„ასეთი რამ მსოფლიოში სხვაგან არსად არაა... ვენაცვალე ჩვენს ძმებს, ქართველებს, რომ მოგვცეს შესაძლებლობა, ქართულ სახელმწიფოში ჩვენს მშობლიურ ენაზე გვქონდეს სკოლები“ - ოზნის სომხური სკოლის დირექტორი რუბენ ანესიანი
01-10-2019, 20:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუბენ ანესიანი, სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი - რომელიც ამ თანამდებობაზე პირველად 1993 წლიდან 2002 წლამდე მუშაობდა, მეორედ 2008 წელს დაინიშნა და იქიდან მოყოლებული დღემდე ისევ ამავე სკოლას უდგას სათავეში (ჯამში 20 წელი), მანამდე კი, 2002-2006 წლებში წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო - GUARDIAN.GE-ისთან საუბარში 17 წლის წინათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას იმით ხსნის, რომ ქვეყანაში რთული პერიოდი იყო და ფიქრობდა, რომ უფრო მეტს გააკეთებდა, როგორც თავისი სოფლისათვის, ისე მთელი მუნიციპალიტეტისათვის.

 

 

(რუბენ ანესიანი, სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი)

 

 

იგი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში ყოფნის პერიოდში მისი მოლოდინები მეტ-ნაკლებად გამართლდა, თავისი დასახული გეგმები გარკვეულწილად შეასრულა და მოახერხა არაერთი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება.

 

 

(სოფელ ოზნის მიმდებარე ტერიტორია)

 


„იმ დროს, მოგეხსენებათ, შუქი არ იყო. ჩემი თანასოფლელების დიდი ნაწილი, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, რუსეთში წავიდნენ. მე სოფელში დარჩენის გადაწყვეტილება მივიღე და იმ დროს რაიონის ხელმძღვანელობამ შემომთავაზა, რომ რეგიონს, სოფლებს ჩემი დახმარება და გამოცდილება ესაჭიროებოდა და ჩემი პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა სწორედ ამან და ასევე იმანაც განაპირობა, რომ რამენაიარდ დავხმარებოდი ავარიულ მდგომარეობაში მყოფ მშობლიურ სკოლას, რაც მოგვიანებით მოვახერხე კიდეც.

 

 

 


როცა 2002 წელს, ჯერ დეპუტატად, შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარედ ამირჩიეს, დავიწყე მოძიება გზების, როგორ შეიძლებოდა მიმეხედა ოზნის საჯარო სკოლისათვის. გარდამავალი პერიოდი იყო და ვიცოდი, რომ ახალი სკოლის აშენება შეუძლებელი იქნებოდა, აქედან გამომდინარე აქცენტი კაპიტალურ რემონტზე მქონდა გაკეთებული“, უთხრა რუბენ ანესიანმა GUARDIAN.GE-ის.

 

 

 


რუბენ ანესიანის განცხადებით, მას მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმაც და ოპოზიციაში წასვლაც მოუწია იმისათვის, რომ ოზნის სკოლის აღდგენის სახსრები მოეძია, შედეგად კი, 2010-2011 წლებში, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის (სი-ჯეი-ეფ) ფინანსური ხელშეწყობით, ლამის დანგრევის პირას მყოფი სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, რაზეც 337 000-ზე მეტი ლარი დაიხარჯა.

 

 

 


„მოვიდნენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გვითხრეს, რომ იქნებ ჯერ მხოლოდ სახურავის და კარ-ფანჯრების გამოცვლაზე გვეფიქრა. მე ვუთხარი, რომ ან მთლიანად უნდა გაკეთდეს სკოლა, ან საერთოდ არაფრის შეცვლა არ ღირს-თქო. მათ გვითხრეს, გადავუღებთ ფოტოებს, გავაგზავნით ამერიკის შეერთებულ შტატებში და თუ იქიდან თანხმობა მოვა, კაპიტალურად გაგირემონტებთო სკოლას, თუმცა აგვიხსნეს, რომ ხარჯების 50% თავად უნდა გაგვეწია. მე მათ დავთანხმდი და ვუთხარი, რომ დანარჩენ თანხებს მოვიძიებდი ჩვენი იმ თანასოფლელების მეშვეობით, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ-თქო.

 

 


 


ყველაფერი კარგად წარიმართა, დაფინანსება გამოიყო და 2010 წლის აგვისტოში სკოლის აღდგენა დაიწყო, რაც 2011 წლის გაზაფხულზე დასრულდა. ამ ხნის განმავლობაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, ბავშვები სოფლის სამ სხვადასხვა საცხოვრებელ სახლში განაგრძობდნენ სწავლას. საბოლოო ჯამში, გაკეთდა ჩინებული რემონტი, ევროპულ დონეზე, იატაკი 30 სმ-ით აიწია, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, პანდუსიც კი გავაკეთეთ, რაც მაშინ იშვიათობა იყო. მოკლედ ისეთ დონეზე შესრულდა კაპიტალური რემონტი, რომ სულ მცირე 50 წელიწადი არაფრის გაკეთება აღარ იქნება საჭირო. ამჟამად დღის წესრიგში სპორტული დარბაზის მშენებლობა დგას, რაც ჩვენი 50%-იანი დაფინანსების წინაპირობა იყო და ეს უდავოდ უნდა შევასრულოთ“, განაცხადა რუბენ ანესიანმა.

 

 

 


დირექტორის თქმით, ამ საქმის ხორცშესხმაში, რასაც 150 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა ესაჭიროება, დახმარებას რუსეთში მცხოვრები თავისი თანასოფლელი, რაზმიკ ბლიკიანი შეჰპირდა და იმედი აქვს, რომ ახლო მომავალში სკოლას თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზიც ექნება.

 

 

 


ოზნის სკოლაში ამჟამად 25 მასწავლებელი მუშაობს, მათგან 3-მა პენსიონერმა პედაგოგის ჯილდოს მიღებაზე დაწერა განცხადება და სამი ვაკანსია ახალი კადრებით შეივსო. სკოლაში ამ დროისთვის 4 უფროსი და ორი წამყვანი მასწავლებელია.

 

 

 


„4 სომხური ენის, 3 კი დაწყებითი კლასების მასწავლებელი გვყავს. მე თავადაც სომხურ ენას ვასწავლი. ჩვენთვის საგნის გამოცდა არ არის დაწესებული და აქედან გამომდინარე, დიდხანს, დიდხანს მოგვიწევს კიდევ ლოდინი უფროსი მასწავლებლების“, აღნიშნა რუბენ ანესიანმა.

 

 

 


მისი თქმით, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ მას არაქართულენოვანი სკოლებისთვის გარკვეული ხარვეზებიც ახლავს თან. ერთ-ერთი ასეთი საკითხი, მისი აზრით, ის არის, რომ სომხურ ენაში საგნობრივი გამოცდის ჩაბარება არ არის დაწესებული და ამ საგნის პედაგოგებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა არ გააჩნიათ, რის გამოც ისინი სხვებთან შედარებით არათანაბარ პირობებში არიან ჩაყენებული იმ მხრივ, რომ სახელფასო დანამატის მიღმა რჩებიან. რაც შეეხება ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებას, ამ მხრივ, დირექტორის თქმით, საქმე სკოლაში „ჩინებულადაა“.

 

 

 

 

„ჩვენს სკოლაში ქართული ენის სწავლება უმაღლეს დონეზეა და ამას აჩვენებს ის, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ჩვენი ბავშვები წარმატებით აბარებენ გამოცდებს თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში. მინდა აღვნიშნო, რომ წინა დღეებში, ერთ-ერთ გოგონას, ანაიტ ანესიანს, რომელმაც წელს დაამთავრა სკოლა, ოქროს მედალი გადავეცი, კიდევ ერთს, ალვარდ ანესიანს კი, ვერცხლის მედალი. ისინი ახლა თბილისში ქართულ ენაზე სწავლობენ და არა მარტო ისინი, ბოლო წლებში ჩვენი სკოლიდან 12-ამდე აბიტურიენტი ჩაირიცხა თბილისის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. ეს აჩვენებს, რომ აქ ქართულ ენას შესანიშნავად ასწავლიან. პედაგოგი თბილისიდანაა და ბავშვები მისი წყალობით უაქცენტოდ, როგორც ქართველები, ისე ლაპარაკობენ. ისინი 99%-ით ქართველები არიან.

 

 

 


„სხვათა შორის, უნდა ვთქვა ისიც, რომ ჩვენი მოსწავლეები აქ ქართულენოვან შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ და პრაქტიკულად, პირველ ადგილზე გავიდნენ. ისინი საუკეთესოები არიან ლექსების კითხვაში, სიმღერაში, ცეკვაში, სპორტში. ამჟამად 61 მოსწავლე გვყავს, სამწუხაროა, რომ მიგრაციული პროცესების გამო მათი რაოდენობა ყოველწლიურად კლებულობს.

 

 

 


„როცა რეფორმაზე ვსაუბრობთ, მე მომწონს ის, რომ ახლა ქართულენოვან და სომხურენოვან სკოლებს შორის განსხვავებულობა მინიმუმამდეა დაყვანილი. მე მომწონს, რომ სახელმწიფო ენა უმაღლეს დონეზეა აყვანილი არა მხოლოდ ჩვენს, არამედ წალკის სხვა სოფლების სომხურ სკოლებშიც. მაგრამ, რაც არ მომწონს, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ისაა, რომ მშობლიურ ენაში - სომხურში - გამოცდა არ ჩატარებულა, ასევე რატომ უნდა გადარქმეოდა მას სახელი - მშობლიური და რატომ უნდა დარქმეოდა ეთნიკური უმცირესობების ენა? შეგიძლიათ ასე გამოაქვეყნოთ. დღეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბავშვები ქართველებისგან არ განსხვავდებიან ქართული ენის ცოდნის დონით, ისინი მაინც მშობლიურ ენაზე ფიქრობენ.

 

 

 


„ჩვენ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ მივესალმებით იმას, რომ სომეხი ბავშვები ასე კარგად ფლობენ ქართულ ენას და საქართველოში ყველა ვალდებულია იცოდეს სახელმწიფო ენა, მაგრამ არ მომწონს, რომ შეცვალეს მშობლიური ენა და ახლა მას ეთნიკური უმცირესობის ენას უწოდებენ. მომწონს ქართული, როგორც მეორე ენა. ყველამ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა, მაგრამ ვიმეორებ, კატეგორიულად არ მომწონს მშობლიური ენის ნაცვლად ეთნიკური უმცირესობების ენები რომ წერია. სწორედ მშობლიური ენა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შევისწავლოთ ქართულიც, ინგლისურიც, რუსულიც და სხვა დანარჩენი ენებიც.

 

 

 


„ზოგადად, მე ძალიან მადლიერი ვარ სახელმწიფოსი, მიყვარს ქართული სახელმწიფო და პატივს ვცემ და ძალიან ვაფასებ მათ ყურადღებას ეროვნული უმცირესობების სკოლებისადმი. ასეთი რამ მსოფლიოში სხვაგან არსად არაა. მე ამას ყველგან ვამბობ. ვენაცვალე ჩვენს ძმებს, ქართველებს, რომ მოგვცეს შესაძლებლობა, ქართულ სახელმწიფოში ჩვენს მშობლიურ ენაზე გვქონდეს სკოლები, მაგრამ იმასაც დაუფარავად აღვნიშნავ, რაც არ მომწონს.

 

 

 


„როგორც გითხარით, სომხური ენის 4 მასწავლებელია სკოლაში. ისინი ბოლომდე იხარჯებიან და ეხმარებიან სკოლას იმაშიც, რომ სახელმწიფო ენა ყველამ იცოდეს, მაგრამ არ მესმის, ამ კატეგორიის პედაგოგებისთვის რატომ არ არის საგნობრივი გამოცდა და რატომ უნდა იღებდნენ ისინი ნაკლებ ხელფასს, რატომ არ უნდა ჰქონდეთ მათ იმის შანსი, რომ გახდნენ უფროსი მასწავლებლები და მიიღონ შესაბამისი დანამატი - 150 ლარი წლევანდელი წლის ოქტომბრიდან და დამატებით, კიდევ 150 ლარი მომავალი წლის სასწავლო წლის დაწყებიდან, როგორც ეს გუშინ პრემიერ მინისტრმა განაცხადა მთავრობის სხდომაზე.

 

 

 


„ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით სახელმწიფოს, რომ როგორც მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მქონენი, დამატებით 35%-იან სახელფასო დანამატს ვიღებთ უკვე წლებია - მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლების სათავეში. მაგრამ ის, რაც სომხური ენის მასწავლებლებზე გითხარით, სამწუხარო რეალობაა, რომელიც უნდა გამოსწორდეს.

 

 

(რუბენ ანესიანი მეუღლესთან, ქალბატონ რიმასთან ერთად, რომელიც ოზნის საჯარო სკოლის მასწავლებელია)

 


„მე სააკაშვილის ხელისუფლების ოპოზიციაში ვიყავი და 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ შევუერთდი. ჩვენ გავიმარჯვეთ, დღეს კარგი დღეა, 1-ლი ოქტომბერი და ჩვენი გამარჯვებიდან 7 წელი გავიდა. მე ვამაყობ ამით, მაგრამ არ მჩვევია, ვხედავდე პრობლემებს და მასზე ღიად არ ვილაპარაკო.

 

 

 


„როცა პარტიული შეკრებები გვაქვს, ამ და სხვა პრობლემებზე ყოველთვის გულწრფელად ვსაუბრობ და მომავალშიც ასე ვიქნები. მე ახლაც საკრებულოს დეპუტატი ვარ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, მაქვს მხარდაჭერა ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე.

 

 

 


„რამდენიმე დღეში 60 წლის ვხდები. წინ კიდევ დიდი გეგმები მაქვს და მინდა მთელი გულით ვემსახურო ჩვენს სახელმწიფოს“, განუცხადა რუბენ ანესიანმა GUARDIAN.GE-ის.

 

 

(წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი ოზნი)

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი