21 წლის გიორგი ჭანია აცხადებს, რომ სენაკის სამმართველოს პოლიციელებმა პრეზერვატივჩამოცმული „დუბინკით“ გაუპატიურების მუქარით აიძულეს ყაჩაღობის ფაქტის აღიარება
07-06-2018, 12:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

21 წლის სენაკელი გიორგი ჭანია აცხადებს, რომ სენაკის პოლიციის განყოფილებაში მასზე და მის მეგობარ ხვიჩა პაპავაზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა და პოლიციელებმა ე.წ. დუბინკით გაუპატიურების მუქარით აიძულეს ყაჩაღობის ფაქტის აღიარება, რომელიც მისი თქმით, მას არ ჩაუდენია.

 


აღნიშნულის შესახებ მან „რუსთავი 2“-თან ისაუბრა.

 


„სენაკის პოლიციაში მიგვიყვანეს და გვთხოვდნენ ყაჩაღობის აღიარებას. შემოვიდა პოლიციის თანამშრომელი „დუბინკაზე“ შემოცმული პრეზერვატივით და გაუპატიურებას ცდილობდნენ ჩვენსას“, განაცხადა გიორგი ჭანიამ.

 


21 წლის გიორგი ჭანიას სენაკის პოლიციის განყოფილებაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. მასზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას 6 საათის განმავლობაში ახდენდნენ. პოლიციელები ამ მეთოდით მისგან ჯერ ქურდობის, მოგვიანებით კი მეზობელ უბანში მომხდარი ყაჩაღობის აღიარებას მოითხოვდნენ.

 


„პოლიციის უფროსი მეუბნება, წამოდიო შენ, ჩემთან ამოდიო და ავედი აქ ზევით (უთითებს პოლიციის შენობას), სიმინდი არის მოპარულიო. რისი სიმინდი, სადაური სიმინდი, მე ვუთხარი; თქვენით ხომ იცით-თქო, ვინ დადის და ვინ რას აკეთებს, სენაკი პატარაა-მეთქი. კაი, ამას ჯანდაბა, თავი დაანებეო და ყაჩაღობა რომ მოხდა, იქ ხომ იყავითო თქვენ. არა მეთქი, ვუთხარი მე და შემოვიდა მეორე პოლიციელი და ბიჭო, რასაა რომ ლაპარაკობსო, თავის ძმაკაცმა ყველაფერი დაფქვაო და ამასობაში არაფერი არ დაუფქვია თურმე... სცემეს... უარზე რომ წავედი, გავიდა ერთი პოლიციელი, ორი დარჩა ჩემთან და ისინი მაინც მელაპარაკებიან. ბიჭო თქვიო, გცემთო, ამას გიზამთ, იმას გიზამთო. პოლიციის განყოფილებაში რომ ვიყავით ისე, შემოვიდა პოლიციელი და შემოიტანა პრეზერვატივშემოცმული დუბინკა“, უთხრა „კურიერის“ ჟურნალისტს გიორგი ჭანიამ, რომლის თქმითაც, გაუპატიურების მუქარის შემდეგ, იგი იძულებული გახდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მისი თქმით, მას არ ჩაუდენია.

 


21 წლის ბრალდებულს ხელი ცარიელ ფურცელზე მოაწერინეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, რამდენიმე საათში კი ყაჩაღობის მუხლით ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

 


„შემეშინდა კაცო, რას ჰქვია, ახალგაზრდა კაცი ვარ და გაფუჭება უნდოდათ... შევედი მაგიდის ქვევით, უარზე ვიყავი და ვყვიროდი. მე ვუთხარი, რას აკეთებთ-მეთქი, მე ვუთხარი. თუ არ ლაპარაკობო, იძულებული ვართ გალაპარაკოთო ძალით. რომ შევედი მაგიდის ქვევით, ვიღაცა კი შემოვიდა, შემომხედა მაგიდის ქვევით და გამოდიო ბიჭოო, მაინც იძულებით გამოგიყვანთო და გამოდიო. არ გამოვალ-მეთქი და ვიღაცა შემოვიდა, მე მგონი პოლიციის უფროსი იყო, დაანებეთო ბიჭოო, სხვამო დაფქვაო ყველაფერში, დაწერილი აქვსო და ამასაც რამენაირად დავაწერინოთო... გამომძიებელმა შეავსო რაღაც-რაღაცეები, აქანე მეუბნება... ასე, ასე და მერე ცარიელი ფურცლები მოიტანეს და ცარიელ ფურცლებზე ხელი მოგვაწერინეს ძალით, იქ“, განაცხადა გიორგი ჭანიამ (მისი საუბრის სტილი დაცულია).

 


გიორგი ჭანია მასზე განხორციელებულ ზეწოლას დაკავებამდე ერთ-ერთ პოლიციელთან მომხდარ ინციდენტს უკავშირებს. მისი თქმით, გაუპატიურების მუქარამდე დეტექტივ-გამომძიებლები მას თანამშრომლობას და პოლიციის ინფორმატორობას სთავაზობდნენ, ამაზე უარის მიღების შემდეგ კი ჭანია ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

 


„უნდა მეთქვა ანუ, ვინ რას აკეთებდა გარადოკში, სენაკში ვაბშე რას აკეთებდნენ ახალგაზრდობა, ეგ უნდა მეთქვა ალბათ, თანამშრომლობა სხვა მეტი... უარზე რომ წავედი, ეგრევე ეგ მითხრა, რომ თავს და ფეხებს წაიტეხავო. ჰოდა, მე წამოვედი აქით და მერე, კაი ხნის მერე, 5 რიცხვი იყო რაა, რომ ამიყვანეს ამეებმა“, ამბობს ჭანია.

 


გიორგი ჭანიასთან ერთად მძიმე დანაშაულში ბრალი მის მეგობარს, ხვიჩა პაპავასაც წარუდგინეს. ბრალდებულს მედიასთან კომენტარი არ სურს. მისი დედა კი აცხადებს, რომ სენაკის პოლიცია მის შვილზე ზეწოლას ახდენდა და აღიარებითი ჩვენება ძალით მიაცემინეს.

 


„ერთს აწეული ვყავდი თმებითო და სამი ერთად მირტყამდაო. გინდა თუ არა თქვიო, რომ იყავიო და მერე ეს იყო რომ დაწერეს“, თქვა ბრალდებულის დედამ „კურიერთან“.

 


პოლიცია ახალგაზრდებს 5 აპრილს მომხდარ ყაჩაღობას ედავება. საქმის ამ მასალების მიხედვით, ახალგაზრდებმა მეზობელს თანხა - 48 ლარი და მობილური ტელეფონი წაართვეს. თავად დაზარალებულმა, პროცესზე ვერც ერთი ბრალდებული ვერ ამოიცნო. სავარაუდოდ, მტკიცებულებების არარსებობის გამო, მძიმე დანაშაულში ბრალდებულები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 


„არ ამოუცვნია, არ უთქვია მაგას, ეგ ბავშვები იყვნენო. იმან თქვა, ისაო, რა ჰქვია მაგას, ნიღბებით იყვნენო, იყვნენო 25 წლამდეო, და ჰოდა, საშუალო სიმაღლეების იყვნენო, არც უთქვია მაგას, დაბალი იყოო, მაღალი იყოო. ვერ ამოიცნო. რომ ამოეცნო იმას, დაზარალებულს, უეჭველი ჩაგვსვამდნენ, იმიტომ რომ იქ ვიჯექით და“, აღნიშნა ჭანიამ.

 


პოლიციელების დასჯას ითხოვს ბრალდებულის მამა. კობა ჭანია დარწმუნებულია, რომ მისი შვილის საქმე სენაკის პოლიციამ გააყალბა. მამის მტკიცებით, ბრალდებული ყაჩაღობის დღეს მასთან ერთად იმყოფებოდა. 21 წლის გიორგი ჭანია ხელოსანია და სარემონტო სამუშაოებს მამასთან ერთად ასრულებს.

 


„ვერ მოძებნეს გამკეთებელი და ამათ დაადეს ხელი. ყაჩაღობის დროს იყო ჩემთან. ჩემი ცოლის ნათესავის ბავშვი ცუდად იყო და თბილისში წამოვიყვანეთ საავადმყოფოში. იმ დღეს სამუშაოდან ერთად წამოვედით სახლში და ჰოდა, ბილეთი ავიღეთ, ექიმთან მივიყვანეთ და მატარებლით წამოვედით იმ საღამოს. ყაჩაღობა მოხდა 10 საათზეო და 12 იყო დაწყებული რომ გადავედით სახლიდან ჩვენ“, თქვა კობა ჭანიამ.

 


ბრალდებულების ადვოკატის თქმით, გამოძიების მსვლელობის დროს მნიშვნელოვან დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

 


„გამოძიების მსვლელობის დროს იყო სერიოზული დარღვევები და სავარაუდოდ, გაყალბებული იყო მტკიცებულებები. აღნიშნულზე, მე სასამართლოზეც გავაკეთე განცხადება. განცხადებაზე მოსამართლემ მყისიერი რეაგირება მოახდინა და მისცა მითითება პროკურატურას, რომ გამოეკვლიათ აღნიშნულის შესახებ, დაეწყოთ შესაბამისი პროცედურები.

 


„თუ რა მოხდა აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ უცნობია“, განაცხადა ადვოკატმა.

 


„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა სენაკის სასამართლოში უკვე ერთი წელია რაც მიმდინარეობს. ბრალდებულებს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გიორგი ჭანია მის მიმართ განხორციელებული წამებისა და ძალადობის საქმეზე დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

 


არც სენაკის პოლიციაში, არც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა უფლებამოსილების გადამეტებას და დანაშაულს პოლიციელების მხრიდან ადგილი.

 


ჭანიას ოჯახმა დახმარებისთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი