მამუკა ბახტაძე: ჩვენთვის საამაყოა, რომ ჩვენი ჯარისკაცების ერთგული სამსახურისა და თავდადებისთვის ჩვენს ქვეყანას ღირსეულ პარტნიორად მიიჩნევენ
01-08-2018, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენთვის, ქართველებისთვის მართლაც საამაყოა, რომ ჩვენი ჯარისკაცების ერთგული სამსახურის, თავდადებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის დღეს ჩვენს ქვეყანას ღირსეულ პარტნიორად მიიჩნევენ და ეს საერთაშორისო სწავლებაც სწორედ ამ სახელს ატარებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სწავლება „ღირსეული პარტნიორის" მონაწილეებს, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება და ამჯერად კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია.

 


სწავლებაში, რომელიც ვაზიანში დღეს გაიხსნა, ნატოს წევრი, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების 3004 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

 

 

პრემიერის განცხადებით, სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი" მთელ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებას, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება.

 


„არაერთხელ თქმულა და დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო - ეს საერთაშორისო სწავლება არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული, იგი მხოლოდ და მხოლოდ რეგიონულ უსაფრთხოებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება, რაც, დარწმუნებული ვარ, ყველა ერის ინტერესშია.მინდა აღვნიშნო, რომ სწავლების მონაწილე ქვეყნების რაოდენობა მართლაც შთამბეჭდავია, უკვე 13 მონაწილემდე გაიზარდა და მასში შედიან საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი და უკრაინა. სწავლება სასარგებლოა ყველა მონაწილე ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისთვის. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ყალიბდება ურთიერთნდობა სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებს შორის და საფუძველი ეყრება თანასწორუფლებიან, ერთმანეთის გაძლიერებაზე ორიენტირებულ სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას. რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ეს სწავლება იქნება მეტი პროფესიონალიზმის, მეტი სიმტკიცის, მეტი საბრძოლო მზადყოფნისა და სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მეტი თავსებადობის მომტანი, ჩვენს ქვეყანას კი მეტ მშვიდობას, მეტ უსაფრთხოებას, მეტ სტაბილურობასა და საერთაშორისო ჩართულობას მოუტანს", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდად აფასებს ყველა პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერას და მადლობელია აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრი და მეგობარი ქვეყნების მხრიდან გამოხატული მკვეთრი მხარდაჭერისთვის, რაც სახეზეა ბოლო წლების განმავლობაში და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან.

 


„მოგეხსენებათ, ისტორიულად, საქართველო არასოდეს ყოფილა განებივრებული მის ტერიტორიაზე მეგობრული ჯარების ყოფნით და ახლა ჩვენ თვისობრივად ახალი ისტორიული რეალობის მომსწრე ვართ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო და რეგიონი დღეს უფრო დაცულია. მეგობრებო, დღეს გმასპინძლობთ ქვეყანა, რომლის ტერიტორიების დიდი ნაწილი სამწუხაროდ ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენი პასუხი ამ ოკუპაციაზე და ამ უმძიმეს გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა და სტაბილური ქვეყნის მშენებლობა, სადაც მთავარი პრიორიტეტი გახლავთ დემოკრატიული ღირებულებები. მსურს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორს, თითოეულ თქვენგანს იმ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რასაც თქვენ საქართველოსთვის და ჩვენი ერისთვის ახორციელებთ. საერთაშორისო სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი" - 2018, ისევე როგორც ყველა წინა სწავლება, დარწმუნებული ვარ, იქნება შედეგიანი და პოზიტიურ გავლენას მოახდენს მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებზე, რომლებიც, თავის მხრივ, ამ სწავლებაში მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს იმ სასიკეთო საქმეს მოახმარენ, რასაც მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცება ჰქვია. ღმერთი იყოს საქართველოს და ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყნის მფარველი, გისურვებთ წარმატებებს", მიმართა პრემიერ მინისტრმა სწავლების მონაწილე სამხედროებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი