ლიანა პილტოიანი ერთადერთია წალკის სომხური სკოლების დირექტორებიდან, რომელიც ქართულ ენას სრულყოფილად ფლობს და თავის კოლეგებს თარჯიმნობასაც უწევს
26-09-2019, 15:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი 2009 წლიდან, სომხური ენის მასწავლებელი, ლიანა პილტოიანი, რომელიც ამავე დროს 2010 წლიდან კაბურის საბაზო სკოლის ხელმძღვანელიცაა, მანამდე კი, 1986 წლიდან 2009 წლამდე ხაჩკოვის სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო და ჯამში პედაგოგიური მოღვაწეობის 43-წლიანი სტაჟი აქვს, წალკის მუნიციპალიტეტის სომხურენოვანი სკოლების დირექტორებს შორის ერთადერთია, რომელიც ქართულ ენას ფლობს, თან მაღალ დონეზე და შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტადაც არის გახარებული იმ ტენდენციით, რომ ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტის სომხური სკოლებიდან აბიტურიენტების აბსოლუტური უმეტესობა არა სომხეთის, არამედ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ძირითადად თბილისში, აბარებს გამოცდებს და წარმატებით განაგრძობს სწავლას.

 

 

 


როგორც GUARDIAN.GE-ის ლიანა პილტოიანმა უთხრა, 2019 წელს ხაჩკოვის საჯარო სკოლა ექვსმა მოსწავლემ დაამთავრა, რომელთაგანაც სამმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძო სწავლა, ხოლო ერთმა ერევანში, 2016 წლიდან კი, ჯამში ხაჩკოვის სკოლიდან 12-მა აბიტურიენტმა ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტებში, სულ მცირე 6-მა თბილისის ტექნიკურ კოლეჯებში და ერევნის კოლეჯებშიც ასევე ექვსმა.

 

 

 


მათ შორის, ვინც სომხურს ქართული უმაღლესი სასწავლებლები არჩია, არიან თავად ლიანა პილტოიანის ოჯახის წევრებიც, მისი დის შვილიშვილები (გოგონები), რომელთაგან ერთ-ერთი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ, მეორე კი იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს.

 

 

 


თავად ქალბატონმა ლიანამაც უმაღლესი განათლება არა ერევანში, არამედ თბილისში, მაშინდელ პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (დღევანდელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) მიიღო და აღნიშნული სასწავლებლის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს დაამთავრა, საბჭოთა პერიოდში, ანუ მაშინ, როცა წალკის რაიონის სომხური სკოლებიდან აბსოლუტური უმრავლესობა სომხეთში, ზოგიც რუსეთში არჩევდა უმაღლესში ჩაბარებას.

 

 

 


მის გადაწყვეტილებას, წასულიყო თბილისში და არა მოსკოვსა ან ერევანში, არა თუ ნანობს, პირიქით, სიამაყის გრძნობით ივსება, რადგან თუკი გასული საუკუნის 70-იან წლებში ვერც კი წარმოიდგენდა საბჭოთა კავშირის დაშლას და საქართველოს და სხვა რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებას და შესაბამისად, ქართული ენისთვის იმ პრიორიტეტის მინიჭებას, რაც ამჟამად მას არაქართულენოვან სკოლებში აქვს, ახლა იგი უპირატეს მდგომარეობაში იმყოფება იმ მხრივ, რომ წალკის მუნიციპალიტეტის სომხური სკოლების დირექტორებიდან ერთადერთია, რომელიც ქართულ ენას სრულყოფილად ფლობს და ამის გამო, ტრენინგებსა თუ სხვა ღონისძიებებზე, თავისი კოლეგებისთვის თარჯიმნობის გაწევაც უწევს.

 

 

 


თარჯიმნობის არც კურსები აქვს გავლილი და არც გამოცდა აქვს ჩაბარებული, მაგრამ დირექტორობის გამოცდაზე გასვლა გასულ წლებში მოუწია, თუმცა იქ მიღებული საკმაოდ მაღალი ქულა - 60 საკმარისად არ მიიჩნიეს და ამის გამო, ცოტა გულდაწყვეტილი დარჩა.

 

 

 


ლიანა პილტოიანს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი, მათ შორის 3-ჯერ ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, მიღებული აქვს სერტიფიკატები, ერთ-ერთი - აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციიდან.

 

 

 


ლიანა პილტოიანმა GUARDIAN.GE-ისთან საუბრისას ხაზგასმით განაცხადა, რომ სადღეისოდ, სახელმწიფოს - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გატარებული პოლიტიკის წყალობით არაქართულენოვან და მათ შორის სომხურ სკოლებში ქართული ენის სწავლება მაღალ დონეზეა, რამაც განაპირობა სწორედ ის წარმატებული შედეგები, რასაც ასეთი სკოლების კურსდამთავრებულები აღწევენ ეროვნულ გამოცდებში.

 

 

 


ლიანა პილტოიანმა სინანულით აღნიშნა, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო, სკოლიდან წასვლა მოუწია ქართული ენის მასწავლებელს, დალი ჭელიძეს, რომელიც 5 წელი ასწავლიდა ხაჩკოვის საჯარო სკოლაში. დირექტორის თქმით, სწორედ ამ ქალბატონის დამსახურებაა ის, რომ მოსწავლეებს ქართულ ენაში მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ.

 

 

 


სკოლას უკვე მეორე წელია რაც ქართული ენის ახალი მასწავლებელი ჰყავს - თინათინ ლარცულიანი, რომელიც დირექტორის თქმით, ასევე ღირსეულად განაგრძობს მისი წინამორბედის დაწყებულ საქმეს.

 

 

 


რაც შეეხება პედაგოგების საერთო რაოდენობას, ხაჩკოვის საჯარო სკოლაში, რომელიც ოპტიმიზებული, შერწყმული სკოლაა, ლიანა პილტოიანის ინფორმაციით, ჯამში 102 მოსწავლე ირიცხება (კაბურის სკოლაში 30 მოსწავლე, ხაჩკოვის სკოლაში კი 72) და მათ აღზრდას და სწავლა-განათლებას 30 მასწავლებელი უზრუნველყოფს (კაბურის სკოლაში 10 მასწავლებელი, ხაჩკოვის სკოლაში კი 20).

 

 

 


ლიანა პილტოიანის თქმით, ხაჩკოვის საჯარო სკოლაში ამჟამად ოთხი უფროსი მასწავლებელია, თუმცა საგანში გამოცდა 7 პედაგოგს აქვს ჩაბარებული, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილი ზოგადი უნარების გამოცდის ჩასაბარებლად ემზადებიან. სკოლიდან წავიდა 5 დამსახურებული პენსიონერი პედაგოგი, რომლებიც სახელმწიფოსგან „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“ – 2 წლის ხელფასს მიიღებენ.

 

 

 


ლიანა პილტოიანმა GUARDIAN.GE-ის განუცხადა, რომ სკოლის ბიუჯეტიდან ბოლო წლებში მაქსიმალურად შეეცადა მიმდინარე რემონტების ჩატარებას, მოწესრიგდა სველი წერტილები, მაგრამ კაპიტალური რემონტი უზარმაზარ თანხებს საჭიროებს და ასეთი სახსრები არ გააჩნიათ. დირექტორი იმედოვნებს, რომ 2020 წლის ზაფხულიდან მოხერხდება განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტში ჩართვა, რაც ხაჩკოვის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის საფუძველი გახდება.

 

 

 


„როგორც მოგახსენეთ, ხაჩკოვის სკოლაში 1976 წლიდან, ინსტიტუტის დამთავრებიდან მოყოლებული ვმუშაობ - პედაგოგად, სასწავლო ნაწილის გამგედ, დირექტორად. ყველანაირი დროება გამოვიარე (იღიმება), არაერთი მინისტრის პირობებში მომიწია მუშაობა, თუმცა, არა მარტო ჩვენთვის, პედაგოგებისთვის, სხვებისთვისაც თვალშისაცემია, რომ ბოლო წლებში სახელმწიფოს მხრიდან განათლების სფეროს დიდი ყურადღება ეთმობა; გაიზარდა პედაგოგების, ასევე დირექტორების ხელფასები და მომავალშიც ეს ტენდენცია იცით, რომ გაგრძელდება. მთავარია ასევე, შენარჩუნდეს და გაგრძელდეს სწავლის ხარისხზე ორიენტირებული ქმედებები. ახალგაზრდა პედაგოგების ხელშეწყობასთან ერთად უაღრესად მნიშვნელოვანია გამოცდილი კადრების შენარჩუნება და მათზე ზრუნვა.

 

 

 


„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო განათლების სფეროს ხელმძღვანელ პირებს, როგორც თბილისში, ისე ადგილზე - ჩვენი რესურსცენტრის უფროსს, ბატონ არსენ ჯმუხაძეს და მის ყველა თანამშრომელს, რომლებიც მაქსიმალურ ყურადღებას იჩენენ წალკის მუნიციპალიტეტის სომხურენოვანი საჯარო სკოლების მიმართ. პრობლემები ბუნებრივია არსებობს, განსაკუთრებით ოპტიმიზებულ სკოლებში, მაგრამ არ მახსენდება მომენტი, მიგვემართოს რესურსცენტრისთვის და მათი მხრიდან დროულ რეაგირებას და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას არ ჰქონოდა ადგილი“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ლიანა პილტოიანმა (ქართულ ენაზე).

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი