„ივერიონის“ თეატრალური დასი, რომელიც რეპეტიციებს ბარ-რესტორანში ატარებს, თბილისის მერიისგან სარეპეტიციო სივრცის გამოყოფას ელოდება
19-05-2017, 01:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქაოსი“, „ჯინსების თაობა“, „კუკარაჩა“,„დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, „ჯადოსნური ღამე“ - ეს იმ სპექტაკლთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც თეატრმა „ივერიონმა“ შექმნა და საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში მაყურებელს წარუდგინა.

 


თეატრმა არსებობა 2014 წლის გაზაფხულზე, პირველი ექსპერიმენტული სპექტაკლით, „კომბლე“ დაიწყო, რომელიც სხვადასხვა რეგიონში ჩაიტანა და „დიდი ხნის წინ დაკეტილი კულტურის სახლების კარები გახსნა“. „კომბლეს“ შემდეგ მიხვდნენ, რომ ინტენსიური მუშაობა უნდა დაეწყოთ და ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში კვალი დაეტოვათ.

 


დაარსებიდან სამი წლის შემდეგ, „ივერიონს“ დაფინანსება არ აქვს, უფრო მეტიც, დასის მსახიობებს რეპეტიციების ჩატარება არა სცენაზე, არამედ, ბარ-რესტორანში უწევთ. აცხადებენ, რომ დღემდე, „არავინ შეუწუხებიათ“ და საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას „მეგობრების დახმარებით“ ახერხებენ. დასი იმედოვნებს, რომ მდგომარეობა შეიცვლება, უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინით კი აცხადებს, რომ „მათი გასამრჯელო მაყურებლის აპლოდისმენტი და თუნდაც ერთი ბავშვისთვის გალამაზებული დღეა“.

 


Guardian.ge „ივერიონის“ შემოქმედებაზე, მასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, მაია პიტიურიშვილს ესაუბრა.

 


„დაარსებიდან დღემდე, არავისთვის მიმიმართავს, არავინ შემიწუხებია, მხოლოდ საკუთარი ძალებითა და მეგობრების დახმარებით ვახერხებთ ყველაფერს. დასში 11 მსახიობია. მათ ჰონორარს მხოლოდ მაშინ ვაძლევთ, როდესაც მივდივართ ასე ვთქვათ, ცოტა გამართულ რეგიონში, ბილეთბის გაყიდვის შედეგად აღებული თანხა ნაწილდება მსახიობებზე. თუმცა, არის შემთხვევები და ძალიან ხშირად, როდესაც ჰონორარზე საერთოდ არ არის საუბარი, ელემენტარულად მგზავრობის თანხასაც საკუთარი ჯიბიდან ვიხდით, თუმცა, სპექტაკლი მაინც ჩაგვაქვს რეგიონში და უსასყიდლოდ ვთამაშობთ. დღემდე არ გვაქვს ფართი, სადაც დასს ექნება რეპეტიცია, ამის გამო, მსახიობებს რეპეტიციის ჩატარება ბარ-რესტორანში უწევთ. ახლა დედაქალაქის მერიაში ფართის მოთხოვნით განცხადება შევიტანეთ - ორ კვირაში პასუხს ველოდებით. იმ შემთხვევაში, თუ ფართთან დაკავშირებით უარი მოგვივიდა მერიიდან, ვიფიქრებთ უკვე ჩვენი ხარჯით სარეპეტიციო სივრცის გამონახვაზე, რომ რეპეტიციები ნორმალურად ჩაატაროს დასმა. როგორ და რა სახსრებით შევძლებთ ამას, ჯერ არც კი ვიცი. დიდი იმედი მაქვს, რომ უარი არ იქნება და დაგვიკმაყოფილდება თხოვნა“, განაცხადა მაია პიტიურიშვილმა, რომლის თქმითაც, ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ უფრო იკვეთება, რომ „დასს ენთუზიაზმი და საერთო საქმისადმი უდიდესი სიყვარული აერთიანებს“.

 


პიტიურიშვილი „თეატრალური ხელოვნებისადმი მოთხოვნილების ნაკლებობასა და მის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაზეც“ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს განსაკუთრებით მძაფრად რეგიონებში იგრძნობა.

 


„დედაქალაქში ხშირად ხდება ასეთი რამ - ვურეკავ კონკრეტულ ადამიანს, ორგანიზაციას და ვთავაზობ - მოვდივარ სპექტაკლით უსასყიდლოდ, დაინტერესება იშვიათია. რაც შეეხება რეგიონებს, ბუნებრივია გამგზავრებამდე, კულტურის სახლთან და კონკრეტული მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ვათანხმებთ ამას წინასწარ. ისინი გვეუბნებიან - კი ბატონო, მობრძანდით და თუ გაყიდით ბილეთს, ითამაშეთ. თუმცა, იგივე სკოლის დირექტორებისგან, რომელთა მოსწავლეებსაც ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სპექტაკლი ხომ, ისმის ასეთი სიტყვები - „ცირკი იყო წინა კვირაში“. რატომღაც სპექტაკლს, თეატრს აიგივებენ ცირკთან. ყველა ბავშვი იმსახურებს ეზიაროს თეატრალურ ხელოვნებას.

 


ჩვენ ვყოფილვართ ისეთ რეგიონებში, რომელთა კულტურის სახლებშიც სპექტაკლი არასდროს ჩატარებულა, სადაც, შეიძლება ითქვას, კულტურის სახლის კარი არც კი გაღებულა. ზემო ქედში ისეთ კულტურის სახლში მოგვიწია თამაში, სადაც, რომ გაიღო კარი, ეტყობოდა, რომ წლების განმავლობაში იქ ფეხი არავის ჰქონდა დადგმული. ეს იყო ღამურების საცხოვრისი, შეიძლება ასეც ვუწოდოთ. პირველად მუსიკა რომ გაჟღერდა, ღამურები შეშფოთდნენ. ჩვენ ვიყავით ძალიან ბედნიერი იმიტომ, რომ მაყურებლისთვის - ცხრა ბავშვისთვის, რომელიც ესწრებოდა სპექტაკლს, ეს დღე დღესასწაულად ვაქციეთ. იმხელა გაფართოებული თვალებით გვიყურებდნენ - პირველად ნახეს საერთოდ რა იყო სპექტაკლი. ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი კმაყოფილება და ბედნიერება, რომ ამ ცხრა ბავშვისთვის მაინც შევქმენით ერთი გალამაზებული დღე. ყველაზე დიდი საფასური არის ჩვენთვის თუნდაც იმ ერთი ბავშვის ბედნიერი სახე, რომელიც დაესწრო ჩვენს სპექტაკლს. სამი წლის განმავლობაში, ჩვენს მიერ დადგმული 18 სპექტაკლიდან, რომელთაგან 9 დიდებისთვის, 9 კი პატარებისთვისაა შექმნილი, ორას-სამას ბავშვს მაინც დაამახსოვრდებოდა ჩვენი რამდენიმე სპექტაკლი. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი პატარა მაყურებელი თუ მსახიობი არა, ღირსეული მაყურებელი და შემფასებელი გამოვა ქართული თეატრისა“, განუცხადა Guardian.ge-ს მაია პიტიურიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი