ირანმა გამოაცხადა, რომ რამდენიმე საათში დაიწყებს ურანის გამდიდრებას, რათა თავისი ბირთვული ქარხანა საწვავით უზრუნველყოს
07-07-2019, 11:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანმა გამოაცხადა, რომ 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების დარღვევის გამო ურანის გამდიდრებაზე დაწესებულ შეზღუდვას არ გაითვალისწინებს და რამდენიმე საათში დაიწყებს ურანის გამდიდრებას 3.67%-ზე მეტი კონცენტრაციით, რათა ბუშეჰრის ბირთვული ქარხანა საწვავით უზრუნველყოს.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ ირანს ჯერ კიდევ სურდა შეთანხმების გადარჩენა, მაგრამ ეს არ მოხერხდა, რადგან მისი თქმით, ევროპულმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს თავიანთი ვალდებულებების შესრულება.

 


მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ თეირანი რამდენიმე საათში დაიწყებს ურანის გამდიდრებას 3.67%-ზე მეტი კონცენტრაციით, რათა ბუშეჰრის ბირთვული ქარხანა საწვავით უზრუნველყოს. მანამდე ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს დაახლოებით 5% კონცენტრაცია იქნება. შეიარაღების დონის ურანი 90%-ით ან მეტით გამდიდრებულია.

 


არაყჩიმ აღნიშნა, რომ ირანი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით თავის ვალდებულებას ყოველ 60 დღეში შეამცირებს თუკი საერთაშორისო შეთანხმებაზე დარჩენილი ხელმომწერები - ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი - მას ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებისაგან არ დაიცავს.

 

 

ოფიციალური თეირანის განცხადებას წინ უძღოდა ერთის დღის წინ ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი, რა დროსაც მაკრონმა თავისი „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს თუკი ბირთვული შეთანხმება დატოვებული იქნება.

 


რუჰანიმ მოუწოდა ევროპის სახელმწიფოებს იმოქმედონ ახლავე, რათა გადაარჩინონ ბირთვული შეთანხმება.

 

 

დაძაბულობა და მუქარები ორ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს შორის

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ ირანს ახალ მძლავრი დარტყმის მიმყენებელ სანქციებს უწესებს და მის ქვეშ მოექცევა ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი.

 


ტრამპის განცხადებით, თეირანისთვის ახალი სანქციების დაწესების მიზეზი ამერიკის უპილოტო საფრენი მოწყობილობის ჩამოგდება და „ბევრი სხვა რამ“ გახდა. ხამენეი კი იმის გამო იქნა გამორჩეული, რომ „საბოლოოდ იგია პასუხისმგებელი რეჟიმის მტრულ ქმედებაზე“.

 


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ამერიკელებს „ეზიზღებათ დემოკრატია“. სანქციების გამოცხადების შემდეგ მან „თვითერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპის ადმინისტრაციას ასევე ბრალი დასდო „ომის წყურვილში“.

 


ორ მტრულად განწყობილ ქვეყანას შორის დაძაბულობამ ბოლო კვირების განმავლობაში იმძლავრა. მიუხედავად ამისა, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივ მნუჩინმა განაცხადა, რომ ტრამპის ბრძანება, რომელიც „მილიარდობით“ დოლარის ირანულ ფინანსებს ყინავს, მანამდე მუშავდებოდა, ვიდრე თეირანი ყურეში შეერთებული შტატების უპილოტო საფრენ მოწყობილობას ჩამოაგდებდა.

 


გაეროს უშიშროების საბჭომ დაჟინებით მოუწოდა მხარეებს სიმშვიდისა და დიპლომატიის გამოყენებისკენ.

 

 

ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა მას შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც ირანმა ამერიკის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

 


ვაშინგტონიც და თეირანიც აცხადებს, რომ არც ერთ მათგანს არ სურს ომი, მაგრამ ირანმა გააფრთხილა აშშ, რომ მისი პასუხი „გამანადგურებელი“ იქნება, თუკი მას თავს დაესხმებიან.

 


„ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, რასაც ისინი (აშშ-ის ოფიციალური პირები) მიიღებენ... ჩვენ არ დავუშვებთ ირანის საზღვრის რაიმე ნაწილის დარღვევას. ირანი მტკიცედ აღუდგება ამერიკის მხრიდან მომდინარე ნებისმიერ აგრესიას და საფრთხეს“, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აბას მუსავიმ ნახევრად ოფიციალური ახალი ამბების სააგენტო „ტასნიმ“-თან საუბრისას.

 


„თუკი საზღვრის დარღვევა განმეორდება, ჩვენი პასუხიც განმეორდება“, აღნიშნული განცხადება ისლამური რესპუბლიკის ახალი ამბების სააგენტო „ირნა“-სთან ირანის რევოლუციური მცველების ელიტური დანაყოფის მაღალი რანგის სამხედრო პირმა, ბრიგადის გენერალმა, ამირალი ჰაჯიზადემ გააკეთა. „შესაძლებელია, რომ ამერიკელების მხრიდან საზღვრის ეს დარღვევა განხორციელებული ყოფილიყო რომელიმე გენერლის ან ოპერატორების მიერ“, დაამატა მან.

 


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა „თვითერზე“ გამოაქვეყნა რუკა დეტალური კოორდინატებით, რომელიც მისი თქმით, აჩვენებს, რომ დრონი ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიული წყლების თავზე დაფრინავდა.

 


პენტაგონის წარმომადგენელმა, მეთაურმა რებეკა რებარიხმა შაბათს თქვა: „ჩვენ ვდგავართ ჩვენს იმ პოზიციაზე, რომ საფრენი მოწყობილობა ოპერირებას საერთაშორისო სივრცეში ახორციელებდა“.

 


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შაბათს არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი გამოიძახა, რადგან ამ ქვეყანამ ნება დართო მის ტერიტორიაზე განლაგებული აშშ-ის სამხედრო ბაზიდან უპილოტო საფრენი მოწყობილობა აფრენილიყო, იუწყება ახალი ამბების სააგენტო „ფარსი“.

 

 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სურს ომი, მაგრამ გააფრთხილა ირანი, რომ იგი „სრული განადგურების“ წინაშე აღმოჩნდება თუკი კონფლიქტი იფეთქებს. პარასკევს, NBC-სთან საუბარში მან თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ღიაა თეირანთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ნებას არ დართავს მას განავითაროს ბირთვული შეიარაღება.

 

 

მან აგრეთვე ახსნა თავისი გადაწყვეტილება ამერიკის უპილოტო საფრენი მოწყობილობის ჩამოგდების საპასუხოდ ირანზე დარტყმების განხორციელების გეგმის ბოლო წუთებზე გადაფიქრების შესახებ, აღნიშნა რა, რომ მას უთხრეს, რომ ამ დარტყმების შედეგად 150 ირანელი მოკვდებოდა.

 


„მე არ მომეწონა ეს. მე არ ვფიქრობდი, რომ ეს პროპორციული იყო“, განაცხადა ტრამპმა.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაამტკიცა ირანის წინააღმდეგ საპასუხო სამხედრო დარტყმების განხორციელება, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა, წერდა ივნისში The New York Times-ი თეთრი სახლის მაღალი რანგის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

 


ტრამპს საპასუხო დარტყმების განხორციელება მას შემდეგ სურდა, რაც ირანმა ამერიკის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

 


აშშ-ის მედიის ცნობით, ოპერაცია „თავის ადრეულ ეტაპზე“ განსახორციელებლად იყო მზად, როდესაც ტრამპმა აშშ-ის სამხედრო ძალების ქმედება შეაჩერა. თეთრ სახლს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 

თეირანი ამტკიცებს, რომ უპილოტო ამერიკული საჰაერო მოწყობილობა თავის საჰაერო სივრცეში შევიდა. შეერთებული შტატები კი ირწმუნება, რომ დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იქნა ჩამოგდებული.

 


როგორც The New York Times-ი წერდა, ადგილობრივი დროით 19:00 საათისთვისა და მოგვიანებითაც აშშ-ის სამხედრო და დიპლომატიური ოფიციალური პირები ჯერ კიდევ მოელოდნენ, რომ დარტყმები განხორციელდებოდა შეთანხმებულ სამიზნეებზე, მათ შორის ირანულ რადარებსა და სარაკეტო ელემენტებზე.

 


„თვითმფრინავები ჰაერში იყვნენ უკვე აფრენილი და გემები პოზიციაზე იმყოფებოდნენ, მაგრამ რაკეტები არ ჰყავდათ გაშვებული, როცა გაიცა ბრძანება, რომ შეჩერებულიყვნენ“, იტყობინება გაზეთი, ტრამპის ადმინისტრაციის ინკოგნიტო მაღალი რანგის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

 

 

ტრამპმა მოგვიანებით თქვა, რომ ირანმა ამერიკის დრონის ჩამოგდებით „ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა“, თუმცა დაამატა, რომ ეძნელება იმის დაჯერება, რომ „ეს განზრახ ჩადენილი“ ქმედება იყო.

 

 

ორ მტრულად განწყობილ ქვეყანას შორის დაძაბულობა გასულ თვეს გაძლიერდა, ერთი წლის შემდეგ, რაც შეერთებული შტატები ცალმხრივად გამოვიდა ირანთან საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც 2015 წელს ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივმოქმედი წევრისა და გერმანიის მიერ ერთობლივად იქნა მიღწეული და რომელიც თეირანს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვული პროგრამის განვითარების შეჩერებას ავალდებულებდა.

 


ვაშინგტონმა გასულ წელს ხელახლა დაუწესა თეირანს სანქციები, აპრილში კი გაამკაცრა ზომები და მოსთხოვა ყველა ქვეყანას შეეჩერებინათ ირანული ნავთობის იმპორტი. ამავე დროს, პენტაგონმა რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა იმ მოტივით, რომ ირანული საფრთხეები შეეკავებინა.

 


თავის მხრივ ირანი დაიმუქრა, რომ გაზრდიდა გამდიდრებული ურანის წარმოებას იმ შეზღუდვების მიღმა, რომელიც ბირთვული შეთანხმებით იყო მიღწეული, თუმცა მას ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს.

 


„ირანი ერთგული დარჩება შეთანხმების, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონის და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. თეირანი და ტოკიო, ორივე წინააღმდეგია ბირთვული იარაღის“, განაცხადა რუჰანიმ და დაამატა:

 


„ირანი არასდროს წამოიწყებს ომს, მაგრამ გამანადგურებელ პასუხს გასცემს ნებისმიერ აგრესიას“.

 

 

ივნისის დასაწყისში, ირანმა ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს „ეკონომიკური ომი“ უწოდა და განაცხადა, რომ იგი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან მანამ, სანამ სანქციები არ მოიხსნება. ოფიციალური თეირანის განცხადებას წინ უძღოდა ვაშინგტონის შეთავაზება, რომ იგი ირანთან მოლაპარაკებებს გამართავდა წინაპირობების გარეშე, თუკი თეირანი თავის ქცევას შეცვლიდა.

 


„ეკონომიკური ტერორიზმი ირანის წინააღმდეგ უდანაშაულო ადამიანებს ურტყამს. როგორც ამ პატარა ბიჭუნას, რომლის გულმოკლული დედაც ვერ ყიდულობს მისთვის ფეხების პროთეზს, რადგან ისინი სანქციებს ექვემდებარება“, დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა „თვითერზე“ და თავის განცხადებას ქალის ვიდეოკლიპი დაურთო, სადაც ის ამბობს, რომ ფეხის პროთეზი, რომელიც მის ვაჟს ესაჭიროება, სანქციების ქვეშაა მოქცეული.

 


„ეს არის დონალდ ტრამპის ეკონომიკური ომი. და ომი და მოლაპარაკებები - წინაპირობებით თუ წინაპირობების გარეშე - ერთმანეთში არ ჯდება“, აღნიშნა ზარიფმა.

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 2 ივნისს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის ჩაერთოს ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებში წინაპირობების გარეშე, მაგრამ მანამდე, პირველ რიგში, უნდა დაინახოს, რომ ირანი იქცევა, როგორც „ნორმალური სახელმწიფო“.

 

 

ამის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელიც მათი თქმით, აჩვენებს თუ როგორ აცლიან აუფეთქებელ ნაღმს ირანის რევოლუციის მცველები ომანის ყურეში თავდასხმის შედეგად დაზიანებული სანავთობო ტანკერიდან. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ასევე გააზიარეს იაპონური ტანკერი, სადაც აუფეთქებელი ნაღმი ჩანს, ვიდრე ის მოშორებულია ტანკერიდან.

 


მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანს ბრალი დასდო ომანის ყურეში ორ სანავთობო ტანკერზე „უმიზეზო თავდასხმებში“. მან აღნიშნა, რომ ამერიკამ თავისი შეფასება თავდასხმისას გამოყენებული იარაღის ტიპის შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა.

 


უფრო ადრე მაღალი რანგის ირანელმა ოფიციალურმა პირმა BBC-ის უთხრა, რომ „ირანს არ გააჩნია კავშირი“ მომხდარ აფეთქებებთან.

 

 

იაპონიის და ნორვეგიის კუთვნილი სანავთობო ტანკერებიდან ათეულობით ეკიპაჟის წევრი იქნა ევაკუირებული მას შემდეგ, რაც საზღვაო ხომალდები ააფეთქეს.

 


რა განაცხადა პომპეომ?

 


„შეერთებული შტატების შეფასებით თავდასხმებზე პასუხისმგებელი ირანის ისლამური რესპუბლიკაა“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში და დაამატა, რომ ეს ეფუძნება გამოყენებული იარაღის შესახებ ინფორმაციას, „დონეს, რომელიც ოპერაციის შესასრულებლად არის საჭირო, ბოლოდროინდელ მსგავს თავდასხმებს გემებზე და ფაქტს, რომ არც ერთ პროქსი ჯგუფს, რომელიც ოპერირებას ახდენს ამ ტერიტორიაზე, არ გააჩნია რესურსები და პროფესიული დონე, იმოქმედოს ამგვარი მაღალი დონის დახვეწილობით“.

 


„ეს უმიზეზო თავდასხმები წარმოადგენს საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, აღმაშფოთებელ თავდასხმას ნავიგაციის თავისუფლებაზე და ირანის მიერ დაძაბულობის ესკალაციის მიუღებელ კამპანიას“, აღნიშნა პომპეომ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი