ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები გერმანიის ელჩისადმი მიმართვაში „სამარცხვინოს“ უწოდებენ ფაქტს, რომ ედუარდ შევარდნაძისთვის გამოფენაზე „ადგილი არ გამოინახა“
11-11-2017, 14:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰაიკე ფაიჩის წერილით მიმართავენ და გულისტკივილს გამოხატავენ, რომ თბილისში, ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე ედუარდ შევარდნაძისთვის „ადგილი არ გამოინახა“, რაც მათი აზრით, „როგორც ადამიანურად, ისე ისტორიულად ობიექტური ისტორიის სრულ იგნორირებას წარმოადგენს“.

 


ელჩისადმი მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა „სრულიად სამართლიანად აღნიშნა ამ მოვლენის „ანომალიური“, ისტორიულად უსამართლო ხასიათი“, რისთვისაც წერილის ავტორები გიორგი კვირიკაშვილს „ასეთი სწორი სახელმწიფოებრივი, მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიციისთვის“ მადლობას უხდიან.

 


შევარდნაძის შვილიშვილები ელჩს იმ ისტორიულ ფაქტებს ახსენებენ, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევას უძღოდა წინ და რომლის სათავეებთან ედუარდ შევარდნაძეც იდგა.

 


- 1985 წლის ივლისი. უშიშროებისა და თანამშრომლობის დასკვნითი დოკუმენტის, „ჰელსინკის აქტის“ ხელმოწერით მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა (ჰანს-დიტრიხ გენშერის და შევარდნაძის პირველი შეხვედრა).

 


- 1986 წლის 21 ივლისი, მოსკოვი - ჰანს-დიტრიხ გენშერის ვიზიტი მოსკოვში.

 


- 1988 წლის იანვარი - სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის შევარდნაძის ვიზიტები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

 


- 1988 წლის 12-15 ივნისი - მიხეილ გორბაჩოვისა და ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი გერმანიაში.

 


- 1989 წლის 2-3 დეკემბერი, კუნძული მალტა - ჯორჯ ბუშის ინიციატივით გორბაჩოვისა და ბუშის შეხვედრა; შეხვედრის მთავარი თემა - გერმანიის გაერთიანება.

 


- 1989 წლის 12 ივნისს მიხეილ გორბაჩოვის და ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ედუარდ შევარდნაძემ ბატონ გენშერთან საუბრისას განაცხადა: „ალბათ ძალიან მალე დიდი საუბარი გვექნება კონტინენტის მომავლის შესახებ“ და „როდესაც საამისოდ დრო მომწიფდება, ბერლინის კედელიც დაინგრევა“.

 


- 1989 წლის 9 ნოემბერს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარი გაიხსნა და გერმანია ფორმალურად გაერთიანდა.

 


- 1989 წლის 12 თებერვალი, კანადა, ოტავა, „ღია ცის“ კონფერენცია, რომლის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი საბჭოთა კავშირი იყო. კონფერენციაზე გერმანიის გაერთიანების იდეამ საერთაშორისო დიპლომატიურ არენაზე რეალური კონტურები შეიძინა. „დიდი ოთხეული“ (აშშ, საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) შეთანხმდნენ ფორმულაზე „ორი პლუს ოთხი“ - გერმანიიდან იქნებოდა ორი დელეგაცია, ერთი დასავლეთ გერმანიიდან და მეორე აღმოსავლეთ გერმანიიდან.

 


- „ორი პლუს ოთხის“ მოლაპარაკებები: ბონში, ბერლინში, პარიზსა და მოსკოვში.

 


- 1990 წლის 23 მაისს ჟენევაში შედგა გენშერის და შევარდნაძის შეხვედრა, სადაც აღინიშნა, რომ გაერთიანების პროცესმა თავისი შეუქცევადი დინამიკა შეიძინა.

 


- 1990 წლის 15-16 ივლისს საბჭოთა კავშირში, სტავროპოლის ოლქში - არხისში, შედგა გორბაჩოვის, კოლის, გენშერის და შევარდნაძის შეხვედრა - დღის წესრიგი: გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა.

 


- 1990 წლის 12 სექტემბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „ორი პლუს ერთი“. ხოლო მეორე დღეს, 13 სექტემბერს შევარდნაძემ და გენშერმა, უკვე ამ თანხმობის პარაფირებას მოაწერეს ხელი. მოგვიანებით კი გორბაჩოვმა და კოლმა საბოლოოდ დაადასტურეს „ხელშეკრულება კეთილმეზობლობის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“.

 


„ეს მხოლოდ მშრალი, რამდენიმე მშრალი ფაქტების კონსტატირებაა, რაც ნამდვილად არ ასახავს სრულად, ჩვენი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის, პირად წვლილს და დამოკიდებულებას გერმანიასა და გერმანელების მიმართ. არ ასახავს მის უდიდეს პატივისცემას გერმანელ თანამოაზროვნეებთან და პარტნიორებთან მიმართებაში. აქ არ ჩანს მისი უდიდესი პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც მან თავისი ცხოვრების გზაზე იტვირთა იმ იმედით, რომ გერმანია ერთიანდებოდა ევროპისა და მსოფლიოს საკეთილდღეოდ.

 


მოგეხსენებათ, ბერლინის კედლის 19 ნატეხიდან, ერთ-ერთი წარწერით „Danke, Eduard” მის სახლ-მუზეუმში ინახება. ამ ნატეხმა მსოფლიოს ის მრავალი გამოფენა შემოიარა, რომელიც გერმანიის გაერთიანებას ეძღვნებოდა. თუმცა, რატომღაც ედუარდ შევარდნაძის ფოტოს ვერ გამოენახა ადგილი იმ გამოფენაზე, რომელიც მის სამშობლოში ჩატარდა. ის რომ ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნა საქართველოში მოხდა, არ არის შემთხვევითი. ქალბატონო ელჩო, თქვენ, ეს გამოფენა საქართველოში იმიტომ გახსენით, და არა სხვა ქვეყანაში, რომ აქ ედუარდ შევარდნაძის ისტორიული სამშობლოა.

 


ჰანს-დიტრიხ გენშერისა და ედუარდ შევარდნაძის პარტნიორობა და მეგობრობა ქართველი და გერმანელი ხალხების ურთიერთობის და თანამშრომლობის საფუძველი გახდა. სწორედ გენშერი იყო ის პირველი დასავლელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ეწვია და გერმანიის სახელით საქართველოს პირველმა მიულოცა დამოუკიდებლობა. გენშერი იყო ის პოლიტიკოსი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების ცერემონიალზე ჩამოვიდა და, თვითონაც უკვე დაუძლურებულმა, უკანასკნელი პატივი მიაგო ჩვენი ბაბუის ხსოვნას, მის დამსახურებას გერმანელი ხალხის წინაშე. სულ რაღაც ექვს თვეში ჰანს-დიტრიხ გენშერიც გარდაიცვალა. მასთან ოფიციალური გამომშვიდობებისას გერმანიის ბუნდესტაგში, ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, არა ერთხელ გაჟღერდა ედუარდ შევარდნაძის სახელიც, კაცის, რომელმაც, ჰანს-დიტრიხ გენშერთან ერთად, გადამწყვეტი როლი შეასრულა ახალი გერმანიის და შესაბამისად - ახალი ევროპის არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.

 


თქვენო აღმატებულებავ,

 


გვჯერა, რომ გამოფენის დაგეგმვისას დაშვებული იქნა უხეში, სრულიად გაუმართლებელი პროფესიონალური შეცდომა და რომ ეს არ არის გერმანელი ხალხის და გერმანიის სახელმწიფოს პოზიცია. გვჯერა - თქვენი მხრიდან ყველა ძალას იღონებთ იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო ხარვეზი აღმოიფხვრას და საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ განსაკუთრებულად თბილ, ტრადიციულად ღრმად მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს ჩრდილი არ მიადგება!“ - ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილების: თამარ მოსაშვილი-შევარდნაძის; სოფიო შევარდნაძის; მარიამ შევარდნაძის; ლაშა შევარდნაძის და ნანული შევარდნაძის მიმართვაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი