ირანის მიმართ აშშ-ის „ყველაზე მძლავრი“ სანქციები ამოქმედდა - „ირანული ნავთობის ექსპორტი 1 დღეში 1 მილიონი ბარელით დაეცა“, განაცხადა მაიკ პომპეომ
05-11-2018, 13:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს ირანზე თავისი „ყველაზე მძლავრი“ სანქციები აამოქმედა, რასაც ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

 


ტრამპის ადმინისტრაციამ ხელახლა დააწესა ყველა ის სანქცია, რაც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ფარგლებში იყო მოხსნილი, ეს კი არა ამარტო ირანს აქცევს მარწუხებში, არამედ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც მასთან ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებში იმყოფებიან.

 


სანქციები დარტყმას აყენებს ნავთობის ექსპორტს, საზღვაო გადაზიდვებს და ბანკებს - ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებს.

 


ათასობით ირანელი გამოვიდა კვირას ქუჩებში და გაჰყვიროდა „სიკვდილი ამერიკას“.

 


როგორც BBC იუწყება, ორშაბათს და სამშაბათს ირანის არმია საჰაერო თავდაცვის ძალების წვრთნებს ჩაატარებს, რომ ხაზი გაუსვას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებს.

 


დემონსტრაცია თეირანში შეერთებული შტატების საელჩოს ოკუპაციის 39-ე წლისთავზე გაიმართა. 1979 წლის მოვლენებმა ორმხრივ მტრობას დაუდო საფუძველი, რაც დღემდე გრძელდება.

 


კონგრესის არჩევნების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ დემონსტრაციაზე გამგზავრებამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის მიერ გატარებული პოლიტიკის წყალობით ირანი უკვე წნეხის ქვეშ არის მოქცეული.

 


„ირანის სანქციები ძალიან მძლავრია. ეს არის ყველაზე ძლიერი სანქციები რაც კი ჩვენ ოდესმე დაგვიწესებია. და ჩვენ დავინახავთ რა მოხდება ირანთან მიმართებაში. მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ისინი არ იქნებიან წარმატებულნი“.

 

 

ვაშინგტონმა თეირანს ხელახლა დაუწესა სანქციები მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მაისში ტრამპი 2015 წელს ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გამოვიდა - ნაბიჯი, რამაც შეთანხმებაში თანამონაწილე ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი გაანაწყენა.

 


ვაშინგტონი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით მას სურს შეაჩეროს ირანის „ბოროტული“ ქმედებები, მათ შორის კიბერ თავდასხმები, ბალისტიკური სარაკეტო გამოცდები და ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთში.

 


რა გავლენას იქონიებს სანქციები?

 


შეერთებული შტატები თანდათანობით აწესებდა ხელახალ სანქციებს, მაგრამ ანალიტიკოსების განცხადებით, ბოლო ტალღა ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანია.

სანქციების სიაში ახლა უკვე 700-ზე მეტი ინდივიდი, ორგანიზაცია, საზღვაო და საჰაერო ხომალდი, ასევე მთავარი ბანკები, ნავთობის ექსპორტიორები და საზღვაო კომპანიები არიან შეყვანილი.

 


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სანქციების საფრთხის მოლოდინში 100-ზე მეტმა დიდმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა ირანი. მან ასევე თქვა, რომ ირანული ნავთობის ექსპორტი 1 დღეში ერთი მილიონი ბარელით დაეცა, რადა ნავთობი ირანის ბიუჯეტის შევსების მთავარ წყაროს წარმოადგენს.

 


ამასთან, მოელიან, რომ ბრიუსელში ბაზირებული Swift-ის ქსელი, რომელიც საერთაშორისო გადახდებს უზრუნველყოფს, თავის კავშირებს გაწყვეტს ირანის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებთან, რითაც თეირანის საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან იზოლაციას მოახდენს.

 


როგორია ევროკავშირის ქვეყნების რეაქცია?

 


დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა - რომლებიც იმ ხუთ ქვეყანას შორის არიან, ვინც ბირთვული ხელშეკრულების გაგრძელებას ემხრობა - სანქციების წინააღმდეგ გაილაშქრა.

 


მათ პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ ევროპულ ფირმებს, რომლებიც „კანონიერ ბიზნესს“ აწარმოებენ ირანთან და დააფუძნეს ალტერნატიული გადახდის მექანიზმი, რაც დაეხმარება კომპანიებს ივაჭრონ ისე, რომ აშშ-ის დაჯარიმების საფრთხე გამორიცხული იყოს.

 


მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები ეჭვს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირის ამ ნაბიჯმა შეძლოს ირანზე დაწესებული სანქციების გავლენის მატერიალურად შემსუბუქება.

 


რამდენიმე დღის წინ შეერთებული შატების ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ აშშ-ის „აგრესიული“ სამიზნე იქნება ნებისმიერი ფირმა და ორგანიზაცია, რომლებიც ამერიკის „სანქციებს თავს აარიდებს“.

 


ვინ არიან გამონაკლისები?

 


ტრამპის ადმინისტრაციამ გამონაკლისი დაუშვა 8 ქვეყნისთვის, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ განაგრძონ ირანული ნავთობის იმპორტი, თუმცა მას ეს ქვეყნები არ დაუსახელებია.

 


გავრცელებული ცნობით, ამ 8 ქვეყანაში შედიან აშშ-ის მოკავშირეები - იტალია, იაპონია და სამხრეთ კორეა - თურქეთთან, ჩინეთთან და ინდოეთთან ერთად.

 


პომპეომ განაცხადა, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა უკვე „მნიშვნელოვნად შეამცირეს თავიანთი ნედლი ნავთობის ექსპორტი“, მაგრამ საჭიროა „ცოტა მეტი დრო, რომ ის ნულამდე დავიდეს“.

 


მან თქვა, რომ ორი ქვეყნა საბოლოოდ შეაჩერებს იმპორტს და სხვა 6 კი დიდწილად შეამცირებს მას.

 


როგორია რეაქცია ირანში?

 


აშშ-ის სანქციები დროში ემთხვევა 1979 წლის 4 ნოემბერს, თეირანში შეერთებული შტატების საელჩოს ალყას, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერილი შაჰის ჩამოგდებიდან მალევე დაიწყო.

 


52 ამერიკელი 444 დღის განმავლობაში იყო მძევლად აყვანილი თეირანში მდებარე აშშ-ის საელჩოში. მას შემდეგ ამერიკა და ირანი ერთმანეთის მიმართ მტრულ სახელმწიფოებად რჩებიან.

 


რადიკალური პოლიტიკის გატარების მომხრეები ყოველ წელიწადს იკრიბებიან ალყის აღსანიშნავად, მაგრამ კვირას აშშ-ის საელჩოსთან შეკრებილმა პროტესტანტებმა სანქციების გამოც გამოხატეს სიბრაზე.

 


ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქვეყნის ქალაქებში მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში და ისინი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისადმი ერთგულებას იფიცებდნენ, თუმცა როგორც BBC წერს, მან დამოუკიდებლად ვერ შეძლო ამ ოდენობის ადამიანების დაფიქსირება.

 


დემონსტრაციების გამართვამდე, შაბათს, ხამენეიმ თავის მრისხანე სიტყვაში გააფრთხილა ამერიკა, რომ იგი „ხელახლა ვერ დაამყარებს დომინანტობას“, რაც მას ირანზე 1979 წლამდე ჰქონდა.

 

კომენტარები: 1
#1   tariel gavashelishvili
      
ირანის შაჰის რიზა ფეხლევის ჩამოგდებას მისტირის ირანელთა 97-%მათ ენატრებათ ის დრო ერთი მეხუთედით შემცირდა სანქციების შემდეგ ირანელთა შემოსავალი მაგარი ალესილი არიან იციან რომ ხასან როჰანი დამოუკიდებლად ვერაფერს წყვეტს აიათოლა ჰამეინი მართავს ქვეყანას ოქროს ტუალეტში დადის და ოქროს ლოგინში ძინავს ეშინიათ და ძალით გამოყავთ ვითომ ამერიკის საწინააღმდეგოდ მაგრამ მალე გამოჩნდება ყველაფერი ასეთი შესაძლებლობების ქვეყანა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აცხოვრებს და ტანჯავს საკუთარ მოსახლეობას როდესაც დოლარს ახურდავებ მისი ფული არ უნდათ ათასგვარ რამეს იმიზეზებენ არ ვარგა ჩვენი ფულია უკვე უშიშრად აცხადებენ რატომ გადაცვალეთ დოლარს დაგიბრუნებდი მეცო უმრავლეს ქალაქებში ძალიან მალე დაადგებათ საშველი ამერიკის პრეზიდენტის და მთავრობის პოლიტიკას ჩუმად მიესალმებიან ისევე როგორც ჩვენ
6 ნოემბერი 2018 07:31
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი