სასამართლომ ე.წ. სერგო თეთრაძის საქმეზე ბაჩო ახალაია და მისი მოადგილე დამნაშავედ სცნო
23-04-2018, 17:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ ე.წ. სერგო თეთრაძის საქმეზე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. სერგო თეთრაძის საქმეზე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დამნაშავედ სცნო წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში.

 

 

კერძოდ, იგი დამნაშავედ არის ცნობილი სერგო თეთრაძის წამების და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების ეპიზოდებში, დავით ლონდარიძის წამების ეპიზოდში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ეპიზოდში, სამსახურებრივი სიყალბის და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში.

 

 

სასამართლომ ასევე დამნაშავედ სცნო ამავე საქმეში ბრალდებული, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე - დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დახმარების და სამსახურებრივი სიყალბის ეპიზოდში.

 


ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2011 წლის სექტემბერში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბ.ა.-მ წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოპოვების მიზნით ორგანიზება გაუწია და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს დაავალა უდანაშაულო მოქალაქეთა დაკავება და აღიარებითი ჩვენებების მიღება მათი წამების გზით, თითქოსდა ისინი ჩადიოდნენ რუსეთის სასარგებლოდ „ჯაშუშობას“. აღნიშნულს იგი გაავრცელებდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოსდა გამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. „ჯაშუშური“ ჯგუფი.

 


2011 წლის სექტემბერში სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა მიერ დაკავებულ იქნა შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე, მასთან ერთად ე.წ. ჯაშუშობაში მმხილებული, თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ ორი პირი. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სხვა პირებთან ერთად ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, მრავალი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ დაკავებულ პირებს იმ მიზნით, რათა მათგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, თითქოსდა ისინი ჩადიოდნენ ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ.

 


დაკავებულმა სერგო თეთრაძემ, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული. ამის გამო, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კერძოდ, 2011 წლის 23 სექტემბერს, №8 საპყრობილის საკანში, არატრადიციული ორიენტაციის პატიმრებმა სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდა №8 საპყრობილის დირექტორი. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონსმოუსვლელად.

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი გეგმისთვის სამართლებრივი ნიადაგის შესაქმნელად, თავდაცვის მინისტრმა ძველი რიცხვით დანიშნა მისივე ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლებული გამომძიებლები, რათა მათ ეწარმოებინათ საგამოძიებო მოქმედებები.

 


გარდა აღნიშნულისა, 2011 წლის სექტემბერში „ჯაშუშობის“ ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ, მართლსაწინააღმდეგოდ იქნა მითვისებული 60 000 (სამოცი ათასი) ლარი, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მისი მოადგილის დახმარებით ძველი რიცხვით შეიქმნა ყალბი დოკუმენტები, სადაც დაფიქსირდა, რომ თითქოს კონფიდენტებზე, ე.წ ჯაშუშებზე ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, გაიცა 60 000 (სამოცი ათასი) ლარი. სინამდვილეში დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხა არ გამოყენებულა სამსახურებრივი მიზნებისთვის და იგი მართლსაწინააღმდეგოდ იქნა მითვისებული.

 


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბ.ა. მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით; 25,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით; 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით; 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 341-ე მუხლით და 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის აქტით შეუმცირდა და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

 


მინისტრის ყოფილი მოადგილე ნ.ძ. მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 341-ე მუხლით, მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდა ამნისტიის აქტით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

 


საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და მსჯავრდებულები არიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე მ.ქ., №8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ა.მ., ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი და რეჟიმის განყოფილების უფროსი. თითოეულს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა", აღინიშნა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი