სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში ცვლილება შეიტანა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში
01-08-2018, 10:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ კატეგორიულად არ აცხადებს, როდის დაასახელებს თავს საპრეზიდენტო კანდიდატად, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მის გასაპრეზიდენტებლად დახმარება უკვე დაიწყო და ზურაბიშვილის სასარგებლოდ შეიცვალა ორგანული კანონი - საარჩევნო კოდექსი, გაუქმდა ნორმა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებოდა და დღეს ზურაბიშვილს, საფრანგეთის მოქალაქეობის მიუხედავად, შეუძლია საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმა, რაც ერთი თვის წინანდელი კანონით აკრძალული იყო“, წერს გაზეთი "რეზონანსი"

 


„საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულია, რომ პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეს, სალომე ზურაბიშვილს კი დღეს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად საფრანგეთის მოქალაქეობაც გააჩნია. თუმცა 21 ივნისს დამტკიცებული ჩასწორებით დამატებულია 98-ე პრიმა მუხლი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს აძლევს უფლებას, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, თუკი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დატოვების შესახებ მხოლოდ ოფიციალური მიმართვა მაინც ექნება გაკეთებული. „თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, განცხადებას უნდა ერთვოდეს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა სხვა, შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ“ - წერია ცვლილებაში, როგორც ამას გაზეთი „რეზონანსი“ წერს.

 


გამოცემასთან საუბრისას ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ცვლილება სწორედ სალომე ზურაბიშვილისთვის გაკეთდა. მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ჩუმად გააპარეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც კონსტიტუციის საწინააღმდეგოა“.

 


„კონსტიტუციით ორმაგ მოქალაქეს არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თეორიულად ორად-ორი ადამიანი, სალომე ზურაბიშვილი ან ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, რის გამოც მათ კანონში შეიტანეს ცვლილება, დაივიწყეს კონსტიტუცია, რომელიც ორგანულ კანონზე მაღლა დგას და თქვეს, რომ უბრალოდ განცხადებით მაინც თუ აქვს მიმართული მოქალაქეობიდან გასვლაზე სხვა ქვეყნისთვის, ესეც საკმარისია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი. კანონების ეს ჭრა-კერვა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონების მიღება უნდა დამთავრდეს. ორივე თეორიულ კანდიდატს აწყობს ამ მუხლში ცვლილების შეტანა. მე მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, განმარტება გაგვიკეთოს, რას აწერდით ხელს, ვერ ხედავთ კონსტიტუციური ნორმის დარღვევას?" - აცხადებს ვაშაძე.

 


„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის, მამუკა კაციტაძის თქმით, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე 4 თვით ადრე ასეთი ტიპის ცვლილების შეტანა ხდება, თანაც მაშინ, როდესაც მმართველ გუნდს სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატად ჰყავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირი, სხვა აღქმა არ არსებობს გარდა იმისა, რომ ეს ცვლილება სწორედ მათთვის გაკეთდა“.

 


„აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ოპოზიცია ფიქრობს ასე. თუ ხელისუფლების არგუმენტი იქნება, რომ ეს ნაკლოვანება იყო კანონში და გამოასწორეს, გამოესწორებინათ გასულ წელს, ნოემბერში ან მომავალი წლის იანვარში, ან წლების წინ, სანამ ჰორიზონტზე გამოჩნდებოდა ვინმე „იქსი“, ვინც ორმაგი მოქალაქეობის მფლობელია?! ამიტომ, სხვა გონივრული აღქმა ბუნებაში არ არსებობს. სხვა ყველაფერი არის ძალიან უსუსური მცდელობა, რომ რეალური არგუმენტი სხვა მიმართულებით გადახარონ. სწორედ მაშინ, როცა ჰორიზონტზე გამოჩნდა ზურაბიშვილისა და ივანიშვილის სავარაუდო კანდიდატობა, მაშინ დაიწყეს ფიქრი, დააგვიანდათ და კანონში შეიტანეს შესწორება. ეს კანონი ცაიტნოტის ბრალია. კონკრეტულ პიროვნებაზე, კონკრეტულ პარტიაზე, კონკრეტულ გარემოებაზე სასწრაფოდ და ფაციფუცით კანონის შეცვლის ტრადიცია, სამწუხაროდ, გრძელდება“, ამბობს კაციტაძე. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ სალომე ზურაბიშვილის დახმარებასა და პრეზიდენტად გაყვანას „ოცნება“ სხვა ფორმებითაც გააგრძელებს. გიორგი ვაშაძის თქმით, ყველაზე მეტი შემოწირულობა ექნება სალომე ზურაბიშვილს. ყველაზე მეტი გულშემატკივარი ბიზნესმენი, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ, ზურაბიშვილს გადაურიცხავს ფულს და მისცემს ხმას“, დასძენს გამოცემა.

 


„ოცნების“ საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები ირბენენ სალომე ზურაბიშვილისთვის. უცებ აღმოჩნდება, რომ მთელ ბიზნესს, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში ერთ პირთან მოლაპარაკებით ხელშეკრულებებს იღებენ, სალომე ზურაბიშვილი მოსწონს და ბავშვობიდან ოცნებობდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს იქნება სურათი“, ამბობს ვაშაძე.

 


მამუკა კაციტაძის თქმით, განმეორდება ის, რაც 2016 წელს ხდებოდა მთაწმინდაზე, სადაც ზურაბიშვილს მაჟორიტარად გასვლაში მთელი „ოცნება“ ეხმარებოდა. "წარმოიდგინეთ, რომ მთაწმინდის ოლქი უცებ გადაკეთდა საქართველოს ოლქად. ოფისი გინდა, მთელი პარტვერტიკალი გინდა, თავისი აგიტატორებიანად, ფული გინდა, თეთრი თუ შავი, ყველაფერი იქნება „ოცნების“. ერთადერთი, შტაბს არ დააწერენ „ქართულ ოცნებას“. ყველა მერი, გუბერნატორი და საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივი მაჟორიტარები თუ პარლამენტიდან მაჟორიტარები მხარს დაუჭერენ ამ ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს. ეს მხარდაჭერა მოხდება ტელევიზიით, კომენტარების დროს. ისიც კი შეიძლება ვიხილოთ, რომ წინასაარჩევნო მიტინგზეც კი გამოვიდეს „ოცნების“ ადგილობრივი მაჟორიტარი სიტყვით. ასევე ბიზნესმენებიც „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს და შეწირავენ ფულს. მე ერთი რამ მაინტერესებს, რას ნიშნავს - დამოუკიდებელი კანდიდატი?“, ამბობს კაციტაძე, რომლის თქმით, „თუ „ოცნებისგან“ არის დამოუკიდებელი, მაშინ რას ნიშნავს, რომ მხარს დაუჭერენ და თუ მხარს უჭერენ, როგორ გამოდის დამოუკიდებელი?“

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი