კობა გვენეტაძე: როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობისა და პარლამენტის ფუნქცია, როლი და მანდატია, რომ არ დაველოდოთ ვითარების რადიკალურად გაუარესებას და სამომავლო პრობლემების ასარიდებლად დროულად მივიღოთ ზომები
05-04-2019, 19:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, პარლამენტში, ფიზიკური პირების საცალო დაკრედიტების მიმართულებით განხორციელებულ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის რეგულაციებს მოკლევადიან პერიოდში ვერ ექნებოდა პოზიტიური გავლენა.

 

 

„პრობლემები შეექმნათ იმ ტიპის ბიზნესებს, რომელთა ბიზნესმოდელი აგებული იყო სწრაფ სასესხო პროდუქტებზე, რომელიც გადახდისუნარიანობის ყოველგვარი ანალიზის გარეშე გაიცემოდა. თუმცა, ამავდროულად, უნდა შევხედოთ დიდ სურათს, თუ რა შედეგი დაგვიდგებოდა ამ ტიპის დაკრედიტების გაგრძელების შემთხვევაში. სხვა ქვეყნების გამოცდილებით, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის. უმუშევრობა მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. ჩვენი ყველას, როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობისა და პარლამენტის, ფუნქცია, როლი და მანდატია, რომ არ დაველოდოთ ვითარების რადიკალურად გაუარესებას და სამომავლო პრობლემების ასარიდებლად დროულად მივიღოთ ზომები“, აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

 

მისივე განცხადებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ფიზიკური პირების დაკრედიტება მშპ-სთან მიმართებაში 15%-დან 40%-მდე გაიზარდა. ამასთან, ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით, დაკრედიტების ზრდის ტემპიც ასევე საკმაოდ მაღალი იყო.

 

 

„კერძოდ, საკრედიტო ზრდა ბოლო 3-5 წლის განმავლობაში, საშუალოდ, წლიურად 20%-ზე მაღალი იყო. თუ დავალიანება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მისი მომსახურების შესაძლებლობა, ეს რამდენიმე წელიწადში აუცილებლად გამოიწვევდა მძიმე პრობლემებს, როგორც მსესხებლებისავის, ასევე საფინანსო სექტორისათვის და მთლიანად ეკონომიკისათვის. ჩვენი საქმიანობის უმთავრესი მიზანი კი, სწორედ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა“, აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ზრდაში 2/3 სწორედ ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე მოდიოდა, ხოლო ბიზნესებზე მხოლოდ - 1/3. მისივე თქმით, ფიზიკური პირების დაკრედიტებაში მაღალია სამომხმარებლო სესხების წილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მაღალპროცენტიანი და მოკლევადიანია და მისი სარგებელი ეკონომიკისთვის მცირეა.

 

 

„ჩვენი გათვლაა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებით, ხელი შეეწყობა სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ სექტორებში, როგორებიცაა მცირე და საშუალო მეწარმეობა და სხვა ბიზნესსესხები. ჩვენი შეფასებით, შემდგომ წლებში საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-14 %-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნესსექტორზე მოვა. შესაბამისად, ბიზნესდაკრედიტების ხარჯზე სესხების ზრდას ეკონომიკის ზრდასა და დასაქმებაზე გაცილებით მაღალი ეფექტი ექნება, ვიდრე სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში“, აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, სამწუხაროდ, საზოგადოებაში ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ არაფორმალურ სექტორში მომუშავე პირებს, გზავნილების მიმღებებს და უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სესხზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

 

 

„როგორც უკვე აღვნიშნე, თუკი მსესხებელს რაიმე ტიპის, ფორმალური ან არაფორმალური, შემოსავალი გააჩნია - ვიმეორებ, ფორმალური ან არაფორმალური - იგი ამ შემოსავლების ფარგლებში შეძლებს საკრედიტო რესურსზე წვდომას, თუკი სესხის გამცემ ორგანიზაციას მიაწოდებს ინფორმაციას შემოსავლისა და მისი წყაროს შესახებ“, აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

 

რეგულაციების პირველადი შედეგების მიმოხილვისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2019 წლის პირველი კვარტლის ტენდენცია პროგნოზის შესაბამისია და წინასწარი არასრული ინფორმაციით, პირველ კვარტალში მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდამ კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად დაახლოებით 15% შეადგინა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

 

 

„ამასთანავე, იანვარ-თებერვალში მნიშვნელოვნად გაზრდილია ბიზნესსესხების წილი მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში სისტემის ერთ-ერთი მსხვილი სესხის, (დაახლოებით 300 მილიონი ლარის, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 1%-ზე მეტია) დაფარვა მოხდა. რაც შეეხება, ფიზიკური პირების დაკრედიტებას, სამომხმარებლო სესხების წლიური ზრდა შემცირდა, თუმცა 5%-ის ფარგლებში რჩება, ხოლო იპოთეკური სესხების წლიური ზრდა ამ ეტაპზე კვლავ 30%-ს აჭარბებს. აღნიშნულ ზრდაში იზრდება ლარით გაცემული იპოთეკური სესხების წილი“, აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სხდომაზე საცალო დაკრედიტების კუთხით საერთაშორისო გამოცდილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის როლი, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობასთან ერთად, ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა.

 

 

„შესაბამისად, გადაიდგა ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენამდე სხვა, უფრო განვითარებულმა ქვეყნებმა გადადგეს. მაგალითად, სწრაფი სესხების საერთაშორისო კომპანია „ვივუსი“/”4Finance”-ი, რომელსაც, ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები ჰქონდა, არ შედის ისეთ ბაზრებზე, სადაც მსგავსი რეგულაციები წლების წინ ამოქმედდა და ეტაპობრივად ამცირებს ოპერაციებს ან საერთოდ გამოდის იმ ბაზრებიდან, სადაც ბოლო წლებში ჩვენი რეგულაციების მსგავსი პრინციპები დაინერგა (მაგ. შვედეთი, ფინეთი, ლატვია, რუმინეთი). შეგახსენებთ, რომ ასეთ სწრაფ სესხებზე, 2017 წლამდე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ხშირ შემთხვევაში 3,000%-მდეც ადიოდა. საპროცენტო განაკვეთის 100%-მდე და შემდეგ კი 50%-მდე შეზღუდვამ მეტწილად შეწყვიტა ე.წ. „მტაცებლური სესხები“. ასევე გემახსოვრებათ, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბადის მნიშვნელოვან ნაწილს ასეთი სესხების შეცდომაში შემყვან რეკლამებს ეკავა. ეფექტური განაკვეთის 100%-მდე შეზღუდვას დიდი აჟიოტაჟი მოყვა. იყო საუბარი, რომ ეს კომპანიები ჩრდილოვან სექტორში გადაინაცვლებდნენ და მოსახლეობის მასობრივ დაკრედიტებას გააგრძელებდნენ. როგორც ხედავთ, ეს ასე არ მოხდა. ეს სქემები ეტაპობრივად დაიხურა და ამ კომპანიების ნაწილმა სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა, სადაც მსგავსი რეგულაციები მხოლოდ ახლა ინერგება“, აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

 

მისივე განცხადებით, განხორციელებული ცვლილებების მთავარი კომპონენტი სწორედ პასუხისმგებლიანი დაკრედიტებაა, რაც გულისხმობს სესხის გაცემას მხოლოდ მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლის შემდეგ.

 

 

„ეს პრინციპი ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს. ამასთან, ის ევროდირექტივების მოთხოვნაცაა. თუმცა, ამ მიდგომის გამკაცრების საჭიროება განსაკუთრებით გამოიკვეთა 2008 წლის გლობალური კრიზისის შემდგომ, როდესაც ის ფიზიკური პირები, რომლებსაც ჭარბი სესხები ჰქონდათ (საუბარი, ძირითადად იპოთეკურ სესხებზეა), განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ“, აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იპოთეკური დაკრედიტების ახალი სტანდარტების შემოღების მიზეზები ახსნა.

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ იპოთეკური სესხები ჭარბვალიანობის მიზეზი არ ყოფილა, ბოლო პერიოდში იპოთეკური სესხების გაცემის სტანდარტების ძალიან მნიშვნელოვანი შერბილება შეინიშნებოდა“, განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

 

მისი განმარტებით, იპოთეკური სესხები - განსაკუთრებით უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხები - მოსახლეობის შემოსავლებთან შედარებით გაცილებით სწრაფად იზრდებოდა და ბოლო ორი წლის მანძილზე, საშუალო წლიური ზრდის ტემპი 30%-ს აღემატებოდა, რაც ძალიან მაღალია.

 

 

„იპოთეკური სესხებისთვის საწყის პერიოდში დამახასიათებელია დეფოლტის დაბალი დონე, თუმცა, სესხების უპასუხისმგებლო სტანდარტებით გაცემა, რაც ჩვენთან უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს, მომავალში დეფოლტის მაღალ დონეს იწვევს. ეს კი დიდი ალბათობით სისტემურ კრიზისში შეიძლება გადაიზარდოს. თუ გავიხსენებთ 2014 -2015 წლის სიძნელეებს, რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან იყო დაკავშირებული, უცხოურ ვალუტაში არსებული იპოთეკური პორტფელის ხარისხის შენარჩუნება უმეტესწილად რესტრუქტურიზაციების, დაგრძელვადიანებისა და საპროცენტო განაკვეთების შემცირების ხარჯზე მოხერხდა. დროის ნებისმიერ მონაკვეთში კი, ეს ზომები შეიძლება ვერ გატარდეს, რაც პორტფელის ხარისხის საგრძნობლად გაუარესებას და შედეგად, საფინანსო სექტორის სირთულეებს გამოიწვევს“, აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, შინამეურნეობების ჭარბვალიანობის ზრდა და შერბილებული საკრედიტო პირობები 2008 წლის აშშ-ს ფინანსური კრიზისის ღრმა რეცესიად გადაქცევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.

 

 

„კრიზისამდე 5 წლის განმავლობაში შინამეურნეობების ვალის მშპ-თან თანაფარდობა სწრაფად იზრდებოდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, ირლანდია, ესპანეთი. აღნიშნულ პერიოდში, ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა და საკრედიტო დანაკარგები მცირე იყო. მიუხედავად იმისა, რომ გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე გაცემულმა არაჯანსაღმა სესხებმა მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკის მაღალ ზრდას შეუწყო ხელი, მისი საბოლოო შედეგი ფინანსური კრიზისი იყო. კრიზისის თავიდან აცილება, ან მინიმუმ, მისი უარყოფითი შედეგების შემცირება, დიდი ალბათობით, შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დროულად დაინერგებოდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკა და მოსახლეობის დაკრედიტება მათი გადახდისუნარიანობის საფუძველზე მოხდებოდა“, განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნგრეთის მაგალითიც მოიყვანა, სადაც 2000-იანი წლების შუაში საოჯახო მეურნეობების უცხოური ვალუტით დავალიანება მკვეთრად გაიზარდა.

 

 

„უცხოური ვალუტით დავალიანების ზრდის მთავარი მიზეზი რისკების არასათანადო შეფასება იყო. 2008 წელს უნგრეთის ეკონომიკა 7%-ით შემცირდა და პრობლემების წინაშე ბანკებიც აღმოჩნდნენ. შედეგად, 2014 წელს უნგრეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები შემოიღო“, აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

 

მისივე განმარტებით, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი საქართველოს შემთხვევაში შემოსავლის მიხედვით 30%-დან 60%-მდე მერყეობს, რაც ერთ-ერთ ყველაზე რბილ მაჩვენებელს წარმოადგენს.

 

 

„ჩვენზე უფრო განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებში ეს კოეფიციენტი გაცილებით უფრო დაბალია. მაგალითად, ის ჩეხეთში 45%-ს, ხოლო ესტონეთსა და ლიეტუვაში 50%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით, სესხის მომსახურების 40%-ზე მაღალი კოეფიციენტი მნიშვნელოვნად ზრდის მსესხებლის მოწყვლადობას. ასევე, საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე დაკრედიტების ბიზნესმოდელი მსესხებელთა დიდი ნაწილის ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს და ფინანსური სტაბილურობის რისკებს ზრდის. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში უფრო რბილი მიდგომაა შემოსავლის დადასტურებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ბანკებს უფლება აქვთ, რეგულაციამდე არსებული პრაქტიკის მსგავსად, შემოსავალში გაითვალისწინონ არაფორმალური სექტორიდან მიღებული შემოსავლები, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათია“, განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გატარებულმა ცვლილებებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო და სახეზეა იპოთეკური სესხების პორტფელის ხარისხის გაუმჯობესება, რაც კარგად ჩანს სესხის მომსახურების შემცირებულ კოეფიციენტებში.

 

 

„საგულისხმოა, რომ ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში მკვეთრად გაზრდილია ლარის წილი, რაც მოსახლეობის მეტ დაცულობას უზრუნველყოფს. ამასთან, ბაზარზე გამოჩნდა ლარის იპოთეკური სესხები მკვეთრად შემცირებული საპროცენტო განაკვეთებით, დაახლოებით9,15% ეფექტური. ასევე, აღარ გაიცემა შემოსავალთან არაპროპორციულად მაღალი ტვირთის მქონე ახალი სესხები, რომლებიც მოსახლეობისთვის ფინანსური პრობლემების მთავარი წყარო იყო. ყოველივე ამის შედეგად, მოსახლეობის დაკრედიტების ზრდის ტემპი ეტაპობრივად მდგრად დონეს მიაღწევს. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ 2019 წლიდან მნიშვნელოვნად გაზრდილია ბიზნესის დაკრედიტების წილი, განსაკუთრებით აქტიურია საშუალო და მცირე ბიზნეს სეგმენტი. გარდა ამისა, მთლიანად მაკრო სურათს თუ შევხედავთ, გაუმჯობესებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაშიც ამ რეგულაციების წვლილიცაა. ეს იმ პოზიტიური შედეგების არასრული ჩამონათვალია, რაც უკვე ამ პერიოდში შეგვიძლია დავინახოთ. ამასთან, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ თებერვლის მონაცემებით მთლიანი სესხების წლიური ზრდის ტემპი 15%-ის ფარგლებშია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია“, განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

 

მისივე თქმით, ამ რეგულაციის ეკონომიკაზე და საბანკო სექტორზე გავლენის შეფასება კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს.

 

 

„როგორც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ 2019 წლის 22 თებერვლის განცხადებაშია აღნიშნული, სწორედ ეს რეგულაცია გახდა საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი ფაქტორი. გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი კი, ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკურ ზრდას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ კრედიტის მაღალი ზრდის ფონზე, ხელისუფლებამ აამოქმედა რეგულაცია მოსახლეობის ჭარბვალიანობის შეზღუდვის მიზნით, რაც ფინანსური სტაბილურობის მდგრადობას შეუწყობს ხელს“, აღნიშნა კობა გვენეტაძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი