შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Exxon Mobil-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის რექს ტილერსონის კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაასახელა.
იგი შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ორი დღის წინათ შეხვდა, რამაც იმთავითვე წარმოშვა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ მისი კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე განიხილებოდა.
ტრამპმა განცხადებაში ქება-დიდება შეასხა ტილერსონს, როგორც „ყველაზე სრულყოფილ ბიზენეს ლიდერს და საერთაშორისო მომრიგებელს“, მსოფლიოში.
„რექს ტილერსონის კარიერა ამერიკული ოცნების განსახიერებაა“, - განაცხადა ტრამპმა.
„მისი შეუპოვრობა, ფართო გამოცდილება და ღრმა ცოდნა გეოპოლიტიკისა, ხდის მას საუკეთესო არჩევანად სახელმწიფო მდივნის პოსტზე“.
ტილერსონმა განაცხადა, რომ მისთვის „დიდი პატივია“ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასახელება და დაამატა, რომ იგი იზიარებს ტრამპის „ხედვას შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობების საიმედოობის აღდგენასთან დაკავშირებით და ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინ წაწევის კუთხით“.
NBC -ის ახალი ამბები ტრამპთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ორი დღი წინათ აცხადებდა, რომ ტილერსონი მოსალოდნელი იყო, რომ მიმდინარე კვირას დასახელებულიყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზე.

NBC-ის ცნობითვე, მისი მოადგილე ამერიკის ყოფილი ელჩი გაერო-ში ჯონ ბოლტონი იქნება.
(შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი გაეროში ჯონ ბოლტონი ნიუ იორკში არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან "ტრამპ თაუერში" მიემგზავრება, 2 დეკემებრი, 2016 წელი, "როიტერსის" ფოტო).
გასულ დღეებში ინფორმაცია ამერიკის მთავარი დიპლომატის კანდიდატურის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუსეთი ჩაერია ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რათა დახმარებოდა დონალდ ტრამპს გამარჯვებაში.
„როიტერსი“ წერს, რომ 64 წლის ტილერსონმა ათწლეულების განმავლობაში Exxon -ის ბიზნესი რუსეთში გააფართოვა და ეწინააღმდეგებოდა შეერთებული შტატების სანქციების რუსეთზე დაწესებას მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინის ოკუპაცია მოახდინა და ყირიმის ნახევარკუნძული მიიერთა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტილერსონს რუსეთის მეგობრობის, ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო გადასცა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ტრამპი სახელმწიფო მდივნის პოსტზე გენერალ დევიდ პეტრიუსის, ასევე 2012 წლის „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის და ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი კრიტიკოსის, მით რომნის და ნიუ იორკის ყოფილი მერის, რუდი ჯულიანის კანდიდატურებს განიხილავდა.
2014 წლის 20 მარტს „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ რექს ტილერსონს კარგი ურთიერთობა აქვს ვლადიმერ პუტინთან. „თუკი გუგლის საძიებელში მათი ფოტოები დაგაინტერესებთ, თქვენ ამ ორი კაცის ერთად გადაღებულ ათეულობით ისეთ ფოტოს წააწყდებით, სადაც ისინი ერთმანეთს თვალებში უყურებენ, უღიმიან, უცინიან, ხელს ართმევენ. მათ ბევრი აქვთ საერთო. ორივე მათგანი მართავს ავტოკრატიულ, საიდუმლო, ნავთობზე დაფუძნებულ, გლობალურ ოპერაციებს. და მათ იმდენად მოსწონთ ერთმანეთი, რომ გააერთიანეს ძალები ერთობლივ საწარმოში, შესაძლოა მსოფლიო სანავთობო ინდუსტრიაში ყველაზე დიდშიც კი“, - წერს „ფორბსი“ და ამ ორი კაცის ბიზნეს ურთიერთობას „ბრომანსს“ უწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.