მთავრობის ინიციატივით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია განხორციელდება, 100-ზე მეტ უშუქო სოფელს კი, ელექტროენერგია მიეწოდება
22-08-2018, 21:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია, მაღალმთიან სოფლებში - პარამედიკოსების პროგრამა განხორციელდება, ხოლო 100-ზე მეტი უშუქო სოფელი ელექტროენერგიას მიიღებს, - აღნიშნული გადაწყვეტილებები მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

 

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაციისთვის თანხა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოიყოფა.

 

 

ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს პარამედიკოსების პროგრამას - მთაში მცხოვრებთა ტრენინგს პირველადი დახმარების კუთხით, რაც ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, პირველადი დახმარება თანასოფლელებს სასწრაფო დახმარების მისვლამდე გაუწიონ.

 

 

განიხილება საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი დაფინანსებით მზის პანელებითა და შესაბამისად, ელექტროენერგიით 100-ზე მეტი სოფლის უზრუნველყოფა. საუბარია 400-მდე ოჯახზე, რომელსაც ელექტროენერგია დღემდე არ მიეწოდებოდა.

 

 

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიღწევებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სწორედ მთის განვითარების პროექტს უჭირავს.

 

 

„ამაზე ჩვენი ოპონენტებისგან ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია არასერიოზული არგუმენტები, რომ თითქოს, ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც გაჭირდება მოსახლეობის დამკვიდრება ადგილზე. რა თქმა უნდა, ეს რეალობას არ შეესაბამება. როდესაც მე ვმუშაობდი ინკლუზიური განვითარების სტრატეგიაზე, კარგად შევისწავლე ავსტრიის მაგალითი, სადაც 50 წლის წინ მსგავსი არგუმენტებიც ჰქონდათ ამ იდეის ოპონენტებს და დღეს კარგად ვხედავთ ავსტრიის განვითარების დონეს. ეს უნდა იყოს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი. რაც შეეხება იმ რესურსებისა და ენერგიის ინვესტიციას, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, უნდა გვქონდეს განცდა და მოლოდინი, რომ მასზე უკუგება გავზარდოთ. პროდუქტიულობა და ეფექტურობა ერთმნიშვნელოვნად გასაზრდელია“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ინკლუზიური ზრდის სტრატეგიის ფარგლებში მთავრობას ექნება ახალი ინიციატივები, მათ შორის, საგადასახადო ნაწილში, თუმცა ამ კუთხითაც, ისევე, როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ადგილიდან წამოსულ ინიციატივებს. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა.

 

 

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა მერვე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა, განიხილეს „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2019-2023“-ის პროექტის ძირითადი კომპონენტები. სტრატეგიას, სამოქმედო გეგმასთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიმუშავებს. სხდომაზე ასევე იმსჯელეს მაღალმთიან დასახლებებში 2018-2019 წლებში განსახორციელებელ პროგრამებზე, მათ შორის ტყის განვითარებისა და ტყის ტურიზმის მიმართულებით.

 

 

კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს ხელისუფლებამ 2015 წელს მიიღო. დღეისათვის, მაღალმთიანი დასახლების სტატუსით - 1 730 დასახლება, კანონით დადგენილი შეღავათებით კი 330 ათასი ადამიანი სარგებლობს.

 

 

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი