„კახური ღვინო ფილოსოფიური ტრაქტატია, ქართლური კი ფრანგული რომანი“
13-06-2020, 20:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეცხრამეტე საუკუნის ქართულ პერიოდულ პრესაში აღინიშნება, რომ ,,ლოთობა რყვნის ადამიანის ზნეობასა და იგი დედაა ბოროტებისა“, რომ მედიცინა ლოთობას ისე უცქერის, როგორც ავადმყოფობას და იგი ცუდად მოქმედებს ,,ჯანზეც და ფსიხოლოგისათვის“. ალკოჰოლიზმის გავრცელებაში კი ზოგი ჟურნალისტი თუ პუბლიცისტი ევროპელებს სდებდა ბრალს.

 

 

ბევრი ცნობილი ადამიანი ებრძოდა ღვინის უზომოდ სმას. აკაკიც თავის ლექსში ,,ჭირვეული თამადა“ მისთვის დამახასიათებელი იუმორით და სარკაზმით დასცინის ღვინის მომეტებულად სმას. იგი ასე ამთავრებს ხსენებულ ლექსს:

 

 

,,...და თავს უშველა, გაიქცა, ,,თავს ვერ შევწირავ ღვინოსო!

მასპინძელიც და თამადაც ღმერთმა - კი შეარცხვინოსო!“.

 

 

ვიღაც სახალხო მკურნალმა ლოთობის საწინააღმდეგო ,,წამალიც“ კი მოიგონა და სახელიც რიგიანი შეარქვა-,,ღორთველა“. ტფილისში ყოფილა შემთხვევა ქუჩაში გდებული მთვრალი ქართველის გარდაცვალებისა, მაგრამ ხალხში მოარული თქმული : ,,საწუთროს ჯამით ღვინის სმა ტრფიალთან სანატრელია“ ან წარწერა ერთ ძველ აზარფეშაზე ,,რას კითხულობ? შენ ეს ღვინო დალიე, სხვასაც სწყურის, ნუღარ დაახვალიე“, თავისას მაინც არ ,,იშლიდა“ და ტფილისიც მისთვის ჩვეული ბოჰემური, რიგის პურის, ბუნებაში გასვლის სახით თუ დუქნებში, ტრაქტირებში, რესტორნებში, ბუფეტებში გამართულ და ზოგჯერ აბანოებში გაგრძელებულ ქეიფებში, სიხარულსაც აზიარებდა და დარდსაც იქარვებდა.

 

 

მოქეიფეთა სახელებიც შემოინახა ტფილისმა: ყარაჩოღელი ალექსა, რომელსაც ორთაჭალის ბაღში ძალიან დიდი ფული – 100 თუმანი ეპოვნა და მთელი ამქარი ერთი კვირის მანძილზე აქეიფა, ან კიდევ დიდუბელი მედუქნე აბრაგუნე, რომელიც „ცუდად“ დარჩენილებს ხშირად ფულს არც ართმევდა პირიქით, აჭმევდა, ასმევდა და ჯიბის გროშებსაც აძლევდა ხოლმე. კიდევ მირზაჯანა, ლოპიანა... იყვნენ ისეთებიც ,რომლებიც დახლიდარს თუ მიკიტანს დანახარჯს არ უხდიდნენ ე.ი. აზრუმანს უკეთებდნენ და ხალხიც ამ მუქთახორებს აზრუმანს ეძახდა. ,,აზრუმანი რათ უყავით იმ მიკიტან არტოსა, კარგი რამე გისწავლიათ, ნეტავი თქვენ პატრონსა“!

 

 

1890 წლისთვის რუსეთის იმპერიაში 170 ათასი დესეტინა ვენახი ყოფილა და 20 მილიონამდე ვედრო ღვინო მოდიოდა, მ.შ. კავკასიაში 100 000 დესეტინა და 11 მილიონი ვედრო ღვინო. ამ პერიოდისათვის ქუთაისის გუბერნიას 30 000 დესეტინა ვენახით და ღვინის წარმოების მოცულობით პირველი ადგილი ეჭირა კავკასიის გუბერნიებს შორის. აქედან 80% ქუთაისის და შორაპნის მაზრაზე მოდიოდა. თუმცა 40 წლის წინ, ე.ი. 1850-იან წლებამდე ქუთაისის გუბერნიაში სამეგრელოსა და გურიის რეგიონს ეჭირა პირველი ადგილი ღვინის წარმოებაში.

 

 

იმ დროს მეგრელები და გურულები იმერულ ღვინოს დაცინვით ,,გიდლის ღვინოს“ ეძახდნენ, თავი კი ,,ოჯალეშით“, ,,კოლოშით“ ,,ჯანის“ და სხვა ღვინოებით მოჰქონდათ, მაგრამ ბედმა უღალატათ და ,,უსიამოვნო“ იზაბელას მეტი აღარაფერი შერჩენიათ. ამის მიზეზი კი ვაზის დაავადება ,,ნაცარი“ ყოფილა, რომელიც პირველად 1848 წელს საფრანგეთში შეუმჩნევიათ.

 

 

ვაზის ეს ავადმყოფობა მოკლე დროში ევროპას მოსდებია, ხუთ წელიწადში კი ჩვენშიც გაჩენილა, ,,იზაბელას“ შემოჰყვა. გურია-სამეგრელოში ,,ნაცარს“ სითბოსთან ერთად ნესტმაც შეუწყო ხელი და სულ მოკლე დროში მხოლოდ სამეგრელოში ღვინის წარმოებამ ორი მესამედით მოიკლო. მას მერე უკვე იშვიათობა გამხდარა ნამდვილი მეგრული ღვინოები.

 

 

მე-19 საუკუნეშივე იჩინა თავი ვაზის სხვა, უცნობმა დაავადებებმა, რომლებიც საშინლად ანადგურებდა ვენახებს: ფილოქსერა, ობი,(მილდიუ) და შავი-სიდამპლე (Blak rot). ფილოქსერა მოდებული ვენახების დასათვალიერებლად და შესასწავლად საქართველოში ჩამოდიოდნენ სხვადასხვა მეცნიერები და სპეციალისტები. ამ მიზნით საქართველოში იმყოფებოდა ფრანგი მეცნიერი მარიოტი, რომელიც სამშობლოში დაბრუნებისას წერდა: ,,მომაჯადოებელი სურათი კავკასიისა და მასთან ერთად საქართველოს ყველა კეთილშობილ შვილების სახე ერთავად თვალწინ მიდგასო“.ფილოქსერს, ვენახის და ხეხილის სხვა დაავადებათა შესწავლის მიზნით ტფილისში ჩამოსული იყო ასევე ფრანგი მეცნიერი ბორანი და უნგრეთის საეტიმოლოგიო სადგურის დირექტორი ბ-ნიჰორვატი. ამ უკანასკნელმა, ვგონებ, წიგნიც გამოსცა საქართველოში მოგზაურობის შესახებ.

 

 

1894 პეტერბურგიდან კავკასიაში გამოგზავნილ, ფილოქსერით დაავადებული ვენახების შემსწავლელ კომისიაში შედიოდა პროფესორი პ.მელიქიშვილი. ვაზის ავადმყოფობას ადგილობრივი ძალებითაც ებრძოდნენ. სააფთიაქო საქონლის გამყიდველმა ამხანაგობამაც სამეურნეო საზოგადოებას წარუდგინა ,,ალვაილერის“ სისტემის ვაზის შესაწამლი ახალი მანქანა, რომელიც ,,ვერმოლერის“ აპარატს სჯობდაო. ვინ იცის, დაინერგა კი?

 

 

ყველაფერის მიუხედავად, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა ვითარდებოდა. ნელ-ნელა ქართლის ღვინოსაც დაედო ფასი და მემამულეებმაც ხელი მიჰყვეს ვენახების გამრავლება-მოშენებას. ქართველ მემამულებს კი არადა განთქმულ ბანკირს, როტშილდს განეზრახა მთელი კავკასიის ვენახების შესყიდვა, ღვინის წარმოება და ევროპაში გატანა, მაგრამ სურვილი სურვილად დარჩენია. ყურძენი ბევრი მოდიოდა განჯის გუბერნიაშიც, ხოლო სპარსეთში დიდი რაოდენობით ღვინოს ფრანგები ამზადდებდნენ და სამშობლოში აგზავნიდნენ. იქაური სომხების ღვინო კი ისეთი უხარისხო იყო, რომ რუსეთშიც არ იყიდებოდა რიგიანად, ოღონდ ღვინო მაგარი და კარგი ფერის ყოფილა, ამის გამო ხშირად კახეთის მეღვინეები თავიანთ ღვინოში იყენებდნენ სიმაგრისა და კარგი ფერის მისაცმად. ფრანგი მევენახეები დიდად დაინტერესებულნი ყოფილან ქართული ღვინოებით და ჩვენი ვენახების სამშობლოში გასაშენებლად ვინმე ბატონი ოტტო ჩილზიც ჰყოლიათ გამოგზავნილი ვენახის ლერწმის წასაღებად.

 

 

იმ დროს სამხრეთ კავკასიაში არყის სახდელი 1900-მდე ქარხანა (აქ მცირე მოცულობის საწარმო) ყოფილა, უფრო მეტად თხილისა და ჭაჭის არაყის ხდა იყო გავრცელებული, შემდეგ თუთისა და ხილის, ხორბლისას კი ნაკლებად და იშვიათად. ჭაჭის არაყს უფრო განჯის მხარეს ხდიდნენ, შემდეგ ერევანსა და ტფილისში. არყის ხდას ქუთაისის გუბერნია მცირედ მისდევდა, ამ საქმისთვის იქ სულაც მხოლოდ 10 ქარხანა ყოფილა.

 

 

ქართული ღვინის წარმოება მძაფრად განიცდიდა კვალიფიციური და თანამედროვე მეცნიერული დონის სპეციალისტების ნაკლებობას, უფრო ზუსტად კი არარსებობას. იმ დროს კავკასიაში არ იყო ,,ღვინის რიგიანად დაყენების და მოვლის ცოდნის შესაძენი სასწავლებელი“, საზღვარგარეთიდან შესაფერისი ხალხის მოწვევას კი არავინ ფიქრობდა. უცხოელი მეღვინე სპეციალისტები საქართველოში თითქმის არ იყვნენ.

 

 

,,ღვინის კეთების“ შემსწავლელმა კომისიამ საჭიროდაც მიიჩნია იმპერიაში შესაბამისი ექვსი სკოლის დაარსება, მათ შორის ერთი წინანდალთან, სოფელ კისისხევში.

 

 

სათანადო ლიტერატურაც მცირე იყო, თუმცა 1888 წელს პეტრე ყიფიანმა ფრანგულიდან თარგმნა ლანდრეს თხზულება ,,ღვინის კეთების ხელოვნება“. ცალკე წიგნად დაიბეჭდა დიუმენკოს წერილი ,,ღვინის მოყვანისა და დაყენების საქმე კავკასიაში“. გაზეთმა მეურნემ დაბეჭდა და წიგნად გამოსცა პ. ვიალას ,,ვაზის ობი“ (მილდიუ ანუ ვაზის პერონოსპორა) და სხვა. 1895 წელს, ქიმიის პროფესორმა ვასილ პეტრიაშვილმა(პ.მელიქიშვილის მასწავლებელი და 1896 დ.სარაჯიშვილის მიერ ვერაზე აშენებული #1 ღვინის ქარხნის დირქტორი) გამოსცა ენციკლოპედიური 500 გვერდიანი წიგნი მეღვინეობის შესახებ. აგრეთვე გამოაქვეყნა სტატია ,,ღვინის დაყენება“ .

 

 

ღვინის ცნობილი მწარმოებლები იყვნენ ჯორჯაძე, ბაგრატიონ-მუხრანსკი, ჭავჭავაძეები, ანდრონიკაშვილი, კუკულაძე და სხვანი. დავით ჭავჭავაძისეულ მარანში თავადი მუხრანსკი ამზადებდა შამპანურ ღვინოებსაც. ტფილისში ძმები სოგომონოვები აწარმოებდნენ საშანპანურე სპირტის დამზადებას. ტფილისში ჩამოსულ ვინმე ემილ ტიბოს განზრახული ჰქონდა შამპანურის ქარხნის დაარსება. ნაფარეულის საუფლისწულო ვენახის ზედამხედველმა არჩილ დარეჯანაშვილმა დააყენა ვაშლის ღვინო, ასევე ვაშლის და ზღმარტლის ძმარი.

 

 

ალკოჰოლური სასმელებისთვის (ღვინო, კონიაკი) საჭირო ხის კასრების საწარმოები ჰქონდათ სარაჯიშვილს და ჯორჯაძეს.

 

 

ტფილისში უფრო სპირტის, არყის სახდელი და კონიაკის ქარხნები იყო, დავით სარაჯიშვილის ქარხანამ პირველად 1888 წელს გამოხადა საკონიაკე სპირტი სულ 9 600 გრადუსი 55-55,4 გრადუსი სიმაგრით. 1889 წელს გამოიხადა 11 852 გრადუსი, 1890 წელს- 99 041, 1892 წელს კი- 500 ათასი. სარაჯიშვილი თავის ქარხნებში გამოხდილი სპირტის გარდა იყენებდა განჯის გუბერნიაში ნაყიდ ხუბულოვის და სოლომონოვის ქარხნების სპირტებს და თაიროვისას ერევნის სპირტის ქარხნიდან. აქვე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ბატონ ბოლქვაძეს ჰქონდა სხვადასხვა სასმელების ქარხანა და მათი სავაჭრო ადგილი. მან ჯერ კიდევ 1865 წელს დაამზადა კონიაკი და საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს პრიზიც მოიპოვა, თუმცა კონიაკის სამრეწველო წარმოება არ შეუქმნია.

 

 

ვიღაც ბატონმა შანტერმა ტფილისთან ახლოს დააარსა თხლე ჭაჭისგან სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების და ღვინის მარილის დამამზადებელი ლაბორატორია.

 

 

ამ პერიოდში მოიმატა არაყის აქციზის ფასმა, რის გამოც ზოგიერთი ,,არყის მექარხნეებმა“ დაიწყეს სხვადასხვა სპირტიანი სასმელების დამზადება, მაგალითისთვის ლიქიორების.

 

 

1890 წელს მენდელეევის მოწაფემ, ერთმა რუსის პროფესორმა განიზრახა ტფილისთან ახლოს, რუსეთის იმპერიაში პირველი ღვინის ხაშურის (ღვინის ლექი) ქარხნის დაარსება. ვინაიდან ეს ხაშური საქართველოში დიდძალი ოდენომით გროვდებოდა და მარსელში იგზავნებოდა. მისგან კი უცხო ქვეყნებში დაბალი ხარისხის ღვინოს ,,კარგ ღვინოდ“ აქცევენ. ფრანგ ემილ ტიბის განზრხული ჰქონდა ტფილისში შამპანურის ქარხნის დაარსება.

 

 

მიხეილის ქუჩაზე ბატონ ზემელს ჰქონდსა შამპანურის კანტორა. თავად წერეთელისა და ბატონ ეჯუბოვის თაოსნობით სპირტისა და კონიაკის წარმოებისათვის შეიქმნა ამხანაგობა.

 

 

ტფილისში ვარანცოვის ძეგლის მახლობლად ზემელის ქარხანაში მზადდება და იყიდება სუფთა გაფილტრული წყლის ყინული.

 

 

ჩვენში დამზადებულმა ალკოჰოლურმა სასმელებმა ბევრ საერთაშორისო გამოფენებზე მიიღეს მონაწილეობა და ბევრი ჯილდოც დაიმსახურეს: 1890 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ჯორჯაძის ღვინომ მიიღო. უმაღლესი ჯილდო. იმავე წელს ფირმა ,,თ.ჯორჯაძე და ამხანაგები“, რუსეთის იმპერიის ფინანსთა სამინისტრომ დააჯილდოა სახელმწიფო ღერბით;

 

 

1892 წელს კიევის გამოფენაში იოსებ ბაბუნიძის ღვინომ დაიმსახურა საპატიო დიპლომი, ხოლო ვენახების მოშენებისათვის მოიპოვა მთავარი ჯილდო და ოქროს მედალი.

პარიზის სამიწადმოქმედო აკადემიის წევრმა, სხვადასხვა სასმელების ქარხნების მეპატრონემ ქუთაისელმა ბატონმა ბოლქვაძემ, რომლის პროდუქტები ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე იყო დაჯილდოვებული. ერთი ვერცხლის მედალი პარიზის სასმელების გამოფენაზე, მეორე ვერცხლის მედალი ყაზანის სამრეწველო გამოფენაზე. თავისი ღვინოები გააგზავნა ჩიკაგოს საერთაშორისო გამოფენაზე. მასთან ერთად აღნიშნულ გამოფენაზე მონაწილეობა მიუღია ანდრონიკაშვილის მიერ წარმოებულ ღვინოებს.

 

 

1892 წელს, საფრანგეთში, ბულონში გამართულ გამოფენაზე ბატონ კ. ადანაიას არყის ქარხანის ნაწარმა ბრინჯაოს (,,ბრონძის“) მედალი დაისაკუთრა.

 

 

1893 წელს ჩიკაგოს გამოფენაზე საჩუქარი მიიღეს- ძმ.სოლომონოვებმა კონიაკისათვის(ტფილისი და შუშა), მეღვინოვმა ტკბილი სასმელები და ლიქიორი(ტფილისი), სარაჯოვმა არაყისთვის (ტფილისი, კავკავი, ერევანი, ყიზლარი,), გოძიევი წითელი ღვინო(პეტერბურგი), ანდრონიკაშვილი თეთრი ღვინო(ტფილისი).

 

 

ყაზანის გამოფენაზე ტფილისის ლიკიორისა და კონიაკის ქარხნის პატრონი დ.სარაჯიშვილი ოქროს ,,მენდლით“ „დააჯილდოვა.

 

 

რაღა თქმა უნდა, იყვნენ მატყუარა და ცრუ მეღვინეები, რომელთაც ხალხი ,,კოტრი“ მეღვინეებს ეძახდა. ისინი მოტყუების სხვადასხვა ხერხებს და ხრიკებს ფლობდნენ, მათ ხმარებაში შემოიღეს უფრო მცირე ტევადობის ბოთლები, რითაც ერთ თუნგში ორ ბოთლს იპარავდნენ. ხშირი იყო ღვინის ფალსიფიკაციის შემთხვევები: ,,... ტფილისშიც შეურევნელ, უყალბო ღვინოს ვერ იშოვნი და მერე ვინ იცის რა წამალი და რა საღებავია ნახმარი. ფალსიფიკაცია ხომ იგივე ავაზაკობაა!“ კანონი კი სდევნიდა გამყალბებლებს, მაგრამ სულ რაღაც 10 თუმნის ჯარიმით ან ერთ თვემდე პატიმრობით.

 

 

იგივე მდგომარეობა იყო მთელ კავკასიაშიც და ზოგადად რუსეთის იმპერიაში, უმრავლეს ღვინის სარდაფს ,,კახური“ ეწერა, მაგრამ მათ ღვინოში წვეთი არ ერია კახური ღვინის. ასე მაგალითად, ტფილისელ სირაჯებს განჯის გუბერნიის იაფი ღვინოები რუსეთში როგორც კახური ღვინო ისე გაჰქონდათ, ხშირად წამალშერეული და ფალსიფიცირებული. ქართლის მდარე (ასე ეძახდნენ მაშინ) ღვინოში კი უფრო მეტ სარფს ნახულობდნენ ვიდრე კახეთისაში, რადგან ქართლის უფრო იაფი ღვინო, ბოთლი 5-6 კაპიკი ჯდებოდა, ტფილისში ,,განაკარგებენ“ და ჰყიდნენ როგორც კახურ ღვინოს, ბოთლს აბაზად. თვითონ ბოთლის ტარაც კი ძალიან ძვირი ღირდა, 10 კაპიკი.

 

 

ღვინის ფალსიფიცირების წინააღმდეგ საბრძოლველად ტფილისის სამკურნალო საზოგადოებაში გამართულ შეკრებებზე იკითხებოდა მოხსენებები. დაახლოებით ასეთი შინაარსისა: ,,ღვინის გაბევრების ხერხს ევროპელები ,,პეტიოტიზაციას“ ეძახიან. ეს სისტემა პირველად 1854 წელს იხმარა ბურგუნდიაში ვინმე პეტიომ. ჩვენში კი ეს კარგა ხნით ადრე იყო ცნობილი, მაგრამ ჩვენში ჭაჭაზე წყლის მიცემა იცოდნენ. ასეთ ღვინოს ჩვენში ,,შამანს“ ეძახიან და მდაბიო ხალხი სვამს. ევროპაში კი მხოლოდ შავ ყურძენზე წყალი და შაქარი და ამგვარ ღვინოს ,,პიკეტს“ ეძახიან. 3-4 ჯერ მეტი ღვინო გამოდის. საფრანგეთში ასეთი სასმელის ღვინის სახელით გაყიდვა კანონითაა აკძალული. მეცნიერნი პოდაგრის გაჩენას ასეთ ღვინოს აბრალებენ“. გარდა ამისა ყოველთვის არც ღვინის შენახვის და რეალიზაციის სანიტარული ნორმები იყო დაცული. იყო შემთხვევა როცა ანჩისხატის უბანში, ბაგრატიონის ქუჩაზე ვიღაც სირაჯი ორმოში დაღვრილ ღვინოს აბრუნებდა ტიკში.

 


ჩვენი ღვინო, განსაკუთრებით კი კახური ძლიერ გავრცელებული იყო პოლონეთში, კერძოდ კი ვარშავაში. ასეთი პოპულარობა განსაკუთრებით ბაგრატიონ - მუხრანსკის და ჯორჯაძის დამსახურებაა, რომელთაც მოახერხეს და ქართულ ღვინოებს მოაცილეს ის სუნი, რასაც ვერ იტანდა ევროპელი. არანაკლები ღვაწლი ჰქონდა თავად ვახვახიშვილს, აქ იყიდებოდა ,,ატენი“, ,,წინანდალი“, ,,კარდენახი“, ,,ყვარელი“, ,,თამარი“, ,,ნინო-წმინდა“ და სხვა ღვინოები. ვარშავაში ქართული ღვინით ვაჭრობდნენ ქართველები, მომეტებულად უფრო მეგრელები, ,,რომლებიც კაი თანხას ატრიალებენ“ და სომხებიც, მათ შორის სიღნაღელი სომხები.

 


1893 წლისთვის ტფილისში ღვინის რეალიზაციას ეწეოდა 313 დუქანი. ამ დუქნების კარგი შემოსავლიანობის გამო ტფილისის გამგეობამ მათ აქციზის ხარჯი ისეთივე დაუდგინა როგორც ტრაქტირს, წელიწადში 10 (ათი) თუმანი.

 

 

ტფილისელი ჩარჩები ყალბი ცნობით, მოედნებზე დაყენებული ძველი ურმებიდან თითქოს გლეხკაცი ყოფილიყო, ჰყიდდნენ სოფლებიდან რუმბებით ჩამოტანილ ღვინოს, რითაც ძლიერ ავიწროებდა გლეხს თავისი პროდუქტის გაყიდვაში, მით უმეტეს რომ ჩარჩები ყველანაირად ცდილობდნენ რომ მათ მუშტარი არ მიკარებოდა. ამიტომ პროდუქტის გაფუჭებას ნახევარ ფასად დათმობა ერჩია გლეხს. სირაჯს სოფლიდან ღვინის მომარაგებაში ეხმარებოდა მისივე მოსამსახურე, ღვინის დალალი - ფიქშანი.

 

 

კანონით ღვინით ვაჭრობა ყველას შეეძლო გარდა ებრაელებისა, რომელთაც რუსეთის სენატის 1892 წლის ბრძანებით, მხოლოდ საკუთარ სახლებში შეეძლოთ სასმელებით ვაჭრობა.

 

 

იმ დროის თბილისში გარდა ღვინისა იყიდებოდა ,,შამპანური“, რომი, კონიაკი, ლიქიორი და სხვა ალკოჰოლური სასმელები. მხოლოდ 1886 წელს ტფილისში ამ დასახელების 14866 ბოთლი სპირტიანი სასმელი შემოსულა, ხოლო 1892 წლის ივნისის თვეში, როცა ქოლერა მძვინვარებდა, ტფილისის საწყობებში და მაღაზიებში იმდენი კონიაკი გაყიდულა რაც წინა სამ წელიწადში ერთად აღებული. მაგალითად მხოლოდ რიშარის მაღაზიაში 12 ათასი მანეთის კონიაკი. ბევრი გაყიდულა აგრეთვე სარაჯიშვილის ქარხანასა და მაღაზიებში. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ტფილისში, ქალაქის წესდებით, სასმელების დუქნები სასწავლებლებისა და ეკლესიებისგან მინიმუმ 40 საჟენზე უნდა ყოფილიყო დაშორებული.

 

 

ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციას ეწეოდნენ მეწარმეები, ვაჭრები, მედუქნეები და ტრაქტირები. ილია ჭავჭავაძის და სხვა თავადთა კახურ ღვინოებს ჰყიდდა ვაჭარი კურდღელოვი (ბოთლი ღვინო 15 კაპიკიდან 1,5 მანეთამდე. ვედრა 2 დან 12 მანეთამდე); მუხრანსკის ღვინის მაღაზიას გოლოვინსკზე, განაგებდა ანდრონიკე იოსავა; ზახარ ხიმონოვი მადათოვის ქუჩაზე; გიგო ლობჟანიძე სირაჯხანის აღმართზე, იქვე სტეფანოვის არყის საწყობი; ი.ანდრონიკოვის ღვინის სარდაფი ,,მელაანი“, მიხეილის ქუჩაზე; ფ. ისარლოვის კახური ღვინის სავაჭრო სარდაფი ვარანცოვის წყლის პირზე ნაბერეჟნის ქუჩაზე; ვენახის მემამულეთა ამხანაგობა მიხელის ქუჩაზე და ერევანსკის მოედანზე თამამშევის ქარვასლაში; კოოპერატიული საზოგადოება ,,კახეტია“, ქალაქის ყველა რესტორანსა და გასტრონომიული-ღვინის მაღაზიებში,მთავარი საწყობი გოგოლის ქ.63 ; მ. ივანოვის სირაჯის დუქანი ავლაბრის მოედანზე; ფილიაშვილის ღვინის სარდაფი მადათოვის კუნძულზე ; გიორგი ჭავჭავაძისა ღვინის სარდაფები გოლოვნის და კრუზენშეინის ქუჩებზე; ა თუნიევის ღვინის საწყობი, მიხეილის ქ.72; ღვინით მოვაჭრე გახლდათ ტფილისელი სოლომონ გაბაშვილი; ვაჭარ მეღვინოვს ჰქონდა არაყეულობის საწყობი გოლოვინის ქუჩაზე; ღვინის სარდაფები: ,,ალაზანი“, სარდაფი ,,კახეთის მემამულეთა“, ,,მელაანი“, სარდაფი ჯორჯაძისა... ტრაქტირი ,,ვარშავა“ იარმურკაზე; რესტორანი ,,დასავლეთი“ ვერაზე; ბაღი- რესტორანი ,,ნიუ-იორკი“ მუშტაიდთან; ე.ჩხარტიშვილის ბუფეტი, რკინიგზის სადგურში; ბაღი-რესტორანი ,,კახელების ბაღი“, ვერაზე ჯვართან; ბაღი ,,კინ გრუსტი“, ვერაზე; ბუფეტი ,,პურ-მარილი საქართველო“, გოლოვინზე; ,,ტახტა დუქანი“ ტფილისსა და სოღანლუღს შორის,; კომერციულ რესტორანში არწრუნისეულ ქარვასლაში; თადეოზ კოლაძისა დუქანი რიყეზე ; მჭედლიძის, პეტრეზოვის , ნიკო ჩიკვაიძისა და არჩილ მიქელაძის დუქნები; ,,ზაქიას“ სამიკიტნო სადგურთან.

 

 

მთელი იარმურკა სავსე იყო სამიკიტნო დუქნებით, სავსე მოქეიფე კაცებით თუ დედაკაცებით. ხშირად მათ შორის საშინელი ჩხუბიც იმართებოდა.

 


ტფილისი ლუდმაც მოიკიდა ფეხი. აქ დამზადებული ლუდის ხარისხით ხალხი არ იყო კმაყოფილი, იძახდნენ: ,,ლუდის მაგიერ ბურდოს ჰყიდიან მამასისხლადო“. მაინც მრავალი ლუდხანა იყო მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს: თ. ზაგასიას, მიხეილის ქუჩაზე; ელისაბედ გუტბროის, დიდუბეში; სარქისოვის, მუხრანის ქუჩაზე; მუსეჩუკის, მიხეილის ქუჩაზე; ჩიტაძის, მენახშირეების ქუჩაზე და სხვათა ლუდხანები.

 


იყიდებოდა სამეფო ლუდი დიტრიხის ქარხნისა, მდებარე მუშტაიდის გვერდით, ადოლფ მადერის ქარხნის, მდებარე ელისაბედის ქუჩაზე, ვეტცელის ცნობილი ქარხნის ლუდი. ,, მალაკნებთან“ იყო ,,ჟიგულიოვსკის“ ლუდის საწყობი. ზაფხულში, სხვადასხვა საჭიროებებისათვის და მათ შორის ლუდის მოხმარებისთვის აუცილებელ ყინულს სოფლებიდან ურმებით ეზიდებოდნენ. თუ მტკვარი არ გაიყინებოდა იმ წელს ერთი ურემი ყინულის ფასი 2,5 მანეთს აღწევდა. ამ პერიოდში ბატონმა ზემელმა დაიწყო ყინულის ხელოვნური წესით დამზადებაც.

 

 

სამწუხაროდ ტფილისში ადგილი ჰქონდა ღვინის მიღების წრეგადასულობას, ,,როცა კარგი მოსავალი იყო უხვად ათთუმნიანების მოტანა იცოდა ველისციხის საფერავის წვენმა, ჰოდა მაშინ კი გაისმოდა სიმღერა: ,,ლოთებო ნეტავი ჩვენა“, ან ,,ვიშე შახა, ვიშე ხანა, ვიშე იალბუზუ ბუდუ“. ასეც ანგლობდნენ ლოთები:

 


,,...არ გავცვლი გეოს დუქანსა
უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი ორთაჭალასა
სხვა ქვეყნის სამოთხეზედა...“
მაგრამ იყო კიდევ ღვინის შესმის კარგი, კეთილი, ნამდვილი ტრადიციაც:
,,უღვინოთ ლხინი ვინ ნახა,
ვინ გადიხადა ძეობა,
დავლიე იგი ზომაზე,
მომცა ძალა და მხნეობა,
გულს ჭირი გადამეყარა,
ენას მიეცა მზეობა,
ლოთობა, გზაში ბარბაცი
არ არის ჩვენი ზნეობა.“

 


მე-19 საუკუნის ბოლო მესამედში საქართველოში ინტენსიური სამრეწველო განვითარება დაიწყო ქვეყნისთვის ტრადიციულმა სამეურნეო დარგმა - მეღვინეობამ, რომელსაც შესანიშნავად აუბა მხარი მაგარი და სუსტი ალკოჰოლური სასმელების - კონიაკის, არაყის, ლიქიორის და ლუდის წარმოებამ.

 

 

1886-1895 წლების  ქართული პრესის მიხედვით, ედიშერ ოდიშარია

 

კომენტარები: 1
#1   ლალი ტაბატაძე
      
დღეს მივიწყებულ უახლოეს საქართველოს ისტორიიდან , ეს საინტერესო ნატყვეტი არის აღმოჩენა, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიული მეხსიერების ფონდისათვის. დიდი მადლობა ბატონ ედიშერ ოდიშარიას , რომ ასეთ კარგ საქმეს აკეთებს, რადგან ისტორიის არ დავიწყება , აწყმოს
აძლიერებს! (სამწუხაროდ ვერაფრით ვერ გაუშვი ეს კომენტარი საგაზეთოდ)
22 ივნისი 2020 04:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი