გიორგი მარგველაშვილი: რუსეთს კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან, რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები
16-05-2018, 17:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


რუსეთი ცდილობს ჩვენს მორალურად გატეხვას მათ მიერ დანახული რეალობით. ჩვენ ვეუბნებით, რომ ბევრად რთული პერიოდები გაგვივლია, ბევრად ნაკლები მეგობრები გვყოლია, დღეს ჩვენ მხარეს არის ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ევროპა და ამერიკა. გვაქვს ბევრად უფრო ძლიერი საზოგადოება და აბა ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს. ჩვენ ამ გამარჯვებების ისტორია გვაქვს, აღნიშნული განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნებოდა.

 


როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, გამოკითხვების შედეგების მიხედვით, ქართული საზოგადოება რუსეთთან მიმართებაში ორად გაყოფილი არ არის. მისი თქმით, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მომხრეა.

 


„ჩვენ ხომ რეალურად ერთმანეთს ვეჯიბრებით არა ბირთვული რაკეტების რაოდენობაში, ხომ, არამედ მორალში - ვინ გატყდება პირველი და ვის პირველს შეეშინდება. ამაზე მიდის დარტყმა.

 


რა პოლიტიკაც ჩამოვაყალიბეთ რუსებთან ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დროს - სწორია! ჩვენ ვამბობთ, ჩვენ გთავაზობთ რაციონალურ დიალოგს. რას ნიშნავს რაციონალური დიალოგი? რაციონალური დიალოგი ნიშნავს - მოდით, თქვენ თქვენი შეხედულებებით, პრობლემებით, ინტერესებით, თქვენი ხედვით - რა შეიძლება სარგებელი ვნახოთ ერთმანეთისგან და ჩვენ მოვალთ, დავსხდებით ერთად და ვისაუბროთ.

 


არა იქედან გამომდინარე, რომ შენ ძლიერი ხარ ჩემზე, არამედ უბრალოდ, ინტერესებიდან გამომდინარე ვისაუბროთ.

 


მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს, პერმში, მოსკოვსა, თუ პეტერბურგში და თუ მე, აი, აქედან გამომდინარე დამელაპარაკება რუსი ლიდერი - ჩვენ დავლაგდებით.

 


ამას ჰქვია თანამედროვე დიალოგის ფორმა, იმიტომ რომ ესე მელაპარაკება მე მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტი. ის მეუბნება, რომ პოლონეთის მოქალაქეთა ინტერესები არის ეს და რანაირად შეგვიძლია ჩვენ ქართველი ხალხის და პოლონეთის ხალხის ინტერესები დავამთხვიოთ. ასე მელაპარაკება, გერმანიის კანცლერი, ან საფრანგეთის პრეზიდენტი, საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.

 


დღეს რუსეთთან მიმართებაში ჩვენ სულ ვსაუბრობთ რუსული სახელმწიფოს „ძერჟავას“ ინტერესებიდან გამომდინარე. ეს „ძერჟავას“ ინტერესები არ ითარგმნება ოჯახის ინტერესებამდე, არ მიდის „ ძერჟავას" გაძლიერება მაცივრის ავსებამდე, ან უკეთეს ჯანდაცვამდე - ეს ხომ ფაქტია. ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ ამ დიალოგს - მოდით, ვნახოთ რა შეიძლება რუსეთს ინტერესი ჰქონდეს, რანაირად შეიძლება ეს ინტერესი აისახოს უკეთესად რუსეთის მოქალაქეებზე. და ჩვენ კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. და სულ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიდეთ, ეს ოკუპაცია ხომ საერთოდ ისტორიული აბსურდია. ანუ, რაში სჭირდებოდა რუსეთის სახელმწიფოს ოკუპაცია. რატომ იწყებს ერთი სახელმწიფო, მეორე სახელმწიფოსთან ომს?- რაღაცა რესურსების გამო. რა იპოვნეს ცხინვალში? ნავთობის საბადო და ბრილიანტის შახტა? თუ ტერიტორიები აკლიათ და მოსახლეობას ვეღარ ატევენ რუსეთის ტერიტორიაზე? და როგორც ტრადიციულად ხდებოდა ხოლმე, გამრავლებული, გაზრდილი დემოგრაფია მიდიოდა და იპყრობდა სხვა ქვეყნებს, რა უნდოდათ?

 


არავითარ ინტერესში ეს არ გადაითარგმნა. ასე რომ, იმ მომენტამდე, სანამ არ შეგვეძლება საუბარი რუსეთის მოქალაქეების ინტერესებზე და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე, მანამდე, ჩვენ უნდა ვიყოთ უბრალოდ მდგრადი და უნდა გვჯეროდეს, რომ მოგვიგია ასეთი ომები და ბევრად უფრო რთულ ვითარებაში და ბევრად უფრო ძლიერ მტრებთან და მოვიგებთ ახლაც.

 


არა მგონია, რომ ქართული საზოგადოება ორად არის გაყოფილი რუსეთთან მიმართებაში. რასაც მე ვხედავ, დავუშვათ გამოკითხვებს, უკვე ბევრი წლის განმავლობაში დომინანტურია, რომ რუსეთთან ურთიერთობის დასტაბილურებას მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.

 


შესაბამისად, ქართული საზოგადოება მზად არის რუსეთთან სასაუბროდ, მეც მზად ვარ ბუნებრივია, მაგრამ საუბარია კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს.

 

 

ეს კონკრეტული ქმედებები ვერ განხორციელდება თუ არ იქნება მიღწეული შეთანხმება მთავარ თემაზე, რომ რუსეთმა რატომღაც 2008 წელს გადაწყვიტა, რომ აქვს საკმარისი საბაბი ტანკებით და ავტომატებით შეცვალოს საქართველოს რუკა და მერე კიდევ 6 წელიწადში გაუჩნდა საკმარისი საბაბი, რომ შეცვალოს უკრაინის რუკა.

 


საქმე ის არის, რომ სახელმწიფო საზღვრების შეცვლა სამხედრო მექანიზმებით ეს არის აბსოლუტურად წინა საუკუნის შუა წლების ტენდენცია. ორი მსოფლიო ომი ამის გამო მოხდა კაცობრიობის ისტორიაში.

 


როგორ იყო მანამდე? იყო სახელმწიფო, რაღაც მომენტში უცბად გაძლიერდებოდა ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით და ეგრევე შევარდებოდა გვერდით სახელმწიფოში, მერე კიდევ გვერდითა სახელმწიფოში შევარდებოდნენ და ასე, არ ამთავრებდნენ, არ ეზარებოდათ, კლავდნენ ერთმანეთს და ბოლოს მსოფლიო ომები მოახერხეს ორი.

 


ეს გადატანილია უკვე, კაცობრიობამ ამაზე უარი თქვა და იმიტომ, რომ შენ გგონია, რომ შენ გაქვს საკმარისი საბაბი, რომ შენ შეხვიდე საქართველოში და შეცვალო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რომლის დამოუკიდებლობაც სხვათაშორის, შენ თვითონვე აღიარე 20 წლის წინ და მერე თქვი, რომ არ მოგწონს ეს საზღვრები და უნდა შეცვალო.

 

 

ამის აბსოლუტური მიუღებლობა უნდა იყოს ჩვენში და მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრიც მზად არის, რომ სხვა თემებზე ესაუბროს რუსებს ოღონდ ამ ისტორიული აბსურდის და უსამართლობის მიღმა.

 

 

აქ წითელი ხაზი გადის, აქ გადიოდა წითელი ხაზი, როდესაც ჩვენ ვესაუბრებოდით შაჰ აბასს, აღა-მაჰმად-ხანს, ბათო-ყაენს, ჩინგიზ-ხანს. ყველას ერთი და იგივეს ვეუბნებოდით და იმათ არ ესმოდათ, ბოლოს გავაგებინეთ იმათ, ახლა გავაგებინებთ რუსეთს, რომ აქ არის წითელი ხაზი", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი