[ვიდეო] კახა კალაძემ „მზიურის“ განახლებული პარკი გახსნა - „მე გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპაში იქნება ყველაზე მწვანე, ყველაზე ლამაზი, ყველაზე უსაფრთხო“
14-06-2020, 09:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატა - „მზიურის“ განახლებული პარკი გაიხსნა.

 


პარკის გახსნას თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და ევროკავშირის ელჩთან საქართველოში კარლ ჰარცელთან ერთად დაესწრო.

 


„მინდა, მივესალმო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უხარია დღევანდელი დღე, ყველა ის სიახლე, რომელიც დაკავშირებულია „მზიურის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან. არ შემიძლია, არ გავიხსენო 2015 წლის 13 ივნისი, დღე, რომელმაც ჩვენს ქალაქს ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა. სამწუხაროდ, ჩვენ დავკარგეთ ადამიანები, გაუბედურდა ინფრასტრუქტურა, თუმცა მისი განახლება-აღდგენა მოხერხდა, ადამიანების სიცოცხლეს კი, სამწუხაროდ, ვერ დავაბრუნებთ. მინდა, კიდევ ერთხელ მწუხარება გამოვთქვა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ეს დღე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ძალიან მძიმე იყო, თუმცა შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ 2015 წლის 13 ივნისს შედგა სოლიდარული ქართული საზოგადოება. ჩვენ გვახსოვს, იმ მძიმე ღამის შემდეგ გამოჩნდა ახალგაზრდების ძალიან დიდი ჯგუფი. როგორი შემართება, მხარდაჭერა და ერთსულოვნება იყო! ძალიან ბევრი მათგანი დღევანდელ ღონისძიებას ესწრება და მინდა, მათ კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რასაც ეს ადამიანები აკეთებდნენ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გამოვსულიყავით იმ მძიმე მდგომარეობიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მერმა საზოგადოების სოლიდარობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

 

 

„ამ რთულმა დღეებმა ჩვენ, საზოგადოებას მოგვცა სოლიდარობის განცდა და შემთხვევითი არ არის, რომ ამ პანდემიის პირობებში, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის, ღონისძიებებში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იქნა გატარებული ერთმანეთის ჯანმრთელობის და სოცოცხლის დასაცავად, საქართველოს თითოეული მოქალაქის ჩართულობა და როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდა, ამისთვისაც ყველას მადლობა გადავუხადო, იმისთვის, რომ ჩვენ ვზრუნავთ ერთმანეთზე, ვიცავთ ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

 

 

 

ამასთან, კახა კალაძემ პირობა დადო, რომ მალე თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი გახდება.

 

 

„დღეს მე, როგორც ქალაქის მერი, ბედნიერი ვარ იმით, რომ ქალაქს კიდევ ერთი რეკრეციული სივრცე შეემატა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მე პირობა მივეცი დედაქალაქის მოსახლეობას, რომ ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტ რეკრეაციულ, მწვანე სივრცეს აჩუქებს დედაქალაქს. ჩვენ ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ. დღეს „მზიურის“ პარკის გახსნაა, მომავალში გაიხსნება კიკვიძის პარკი, დაგეგმილი გვაქვს ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ასევე, გლდანში რამდენიმე პარკის რეაბილიტაცია იგეგმება. ასე რომ, მე გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპაში იქნება ყველაზე მწვანე, ყველაზე ლამაზი, ყველაზე უსაფრთხო, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ყველაზე მოწესრიგებული,გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ყველანი ერთად შევძლებთ. მხოლოდ მერი ან მერიის თანამშრომლები ვერაფერს გახდებიან, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დგომა და დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით დიდი სოლიდარობა იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

„მზიურის“ პარკის რეაბილიტაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული კომპლექსური პროექტის ბოლო ფაზაა, რომელიცინფრასტრუქტურის სამინისტრომ დღეს ოფიციალურად დაასრულა. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარე გამწვანება და პარკი.

 

 

აღდგა პარკში არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები და გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია: კანალიზაცია, სასმელი წლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები.

 

 

პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ველო ბილიკები, სკამები, ურნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, დასასვენებელი ადგილები და დაიდგა ზონირების შესაბამისი ნიშნები.

 

 

ასევე, პარკის ტერიტორიაზე გაკეთდა ხელოვნური ტბა, სკეიტბორდის და საბავშვო გასართობი მოედნები.

 

 

პარკში შეიქმნა ისეთი ტიპის სპორტული, კულტურული და რეკრეაციული სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს გახდის “მზიურს“ ყველა ასაკის ადამიანისათვის. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების პირებისთვის.

 


„მზიურის“ განახლებული პარკი გადაეცემა თბილისის მერიას და მასზე "ეკოსერვის ჯგუფი" იზრუნებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი