ იგი არ უხელმძღვანელებდა პარტიას 2022 წლისთვის დაგეგმილ არჩევნებზე, მაგრამ სურდა, რომ დარჩენილიყო თანამდებობაზე, რათა ბოლომდე მიეყვანა „ბრექსიტის“ შეთანხმება, განაცხადეს დეპუტატებმა.

 


ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც „ტორების“ 48 დეპუტატმა ხელი მოაწერა წერილს, რომლითაც მათ თავიანთი პარტიის ლიდერისადმი უნდობლობა გამოხატეს.

 

 

„კონსერვატორების“ დეპუტატთა უმრავლესობამ საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ პრემიერ მინისტრს, მაგრამ კენჭისყრა ფარული იყო და აქედან გამომდინარე უესტმინისტერის სასახლის ნომერ 14 დარბაზში კენჭისყრის წინ პარტიის მენეჯერები ჩანდა, რომ ნერვიულობდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი