მე-19 საუკუნის 80-90-იანი წლების ტფილისის კრიმინალური ქრონიკა - „მენდალი „პოლიციაში ერთგული სამსახურისთვის“
05-04-2020, 21:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადამიანის გაჩენიდან არსებობს დანაშაული და მას კაცობრიობა სხვადასხვა ხერხით და მეთოდით მუდმივად ებრძვის. მისი სრული აღმოფხვრა გონიერ თვალსაწიერშიც შეუძლებლად მიგვაჩნია, მაგრამ  მინიმუმამდე დაყვანა და  ამ  „ბალანსის დაცვა“ სამართალს ძალუძს. 

                                           

                                              

მე-19 საუკუნის 80-90-იანი წლების თბილისის პრესა ფართოდ აშუქებდა  კრიმინალურ ქრონიკას და არამარტო ადგილობრივს, თქვენ წარმოიდგინეთ ლონდონელი მკვლელის  „ჯეკი მფატრავის“ ისტორიაც არ დარჩენიათ უყურადღებოდ.  დანაშაულს ტფილისში  პირველ რიგში პოლიცმეისტერის გამგეობა ებრძოდა,  რომელიც  განოვის (დღ. გალაკტიონის) ქუჩაზე მდებარეობდა. ქალაქი თერთმეტ  პოლიციურ  ნაწილად იყო დაყოფილი,  რომელთაც ბოქაულები ხელმძღვანელობდნენ. თითოეულ საპოლიციო ნაწილში (უბანში) ბოქაულთან ერთად  მსახურობდა სულ მცირე, მისი ერთი თანაშემწე (მოადგილე), ოთხი მოხელე (ოფიცერი), 30 რიგითი  და ორი ცხენოსანი პოლიციელი. 

 

 

პოლიციის გამგებლობაში ასევე შედიოდა მაშველი სახანძრო რაზმი და ქალაქის დასუფთავების მუშაკნი. საქალაქო  საპოლიციო სამსახურის  მთლიანი წლიური  ბიუჯეტი  დაახლოებით 80 ათასს მანეთს შეადგენდა. დიდ სამოქალაქო და რელიგიურ დღესასწაულებზე საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად და არეულობის თავიდან ასაცილებლად, პოლიცია დახმარებისთვის მიმართავდა საბურთალოს მინდორზე დისლოცირებულ საკავალერიო პოლკს, რომლის მეთაური ჩვენთვის საინტერესო პერიოდში თავადი  ერისთავი გახლდათ.  გარდა ქალაქის პოლიციის უწყებისა არსებობდა აგრეთვე პოლიციის რკინიგზის დანაყოფიც,  რომელიც რკინიგზისა და მისი ობიექტების, მათ შორის ვაგზლების ტერიტორიებზე იცავდა კანონიერებას.

 

 

იმ პერიოდის სამართალდამცველთა რიგებში აქტიურ პოზიციებზე სჩანან  რეფორმის შედეგად მიღებული „ახალი სასამართლოები“, პროკურატურა და ჟანდარმერია. პოლიციას კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის გარდა  ევალებოდა კონტროლი ქალაქის სანიტარულ მდგომარეობაზე, ქუჩების სისუფთავეზე, აწესრიგებდა ფაიტონების, ცხენის რკინიგზის („კონკა“) და თქვენ წარმოიდგინეთ ველოსიპედების მოძრაობასაც, ვინაიდან მათ  ეკრძალებოდათ ტროტუარზე მოძრაობა; დუქნებსა და სასტუმროებში დევნიდა აზარტულ თამაშებს და „უზნეო ქალების შენახვას“; ამოწმებდა კლიენტთა მომსახურების ფინანსურ, ორგანიზაციულ და სანიტარულ მხარეებს (მენიუებსა და კალკულაციებსაც).

 

 

ტფილისის გუბერნატორ შერვაშიძის ბრძანების თანახმად, სასწავლებლების მოწაფეების და ყმაწვილი ახალგაზრდების მომსახურების გამო, შეეძლოთ დაეხურათ სამიკიტნო, რესტორანი, დუქანი ან ყავახანა,  ვინაიდან ისინი „იქ ლოთობას ეჩვევიან“, ამ ობიექტებში რიგით ჯარისკაცებსაც ეკრძალებოდათ ყოფნა. პოლიცია მეთვალყურეობდა, რომ  „ყოველი საჭმელების დუქანი 11 საათის შემდეგ უნდა დაჰკეტონ“. 

 

 

პოლიცმეისტერს  შეეძლო  აეკრძალა გასართობი წარმოდგენების ჩატარება, იმ შემთხვევაში  თუ შენობა ავარიულ და ხალხისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იყო ან წარმოდგენის შინაარსი იყო მკვეთრად მიუღებელი. ბოქაულები მოწვეული „ტეხნიკების“  დახმარებით ადგენდნენ ავარიული სახლების ნუსხას,  გზების და ხიდების მდგომარეობას. პოლიცია ავლენდა და ადმინისტრაციულად სჯიდა, როგორც უპასპორტოებს  და უკანონოთ დასაქმებულთ, ასევე მათ დამსაქმებელთ, ვინაიდან ყველა არამკვიდრ ტფილისელს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა შეეძინა ტფილისში დროებით ყოფნის ბილეთი.

 

 

პოლიცია მართავდა უძრავ-მოძრავი ქონების აუქციონებს, სამედიცინო მუშაკებთან ერთად ავლენდა და ბრუნვიდან იღებდა  კვების  უხარისხო პროდუქტს, ყასბებისთვის გასცემდა  საკლავის დაკვლის ნებართვებს, სდევნიდა კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობას, ადგენდა მტკვარზე ბანაობის ადგილებს და წესებს, ირჩევდა მტკვრის ნაპირების მირაბებს, აწესრიგებდა ქუჩების სახელდებისა და სახლების ნუმერაციას; ქალაქის ღარიბ მოსახლეობაზე ანაწილებდა შემოწირულობით ნაყიდ შეშას თუ ტანსაცმელს;  ექვსი თვიდან შვიდ წლამდე ბავშვებისათვის ხსნიდა  ბაგა-ბაღს, ხოლო  ღარიბ-ღატაკთათვის კი თავშესაფარს. ქარვასლების მეპატრონეთ ავალებდა თავიანთი ეზოების მოკირწყვლას და ნაგვის გატანას. ებრძოდა მაწანწალა ძაღლებს. ამასთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრვ ცხოვრებასა და საქველმოქმედო  ღონისძიებებში, მაგალითად პოლიცმეისტერ მასტიცკიის ინიციატივით  შეიკრიბა 2500 მანეთი რითაც ერევანსკის მოედანზე  გაშენდა სკვერი და დაიდგა პოეტ ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი.

 

 

მეცხრამეტე საუკუნეში ტფილისი განუხრელად იზრდებოდა როგორც ტერიტორიით ასევე მოსახლეობით, მრავალფეროვანი ხდებოდა მისი ეთნიკური და კუთხური შემადგენლობა. დანაშაულის პალიტრაც სულ უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა,  იყო   მკვლელობა,  ყაჩაღობა, ძარცვა, ქურდობა, ჯიბგირობა, ხულიგნობა,  აფერა, კონტრაბანდა და უბედური შემთხვევები.

 

 

ქურდობა ტფილისში ძლიერ იყო „გამრავლებული“.  ზაფხულობით, ხალხი გასაგრილებლადაც  ერიდებოდა ფანჯრის გაღებას.  ბინის ქურდობაში მეტად დაოსტატებული ქურდი ყოფილა ვინმე ნერსესოვი. ჯიბგირების, ქურდების და ავაზაკების ბუდედ იყო ქცეული  წყნეთის ქუჩა (დღ. მელიქიშვილი). შებინდებისას აქ, დუქნებში ატყდებოდა  ჩხუბი, კრივი და „თავში ცემა“. გათენებამდის იყო ღრიანცელი,  კაცს შიშით ვერ გაევლო,  ჯიბგირები ან ჩოხას წაართმევენ ან ქუდსა, ან ქისას.  .... მეტადრე მაჭავარიანის დუქანს ემდუროდნენ.  ვერაზე  ხულიგნობით ცნობილი იყო კინტო გიქუა და  ჯიბგირობით ვინმე შეთე.

 

 

ტფილისში იშვიათი არ იყო ჯიბიდან ფულის ამოცლა, წარმოიდგინეთ ქეიფის დროსაც კი. ერთი პერიოდი ჯიბგირები ხალხის თვალის ასახვევად ჩოხებში გამოწყობილები „მუშაობდნენ“,  მაგრამ რაკიღა შენიშნეს, რომ  ჩოხოსნების მიმართ უნდობლობა გაჩნდა, ევროპული სამოსი ჩაიცვეს და ისე განაგრძეს საქმიანობა. ჯიბგირებით განსაკუთრებით  ტფილისის ვაგზალი იყო სავსე.  ამ პერიოდში გავრცელდა „ახალი მოდის ქურდობა, ევროპის დიდი ქალაქების მსგვასად  ჩვენშიც შემოვიდა, ეგრეთ წოდებული „ჟულიკობა“ და „კუკლა“.

 

 

უბედური შემთხვევები ხდებოდა მატარებლის, ცხენის რკინიგზის  და ეტლით მოძრაობისას. აი როგორ აფასებს იმდროინდელი ჟურნალისტი „კონკას“: „ცხენის რკინიგზა, რომელსაც ჩვენში კინტოებმა „ბატი“ შეარქვეს, საშინელი რამ გამოგვადგა. ყოველ დღე იწირავს თითოს სიცოცხლეს, ზოგჯერ მეტსაც. დღეს ყველა უნებურად გაიძახის: „ღმერთმა ამოაგდოს მაგის მომგონიო“. გზის გამგეობა ყურ-მოყრუებულია და ამის გამო, როგორც მეეტლენი აგრეთვე კონდუქტორები სრულებით ყიზილბაშურად ეკიდებიან თავიანთ მოვალეობას და ტფილისის ხალხსა...“ მრავლისმეტყველია, დამეთანხმებით. ჩვილთა სხვის კარზე მიგდებაც არ იყო იშვიათი მოვლენა. საცოდავი ბავშვები საპატრონოდ, როგორც წესი საბებიო დაწესებულებაში გადაჰყავდათ. ზოგჯერ ხდებოდა თვითმკვლელობის მცდელობები წყალში გადავარდნით, ნარკოტიკებით, იარაღებით და წუმწუმის თავების გადაყლაპვით. მტკვარშიც  კი ლამის ყოველდღე იხრჩობოდა ერთი მობანავე მაინც. მდინარის მიერ ცხენების, „პოვოზკების“, „ბოჩკიანი პოვოზკების“, „კამბეჩების“ მოტაცება და ათასი სხვა რამ.      

 

 

გავეცნოთ ტფილისში, 1886-1895 წლებში მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულის  „კრებსის“ მცირე ნაწილს:

 

 

-გრიგოლ მანთაშოვის საწყობიდან მოუპარავთ 400 თუმნის სხვადასხვაგვარი ტყავი;

 

 

-ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძის  „სამწერლო სტოლიდან“ მოიპარეს 600 მანეთი და ვერცხლის ქამარი;

 

 

-ალექსი  ვაშაკიძემ პოლიციელს გამოსტაცა ვერცხლის საათი და გაიქცა.

 

 

-ტელეგრაფის სადგურში ვიღაც კაცმა  მოხელეს მუჭით ქუჩის მტვერი შეაყარა სახეში, დასტაცა ხელი ას-ას მანეთიანებს და გავარდა გარეთ;

 

 

 -ცხენის რკინიგზაზე ქალს ყურებიდან მოგლიჯეს ბრილიანტის საყურეები. ქალს მახლობელ აფთიაქში შემწეობა აღმოუჩინეს და  ყურის ბიბილოებისგან სისხლდენა შეუწყვიტეს;

 

 

-16 ათასი მანეთის ღირებულების ოქრო-ვერცხლი მოპარეს მეთულუხჩეთა უსტაბაშს, აისორ ვარდუას;

 

-ხუროთმოძღვარ ოზეროვს ბინიდან  მოპარეს ქალის და კაცის პალტოები;

 

 

-ხელზე მოსამსახურე აზნაურმა გოცირიძემ ბოზარჯიანცს მოპარა 350 მანეთის ღირებულების ნივთები;

 

 

-მტკვრის პირის ქუჩაზე, მკურნალის, სტატსკი სოვეტნიკის ზემელის სახლიდან მოიპარეს 165 მანეთის ნივთები;

 

 

-იაკობ გოგებაშვილს თავისმა მოსამსახურემ მოპარა ლატარიის ორი მომგებიანი  ბილეთი;

 

-გიორგი ჯუღაშვილი იქნა დაჭერილი 68 მანეთის ღირებულების ვერცხლის ქამრის ქურდობისთვის;

 

 

-ყაზბეგელ მოხეევებს ტფილისში მოჰპარეს ცხენები;

 

 

  -გორის მაზრის გლეხს, აქიმოვის ქუჩაზე (კათოლიკურ ეკლესიასთან) ორმა კაცმა ჯაჯგურში 35 მანეთი ამოაცალა.

 

 

 -მიხეილის ქუჩაზე სასტუმრო „საფრანგეთში“ თავი მოიკლა შეყვარებულმა წყვილმა ადოლფ გინტერმა და 18 წლის ანა კარობინამ.

 

 

-სამსახურიდან დათხოვილმა კონდუქტორმა გარშენინმა მიხეილის პროსპექტზე ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის მოადგილე კორში, ხანჯლით გამოასალმა სიცოცხლეს;

 

 

-რევოლვერებით გამართულ დუელში გვერდწითელმა დაჭრა ცეხოვსკი;

 

 

-მუშტაიდთან ახლოს „შვეიცარიის ბაღში“ ფრანგმა ჟოზეფ ბერტიერმა, რევოლვერის გასროლით თავი სასიკვდილოთ დაიჭრა;

 

 

-დედათა ინსტიტუტის მშენებლობაზე  ხარაჩოების დარღვევის გამო რვა მუშის დაღუპვისთვის  ცნობილი ხუროთმოძღვარი ზალცმანი მიეცა სს პასუხისგებაში;

 

 

-ფერშალმა ივანე რიმკევიჩმა, ცუდი ყოფაქცევის ქალს ლიუბოვ ისტომინას გრაფინი გადაამტვრია თავზე;  

 

 

 -25-მა მალაკანმა „ლაპტის“  თამაშში  ხელისშეშლისთვის სასტიკად, კეტებით  სცემა 7 იმერელი;  

 

 

 -სომხების სასაფლაოზე, ვიღაც კინტოს მიერ  ფერდში მუშტის შემოკვრით მოკლეს ახალგაზრდა და იმედის მომცემი ნიჭიერი მხატვარი სედრაქ არარატოვი;

 

 

-შაითან-ბაზარზე იმერელმა ჩინჩალაძემ დანით მოკლა სპარსეთის ქვეშევრდომი, ტკბილეულობით მოვაჭრე მამედ-აღა-ხან მამედ ოღლი;

 

 

- ნავთლუღში მორფიით მოუწამლავს თავი ჯარისკაცის შვილს ალექსი фენკინს;

 

 

 -ცხენის რკინიგზის ვაგონს  ქვეშ მოყვა 8 წლის გიორგი ქავთარაძე, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.   

 

 

 -ფერშანოვის წისქვილის ჩარხმა ამოიტანა კაცის გვამი, რომელსაც თავი მოჭრილი ჰქონდა;    

 

 

  -ხარფუხში ერთი სახლობა მოიწამლა ლობიოს ჭამით.  80 წლის ზურაბა შახნაზაროვს  და მის ოჯახს  ვახშამი ეჭამათ და მოწამლულან. მკურნალმა ბახუტოვმა (ცნობილი ექიმი ბახუტაშვილი) უწამლა და ერთიანად ყველა მოარჩინა, მაგრამ მოხუცმა ზურაბამ მაინც ვერ აიტანა და გარდაცვლილა. მოწამლული არიან დარიშხნით, როგორც ჰფიქრობენ დარიშხანი ბანიდან ჩაუყრიათ ქვაბში, როცა ცეცხცლზე მდგარა;   

 

 

 -მტკვარში იპოვეს ორთაჭალელი ბრილიანტებით მოვაჭრე ებრაელის, რაშკევიჩის გვამი; 

 

 

-აზნაურმა მახათაძემ ნახევარი უნცია ოპიუმის დალევით ჩაიდინა თვითმკვლელობა;       

 

 

-ეჩმიაძინის ერთ-ერთი  მონასტრის სარდაფში გაწყობილი საუკეთესო მოწყობილობებით რამდენიმე წლის განმავლობაში ჭრიდნენ ყალბ ფულს. დაჭერილია ასამდე დამნაშავე, რომელთაც ხელმძღვანელობდა ერთი არქიმანდრიტი და რამდენიმე ტერტერა;

 

 

-აღაჯანიანცი ამხილეს მელიქ-აზარიანცისათვის 500 მანეთის გამოძალვაში;

 

 

 - ვერაზე დაიჭირეს აზნაური გიორგი მუშკუდიანი, რომელიც  ზემოთ და ქვემოთ მანეთიანების შემოდგმით ქაღალდს მანეთიანების  დასტად ასაღებდა;                     

 

                                                                                                                          

-აბანოებთან ახლოს, ფეფელა სვიმონოვის საროსკიპოში სოფლელ ლამაზმანებს ოც და ორმოც თუმნად ყიდულობენ;

 

 

-მუშთაიდის ბაღში მოხდა ჯგუფური გაუპატიურება; ნიკოლოზ ამაჯევმა გააუპატიურა მეჯაიანცის 4 წლის გოგონა.

 

 

-მეტეხის ციხის ქვემოთ, მტკვრის პირას სარეცხის რეცხვისას შელაპარაკებისას, ერთმა დედაკაცმა მეორეს ხელი ჰკრა, წყალში ჩააგდო და დაიხრჩო;

 

 

 -ვარანცოვის ძეგლთან რამდენიმე მთვრალს მოუვიდა ჩხუბი, დაიჭრა სამი კაცი: ვასო მიკირტუმოვი, ავეტიკ მურადიანცი, და ერევნელი მიკიჩ ხაჩხულოვი;

 

 

  -ოლქის სასამართლოს წინ ბულვარზე, ვარდენ წერეთელმა ცემით გახეთქა ივანე ხაჩატუროვი;                          

 

                                                                                                

-გრიბოედოვის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე  ერთმა  დედაკაცმა მეორეს  დანით ცხვირი ჩაუთალა, მეუღლის საყვარელს;

 

                                                                  

-„კონკის“ ვაგონში მჯდარ ვინმე სიმენს  მოუნდა საპირისპირო მიმართულებით მიმავალ ვაგონში გაუჩერებლივ გადაჯდომა და ორ ვაგონს შორის მოექცა და ფეხი დაიშავა;

 

 

-ზაქარია ჭიჭინაძეს  დაეჯახა ეტლი და მის ქვეშ ჩავარდა, ცხენის წიხლმა სახე დაუზიანა;

 

 

-ავლაბარში ნორიოს ქუჩაზე ხიზანოვის ათოთახიან სახლში მოწყობილია ბორდელი;

 

 

-ნიკიტინის ცირკში წარმოდგენის დროს ცხენიდან მოგლეჯილმა ნალმა ვინმე ჩაბანოვს ცხვირის კაკნატელა ჩაუმტვრია;   

 

 

 -მანგლისელი მიხეილ დოროხოვი წყნეთის ქუჩაზე  უსუფთაო წყლისათვის ორმოს თხრიდა,  ამ დროს  ორმო გადმოიქცა და უწმინდურობის ქვეშ მოექცა; 

 

                                       

-14-15 აპრილს დუქნებსა და ბაღებში შეიპყრეს 108 უპასპორტო კაცი; 

 

    

-არაკანონიერი ვაჭრობისათვის, თულუხჩზე წყალის მიყიდვის გამო,  ერთ-ერთი  სახლის პატრონი პასუხისგებაშია მიცემული;

 

 

 

- მეტეხის ციხის გასათბობათ და გასანათებლად  გადაცემული 3677 მან. 93 კაპ. გაფლანგვისათვის მხილებულია ციხის ზედამხედველი ჩუქმასოვი;

 

 

-სასწორის ქვების ფალსიფიკაციის გამო, ციხეში ჩასმა გადაუწყვიტეს ვაჭარ სააკოვს;

 

 

-ტფილისში სხვადასხვაგვარი განდგომილების და მწვალებლების (მაგ. ბაპტისტები და მალაკნები) საქველმოქმედო ორგანიზაციების მესვეურები პასუხისგებაში  მიეცნენ  ამ ორგანიზაციების შენიღბვით მწვალებლობის გავრცელების გამო;

 

 

 -გოლოვინის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ევროპული“ და ვერის ხიდთან მდებარე სატუმრო „ერმიტაჟი“ პოლიციამ დაკეტა რადგან პატრონები ნომრებში უზნეო ქალებს „ინახავდნენ“.

 

 

ტფილისის ორ საპატიმროში: მეტეხსა და ხარფუხში (გუბერსკი) საშუალოდ 900-დან 1000-მდე პატიმარი იმყოფებოდა.

 

 

სამართალდამცველების ეთნიკურ შემადგენლობაზე წარმოდგენის  შესაქმნელად  მოგაწვდით ზოგიერთი მათგანის  გვარს:  

 

 

1888-1890 წწ. ტფილისის პოლიცმეისტერი  გახლდათ ვინმე რისინსკი, რომელიც შემდგომ შეცვალა  ქუთაისის მაზრის უფროსმა და კიევის ყოფილმა პოლიცმეისტერმა  მასტიცკიმ.  ბოქაულებად მსახურობდნენ: კოხანოვსკი, სვიმონოვი, გლებოვი, ნაცვლიშვილი,  ზაზულევიჩი, კუზმინსკი; ბოქაულის თანაშემწეებად: წულუკიძე, სიტოვსკი; პოლიციის მოხელენი (ოფიცრები): ლიმარინი,  ლაპეშკინი, ჯაფარიძე, ბაბალოვი; რიგითი პოლიციელები: სტუპაკოვი, მესტივაშვილი,  ჟღენტი, კონდრატენკო, ოსეფოვი, ვისლოვი, შტეპენკო, ვისოცკი, სკლიაროვი; სასამართლოთა მძიმე საქმეთა გამომძიებელი დრანგევიჩი და ცნობილი გამომძიებელი, „კეთილი გულის, მოუსყიდველი და მშვიდობის მოყვარე პიროვნება“ - თავადი გიორგი ბარათაშვილი.  პროკურორი  ლანგე და ჟანდარმერის უფროსი გენერალი ჰერცოგი.

 

 

ასეთია ზოგადი სურათი იმდროინდელი თბილისის კრიმინალური ვითარებისა, რომელსაც მეტ-ნაკლები წარმატებით ებრძოდა პოლიციის უწყება. ამ ბრძოლაში მიღებული წვლილისთვის პოლიცმეისტერი პერიოდულად, წახალისების მიზნით აჯილდოებდა თანამშრომლებს ვერცხლის „მენდლით“ „პოლიციაში ერთგული სამსახურისთვის“.

 

 

ედიშერ ოდიშარია

 

მომზადებულია 1886-1895 წლების ტფილისის პრესის მიხედვით  

 

კომენტარები: 1
#1   lali Tabatadze
      
ჭეშმარიტად ასეა: ადამიანის გაჩენიდან არსებობს დანაშაული და მას კაცობრიობა სხვადასხვა ხერხით და მეთოდით მუდმივად ებრძვის. მისი სრული აღმოფხვრა გონიერ თვალსაწიერშიც შეუძლებლად მიგვაჩნია, მაგრამ მინიმუმამდე დაყვანა და ამ „ბალანსის დაცვა“ სამართალს ძალუძს. სამწუხარო ფაქტია რომ ჩვენ პირიქით სამართალში ვაძლიერებთ უსამართლობას და ყველაფერს ვკადრულობთ რომ გავლენიანი დამნაშავე უდანაშაულოდ გამოვაცხადოთ. ვანგრევთ სამართალს და ვაზეიმებთ უსამართლობას .
7 ივლისი 2020 12:12
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი