წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის კაპიტალური რემონტი დასასრულს უახლოვდება და თუკი კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს, ვფიქრობთ, ძალიან მალე ახალ სკოლაში განვაგრძობთ სასწავლო პროცესს, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის სკოლის დირექტორმა, ლიანა პილტოიანმა.
დირექტორის ინფორმაციით, სკოლაში ძირითადი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია.
„ამ ეტაპზე მოწესრიგებულია სველი წერტილები, ჭერი და კედლები გაკეთებულია, დასამთავრებელია იატაკის დაგება, დასამონტაჟებელია ცენტრალური გათბობის ქვაბი, სკოლის შემოსასვლელში დასაგებია ბეტონის გზა. ასევე გასაკეთებელია სპორტდარბაზი. როგორც მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები გვეუბნებიან, თუკი ამინდი არ გაუარესდება, ნოემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს სარემონტო სამუშაოები. ამ წელს თუ ვერა, მომავალი წლიდან ხომ მაინც შევძლებთ ახალ სკოლაში გადასვლას (იცინის). დამერწმუნეთ, ლამის მშენებლების დონეზე ვარ ჩართული პროცესში. დღე არ გავა არ შევიარო და არ დავხედო სამუშაოებს. ძალიან რთულია ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. მოგეხსენებათ, ამჟამად ორ კერძო სახლში, ორ ცვლაში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი - საბედნიეროდ, საკლასო ოთახებში“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის ლიანა პილტოიანმა.
დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სკოლის 29 თანამშრომლიდან 17 აცრილია.
„მაგალითი მე მივეცი, პირველი მე ავიცერი (იცინის), სკოლის პედაგოგების და ადმინისტრაციული პერსონალის 50%-ზე მეტი აცრილები ვართ. იცით, რომ ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ვაქცინაციის შესახებ და ეს გარკვეულ გავლენას ახდენს ზოგიერთებზე. ამიტომაც თავს იკავებენ, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ სხვებიც მოგვბაძავენ“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ლიანა პილტოიანმა.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის სახელმწიფოს მიერ 2,5 მილიონამდე ლარი გამოიყო და სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეთნიკურად სომხებით დასახლებულ სოფელ ხაჩკოვს, რომელიც ზღვის დონიდან 1 900 მეტრამდე სიმაღლეზე მდებარეობს, წალკის მუნიციპალიტეტში ყველაზე კეთილმოწყობილი და თანამედროვე საჯარო სკოლა ექნება.
მანამდე, ვიდრე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხაჩკოვის საჯარო სკოლას სარეაბილიტაციო სიაში შეიყვანდა და სამუშაოების შესრულების თაობაზე ტენდერს გამოაცხადებდა, სკოლის დირექტორს დიდი შრომის გაწევა დასჭირდა ხელისუფლების დასარწმუნებლად, რომ მათი შენობა ამორტიზებული იყო და სრულ აღდგენას საჭიროებდა.
GUARDIAN.GE-ის მიერ 2021 წლის 28 აპრილს მომზადებული სტატია სათაურით - ლიანა პილტოიანი - დირექტორი, რომელმაც ხაჩკოვის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 2,5 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო - შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.