„ხალხს დიდი მოლოდინი ჰქონდა დღემდე, მაგრამ...“ ხარაგაულში ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია გადარიცხული გზების აღსადგენად, თუმცა პროექტების დიდი ნაწილი შუა გზაზეა მიტოვებული
21-03-2019, 19:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კერძო კომპანიებისთვის გადარიცხული დიდი ოდენობით თანხები, ჯამში მილიონობით ლარი - რომელიც სოფლების საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უნდა მოხმარებოდა და ყველა სამუშაო 2018 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო - ჯერ კიდევ არ არის ათვისებული და შესაბამისად, პროექტების დასრულების ვადებიც გადაწეულია, ზოგიერთ შემთხვევაში გაურკვეველ დრომდე.

 


ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთაგორიანი სოფლების მცხოვრებნი, რომელთათვისაც გზას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, კვლავაც ტალახიან და ხშირად სრულიად გაუვალ გზებზე რის ვაივაგლახით გადაადგილდებიან და იმის იმედიც გამქრალი აქვთ, რომ თავიანთ სოფლებში ბეტონის საფარის დაგება, რომელიც წესით და რიგით 2018 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, ოდესმე რეალობად იქცევა.

 


„ხალხს დიდი მოლოდინი ჰქონდა დღემდე, მაგრამ... გუშინაც ამბობდნენ, საერთოდ თუ დასრულდებაო. ასეთი განწყობა რომ აქვს ხალხს, ძალიან რთულია უკვე“, ვერ მალავს იმედგაწბილებას გელა კოპაძე, ხარაგაულის მერის წარმომადგენელი ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელში შემავალ ერთ-ერთ სოფელ გრიგალათშიც ბეტონის გზის დაგება 2018 წელს დაიწყეს, თუმცა რამდენიმე ასეული მეტრის სამუშაოების შესრულების შემდეგ გაჩერდნენ და დღემდე იქ სრული უძრაობაა. „8 თვე გადის და არაფერი არ გაკეთებულა“, ეუბნება GUARDIAN.GE-ის იმედგაწბილებული მერის წარმომადგენელი.

 


„სოფელ გრიგალათში შარშან დაიწყეს ბეტონის გზის დაგება, დასაგებია 1 700 მეტრი, თუმცა 500 მეტრზე დააგეს და გაჩერდნენ. 8 თვე გადის და არაფერი არ გაკეთებულა. ერთ-ერთი მეწარმე, რომელსაც აქვს ეს საქმე აღებული, ამბობს, რომ დავასრულებო, მაგრამ როგორ მოახერხებს არ ვიცით. სავარაუდოდ, ამ მეწარმეს აქვს ბევრი საქმე აღებული და ვერ ახერხებს ამის გამო ალბათ. სამუშაოები დაიწყეს ივნისის თვეში და ივლისის თვეში შეწყდა, ფაქტობრივად ერთი თვე იმუშავეს. უნდა დასრულებულიყო ეს სექტემბერში. გასული წლის სექტემბერში და დღემდე დაუსრულებელია. ეს არის კომპანია „საპოვნელა+“, მას აქვს ტენდერი მოგებული და როგორც ვიცი, რომ სხვა მეწარმეებთან ერთად ისიც იყო დაბარებული გუბერნატორთან, მაგრამ არ ვიცი როგორ გადაწყდა საკითხი. ამას წინათაც ვთხოვეთ, გზა არის გაფუჭებული, შეგვაკეთებინეთ-თქო. მანქანებსაც უჭირთ იქ ასვლა, სოფელში. მთაგორიანია ხარაგაული ზოგადად და ამ სოფელში ცენტრალური გზიდან ავდივართ 1 700-1 800 მეტრზე მაღლა და წვიმიან ამინდებში იქმნება პრობლემა, ტალახიანი ხდება გზა. სხვათა შორის რომ შეგვექმნა ცოტა ხნის წინ პრობლემა, დავუძახე მათ, მეზობელ ადმინისტრაციულ ერთეულში, ნადაბურში მუშაობენ, იქ აგებენ ბეტონს და მოვიდნენ, ტრაქტორი და მანქანა გამოგვიგზავნეს, ავიტანეთ ხრეში, მაგრამ ხალხს დიდი მოლოდინი ჰქონდა დღემდე, და უკვე... გუშინაც ამბობდნენ, საერთოდ თუ დასრულდებაო. ასეთი განწყობა რომ აქვს ხალხს, ძალიან რთულია უკვე. რა ვიცი, ველოდებით, გვაძლევენ იმედს, რომ დავამთავრებთ და მივხედავთ და ჩვენც ვართ ამ მოლოდინის რეჟიმში. 1 100 მეტრია დამატებით დასაგები, რომელიც, ვიმეორებ, შარშან სექტემბრის თვეში უნდა დასრულებულიყო“, განაცხადა გელა კოპაძემ.

 

 

GUARDIAN.GE ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მდგომარეობის გარკვევასაც შეეცადა, რადგან 2018 წელს სოფელ ნადაბურში 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზაზე ბეტონის დაგების ვალდებულება ტენდერში გამარჯვებულმა იმავე კომპანიამ აიღო, რომელმაც სოფელ გრიგალათში დაწყებული სამუშაოები შუა გზამდეც კი ვერ მიიყვანა და გასული წლის ივლისის შემდეგ იქ ფეხიც კი არ დაუდგამს.

 

 

„ამ საკითხზე უმჯობესი იქნება მერიის პრესცენტრს მიმართოთ და ის უფრო ამომწურავად გიპასუხებთ“, ასე უპასუხა თავდაპირველად დაუსრულებელ პროექტებთან დაკავშირებით GUARDIAN.GE-ის შეკითხვას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ შუბითიძემ, თუმცა მას შემდეგ, რაც მას სააგენტომ უთხრა, რომ ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ჯიუტად არ პასუხობს არც ერთ სატელეფონო ზარს, უხალისოდ დათანხმდა პასუხის გაცემას.

 


„ჩემთან რაც შეეხება, გზის მშენებლობა მიდის და ამ წუთშიც მუშაობენ და მეუბნებიან, რომ მაქსიმუმ 1 თვეში დავასრულებთო. გასულ წელს ვერ დასრულდა და ახლა გრძელდება. ეს არის სოფელ ნადაბურის ცენტრალური გზა, 5 ათას 434 მეტრის მოცულობის, სადაც დაგებულია ნახევარი. გასაგებია, შარშან დეკემბრის ბოლოს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ხან წვიმა იყო, ხან... ჩვენთან ზოგადად მკაცრი ზამთარი იცის, წელს კი არ ყოფილა, მაგრამ მაინც იყო ცუდი ამინდები, წვიმები... იანვრის თვეში დაიწყეს მუშაობა, უკვე კარგი ამინდები დადგა და ახლა მუშაობენ ინტენსიურად. სამუშაოებს „საპოვნელა+“ ახორციელებს. დაფინანსების წყარო რეგიონული განვითარების ფონდია.

 


როცა მე ვურეკავდი და ვეკითხებოდი თუ რატომ ვერ დაამთავრეს გასულ წელს, მეუბნებოდნენ, რომ ვინც არის ფირმის ხელმძღვანელი, ის გახდა ცუდად და მაგის გამო გაუჭიანურდათ, მერე ცუდი ამინდები და ათას რამეს იმიზეზებდნენ ხოლმე“, განაცხადა ზურაბ შუბითიძემ.

 

 

საგზაო სამუშაოები შეჩერებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ, მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში.

 

 

მაგალითად, აქ, სოფელ ნებოძირში, 180 მეტრის სიგრძის აღმართზე, ეკლესიის უბანში, სკოლამდე მისასვლელი გზაზე, ბეტონის საფარის დაგება დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება, არადა წვიმიან ამინდში ამ მონაკვეთის ავტომობილით გავლა შეუძლებელი ხდება. ადგილობრივებს აქ საყრდენი კედელი კი აუშენეს, მაგრამ გზის 180-მეტრიანი მონაკვეთი ღვთის ანაბარაა მიტოვებული.

 

 

„ველოდებით დღე-დღეზე, უნდა მობეტონდეს 180 მეტრი. მე როგორც ვიცი, ხელშეკრულებით 16 იანვრამდე ჰქონდა ვადა სამუშაოების შესასრულებლად, მაგრამ გარკვეული პრობლემები შეექმნა მეწარმეს, დაახლოებით 1 კვირის წინათ ვნახე ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, რაღაც ჩარიცხვებზე იყო ლაპარაკი, მოგვარდებოდა ეგ საკითხი ალბათ და ველოდებით, რომ შემოვა. აუცილებლად გაგრძელდება და დასრულდება. მე რამდენადაც ვიცი 25 ათასი ლარია გამოყოფილი ამისათვის“, უთხრა სპარტაკ ლაცაბიძემ, ხარაგაულის მუნციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში, GUARDIAN.GE-ის.

 


ამ ფონზე, როდესაც სულ რაღაც 180-მეტრიან საგზაო მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება ასეთ დილემად არის ქცეული, გასაკვირი არ უნდა იყოს, ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ დეისის გზაზე თუ რატომ ვერ ხერხდება თითქმის 3 კმ-იანი გზის აღდგენა.

 


„სოფელ დეისშია დასასრულებული 2 კმ და 800 მეტრი სიგრძის გზა. ნახევარი გაკეთებულია. ხელშეკრულების ვადები გადაეწიათ, დაგვიანებულია, გუბერნატორთან პირადად იყვნენ ეს მეწარმეები დაბარებულები. მე რაც ვიცი, ისაა, რომ მათ გუბერნატორს მისცეს პირობა, რომ განაახლებდნენ მარტიდან სამუშაოებს მეწარმეები, სოფელ დეისზე მაქვს საუბარი, ნახევარ მილიონზე მეტი თანხაა გადარიცხული. ნახევარი დასრულებულია სამუშაოების, ნახევარი დარჩა.

 


ყველა ამ ხელშეკრულებას რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახური აფორმებს. ეს კომპანია, ჩვენთან ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ხარაგაულის ადამინისტრაციული ერთეულების სხვა სოფლებშიც ახორციელებს სამუშაოებს და როგორც ვიცი, დაჯარიმებულია და დღემდეგ გრძელდება ჯარიმები. მიუხედავად იმისა, რომ გუბერნატორთან მარტიდან სამუშაოების განახლების პირობა იყო მიცემული, ჯერჯერობით არაფერი არ განახლებულა.

 


სამუშაოები უნდა დასრულებულიყო შარშან, დეკემბრის ბოლომდე, მოაქვთ რაღაც დამადასტურებელი საბუთები, რომ რაღაც ფაქტორებმა შეუშალა ხელი, მაგრამ ვამბობ, რომ გუბერნატორთან ამის გამო იყო არაერთი მეწარმე დაბარებული და იყო პირობა მიცემული, რომ მარტის თვეში განაახლებდნენ დეისის გზის აღდგენას, მაგრამ დღემდე არც ერთი მეტრი არ არის გაგრძელებული მას შემდეგ, რაც შარშან აქ მუშაობა შეჩერდა. ყოველდღიური მოლოდინის რეჟიმში ვართ, ველოდებით. ნებოძირშიც ამ თვეში ველოდებით. ამინდებს რასაც ვუყურებ, იძლევა იმის საშუალებას, რომ გააგრძელონ“, განაცხადა სპარტაკ ლაცაბიძემ.

 

 

GUARDIAN.GE ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსს, ზურაბ იჩქიტიძესაც ესაუბრა და დაინტერესდა, 2018 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხელშეკრულებები რა ოდენობის თანხებზეა გაფორმებული და რა ეტაპზეა ესა თუ ის სამუშაო.

 


„ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოგვეყო თანხები მთავრობის განკარგულებით, 2018 და 2019 წელს, რომლის საფუძველზეც გამოვაცხადეთ ტენდერები და დავაკონტრაქტეთ და ამის შემდეგ მიმდინარეობს ეს სამუშაოები. ზოგი დასრულებულია, ზოგი დასრულების ეტაპზეა და ზოგან არ ვიცი რა ხდება. ჩვენ 2018 წელს თებერვალში, მარტსა და აპრილში გამოვაცხადეთ ტენდერები. ცოტა მოგვიანებით გამოიცა მთავრობის განკარგულება და როგორც კი გამოიცა მთავრობის განკარგულება, ჩვენც დავიწყეთ ტენდერების გამოცხადება. რამდენიმე ტენდერი არ შედგა და 2-ჯერ, 3-ჯერ მოგვიწია გამოცხადება, ზოგზე თვითონ „მიმწოდებლებმა“, პრეტენდენტებმა ვერ დააკმაყოფილეს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები და ესეც თავისთავად დროსთან იყო დაკავშირებული და ცოტა გაჭიანურდა და საბოლოო შედეგის მიღებაც ამანაც განაპირობა.

 


რეგიონული განვითარების ფონდიდან არის დაფინანსება. ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერები და გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ სამუშაოებს. კონკრეტულად მე არ ვიცი რა ეტაპზეა მიმდინარე სამუშაოები, სად მუშაობენ, რა მოცულობები აქვთ შესრულებული. მე შემიძლია გითხრათ, ვისთან არის ხელშეკრულებები გაფორმებული, ხოლო უშუალოდ რა მოცულობის სამუშაოებია შესრულებული, ამაზე მე არ მაქვს ინფორმაცია.

 


მაგალითად, მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ დეისის სასოფლო გზის რეაბილიტაციის სახელშეკრულებო ღირებულება არის 531 939 ლარი. სამუშაოებს ამხანაგობა „ნიუ გრუპი“ აწარმოებს. რა მოცულობები აქვს შესრულებული არ ვიცი და ვერ გეტყვით, თუმცა ის ვიცი, რომ დასრულებული არ არის.

 

 

ნადაბურის გზაზე შპს „საპოვნელა+“ აწარმოებს სამუშაოებს, სახელშეკრულებო ღირებულება 578 498 ლარია და აქაც, ჩემი ინფორმაციით, მიმდინარეობს სამუშაოები და ჯერ არ დასრულებულა.

 


ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გრიგალათის გზა, აქაც „საპოვნელა+“, იგივე კომპანია აწარმოებს სამუშაოებს, 424 630 ლარია ხელშეკრულების ღირებულება და აქაც, ჩემი ინფორმაციით, მიმდინარეობს სამუშაოები და ჯერ არ არის დასრულებული.

 


მე როგორც ვიცი, რამდენიმე სხვა ადმინისტრაციულ ერთეულშიც ისევ მიმდინარეობს სამუშაოები და ზოგან დასრულების ეტაპზეა, რამდენიმეში დასრულებულიც არის. თუმცა, როგორც გითხარით, ზუსტი ინფორმაცია მოცულობებზე, რა მოცულობებია შესრულებული, არა მაქვს იმიტომ, რომ არ მაქვს შეხება, კონტროლს ახორციელებს ზედამხედველობის სამსახური“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ზურაბ იჩქიტიძემ.

 

 

GUARDIAN.GE ზედამხედველობის სამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

 


GUARDIAN.GE ასევე იმ კომპანიების ხელმძღვანელ პირებსაც დაუკავშირდა, რომლებმაც თავიანთ თავზე 2018 წელს აღებული ვალდებულებები დღემდე ვერ შეასრულეს.

 


შპს „საპოვნელა+“-ის სამუშაოთა მწარმოებლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თენგიზ ლომინაშვილი აცხადებს, რომ სამუშაოების გაჭიანურება ძირითადად „კლიმატურმა და ეკონომიკურმა პირობებმა“ განაპირობა.

 


„ახლა აქ ვართ, ნადაბურში. მთელი ტექნიკით მობილიზებული ვართ, რომ გამოვასწოროთ მდგომარეობა. მუშაობას დაახლოებით თვენახევრის წინ შევუდექით. 5 კილომეტრსა და 428 მეტრზე ვაგებთ გზას. ამ დრომდე დაგებული გვაქვს 2,5კმ-ამდე“, უთხრა GUARDIAN.GE-ის თენგიზ ლომინაშვილმა, თუმცა ვერ დააკონკრეტა 2018 წელს რომელ თვეში დაიწყეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რადგან, მისი თქმით, იგი მოგვიანებით შეუერთდა აღნიშნულ კომპანიას. მან უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დირექტორთან გადაგვამისამართა, თუმცა შპს „საპოვნელა+“-ის ხელმძღვანელთან, ნატალია სირაძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან მისი მობილური ტელეფონი გათიშული აღმოჩნდა.

 


GUARDIAN.GE კვლავ თენგიზ ლომინაშვილისგან შეეცადა იმის გარკვევას თუ როდის მოხერხდება მეორეგან, სოფელ გრიგალათში ბეტონის გზის დაგების სამუშაოების გაგრძელება, რომელიც გასულ, 2018 წელს, ივლისში შეწყდა და მას შემდეგ დღემდე დამატებით არც ერთი მეტრი ბეტონის საფარი არ დაგებულა.

 

 

„სოფელ გრიგალათში დაახლოებით 700 მეტრზეა დაგებული ბეტონის გზა. იქ არის მეწყერი და იმის იქით გაგრძელება სამუშაოების არ ხერხდება იმიტომ, რომ ჩასასხმელია ჯებირები, გზის გასამაგრებელი ჯებირები, და აქედან გამომდინარე, ტექნიკა ვეღარ გადაგვყავს, რადგან მიწა ერთჯერად შეიძლება მოწყდეს და თან ჩაიტანოს ტექნიკა, რომელიც საკმაოდ მძიმეა. როცა ჯებირის ჩასხმა დასრულდება და გამაგრება მოხდება, მერე გაგრძელდება სამუშაოები, მანამდე სამუშაოების გაგრძელება იქ ფიზიკურად შეუძლებელია. სოფლის ეს გზა ძალიან მაღალმთიანი მონაკვეთია, მანქანები ნახევარი ტვირთითაც ვერ ადიან. სულ 1 კმ და 766 მეტრის გზა უნდა დაიგოს აქ“, განაცხადა თენგიზ ლომინაშვილმა და დაამატა, რომ ჯებირის ჩასხმის შემდეგ კომპანია „საპოვნელა+“30-40 სამუშაო დღეში შეძლებს დარჩენილი სამუშაოების დასრულებას - დაახლოებით 1 კმ გზის მონაკვეთზე ბეტონის გზის დაგებას.

 

 

შეკითხვაზე - არის თუ არა საფრთხე იმისა, რომ სამუშაოები ვერ გაგრძელდეს ამ მეწყერული მონაკვეთის მოუწესრიგებლობის გამო - „საპოვნელა+“-ის სამუშაოთა მწარმოებლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზუსტი პასუხი ვერ გასცა: „უნდა მოწესრიგდეს, თორემ სხვა შემთხვევაში სამუშაოების გაგრძელება არ შეიძლება ამ ეტაპზე“.

 


რადგან დირექტორს ვერ დავუკავშირდით, ისევ თენგიზ ლომინაშვილს ვკითხეთ, გარდა ზემოთ დასახელებული ორი სოფლისა, კიდევ აქვს თუ არა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რომელიმე სხვა სოფელში 2018 წელს „საპოვნელა+“-სს საგზაო სამუშაოების შესრულების ვალდებულება აღებული, რაზეც მან გვიპასუხა, რომ კომპანია დამატებით კიდევ 2 სოფელში ახორციელებს საგზაო სამუშაოებს. „კიცხია სოფელი და იმის მიმდებარე ტერიტორიაზე გვაქვს, კიცხს არ ეკუთვნის, პატარა სოფლებია და იქ იგება ბეტონის გზები. იქაც შარშან გამარჯვებული ტენდერის სამუშაოები გრძელდება“.

 

 

შპს „ნიუ გრუპის“ კომერციულმა დირექტორმა თორნიკე ზვიადაძემ განაცხადა:

 


„ჩვენთან დადებული ხელშეკრულებების მიხედვით, 16 სმ სიმაღლის ბეტონის საფარის მოწყობაა ყველგან გათვალისწინებული. დეისის გზის მშენებლობა გაგრძელდება და აპრილის ბოლოს იქნება ბეტონის საფარი სრულად დაგებული და ეზოებში მიერთებები და ბეტონის შემდგომი ტემპერატურული ნაკერების მოსხმა და სხვა წვრილმანი სამუშაოები მაისის ბოლოს იქნება დასრულებული - ახალი დეისის და ძველი დეისის პროექტზეც. დეისის პროექტი ყველაზე საჩქაროა ჩვენთვის, რადგან დროში გაიწელა, თუმცა ზეგიდან გაგრძელდება, ფინანსური პრობლემა გვქონდა და გადავჭერით, გვყავდა ქვეკონტრაქტორი რუსთავში, რომელმაც არ შეასრულა ვალდებულება და საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოგვიწია, ჯამში სადღაც 450 000 ლარი.

 

 

შარშან სადაც გავიმარჯვეთ, დეისი, ნუნისი, თეთრაწყარო, ახალსოფელი და ბორითის სამი სოფელი, ამათგან ბეტონის საფარი დასრულებულია ბორითში და ახალსოფელში, თეთრაწყარო იქნება 1 კვირაში, 300 მეტრია დარჩენილი და შემდეგი კვირის ხუთშაბათს დასრულებული იქნება სამუშაოები და სადაც დარჩა, დეისში და ნუნისში, იქაც დავასრულებთ. კონტრაქტის მიხედვით 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო დასასრულებელი, მაგრამ საკმაოდ სოლიდურ ჯარიმებს ვიხდით. დღეში ვიხდი მთელი ხელშეკრულების 0.5%-ს, რაც ხარაგაულში დღეში დაახლოებით 1 000 ლარზე მეტი გამომდის ჯარიმა.

 

 

წელსაც მივიღე მონაწილეობა ტენდერებში და გავიმარჯვე მოლითში, ისევ დეისში და ასევე, ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში“.

 

 

სოფელ ნებოძირში 180 მეტრის გზის მონაკვეთზე ბეტონის დაგების სამუშაოებზე პასუხიმგებელმა ერთ-ერთმ პირმა, მალხაზ დვალმა კი GUARDIAN.GE-ის უთხრა:

 

 

„კედელი ჩამოსხმული გვაქვს და იმ კვირაში, ორშაბათიდან ვიწყებთ ბეტონის გზის დაგებას. კედელმა გაგვაცდინა, 9 მეტრი იყო პროექტში და 18 იყო ჩასასხმელი და ძალიან ვიწვალეთ. იგება 180 მეტრის გზა, რომლის სიგანეა 2მ და 70სმ. ამინდმა თუ შეგვიწყო ხელი, ალბათ 1 კვირა მოვუნდებით. 1 დღე რომ გაწვიმდება, შემდეგ 4-5 დღე იქ ვეღარ ადის მანქანა, გამორიცხულია, ისეთი გზაა. შპს „კოხტისძირი 2010“ ახორციელებს სამუშაოებს. თუ არ ვცდები 15 თებერვალს გადიოდა ვადა, მაგრამ ამინდიც არ იყო. 1 თვე სულ წვიმები იყო, გავჩერდით. 11 ერთეული ტექნიკა მუშაობდა, რომ ეს გზები მოგვესწრო, მაგრამ აქ ისეთი ადგილებია, რომ გაწვიმდება მუშაობა გამორიცხულია სულ მცირე 4-5 დღე. ხან ტრაქტორი კინაღამ გადაგვივარდა მთიდან და ხან მანქანა, მერე მოთოვა და რა ვიცი. რახან დაგვერღვა სამუშაოს შესრულების ვადები, დავჯარიმდით კიდეც“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი