გიორგი კვირიკაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებების მიღების სიმძიმის ცენტრმა რეგიონებისკენ გადაინაცვლოს
21-12-2017, 19:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გვინდა მაქსიმალურად მოხდეს რეგიონებში მეტი პროფესიონალების წასვლა. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებების მიღების სიმძიმის ცენტრმა რეგიონებისკენ გადაინაცვლოს იმ საკითხებზე, რომელიც მათ კომპეტენციას შეადგენს“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სამთავრობო პროგრამა წარმოადგინა. საქართველოს პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობა რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის ფორმატში გაიმართა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტის ბრძანება გააცნო.

 

 

„ჩვენ ვიკრიბებით რიგგარეშე სესიაზე. შესაბამისი მოთხოვნით მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად და საქართველოს პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად, გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ: „საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია 2017 წლის 21 დეკემბრის 12 საათიდან“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

სხდომის დღის წესრიგის თანახმად, სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობისა და მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის ფარგლებში, დეპუტატების წინაშე საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, გიორგი კვირიკაშვილი წარსდგა.

 

 

„ცოტა ხნის წინ პარლამენტმა მთავრობის ახალი სტრუქტურა დაამტკიცა და აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში ნდობის განახლების საჭიროება დადგა. მაქვს პატივი მოგახსენოთ ჩვენი გეგმების შესახებ, ჩატარებული სამუშაოს შესახებ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტთან თანამშრომლობა. მზად ვართ, მაქსიმალური ჩართულობით გადავწყვიტოთ ის საკითხები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და რომელიც ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

პრემიერ მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ხელისუფლების ყველაზე მთავარ ღირებულებად ადამიანის უფლებების დაცვა რჩება. მისივე თქმით, ამ მიმართულებით, ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად, გიორგი კვირიკაშვილმა ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების და კანონის უზენაესობის მშენებლობა დაასახელა. მისი თქმით, სამთავრობო პროგრამის დღის წესრიგი უცვლელი ღირებულებებიდან გამომდინარეობს - ეს არის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საიდანაც ინსტიტუციური რეფორმები და მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გამომდინარეობს.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობაზე, სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არაერთი მიმართულებით აქვს ხელშესახები პროგრესი. მან სფეროების მიხედვით, დეტალურად ისაუბრა იმ რეფორმებზე და პროექტებზე, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განხორციელდა.

 

 

„მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა არ მოიცავს მხოლოდ ეკონომიკურ რეფორმებს და ის გაცილებით უფრო ფართოა. ის, გამჭვირვალე და ჩართულობით მმართველობას მოიცავს“, განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა.

 

 

სიტყვით გამოსვლაში გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე, რომელიც მისი თქმით, ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად იყო გამოცხადებული. მომხსენებელმა ხელისუფლების მიერ საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა.

 

 

ეკონომიკური განვითარების გეგმებზე საუბრისას, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა მოგების გადასახადის რეფორმის სახით. მისი განმარტებით, განულდა მოგების გადასახადი, რომლის საშუალებით ქვეყანაში მინიმუმ 500 მილიონი ლარის საინვესტიციო რესურსი გაჩნდა, რამაც ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად დააჩქარა.

 

 

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დროულად მიღებული გადაწყვეტილება, გამომდინარე რეგიონში, საქართველოს გარშემო არსებული არასახარბიელო სიტუაციიდან. ჩვენ გვჭირდებოდა შიდა საინვესტიციო რესურსის დამატებით მობილიზაცია და ამავე დროს, გვჭირდებოდა ამ ნაბიჯის სწორად მიწოდება საზოგადოებისთვის, რომ დამატებითი ინვესტიციები მოგვეზიდა და ჩვენ, ორივე შედეგი მივიღეთ“, განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

 

 

მომხსენებელმა საგადასახადო ლიბერალიზაციასთან ერთად გადადგმულ ორ პარალელურ ნაბიჯზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაპირდაპირი გადასახადებიდან მოხდა ბიუჯეტის დაბალანსება საწვავზე, თამბაქოზე და სათამაშო ბიზნესზე პირდაპირი გადასახადების შემოღებით. შემოსავლების დანაკლისი, კი რომელიც მოგების გადასახადის რეფორმამ გამოიწვია, მთავრობის ადმინისტრაციული და სახელფასო ხარჯების შემცირებით დაბალანსდა. მისივე თქმით 2018 წლის ბიუჯეტიც გათვლილია ეკონომიკურ ზრდაზე და ხელისუფლება ეკონომიკაში მეტი დინამიკის მიღებას ვარაუდობს.

 

 

პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა დამწყები ბიზნესის წახალისების მექანიზმებზე და „სტარტაპის“ დაფინანსების ფონდზეც ისაუბრა, რომლის საშუალებითაც, უკვე ინოვაციებზე და მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული 70-მდე დამწყები ბიზნესია დაფინანსებული.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება საპენსიო რეფორმასა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე გაამახვილა, რაც, მისი განცხადებით, ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული რეფორმაა. მომხსენებლის თქმით, საპენსიო რეფორმა არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც საქართველოში დასაქმებულ ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს იზრუნონ საკუთარ სიბერეზე და ამაში მათ თანადაფინანსებას გაუწევს როგორც სახელმწიფო, ასევე დამსაქმებელი. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ასევე ძირეულ ცვლილებებს მოიტანს საფინანსო სექტორის სფეროში. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, კაპიტალის ბაზრის განვითარება, საფონდო ბაზრის ინტეგრირება საერთაშორისო პლატფორმებში.

 

 

„ეს არის რთული, ინსტიტუციონალური რეფორმა, საზოგადოებასთან კომუნიკაციის მნიშვნელოვანი კომპონენტით და ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ ჩვენ ეს რეფორმა წარმატებით განვახორციელოთ“, განაცხადა მომხსენებელმა.

 

 

სივრცით მოწყობა და სატრანზიტო პოტენციალი, პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა დღევანდელი და მომავალი ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად დაასახელა. მისი განცხადებით, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას ახლავს სერიოზული საინვესტიციო რესურსების მოზიდვის პერსპექტივა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ამ მიმართულებით, სწორი სივრცითი დაგეგმვისა და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების მიმდინარეობაზე გაამახვილა.

 

 

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, არის სივრცითი განვითარების პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი. ანაკლია ეს არ არის მხოლოდ პორტი. ეს არის რამდენიმე ათასი კვადრატული კილომეტრი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც შეიქმნება პორტის გარშემო. ეს არის საქართველოს ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს თავმჯდომარეობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქვეყანას საფრანგეთისგან გადმოეცა. მისი თქმით, ღია მმართველობა, სერვისზე ორიენტირებული მთავრობის კონცეფცია არის მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. ის წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი განხორციელებული რეფორმები წარმოაჩინოს და ამასთან ერთად, საუკეთესო გამოცდილების შესახებ საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღოს რჩევები. მისივე თქმით, დიალოგისა და ჩართულობის მიმართულებით საქართველოს მთავრობა არაერთი პლატფორმის შექმნას გეგმავს.

 

 

გიორგი კვირიკაშვილი რიგგარეშე სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ 2018 წელი საყოველთაო დიალოგის და ჩართულობის წლად გამოცხადდება.

 

 

„მინდა გამოვაცხადო 2018 წელი საყოველთაო დიალოგის და ჩართულობის წლად. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გავაფართოვოთ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლების ის წრე, ვისთვისაც მისაღები იქნება ცივილიზებული დიალოგი, კრიტიკის მოსმენა, ბევრი წინადადების გათვალისწინება და მეტი ჩართულობა იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს საკუთარი თავი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის, ქვეყნის განვითარების პროცესის მონაწილედ“, განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

 

 

მომხსენებელმა სოფლის მეურნეობის, აგრო-პოლიტიკისა და კოოპერაციის მიმართულებით არსებულ სამთავრობო გეგმებზე, მიღწევებზე და გამოწვევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისუფლება აგრძელებს ისეთ მნიშვნელოვან პროგრამებს, როგორიც არის აგროპოლიტიკის პროექტები, კოოპერაცია, რომელიც მომავალში ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ცენტრალური ხაზი იქნება.

 

 

მან გარემოს დაცვისა და ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეერთებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

 

 

„გარემოს დაცვითი ხაზი არა თუ შენარჩუნდება, გაძლიერდება დაფინანსებითაც, პრიორიტეტულობის დონითაც, სოფლის მეურნეობაში მწვანე ხაზის, ეკოწარმოების და ეკო ტურიზმის განვითარებით“, განაცხადა მომხსენებელმა.

 

 

პრემიერობის კანდიდატმა, ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწევებზე და გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, „საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, რომელიც 2013 წლის დასაწყისიდან შეიქმნა მუდმივად იხვეწება. მომხსენებელმა დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მუდმივი საცხოვრებლით 15 000 ადამიანი დაკმაყოფილდა“.

 

 

შეხვედრაზე პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა სასჯელაღსრულების მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, როგორც ლიბერალიზაციის ისე დისციპლინიზაციის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ იქმნება ახალი დაწესებულება, რომელიც პატიმრებს თავისუფალ ცხოვრებაში დასაბრუნებლად მოამზადებს.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის მიერ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე და მიღწეულ წარმატებებზე მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა.

 

 

თავის გამოსვლაში, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს გაცხადებულ კურსზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე გაამახვილა ყურადღება. მან ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს ვიზის ლიბერალიზაციის კუთხით მიღწეულ წარმატებას.

 

 

„საგარეო პოლიტიკა რჩება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა უზრუნველყოს და უმთავრესი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ვექტორი განავითაროს. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც ვიცე-პრემიერი იღებს კოორდინაციის ფუნქციას ამ მიმართულებით და ეს ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ მიმართულებად რჩება“,  განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

მან საქართველოს მიერ საგარეო ურთიერთობების პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ოკუპაცია და რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებში, რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად და ხელისუფლებას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა აქვს დაგეგმილი როგორც ოკუპაციის პრობლემების საერთაშორისო ფორმატებში აქტიურად დაყენების, ასევე რეინტეგრაციის მიმართულებით.

 

 

„ჩვენი ყველა ქმედება არის მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ ოკუპაციის უდიდესი პრობლემა, უდიდესი ჭრილობა, ის ჩაკეტილი, საბედისწერო წრე, რომელზეც ჩვენ დავდივართ, გავხსნათ და დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა, რომ ეს ნომერ პირველი პრიორიტეტის მქონე პრობლემა მოვაგვაროთ და არ დავუტოვოთ ჩვენს მომავალ თაობებს, აფხაზების მომავალ თაობებს და ოსების მომავალ თაობებს. ეს არის პრობლემა, რომელიც საერთო-სახალხო ჩართულობით უნდა მოგვარდეს და დამერწმუნეთ, თითოეული ჩვენი შეხვედრა ჩვენს პარტნიორებთან, თითოეული ჩვენი გადადგმული ნაბიჯი იწყება და მთავრდება ამ პრობლემით. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, ხშირად კულისებს მიღმაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან იმისთვის, რომ გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, მივიღოთ ხელშესახები შედეგები და არსებული ფორმატებიც გავააქტიუროთ. ასევე, შემოვიტანოთ ის ინსტრუმენტები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ და უფრო მეტი ინსტრუმენტები დავნერგოთ, რათა მივიღოთ მეტი ჩართულობა და გადავდგათ ნაბიჯები დაკარგული ნდობის აღსადგენად. ეს არ არის მარტივი, შეიცავს ძალიან რთულ ნაბიჯებს, ხშირად ეს ნაბიჯები შეიძლება არ იყოს პოპულარული, ყველას მიერ მოწოდებული, მაგრამ დიალოგით ჩვენ უნდა შევძლოთ და მივიღოთ კონსენსუსი იმისათვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები და ჩამოვყალიბდეთ, რა ტიპის ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და სად და რა მოდელით უნდა მოვძებნოთ ერთობა, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით, რომ მივცეთ საშუალება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, რომ მათი ინტერესებიც დაკმაყოფილდეს. ჩვენ პირველმა უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯები“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ქეთევან ციხელაშვილი წარდგება საინტერესო პაკეტით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა.

 

 

„იყო კონსულტაციები საპარლამენტო გუნდთანაც და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენთან ერთად ჩამოვყალიბდებით ჩვენი ნაბიჯების იმ პაკეტზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ ნდობის აღდგენის პროცესი, გავააქტიუროთ ეკონომიკური მიმოქცევა და პარალელურად ჩვენ ვდგამთ საერთაშორისო ნაბიჯებს იმისათვის, რომ მოვახერხოთ ჟენევის დისკუსიების არსებული ფორმატის გააქტიურება, დონე ავწიოთ ამ ფორმატში და გვქონდეს შესაძლებლობა კონფლიქტის დარეგულირებაზეც ვიმსჯელოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა ჩვენი ხელისუფლების და ეს ამოცანა აუცილებლად უნდა გადავჭრათ, იმიტომ, რომ სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ძალიან საგანგაშო, როგორც ეთნიკური ქართველების კუთხით, ისე თვითონ აფხაზების თვითმყოფადობის შენარჩუნების კუთხით და ოსებისთვისაც. ეს არის ყველაზე დიდი იარა საქართველოს სხეულზე და ჩვენ ამ იარას აუცილებლად ვუმკურნალებთ“, განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა.

 

 

გამოსვლის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქს პატრიარქობის 40 წლის და დაბადებიდან 85 წლის იუბილე მიულოცა.

 

 

„რამდენიმე დღეში ჩვენ, ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს პატრიარქობის 40 წლის უნდა მივულოცოთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, ვინაიდან ამ ორმოცი წლის განმავლობაში საქართველოში აღორძინდა სულიერება. ეს არის ადმიანი, რომელსაც საყოველთაო პატივისცემა აქვს ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა. ეს არის ადამიანი, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს. ასევე მინდა მივულოცო მას დაბადების 85 წლის იუბილე და ვუსურვო მას ჯანმრთელობა და კიდევ დიდხანს მეუფება საქართველოს საკეთილდღეოდ“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი