აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი უოლტერ მონდეილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა
20-04-2021, 09:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - აშშ-ის ყოფილი „დემოკრატი“ სენატორი და ჯიმი კარტერის ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტი უოლტერ მონდეილი, რომელმაც 1984 წელს საპრეზიდენტო არჩევნები „რესპუბლიკელ“ პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან ამ უკანასკნელის მეორე ვადით კენჭისყრისას წააგო, 19 აპრილს მინეაპოლისში, თავის სახლში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახის მეგობარმა და წარმომადგენელმა გამოაცხადა, მაგრამ სპეციფიკური მიზეზი არ დაუსახელებია, იტყობინება „ვაშინგტონ პოსტი“.

 

 

როგორც საგაზეთო სტატიაშია აღნიშნული, მონდეილი ქვეყნის პოლიტიკურ სცენაზე მთავარი მოთამაშე იყო ორი ათწლეულის განმავლობაში. 1964 წელს იგი სენატში მინესოტადან აირჩიეს, 1976 წელს კი ჯიმი კარტერმა, ჯორჯიის ყოფილმა გუბერნატორმა და „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა იგი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა და ჯერალდ ფორდის მცირე უპირატესობით დამარცხების შემდეგ კარტერ-მონდეილის ტანდემმა 4 წლით ჩაიბარა ქვეყნის მმართველობა, მაგრამ თეთრ სახლში მათი 4-წლიანი მოღვაწეობა, 1980 წელს „რესპუბლიკელი“ რონალდ რეიგანისა და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯორჯ ჰერბერტ ბუშის გამარჯვების შემდეგ დასრულდა, რასაც ხელი შეუწყო ნავთობის კრიზისმა და ირანში აშშ-ის საელჩოში აყვანილი მძევლების კრიზისმა.

 

 

(1977 წელი, ჯიმი კარტერი და უოლტერ მონდეილი თეთრ სახლში ახალგაზრდებს ხვდებიან)

 

 

1984 წელს მონდეილი „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, მაგრამ რეიგანთან სასტიკად დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მონდეილმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი, ჯერალდინ ფერარო აირჩია, რომელიც მთავარი პარტიის მიერ ასეთ მაღალ პოსტზე დასახელებული პირველი ქალი გახდა, თუმცა ამან ქალების ხმების მოზიდვა ვერ შეძლო. მდედრობითი სქესის ამომრჩეველთა უდიდესმა ნაწილმა ხმა რეიგანს მისცა.

 

 

მონდეილი ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ თავისი ვადის ბოლოსთვის 2/3-ით შეამცირებდა რეიგანის მთავრობის ბიუჯეტის დეფიციტს. „მოდი, ვთქვათ სიმართლე. ეს უნდა გაკეთდეს. ეს უნდა გაკეთდეს. ბატონი რეიგანი გაზრდის გადასახადებს და იგივეს ვიზამ მეც, მაგრამ ის არ გეტყვით ამას. მე კი უკვე გითხარით“, თქვა მონდეილმა ერთ-ერთი გამოსვლისას. მაგრამ არც მისი გულწრფელობა ფისკალურ საკითხებზე და არც მისი პროგრესული მიდგომა ქალთა როლისადმი ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ცხოვრებაში, არ აღმოჩნდა მისი წარმატებისთვის საკმარისი. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, მას აკლდა ქარიზმა, რომელიც საჭირო იყო მისი კანდიდატურის გასაყიდად ტელევიზიაში და იგი ეპაექრებოდა რეიგანს, ჰოლივუდის ყოფილ მსახიობსა და კალიფორნიის ექს გუბერნატორს, რომელიც ამის დიდოსტატი იყო.

 


1984 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რეიგანმა პოპულარული ხმების თითქმის 58.8 პროცენტი მიიღო - 54.5 მილიონი ხმა, მონდეილმა კი 40.6% - 37.57 მილიონი. საარჩევნო კოლეგიაში ხმების თანაფარდობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მონდეილმა მხოლოდ მინესოტასა და კოლუმბიის ოლქში გაიმარჯვა და საარჩევნო კოლეგიაში საერთო ჯამში 13-იოდე ხმა მოაგროვა, რეიგანმა კი 525. ასევე, საგულისხმოა, რომ მშობლიურ შტატში, არჩევნებში მონაწილე 2 მილიონი ამომრჩევლიდან მონდეილმა 4 000-ზე ნაკლები ხმა მიიღო.

 


ამის შემდეგ, მონდეილი მინესოტაში დაბრუნდა და საქმიანობა კერძო იურიდიულ კომპანიაში განაგრძო, თუმცა 1993 წელს საჯარო ცხოვრებას ისევ დაუბრუნდა, როცა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა იგი იაპონიაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაასახელა.

 

 

(1993 წელი, ბილ კლონტონმა მონდეილი იაპონიის ელჩად დაასახელა)

 

 

მან ტოკიოში 1996 წლის დეკემბრამდე იმსახურა. ელჩის პოსტზე მუშაობის დასრულების შემდეგ ისევ მინესოტაში დაბრუნდა და განაცხადა, რომ დაასრულა თავისი პოლტიკური კარიერა.

 


მცირე დეტალები მისი ბიოგრაფიიდან

 


უოლტერ ფრედერიკ მონდეილი, რომელსაც იცნობდნენ, როგორც „ფრიცს“, 1928 წლის 5 იანვარს, მინესოტას შტატში, ცეილონში დაიბადა, იქ, სადაც მისი ნორვეგიული წარმოშობის წინაპრები დასახლდნენ მე-19 საუკუნის შუა პერიოდში. მამამისი, თეოდორი, ღარიბი ფერმერი იყო, რომელიც მეთოდისტური ეკლესიის სამღვდელო პირი გახდა, ხოლო დედამისი ნახევარ განაკვეთზე მომუშავე მუსიკის მასწავლებელი იყო.

 


თინეიჯერობისას იგი ქორწილებში მღეროდა, გატაცებული იყო სპორტით და ფეხბურთსა და კალათბურთში კარგი მიღწევები ჰქონდა. მან მინესოტას უნივერსიტეტი 1951 წელს დაამთავრა, შემდეგ 2 წელი არმიაში იმსახურა და ისევ მინესოტას უნივერსიტეტს მიაშურა, იურიდიულ ფაკულტეტს, რომელიც 1956 წელს წარმატებით დაასრულა, ერთი წლის შემდეგ კი ოჯახი შექმნა.

 

 

(ფოტოზე: მონდეილი ცენტრში, 1960 წელს ფიცს დებს მოსამართლის წინაშე მინესოტას გენერალურ პროკურორად არჩევისას)

 

 

მონდეილი1960 წელს მინესოტას გენერალური პროკურორი გახდა, 1964 წელს სენატორი და ამის შემდეგ მას, 2 ათეული წლის განმავლობაში ამერიკულ პოლიტიკაში აქტიური როლი ეკავა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი