საქართველოში კანადიდან 10 თვის წინ ჩამოსული 38 წლის მაიკლის შთაბეჭდილებები: მომწონს, ქართველები ერთმანეთს ღვინის დაყენებაში რომ ეჯიბრებით, მომწონს თამადის იდეა და სუფრასთან პირველი რომ უფლის სადღეგრძელოა
17-05-2018, 11:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

38 წლის მაიკლი საქართველოში კანადიდან 10 თვის წინ ჩამოვიდა და რამდენიმე მხარე მოინახულა. გაეცნო ქართულ ყოფას, გარემოს და ის, რაც ჩვენთვის ნაცნობი და ახლობელია, მისთვის სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა. მაიკლზე სტატიას newpress.ge აქვეყნებს. 

 


მოსწონს ქართული ტრადიციები, განსაკუთრებით, თამადის ფენომენმა მოხიბლა. ამბობს, რომ თავად ასეთი ქვეყნიდან „ტექნოლოგიების სამყაროში“ არ წავიდოდა. მაიკლის თქმით, მას დასავლეთის ერთფეროვნება არ მოსწონს, ამიტომაც ახალი ურთიერთობების ძიება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დაიწყო.

 


საქართველოში ჩამოსული ბოლოს წყალტუბოში შეჩერდა და ცნობილი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის ოჯახსაც დაუახლოვდა.

 


საქართველოთი მოხიბლულ მაიკლს ქართველმა მეგობრებმა ჩვენებური სახელი შეარქვეს და „მიხოს“ ეძახიან. შორეული კანადიდან ჩამოსული, ქართული ტრადიციებითა და ურთიერთობებით მოხიბლული მაიკლი ახლა თავის განცდებს სხვებს უზიარებს. მასთან შეხვედრა გამოჩენილი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ–მუზეუმში დავგეგმეთ. ამბობს, რომ უკვე იცის, ვის სახლში იმყოფება.

 


თარჯიმნობას უმცროსი ოტია იოსელიანი გვიწევს, მწერლის შვილიშვილი. არაერთხელ მოსმენილ ამბებს მონდომებით გვითარგმნის და შიგადაშიგ საკუთარ ემოციებსაც ურევს. ერთნაირად გვიკვირს ის, რომ ჩვენმა რესპონდენტმა პირველად, თურმე, 35 წლის ასაკში ნახა ნამდვილი სოფელი და ნატურალური პროდუქტიც მაშინ დააგემოვნა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანი „თავისუფლების ქვეყნიდან“ ნამდვილ თავისუფლებაზე, ასე საუბრობს.

 


„ვცხოვრობ და ვმუშაობ კანადაში, ბოლო ხუთი წელია, ვმოგზაურობ აღმოსავლეთ ევროპაში. მოგზაურობაში ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან გაოცებული ვარ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტრადიციული ცხოვრებით. ვხედავ, აქაური ხალხის ცნობიერება ნელ–ნელა დასავლეთისკენ მიდის და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ეს არც ისე კარგია, როგორც ბევრს ჰგონია. ტელევიზიით და ჰოლივუდით ჩანს ასე, მაგრამ ეს ფანტასტიკაა. რეალობა კი ისაა, რომ იქ ხალხი ბევრს მუშაობს ოფისებში, ვინმე სამსახურს ერთი თვით თუ მიატოვებს, ყველაფერს დაკარგავს. ხალხი დამოკიდებულია ბანკზე, ბარათებზე და სესხზე, მათ გარეშე შეუძლებელია არსებობა. დასავლეთში თითქმის დაკარგულია ურთიერთობები და ერთმანეთის რწმენა. 50 წლის წინ დარჩა ეს ურთიერთობა. მოჩვენებითი ბედნიერებაა, ვეღარ პოულობენ სიამოვნებას ოჯახში, კითხვაში, ბედნიერება მარტო ახალი ნივთების შეძენაშია. აქ, საქართველოში, კანადის ისტორიის მცოდნე გაცილებით მეტი ადამიანი გავიცანი, ვიდრე თავად კანადაში მინახავს. ძალიან ინდივიდუალისტური მიდგომაა დასავლეთში, ერთადერთი, ვისზეც ზრუნავენ, საკუთარი თავია,“–აცხადებს მაიკლი.

 


სწორედ ურთიერთობების საძებნელად გაემგზავრა აღმოსავლეთ ევროპაში. იქ ბევრი ადამიანი გაიცნო, ურჩიეს, თუ ტრადიციული და ამავდროულად მორწმუნე ქვეყნის გაცნობა გსურს, აუცილებლად საქართველოში უნდა წახვიდეო. დროებით ჩამოსული ათი თვით დარჩა...

 

 

 


მაიკლი ამბობს, რომ მოხიბლულია ქართული ფასეულობებით, განსაკუთრებით, ოჯახის და სუფრის ტრადიციები მოსწონს, ასევე მოსწონს ადამიანების ურთიერთობები. ხუმრობს, რომ მათთან თამადა, განსაკუთრებული უფლებების გამო, შესაძლოა, პასუხისგებაშიც კი მიეცეს, ვინაიდან დასავლეთი სუფრასთანაც კი ყველა ინდივიდის თანაბარ უფლებას ითვალისწინებს.

 


„ბევრი ამერიკელი და კანადელი ვნახე, ვინც გადმოვიდა აღმოსავლეთ ევროპაში და ყველა კმაყოფილია. არც ერთი ნანობს გადაწყვეტილებას, რადგან უფრო აკონტროლებენ საკუთარ ცხოვრებას. სიტყვის თავისუფლებაც არის მაღალ დონეზე. აქ ბავშვი შეგიძლია თავისუფლად გაზარდო, ჩრდილოეთ ამერიკაში კი, შეიძლება, მეზობელმა გიჩივლოს იმის გამო, რომ ბავშვი გარეთ ველოსიპედით სასეირნოდ ჩაფხუტის გარეშე გავიდა. აქ ბავშვები თავისუფლები არიან, ხეებზე დაძვრებიან, ლაღად თამაშობენ, ერთმანეთთან კამათობენ და ეს ნორმალურია. მომწონს ოჯახის ტრადიცია. აქ დიდი ხნის შექმნილი ოჯახები ვნახე, ჩვენთან ხშირად უმიზეზოდ შორდებიან. საჭმელი, როგორსაც თქვენ ჭამთ, ნატურალურია, ასეთი კანადაში გამორიცხულია, მარტო განსაკუთრებული პრივილეგიის მქონე, 5%-ს თუ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვრცელი ტერიტორიებია, ჩვენთან მოსახლეობა დიდ ქალაქებშია თავმოყრილი. აქ ნამდვილი სოფლებია, ნამდვილი ურთიერთობებით. ჩვენთან კი ბევრი ოცნებობს, სიბერეში მაინც იცხოვროს საკუთარ სახლში, სადაც მცირე მეურნეობა ექნება.

 


მომწონს, ქართველები ერთმანეთს ღვინის დაყენებაში რომ ეჯიბრებით და გამოცდილებას უზიარებთ. სუფრის ტრადიცია, თამადის იდეა მომწონს, იქეთ შეუძლებელია, ჩვენი საზოგადოება არ მიესალმება ასეთ რაღაცეებს, რასაც თქვენ სუფრას ეძახით, იქ ყველას ერთნაირი უფლება უნდა ჰქონდეს. აქ უფროს ხალხს ჭკუას ეკითხებიან და ავტორიტეტები არიან გამოცდილების გამო, იქ კი მხოლოდ ახალგაზრდობის პროპაგანდაა. კიდევ ის მომწონს, დღეგრძელობას რომ უსურვებთ ერთმანეთს და სუფრასთან პირველი, რომ უფლის სადღეგრძელოა,“–აცხადებს მაიკლი.

 

 

განაგრძეთ კითხვა

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი