COMUS-ის პროექტში ჩართულ ისტორიულ ქალაქ დუშეთში ევროსაბჭოს და ევროკავშირის ექსპერტები დიდი განვითარების პერსპექტივას ხედავენ
09-12-2016, 03:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთში ხუთშაბათს, 8 დეკემბერს, 5 ქვეყნის - საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვასა და ბელორუსის 9 ისტორიული ქალაქის ხელმძღვანელი პირებისა და ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლების შეკრება გაიმართა, სადაც ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული პროექტის, „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში“, (COMUS)-ის ფარგლებში შემუშავებული საპილოტე ქალაქების საბაზო გეგმები, სტრატეგიული ამოცანები და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობისათვის პრიორიტეტული ქმედებების განხორციელების მექანიზმები განიხილეს.

 

 

საქართველოდან აღნიშნულ პროექტში ორი ისტორიული ქალაქი, დუშეთი და ჭიათურა არის ჩართული.

 

 

 

 

(ჭილაშვილების სასახლე - დუშეთი) 

 

 

სტუმრებმა თავდაპირველად დუშეთის ისტორიული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის, ჭილაშვილების ციხე-დარბაზის ეზო და მიმდებარე ადგილი, საბჭოთა დროში სატრაქტორო სადგურად გადაკეთებული ტერიტორია დაათვალიერეს და მათმა ნაწილმა განსაკუთრებული გაოცებით აღიქვა საბჭოთა ხელისუფლების ამგვარი ნაბიჯი, მათი თქმით, ასეთი ისტორიული და უნიკალური ციხე-დარბაზის მომიჯნავედ „ტრაქტორების გარაჟის“ მოწყობა.

 

 

 

 

 

 

დღეს, ამ ადგილისთვის ახალი ფუნქციის შეძენის მექანიზმების ძიებას დუშეთის ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს და უცხოელების მხრიდან გარკვეული დაინტერესებაც არის გამოკვეთილი.

 

 

ევროკავშირის და ევროსაბჭოს ექსპერტებმა იმ პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება, რამაც ისტორიულ ქალაქ დუშეთს ახალი სიცოცხლე უნდა შთაბეროს. ამ მიმართულების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კი საუკუნეების წინათ დუშეთის შემაღლებულ ფერდობზე აგებული ჭილაშვილების სასახლისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციაც არის.

 

 

 

 

 

 

როგორც Guardian.ge-ს ევროპის საბჭოს პროგრამის კოორდინატორმა, ჰაკან შირერ დემირმა განუცხადა, COMUS-ის ფარგლებში მომზადებული განვითარების საბაზო გეგმები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს - თემებთან მჭიდრო კოორდინაციის პირობებში - დონორ ორგანიზაციებთან, ისევე როგორც კერძო სექტორთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების საშუალებას აძლევს, რაც სამომავლოდ დადებითად აისახება ამა თუ იმ ისტორიული ქალაქის სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაში. ამისათვის კი ქალაქების მერებს, რომელთაც შირერ დემირის თქმით, სათანადო ძალაუფლება გააჩნიათ - თავიანთი მოსახლეობის, თემების მაქსიმალური ჩართულობით - დონორებთან და კერძო სექტორთან კოორდინირებული ქმედებებით, საშუალება ეძლევათ ახალი სიცოცხლე შთაბერონ თავიანთ ქალაქებს და დუშეთის მაგალითზე ეს სრულიად შესაძლებელია, რადგან როგორც ევროპის საბჭოს პროგრამის კოორდინატორი ფიქრობს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ქვეყნის დედაქალაქიდან ახლო სავალ მანძილზე მდებარე ისტორიულ ქალაქში ინვესტიციების მოზიდვის საუკეთესო წინაპირობაა შექმნილი, რასაც ეთანხმება ამავე პროექტის ექსპერტი პიტერ რამსდენი, რომლის რეკომენდაციითაც, იმისათვის, რომ იპოვო ინვესტორები, „პირველ რიგში უნდა დაიწყო მათი ძებნა“ და იგი დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას დონორი ორგანიზაციების მიღმა, ძებნის არეალის გაფართოების რჩევით მიმართავს და თვლის, რომ ამ პროცესში ჩართული და გამოყენებული უნდა იყოს, როგორც ადგილობრივი ადამიანური თუ ბიზნეს-რესურსები, ისე ქალაქიდან უცხოეთში წასული ემიგრაციის და დიასპორის წარმომადგენლები, რომელთა შორის ზოგიერთი, ალბათ, ფინანსურად საკმაოდ შეძლებულიცაა და მათი წარმომავლობის ფესვებთან „ემოციური შემხებლობა და სიყვარული“ შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს მშობლიური ქალაქის განვითარებისთვის წვლილის შემტანი ნაბიჯების გადადგმაში. ამ მიმართულებით კი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უკვე წლებია, რაც დაწყებული აქვს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ვაჟა ჩოხელს, რომელიც ევროკავშირის და ევროსაბჭოს ექსპერტების მეთოდოლოგიის იმ დადებით მხარეზე აკეთებს აქცენტს, რამაც მას „სხვა თვალით“ დაანახა მისი და ქალაქის შესაძლებლობები და ის ფორმა, თუ როგორ „უნდა მოვიძიოთ ინვესტიციები, როგორ უნდა ვიმუშაოთ დონორებთან“.

 

 

 

(ევროპის საბჭოს პროგრამის კოორდინატორი, ჰაკან შირერ დემირი, დუშეთი, 2016 წლის 8 დეკემბერი)  

 

 

„ჩვენი საბაზისო გეგმა კარგი დოკუმენტია, დინამიკური დოკუმენტი, რომელიც ამა თუ იმ მერს ეხმარება. COMUS -ის პროექტი საზოგადოებას, თემის წარმომადგენლებს აძლევს სტიმულს და ბიძგს“, - აცხადებს ჰაკან შირერ დემირი და განაგრძობს:

 

 

„ადამიანები, რომლებიც დუშეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ, არიან ამ პროექტის ნაწილი, ამ პროგრამის უმთავრესი შემადგენელი ნაწილი. ის ეხმარება მათ ცხოვრების დონის ამაღლებაში. ნებისმიერი ცვლილება აუმჯობესებს მათი ცხოვრების დონეს. მაგალითად იმ სასახლის [ჭილაშვილების სასახლე] მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, რომელიც ჩვენ ყველამ დუშეთში ერთად დავათვალიერეთ, მნიშვნელოვანი იქნება იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის. ადგილობრივ ხელისუფლებას გააჩნია სათანადო ბერკეტები იზრუნოს პროექტის განხორციელებისთვის და მან ეს მოსახლეობასთან ერთობლივად უნდა გააკეთოს. ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ხელშესახები მემკვიდრეობის, როგორც მატერიალური და ისტორიული, ისე სხვა მემკვიდრეობის გამოყენება და მისი მოსახლეობის სამსახურში ჩაყენება, აქ მე ვგულისხმობ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს, ემიგრანტებს, ასაკოვნებს, ბავშვებს, ესენი ყველანი რესურსს წარმოადგენენ. გვჭირდება კარგი პროგრამა, კარგი ადამიანური რესურსი და ფული, რომელიც შეიძლება გაჩნდეს, თუ შენ ახერხებ ადგილობრივი რესურსის მართვას, გაგაჩნია კარგი მეთოდოლოგია და გეგმა, რომელსაც სთავაზობ ინვესტორს. ეს სცენარის საუკეთესო შემთხვევაა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დონორების, შენი მოქალაქეების მუდმივი ინფორმირება. ზოგჯერ შეიძლება დიდი ფული მოითხოვო, მაგრამ მერე აანალიზებ და ეკითხები საკუთარ თავს, ვარ კი ამისათვის მზად? ამდენად, შესაძლოა, უმჯობესი იყოს დაიწყო უფრო მცირე პროექტების დაფინანსებაზე ფიქრი დონორებთან და პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობებისას“, - განაცხადა ჰაკან შირერ დემირმა Guardian.ge-სთან საუბრისას და შეკითხვაზე, თუ როგორ ხედავს დუშეთის განვითარების პერპსექტივას მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში, ასე უპასუხა:

 

 

„ჩემი შეფასებები დუშეთის მუნიციპალიტეტზე შესაძლოა ძალზე ზედაპირული იყოს, მაგრამ ერთი რამ რაც ძალზე თვალშისაცემია, დუშეთს დიდი პოტენციალი აქვს. ის სილამაზე რაც აქ არის, ის ლანდშაფტი, რაც უნიკალურია, უნდა იყოს შენარჩუნებული, თუ ეს დაიკარგება, მაშინ ამ მხარის მომხიბვლელობაც დაიკარგება. აქ სუფთა ჰაერია, მთები, დიდებული გარემო. მე ჩემს პირად მოსაზრებას მოგახსენებთ. მაგალითად, მე რომ ვცხოვრობდე თბილისში, სადაც ისევე როგორც ბევრ სხვა დედაქალაქში, უწესრიგო ცხოვრებაა, აუცილებლად ვიფიქრებდი დავსახლებულიყავი დუშეთში, მე არ მაქვს პრობლემა 40 წუთის სავალ მანძილზე ვიცხოვრო დედაქალაქიდან, განსაკუთრებით კი ისეთ ადგილას, სადაც ეკოლოგიურად სუფთა გარემო და საკვებია. მით უფრო, დღევანდელი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ადამიანები უკვე ნაკლებად ან აღარ იყენებენ ოფისებს, მათ სამუშაოს შესრულება სახლებიდანაც მშვენივრად შეუძლიათ და რა უნდა დღეს მოსამსახურეთა კლასს?! - კარგ განათლებაზე ხელმისაწვდომობა თავიანთი შვილებისთვის და ასევე თაობებში დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის გადაცემა მათთვის. თუმცა, ამავე დროს მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ ასეთ ადგილებში უფრო მეტად იყოს შექმნილი საგანმანათლებლო, კულტურული და ასევე სხვა კერები“, - განაცხადა ჰაკან შირერ დემირმა.

 

 

 

(პიტერ რამსდენი - დუშეთი, 2016 წლის 8 დეკემბერი)

 

 

პროექტის ექსპერტი, ბრიტანელი პიტერ რამსდენი ყურადღებას ამახვილებს დუშეთში განსახორციელებელი პროექტების მნიშვნელობასა და მასში ინვესტორების ფართო წარმომადგენლობითი ფორმატით ჩართულობის აუცილებლობაზე.

 

 

„იმისათვის, რომ იპოვო ინვესტორები, პირველ რიგში უნდა დაიწყო მათი ძებნა. ასე რომ, პირველი რეკომენდაციაა - დაიწყო ძებნა. რომ ავიღოთ დუშეთის მაგალითი. ბუნებრივია, არის ხალხი, რომელიც დაკავშირებულია დუშეთთან, დაიბადა აქ, მაგრამ ამჟამად აქ არ ცხოვრობს - ხალხი, რომელიც ქონებას ფლობს აქ, მაგრამ არ ცხოვრობს, და ხალხი, რომელმაც დატოვა დუშეთი, მაგრამ გააჩნია ემოციური შემხებლობა და სიყვარული. შეიძლება ზოგიერთი მათგანი დღეს მილიონერიცაა და აქვთ რაღაც სურვილი აქ ინვესტიციების განხორციელების. გარდა ამისა, ქართველები დღეს ევროპაში და მთელ მსოფლიოში არიან გასული და ამ ემიგრანტების, თქვენი დიასპორის როლი, მათი ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ გვაქვს წარმატებული მაგალითები იმისა, თუ როგორ უჭერენ მხარს დიასპორის წარმომადგენლები თავიანთ ქვეყნებს. ამგვარდ, კერძო სექტორის განხრით ჩვენ უნდა ვეძებოთ ყველა ამ სამი მიმართულებით ადამიანები: პირველი, რომლებიც აქედან არიან და არ ცხოვრობენ ამ ქალაქში; მე-2, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ აქ და აქვთ ბიზნესები; და მე-3, ადამიანები, რომლებმაც შესაძლოა დატოვეს აქაურობა, მაგრამ ჯერ კიდევ დაინტერესებულნი არიან. შესაძლოა, მათ უნდათ ნახონ დაბრუნება, შერეული დაბრუნება - სოციალური დაბრუნება და ეკონომიკური დაბრუნება. მე ვფიქრობ, რომ რეკომანდაციის გეგმა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეგიძლია აჩვენო ღირებული ინვესტირება, ეს არ არის მხოლოდ ფულის კეთება, ის ასევე მოიტანს ცვლილებებს ქალაქში. ეს არ არის მხოლოდ ინვესტორის მოძებნა, არამედ ესაა გაგაჩნდეს გაყიდვადი პროექტი ან გაყიდვადი კონცეფცია, და ეს სტრუქტურა აძლევს მერს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს შესაძლებლობას, თქვას - ‘შეხედეთ, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება, ჩვენ გვესმის რაში რა უნდა დავხარჯოთ ფული და როგორ განვავითაროთ ქალაქი’ ... ამავე დროს ჩვენ მსოფლიოში დიდ ცვლილებებს ვუყურებთ, ადამიანები ბევრს მოგზაურობენ დღეს, აინტერესებთ სხვადასხვა ადგილები, რჩებიან იქ. ადამიანებს უნდათ მეტი თავგადასავლები, ვიდრე მხოლოდ ეს შვებულების, არდადეგების ჩვეულებრივი გატარებაა. ამგვარად, თქვენ ასევე უნდა იფიქროთ არა მხოლოდ არტი-ფაქტებსა და შენობებზე, არამედ იმაზეც, თუ რა თავგადასავლები შეიძლება ახლდეს მათ მოგზაურობებს, განსაკუთრებით ტურისტული კუთხით. აგრეთვე, ტურიზმზე სხვა მიმართულებით დაფიქრებისასაც დუშეთი შესანიშნავია. იგი თბილისიდან მოკლე სავალ მანძილზეა, მხარე ეკოლოგიურად სუფთა და ძალზე ლამაზია... ასე რომ, ამ ყველაფერზე ერთობლივად ფიქრია საჭირო. თუ გადავხედავთ დუშეთის მომავალს მომდევნო 10 წელიწადში, ამ გადმოსახედიდან ძნელი სათქმელია რა იქნება, თუმცა თქვენ ჭკვიანი ხალხი გყავთ, მათი ნაწილი აქ ცხოვრობს დუშეთში, მაგრამ ნაწილი ტვინებისა გადინებულია აქედან. უნდა მოხდეს ამ ტვინების გაერთიანება საერთო საქმისთვის. მომდევნო ათ წელიწადში ის ადამიანები, რომლებიც სხვაგან კარგად ცხოვრობენ, შესაძლოა დაბრუნდნენ უკან, ზოგიერთი მათგანი შესაძლოა სწავლობს ამჟამად საზღვარგარეთ, ზოგიერთი ემიგრაციაშია და შვილებიც იქ გაუჩნდათ და შეიძლება მათაც იფიქრონ უკან დაბრუნება. ეს კი ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს ქალაქისთვის, რადგან ემიგრანტებს ყოველთვის მოაქვთ ახალი იდეები, ახალი ნააზრევი, რაც ახალი სიცოცხლის შთამბერავი ხდება“, - განაცხადა პიტერ რამსდენმა Guardian.ge-სთან საუბრისას.

  

 

 

(ვაჟა ჩოხელი - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დუშეთი 2016 წლის 8 დეკემბერი)

 


დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი COMUS-ის პროგრამის დადებით მხარეზე აკეთებს აქცენტს და იმედოვნებს, რომ მათ მიერ ქალაქ დუშეთის რეაბილიტაციის შესახებ დონორებისთვის წარდგენილი დოკუმენტაცია მოწონებას დაიმსახურებს, და ასეთ შემთხვევაში კი, სრულიად ახალი შესაძლებლობები გაეხსნება ქალაქსა და მთელ მუნიციპალიტეტს.

 

 

„საუბარია სხვადასხვა დონორებთან ურთიერთობებზე, მათ შორის კერძო ინვესტიციებზე. თვითონ ამ პროექტმა, COMUS-ის პროგრამამ ჩვენ სხვა თვალით დაგვანახა ჩვენი შესაძლებლობები, ქალაქის შესაძლებლობები, ანუ ის ფორმა, თუ როგორ უნდა მოვიძიოთ ინვესტიციები, როგორ უნდა ვიმუშაოთ დონორებთან. აი, ეს არის მთავარი, რომ მათი მეთოდოლოგიით, მათთან ერთად, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, ამ გეგმას ერთობლივად ვაკეთებთ. ფაქტობრივად, ჩვენ დასრულებისკენ ვართ წასული. მსგავსი შეხვედრები გვქონდა ძალიან ბევრი 2 წლის განმავლობაში და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ქალაქ დუშეთის რეაბილიტაციას ეხება, მოწონებული იქნება დონორების მიერ. ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს. მსოფლიო ბანკი სწორედ ასეთი პროექტით არის დაინტერესებული, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ პირველ ეტაპზე. ეს არის უკვე გაგრძელება მეორე ეტაპის. ასე, რომ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული გეგმა და ხედვა საინტერესო იქნება სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების თუ კერძო სექტორისთვის.

 

 

 

 

 

 

მოგეხსენებათ, აბრევიატურა COMUS-ი ასე ჟღერს ქართულად -„თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში“. ეს ნიშნავს, რომ თემი უნდა იყოს ჩართული და სწორედ მოსახლეობასთან ერთად, მათთან კონსულტაციების შედეგად, ფოკუს ჯგუფებში მუშაობის შედეგად, ინტერესთა ჯგუფებში მუშაობის შედეგად, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია და აქ ძალიან ხშირად გვაქვს მათთან შეხვედრები, უნდა ხდებოდეს საკითხების გადაწყვეტა.

 

 

რაც შეეხება ჭილაშვილების სასახლეს, იმ ტერიტორიის რეაბილიტაცია, მე ვფიქრობ, რომ არ არის შორეული პერსპექტივა, იქ შესაძლებელია რომ მოეწყოს სხვადასხვა სახის სივრცეები. თვითონ ჩვენ სხვანაირად გვქონდა წარმოდგენილი, მაგრამ როდესაც COMUS-ის პროგრამაში განვიხილეთ ეს საკითხი, აქ უკვე სხვა ფორმები აღმოჩნდა ჩემთვის ძალიან საინტერესო. მეც არ ვიცოდი რის შესაძლებლობა იყო და ჩვენ სხვანაირად დავინახეთ ეს ამბავი. აქ იმყოფებოდნენ გერმანელი პროდიუსერები და გარკვეული დაინტერესება გამოხატეს იმ ტერიტორიით, რომელიც ჭილაშვილების ციხე-დარბაზის გვერდით მდებარეობს და საბჭოთა პერიოდში მანქანა-ტრაქტორების სადგურად იყო გამოყენებული. იმედი გვაქვს, რომ უცხოელი პროდიუსერები დაინტერესდებიან ამ ტერიტორიის მოწყობით - კრეატიული ფორმით, არ იქნება ეს სტანდარტული, ჩვენ შევინარჩუნებთ იმ შენობას, მაგრამ სხვა სიცოცხლეს მივცემთ. რა თქმა უნდა მოსახლეობა უნდა იყოს ამაში ჩართული. ხელისუფლება კი იზრუნებს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე - გზისა და მიმდებარე სახლების ეზოების ღობეების კეთილმოწყობაზე. თვითონ ის ტერიტორია, სადაც გარაჟი იყო განთავსებული 1,3 ჰექტარია. იქ აშენდება პარკი, უნიკალური ჯიშები დაირგვება და შენარჩუნდება ის სივრცე რაც არის, რომელიც იქნება საგამოფენო, საკონცერტო, საფესტივალო თუ სხვა ამგვარი დანიშნულების და ეს გამოაცოცხლებს ქალაქს. ამის გარდა, გვაქვს COMUS-ის პროექტის პერსპექტივაში ობსერვატორიის ტერიტორიის მოწესრიგება და არის სხვა საკითხები, რომელზეც წინასწარ არ მინდა რომ ვისაუბრო“, - განუცხადა Guardian.ge-ს ვაჟა ჩოხელმა, რომლის თქმითაც მათ დეკემბრის ბოლოს უნდა ჰქონდეთ COMUS-ის მეთოდოლოგიით შემუშავებული სამოქმედო გეგმა.

 

 

 

(ჭილაშვილების სასახლე - გარე ხედი) 

 

 

„ქალაქის 90-ზე მეტი ისტორიული შენობა აღდგება პირვანდელი სახით, საარქივო მასალების მიხედვით. ასევე აღდგება ის ისტორიული შენობები, რომელიც მე-19 საუკუნის შემდეგ ინგრევა და თითი-თითზე არ არის დადებული და მთავარი რაც არის, არ გვინდა ჩვენ, რომ ეს მხოლოდ ძეგლებად იყოს წარმოჩენილი. ეს უნდა იყოს ფუნქციონირებადი შენობები. აქ, რა თქმა უნდა უმრავლესობას შენობებისა, ჰყავს კერძო მესაკუთრეები, ჩვენ გვინდა რომ იგივე ფორმით, კერძო საოჯახო სასტუმროები, სახელოსნოები იყოს, რომ ამ რეაბილიტირებულმა შენობებმა და ამ ძველი უბნის ახალმა იერ-სახემ მოუტანოს სოციალური და ეკონომიკური ეფექტი ჩვენს მოსახლეობას დასაქმების, დამატებითი შემოსავლების კუთხით. დუშეთს გააჩნია ეს პოტენციალი, სწორედ COMUS-ის პროგრამამ დაგვანახა ეს. მე თვითონ და ალბათ, დუშეთის მოსახლეობის უმრავლესობამ არ ვიცოდით რა სიმდიდრეს ვფლობდით და რა ფორმა უნდა მისცემოდა მას, რომ ეს მუნიციპალიტეტის და თითოეული მოსახლისთვის რაღაც შემოსავლის წყარო გამხდარიყო. უცხოელები უკეთესად აღიქვამენ იმ პოტენციალს, რომელიც ჩვენ ქალაქს გააჩნია და ერთ-ერთი დიდი პოტენციალი ტურისტული მიმართულების განვითარების მხრივაც გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ნიშა, რატომ უნდა მოვიდეს ტურისტი დუშეთში. არის რეაბილიტირებული სიღნაღი, მცხეთა, რომელიც გაცილებით ახლოსაა თბილისიდან და სხვა. ჩვენ ვეძებთ იმ ნიშას, რატომ უნდა მოვიდეს ტურისტი დუშეთში. ჯერ ერთი ალბათ იმიტომაც, რომ ახლოს არის თბილისიდან, სრულიად განსხვავებული კლიმატი, ჰავაა; მეორე, თუნდაც ქალაქის ისტორიის გამო - სავაჭრო და სამხედრო გზა აქ გადიოდა. აქ არის აგრეთვე ჭილაშვილების სასახლე, რომელიც მსოფლიო ბანკის პროგრამაში გვაქვს ჩადებული და იქ, როგორც მოგახსენეთ, არის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ჩვენ ერთად დავათვალიერეთ და სადაც კომუნისტების დროს მანქანა-ტრაქტორების სადგური ფუნქციონირებდა და ეს მიწა, 1.3 ჰექტარის ოდენობით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ამას წინათ იყვნენ აქ გერმანელები, პროდიუსერები, რომლებიც კლასიკური მუსიკის კუთხით ძალიან ცნობილი პროდიუსერები არიან და იქ არის შენობა, რომელიც ძალიან მოეწონათ და გვითხრეს, რომ თუ ამ შენობის ადაპტაცია მოხდება, აქ შეიძლება საგამოფენო სივრცე მოეწყოს, კონცერტებისთვის და ფესტივალებისთვის იდეალური ადგილიაო, ძალიან მოეწონათ. გვაქვს ჩვენი გეგმა, რომ ამ მხრივაც განვავითაროთ დუშეთი“, - განაცხადა ვაჟა ჩოხელმა.

 

 

 

(მანქანა-ტრაქტორების ყოფილი სადგურის ეზო)

 


დუშეთში გამართული შეხვედრის დასასრულს საპილოტე ქალაქების ხელმძღვანელმა პირებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას, რის შემდეგაც ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

 

 

 

 

 

კომენტარები: 1
#1   Jolene
      
My brother suggested I may like this website. He was once entirely right.

This post truly made my day. You cann't imagine just how a lot time I had spent for this information! Thank
you!

Look into my blog post ... Tera
8 ნოემბერი 2021 21:59
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი