პრეზიდენტმა ტრამპმა ევროპიდან ამერიკაში მგზავრობის შეჩერების შესახებ გამოაცხადა
12-03-2020, 09:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით რადიკალური ზომები მიიღო და ევროპიდან ამერიკაში მგზავრობის დროებითი შეჩერების შესახებ გამოაცხადა.

 

 

სატლევიზიო მიმართვაში მან განაცხადა, რომ ევროპის 26 ქვეყნიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა მომდევნო 30 დღის განმავლობაში იქნება შეჩერებული, მაგრამ დასძინა, რომ „მკაცრი და საჭირო“ შეზღუდვები არ შეეხება დიდ ბრიტანეთს, სადაც ამ დროისთვის ინფექციის  460 შემთხვევაა დადასტურებული.

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსი ბოლო დღეების განმავლობაში სწრაფი ტემპით გავრცელდა და ამჟამად ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 135 შეადგინა, სიკვდილიანობამ კი 38.

 

 

„ჩვენს სანაპიროებზე ახალი შემთხვევების შემოსვლისაგან თავის დასაზღვევად, ჩვენ ვაჩერებთ ევროპიდან ყველა მგზავრობას“, განაცხდა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათ საღამოს თეთრი სახლის ოვალური ოფისიდან მიმართვისას. მან დაამატა, რომ ახალი წესები ძალაში პარასკევს, შუაღამიდან შევა.

 

 

სამგზავრო შეზღუდვები არ შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს.

 

 

ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი წარუმატებელი აღმოჩნდა „მსგავსი უსაფრთხოების ზომების მიღების მხრივ“.

 

 

პრეზიდეტის  განცხადება ტრამპის მიმართვიდან მალევე გამოქვეყნდა და ზუსტად განსაზღვრავს აკრძალვის სამიზნე ჯგუფებს და ქვეყნებს - აკრძალვა შეეხება ყველა მოქალაქეს, რომელიც ევროპის შენგენის თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე ამერიკაში გამგზავრებამდე 14 დღის განმავლობაში  იმყოფებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ირლანდია ამ სიიდან გამოირიცხება, რადგან ის შენგენის 26 ქვეყანაში არ შედის. ბულგარეთი, ხორვატია და რუმინეთი ასევე ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ შენგენის თავისუფალ ზონას არ მიეკუთვნებიან.

 

 

ტრამპმა განაცხადა, რომ მგზავრობის შეჩერება ასევე „შეეხება უზარმაზარი ოდენობის სავაჭრო ტვირთებს“, რომელიც ევროპიდან შედის ამერიკაში, მაგრამ მოგვიანებით „თვითერზე“ დაწერა, რომ ახალ ზომებს „ვაჭრობაზე არც ერთ შემთხვევაში გავლენა არ ექნება“.

 

 

მან ასევე გამოაცხადა მთავრობის გეგმის თაობაზე თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი მცირე ბიზნესები მილიარდობით დოლარით და სესხებით და დაჟინებით მოუწოდა კონგრესს მიიღოს საგადასახადო შეღავათების ზომები, რათა კორონავირუსის აფეთქებისაგან გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილ ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა შენელდეს.

 

 

„ჩვენ თავს ვუყრით ფედერალური მთავრობის და კერძო სექტორის მთელ ძალაუფლებას, რათა დავიცვათ ამერიკელი ხალხი“, განაცხადა ტრამპმა.

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვამდე ცოტა ხნით ადრე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოცხადდა. პანდემია არის დაავადებაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ერთდროულად ვრცელდება.

 


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოუწოდა სახელმწიფოთა მთავრობებს შეცვალონ კურსი და „გადაუდებელი და აგრესიული ქმედებები“ განახორციელონ.

 

 

პანდემიის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 70%-ს - დაახლოებით 58 მილიონ ადამიანს - შესაძლოა კორონავირუსი შეეყაროს.

 


მერკელმა აღნიშნული პროგნოზის შესახებ ოთხშაბათს, პრესკონფერენციაზე, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრთან, ჯენს სპანთან გვერდით მდგომმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რადგან ინფექციის წამალი არ არსებობს, ფოკუსირება ვირუსის გავრცელების შენელებაზე უნდა მოხდეს.

 


გერმანიაში, სამშაბათის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 296 შეადგინა, გარდაცვლილია სამი პაციენტი.

 

 

მერკელის გაფრთხილებამდე ევროპაში ყველაზე მეტად, მსოფლიოში კი, ჩინეთის შემდეგ მეორე ყველაზე უფრო მეტად დაზარალებულმა ქვეყანამ, იტალიამ მთელი თავისი მოსახლეობის - 60 მილიონი ადამიანის - თვითიზოლაციაში მოქცევისა და სკოლების, სპორტული დარბაზების, მუზეუმების, ღამის კლუბებისა და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებების დახურვის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა, რადგან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ და სიკვდილიანობამ მკვეთრად იმატა. ოთხშაბათს იტალიში უკვე ინფირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 800-ს.

 


იტალიის პრემიერ მინისტრმა კორონავირუსის აფეთქებასთან გასამკლავებლად 25 მილიარდი ევროს გამოყოფა მოითხოვა, მაშინ როცა გასულ კვირას მისი გათვლით ამ თანხის მესამედზე ნაკლები, 7.5 მილიარდი ევრო იყო საჭირო.

 


დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე პოზიტიური შედეგი აჩვენა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ნადინ დორისის შემოწმებამ. იგი სახლში თვით-იზოლაციაში იმყოფება.

 


მსოფლიოში ათასობით ავიარეისია გაუქმებული და ავიაკომპანიები დიდ ზარალს განიცდიან. მგზავრთა ნაკადი ისეა შემცირებული, რომ ხშირად მათი თვითმფრინავები თითქმის ცარიელი დაფრინავენ.

 

 

ამასობაში, ჩინეთის ცენტრალური პროვინციის, ჰუბეის ქალაქ ვუხანში, სადაც კორონავირუსმა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს იფეთქა, 103 წლის ქალი, ძანგ გუანგფენი ინფექციისაგან ერთ კვირაში სრულად განიკურნა. ის საავადმყოფოდან სამშაბათს, შუადღისას გაწერეს.

 


გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გამოჰყავს ყოფილი პაციენტი სამედიცნო მუშაკების ჯგუფს საავადმყოფოდან.

 


იგი კორონავირუსისაგან განკურნებული ჯერჯერობით ყველაზე ხანდაზმული პაციენტია ჩინეთში მას შემდეგ, რაც მანამდე ინფექცია 101 წლის ჩინელმა მამაკაცმა, გვარად დაიმ, დაამარცხა და საავადმყოფო თავისი ფეხით დატოვა. იგი ძალიან ენერგიული ჩანდა საავადმყოფოს დატოვებისას, როგორც ეს მედდამ, ლი ლაიმ უთხრა პრესას.

 


მისი თქმით, იგი ხშირად ესაუბრებოდა თავის 92 წლის ცოლს და ეუბნებოდა, რომ უკეთ გახდებოდა და მასზე მზრუნველობას განაგრძობდა.

 


103 წლის ქალს კი ვუხანის საავადმყოფოში ერთ კვირაზე ნაკლები პერიოდი უმკურნალეს, რადგან მისი ექიმის თქმით, მას „ვირუსის შეყრამდე ჯანმრთელობის სხვა ბევრი პრობლემა არ ჰქონია“.

 


აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით დიაგნოზის შემდეგ 100 წელს გადაცილებული ქალი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და ძლივს ახერხებდა მედპერსონალთან კომუნიკაციას, როცა საავადმყოფოში მოათავსეს.

 

 

ჩინეთში, სადაც აქამდე უცნობი კორონავირუსი პირველად 2019 წლის დეკემბრის ბოლოს გამოვლინდა, ინფექცია 80 754 ადამიანს შეეყარა - აბსოლუტურ უმრავლესობას ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუხანში - გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3 136-ს შეადგენს. მაგრამ სამშაბათს უკვე ქვეყანაში ვირუსის მხოლოდ 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

 

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ვუხანს ესტუმრა, კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრს, და პეკინს გზავნილი მიაწოდა, რომ მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

 

 

მისი ვიზიტი ვუხანში იმ ფონზე შედგა, რაც ჩინეთმა გამოაცხადა, რომ სამშაბათს ვირუსით ყველაზე მცირე რაოდენობის, მხოლოდ 19 ადამიანის ინფიცირებას ჰქონდა ადგილი - ყველა შემთხვევა ვუხანში მყოფთ დაუდგინდა, გარდა ორი პირისა, რომლებიც საზღვარგარეთიდან ჩავიდნენ იქ.

  


სახელმწიფო მედიის ცნობით, სი ძინპინი ვუხანში სამშაბათს ჩავიდა, რათა პროვინციაში ეპიდემიის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები შეამოწომოს და მიმდინარე სამუშაოები გააკონტროლოს.

 


ვუხანი და ჰუბეის პროვინცია დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად უკვე კარგა ხანია ჩაკეტილია. პრეზიდენტი თვითიზოლირებულ ქალაქში მოსახლეობას შეხვდა.

 


ვიზიტისას მან გამოაცხადა, რომ ჰუბეის პროვინციასა და ვუხანში დაავადების გავრცელება „ძირითადად შეჩერებულია“.

 


„მდგომარეობის სტაბილიზაციის და პროცესების ნორმალურ კალაპოტში ჩასადგომად ჰუბეისა და ვუხანში პირველადი წარმატება მიღწეულია“, თქვა მან.

 


ჩინეთის სახელმწიფო მედია ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ სი ძინპინის ვიზიტმა „მძლავრი სიგნალი გაუგზავნა მთელ ქვეყანას და მსოფლიოს, რომ ჩინეთი აფეთქების ყველაზე საშინელი მომენტიდან გამოდის“.

 


პრეზიდენტი ასევე 10 დღეში დასრულებულ დროებით საავადმყოფოს ესტუმრა. ვიზიტის ამსახველ ფოტოებზე ჩანს, რომ იგი საავადმყოფოს მედპერსონალს და პაციენტებს ვიდეო კავშირის საშუალებით ესაუბრება.

 


ძინპინის ვიზიტიდან მალევე, სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ჩინეთში ყველა, 14-ივე დროებითი საავადმყოფო დაიხურა.

 

  

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი