პარლამენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიში მოისმინა
28-06-2019, 10:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტმა, პლენარული სხდომაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიში მოისმინა, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარადგინა.

 

 

ანგარიშში მოცემულია ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვა და აუდიტირებულ ფინანსური ანგარიშგება.

 

 

„ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, გულისხმობს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის შენარჩუნებას 3%-თან ახლოს. ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად იყენებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის თანამედროვე, მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო პრაქტიკაა. ინფლაციის თარგეთირება შესაძლებლობას იძლევა, რომ ფასების სტაბილურობა საშუალოვადიან პერიოდში იყოს მიღწეული“, განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

 

მისივე თქმით, საქართველოში, ისევე როგორც ღია ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნებში, გარდაუვალია მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი შოკები, რომელთა გავლენითაც ინფლაცია შესაძლებელია მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებით გადაიხაროს.

 

 

„მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია, სწორედ ამიტომ, ცენტრალური ბანკები, ძირითადად, მოთხოვნის შოკებზე რეაგირებენ, რადგან მიწოდების შოკებზე რეაგირება ეკონომიკისთვის დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ეკონომიკური ზრდის მერყეობასა და, შედეგად, გრძელვადიან პერიოდში დასაქმების შემცირებას გამოიწვევს. ამასთანავე, როგორც კვლევები აჩვენებს, მონეტარული პოლიტიკის ცვლილების გადაცემას ეკონომიკაზე გარკვეული დრო სჭირდება. შესაბამისად, მიზანშეწონილია, მოკლევადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრის დაშვება იმ შემთხვევაში, თუ საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზირებული ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს უბრუნდება, ხოლო თუ აღნიშნული ტიპის შოკი გაზრდის ინფლაციის მოლოდინებსა და ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს, ეროვნული ბანკი შესაბამისად შეცვლის პოლიტიკას“, აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

 

 

მისივე თქმით, 2017 წლის განმავლობაში ეგზოგენური ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ინფლაციის მაჩვენებელზე. 2018 წლის დასაწყისში კი, წინა წელს თამბაქოს პროდუქტებსა და საწვავზე გაზრდილი აქციზის გადასახადის გაზრდის გავლენა ინფლაციაზე ამოიწურა და, როგორც მოსალოდნელი იყო, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა და მსგავს შემთხვევას ადგილი აქვს მიმდინარე წელსაც.

 

 

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ლარიზაციის ზრდაა, რაც ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია და მისი წამახალისებელი რეფორმები ეტაპობრივად ხორციელდება.

 

 

„ამ კუთხით, 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, 2018 წლის ივნისში ლარით სახსრების მოზიდვის დამატებითი წახალისების მიზნით, ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმა 7-დან 5 პროცენტამდე შემცირდა; 2018 წლის ივლისის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო მოთხოვნის 25 პროცენტამდე გაზრდის შესახებ, ნაცვლად მანამდე მოქმედი 20 პროცენტისა“, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

 

 

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2017 წელს გააქტიურებული დედოლარიზაციის ტენდენცია 2018 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც შესამჩნევი იყო როგორც ფიზიკურ პირებზე, ასევე იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების შემთხვევაში. თუმცა, წლის მეორე ნახევარში მთლიანი სესხების დედოლარიზაციის ტენდენცია შენელდა და ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ნაწილში დოლარიზაცია გაიზარდა კიდეც.

 

 

„აღნიშნული უკავშირდებოდა საბანკო სექტორში არსებულ უცხოური ვალუტის ჭარბ რესურსებს, რაც ბანკებს საშუალებას აძლევდა ბაზრისთვის უცხოური ვალუტით შედარებით დაბალპროცენტიანი სესხები შეეთავაზებინა. მთლიანად, 2018 წლის განმავლობაში სესხების დოლარიზაცია, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და დეკემბერში 56.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი წლის განმავლობაში 3.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 63.1 პროცენტი შეადგინა“, განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

 

მისივე თქმით, 2018 წელი მნიშვნელოვანი იყო საგარეო სექტორის აქტივობის, კერძოდ კი საექსპორტო შემოსავლების, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების, მატების კუთხით.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2018 წელს ეროვნული ბანკი აგრძელებდა საერთაშორისო რეზერვების შევსების პოლიტიკას. 

 

 

„საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს, განსაკუთრებით ისეთი მაღალი დოლარიზაციის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი შემადგენელია. წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის ინტერვენციები მხოლოდ შესყიდვის მიმართულებით ხორციელდებოდა და მთლიანმა შესყიდვამ 197.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ეროვნული ბანკი ბაზარზე უცხოური ვალუტის შესყიდვას ახორციელებს მხოლოდ მაშინ, როდესაც გაცვლითი კურსი მყარდება“, განაცხადა კობა გვენატაძემ.

 

 

მომხსენებელმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ 2018 წლის მანძილზე, საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მაქსიმალური ჩართულობით, აქტიურად მუშაობდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემუშავებაზე.

 

 

„მომზადდა ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულება, რომელიც სრულად დაფუძნებულია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებზე და გულისხმობს დაკრედიტების პროცესში ისეთი სტანდარტების გამოყენებას, რომ მსესხებელმა ფინანსური სიძნელეების გარეშე შეძლოს სესხის მომსახურება. სავალდებულო გახდა სესხის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი, რაც გულისხმობს მათი შემოსავლების, ხარჯებისა და ვალდებულებების შესწავლას“, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

 

 

მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს შენარჩუნების ძალისხმევა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებაშიც აისახა.

 

 

„რეიტინგის გაუმჯობესება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

 

მისივე თქმით, 2018 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც კაპიტალის ბაზრის განვითარების, ასევე საზედამხედველო პოლიტიკის მიმართულებით.

 

 

მომხსენებლის განცხადებით, 2018 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ობლიგაციების ბაზარი. კერძოდ, საერთო ჯამში, 2018 წელს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და კორპორაციული სექტორის მიერ მოხდა 714 მილიონი ლარის ობლიგაციების გამოშვება, რაც წინა წლის იგივე მაჩვენებელს 49%-ით აღემატება.

 

 

„დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთი ჯილდო აიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პოლიტიკისა და პრიორიტეტების სწორ მიმართულებას. მოსახლეობის ფინანსური განათლების მიმართულებით გადადგმული არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯისა და განხორციელებული პროექტის საფუძველზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის „ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე“ (Global Inclusion Awards), რომელიც 2012 წლიდან იმართება, რეგიონული „ქვეყნის ჯილდოს“ კატეგორიაში გაიმარჯვა.

 

 

ამასთანავე, მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2018 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა“, აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი