ლევან ბერძენიშვილი: „დამფრთხალი პრემიერი ქვეყნისთვის საზიანოა... დანიშნონ ხელახალი არჩევნები“
10-03-2018, 12:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემისა და რთული ვითარების განმუხტვის თაობაზე რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვას „მავნე განცხადებას“ უწოდებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ „კვირიკაშვილმა ამ მხდალი განცხადებით დაამტკიცა, რომ პრემიერი არ უნდა იყოს“, ხოლო იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნების“ რუსეთთან დათმობების „პოლიტიკამ კრახი განიცადა“, უპრიანი იქნებოდა ახალი არჩევნების დანიშვნა.

 

 

„ეტყობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ტატუნაშვილის ცხედრის გადმოუცემლობის გამო. მაგრამ იმის გამო, რომ პრემიერი უხერხულ მდგომარეობაშია, იმის გამო, რომ მას აქვს თუ არ აქვს პასუხი, საქართველოს სახელმწიფო ვერაფერს დათმობს. საქართველოს რუსეთთან დასათმობი არაფერი აქვს. რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და ოკუპანტთან რა მოლაპარაკებაზე შეიძლება იყოს საუბარი?!“ აცხადებს ლევან ბერძენიშვილი გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 

 

„ამ ტიპის განცხადება, სადაც დამფრთხალი, შეშინებული პრემიერი ჩანს, ქვეყნისთვის საზიანოა. ამ განცხადებით პრემიერმა აღიარა უსუსურობა, რომ ის ამ პრობლემას ვერ აგვარებს. ამიტომ, პრემიერს ასეთი განხცადება არ უნდა გაეკეთებინა. მე მგონი, კვირიკაშვილმა დაადასტურა, რომ ის არ უნდა იყოს ქვეყნის პრემიერი... საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს წერილის მისწერა, რაც თავისთავად შეცდომა იყო, რადგან რუსეთის პატრიარქმა გვითხრა, რუსეთის მთავრობას დაელაპარაკეთ, მე ნუ გამრევთო. დაგვცინა. სამწუხაროდ, ყველგან არაკომპეტენტურობა და უსუსურობა ჩანს. სახელმწიფო არსად არ ჩანს. ყველგან მხოლოდ თავის გადარჩენისა და თავის გამოჩენის სურვილი ჩანს... ყველამ იცის ვინ არის რუსეთი. რა უნდა დავუთმოთ რუსეთს - ვაღიაროთ აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა? თუ რა ხდება, გვითხრას პრემიერმა, რაზეა საუბარი?! როგორ ბედავს რუსეთთან რამე დათმობაზე ლაპარაკს?!“ აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი და განაგრძობს:

 


„ჩვენ გვყავს საერთაშორისო მეგობრები, რომლებიც გვეუბნებიან, გვირჩევენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს შევუერთდეთ. რატომ არ ვუერთდებით?! იმიტომ რომ გვეშინია და მაშინ რა მოლაპარაკებებზეა საუბარი. სანქციებს უნდა შევუერთდეთ! აი, რა უნდა გააკეთოს საქართველოს პრემიერმა ამ განცხადების ნაცვლად, მაგრამ ჩვენ არ ვუერთდებით. ხელისუფლების სიმხდალე რეზოლუციის ტექსტშიც ჩანს, ვერ ბედავენ მკვეთრი რეზოლუციის მიღებას და სანქციებთან შეერთებას როგორ გაბედავენ. არადა, რუსეთთან დათმობებით შორს ვერ წავალთ. რუსეთი ოკუპანტია და რა უნდა დავუთმოთ. დიახ, უნდა შევუერთდეთ სანქციებს, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს! საერთოდ, პრემიერის პირადი გადასაწყვეტი არ არის, რა გზით ივლის საქართველო! გვითხრას, რა დათმობაზეა საუბარი და შემდეგ ჩვენ ვიმსჯელებთ, დავტოვოთ თუ არა ისინი ხელისუფლებაში“.

 


ბერძენიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ რუსეთთან დათმობების „პოლიტიკამ კრახი განიცადა“ და ამ ფონზე უპრიანი იქნებოდა ახალი არჩევნების დანიშვნა.

 


„ქვეყანას ვერ მართავენ, მაგრამ ხალხი ირჩევს, თანაც უმრავლესობით. თუ ეს ხელისუფლება არის „რუსეთთან დათმობების ხელისუფლება“, მაშინ ეს განუცხადონ ქართველს ხალხს, დანიშნონ ხელახალი არჩევნები. ეჭვი რომ არ იყოს, რომ ეს რუსეთუმეების ხელისუფლებაა, მტკიცედ გვითხრან რას აპირებენ. რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკამ კრახი განიცადა. კიდევ ერთი საკითხი - ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს უნდა მიხედოს და ჩვენი მოქალაქეები არ უნდა აღმოჩნდნენ იქ, სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქეები არ უნდა შევიდნენ და უნდა გავაკონტროლოთ, რომ არ შევიდნენ და თავი არ დაიხოცონ. საერთოდ ტატუნაშვილი არ უნდა აღმოჩენილიყო ცხინვალის ტერიტორიაზე“, მიიჩნევს ბერძენიშვილი, რომელიც შეკითხვაზე - „ცოტა ხნის წინ ნატოში გაწევრიანების საწინააღმდეგო ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. ავტორიტეტული ადამიანების ხელმოწერებიც აღმოჩნდა ამ წერილზე. ფიქრობთ, ვიღაცები მართლაც შეშინდნენ, რომ საქართველოს შეიძლება მე-5 პუნქტის შეჩერებით მართლაც გახდეს ნატოს წევრი?“ - პასუხობს:

 


„ვიღაცები კი არ შეშინდნენ, ვიღაცებმა რუსეთიდან ბრძანება მიიღეს! არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველოში რუსეთის აგენტურა მუშაობს. გრუ-ს და სუკ-ის აგენტურა, რომელთაც გაბედეს და საქართველოს ეროვნულ არჩევნაზე ასეთი ხასიათის შეტევა განახორციელეს. ტატუნაშვილის საქმე და ეს საქმე ერთი საქმეა, ერთიანია. პარლამენტის პოზიციები, პრემიერის ეს ძალიან მხდალი განცხადება, ეს ყველაფერი ერთ რამეზე მიუთითებს: საქართველოს ევროპული კურსის შეცვლას აპირებს, მაგრამ სიტყვას გაძლევთ, ამას ვერ გააკეთებენ! ეს არ არის მხოლოდ მათი საქმე და ეს არ არის მხოლოდ მათი გადასაწყვეტი. მაგრამ ასეთი კანკალი მიუღებელია. ამ ხელმოწერებზე რატომ არაფერს ამბობს პრემიერი, რა, არ ეხება?! რა თქმა უნდა, პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა - ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი და ვინ მისცა მათ უფლება, რომ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედონ. ეს არის ქვეყნის ინტერესებისთვის ძირის გამოთხრა. ეს არის სამშობლოს ღალატი. იმის ნაცვლად, რომ ეს აღკვეთოს პრემიერმა, გამოდის და ასეთ განცხადებას აკეთებს. ეს სრულიად მიუღებელია!“

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი