გელა ჩარკვიანი: შევარდნაძესთან მუშაობის პერიოდში, ამ მომენტამდე მისგან არასდროს მსმენია პირველი მთავრობისა და თავად გამსახურდიას შესახებ ღვარძლიანი გამოთქმები...
11-09-2021, 12:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

იანდარბიევის სტუმრობა

 

1994 წლის 5 იანვარი იყო, როცა გერმანიის საელჩოდან ნინო ჟღენტმა დამირეკა და შემეკითხა, – რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ქალაქში გავრცელებული ხმები ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის შესახებო. მე ამგვარი რამ პირველად მესმოდა, ვერაფერი დავუდასტურე, ჩემთვის კი გავიფიქრე, რომ ეს მორიგი ჭორი იქნებოდა. ზვიადთან დაკავშირებით საქართველოში მაშინაც და მერეც ყოველდღე ვრცელდებოდა მითოლოგიური სიუჟეტების მქონე, ფანტასტიკური ისტორიები. ცოტა ხანში დამირეკა შევარდნაძის მდივანმა ცისანა ჩიხლაძემ, ჩეჩნები არიან მოსული და ვინმე დაახვედრეთო.

 


ოთახში რომ შემოვიდნენ, მომეჩვენა, რომ ბევრნი იყვნენ. წინ ბრჭყვიალა შავ კოსტიუმში და შავ შლაპაში გამოწყობილი ჩეჩნეთის ვიცე-პრეზიდენტი ზელიმხან იანდარბიევი მოუძღოდათ. სხვებსაც ეხურათ შავი შლაპები. მათ შემოყვნენ ვიცე-პრემიერი ირაკლი მენაღარიშვილი და უშიშროების მინისტრის მოადგილე ავთანდილ იოსელიანი. საღამო ხანი იყო. გარეთ უკვე ბნელოდა, როცა შევარდნაძესთან ავედით.

 


დიალოგი რუსულ ენაზე იანდარბიევსა და შევარდნაძეს შორის წარიმართა. სხვები საუბრის მსვლელობისას სულ რაღაც ორიოდ რემარკით შემოიფარგლნენ. შევარდნაძესთან მუშაობის პერიოდში, ამ მომენტამდე მისგან არასდროს მსმენია პირველი მთავრობისა და თავად გამსახურდიას შესახებ ღვარძლიანი გამოთქმები. უცხოურ დელეგაციებთან საუბრისას ის ახასიათებდა ყოფილ ხელმძღვანელობას, როგორც გულუბრყვილოს ან გამოუცდელს და სახელმწიფოს მართვის საკითხებში არაკომპეტენტურს, მაგრამ სოხუმის დაცემის და სამოქალაქო ომის შემდეგ მისი ლექსიკა გამკაცრდა და ეს პირველად, მთელი სიცხადით, სწორედ იანდარბიევთან საუბრისას ვიგრძენი.

 


იანდარბიევი: „გუშინ საღამოს მოვიდა მისი უახლოესი ადამიანი და გვითხრა, რომ თავი მოუკლავს და დაუმარხიათ კიდევაც. თუ ასეა, სამძიმარს გიცხადებთ. მან დიდი წვლილი შეიტანა კულტურაში, გარდა იმისა, რომ იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი. ის, თუ როგორი იქნება რეაგირება ამ ამბავზე, დიდად განსაზღვრავს მოვლენათა განვითარებას, როგორც თქვენთან, ისე კავკასიაში“.

 


შევარდნაძე: „მე გუშინ საღამოს გავიგე, რომ მან თავი მოიკლა რომელიღაც სოფელში. ჩვენ მას არ ვდევნიდით. პოლიტიკურად იგი საშიშროებას აღარ წარმოადგენდა. მე ასეთი ეჭვიც გამიჩნდა, მის გარემოცვას ხომ არ უნდოდა მისი თავიდან მოცილება. თვითმკვლელობას დიდი გამბედაობა სჭირდება, რატომღაც ვერ ვიჯერებდი. თუმცა, იქნებ ავადმყოფობის გამო. მისი ხალხის უმეტესობა ჩვენს მხარეზე გადმოვიდა. მეუბნებოდნენ, რომ იგი განიხილავდა გროზნოში დაბრუნების გზებს. ჩვენ არ ვიქნებოდით წინააღმდეგი. ახლა კი აღარ ვიცი, ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. დავკრძალოთ როგორც ვინ? მისი ობსტრუქციონისტული პოლიტიკის გამო ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი. ამდენი სისხლისღვრა. დავკრძალოთ როგორც გმირი? რაიონში, სადაც, როგორც ამბობენ, ეს მოხდა, არაფერი იციან. ამიტომ მე მზად არ ვარ რაიმე გიპასუხოთ“.
იანდარბიევი: „მისი უახლოესი კაცი მოვიდა და გვითხრა ეს ამბავი“.

 


შევარდნაძე: „რა გვარია ეს კაცი?“

 


იანდარბიევი: (დაიბნა) „არ მახსოვს“.

 


შევარდნაძე: „მე ყველაფერს ზუსტად, გულწრფელად გიყვებით. თქვენ კი ამის თქმაც არ გინდათ“.
იანდარბიევი: „გაგიგებთ. გარწმუნებთ, უცებ გამოვფრინდით. ფაქტია, რომ გამსახურდია იმსახურებს იმას, რომ განსაკუთრებული პატივი მიაგოთ. ეს თქვენს პრესტიჟსაც აამაღლებს“.

 


შევარდნაძე: „თქვენგან ჭკუის დარიგება არ მჭირდება. მის სინდისზეა 250 000 ლტოლვილი. ჩვენ აფხაზეთი დავკარგეთ. ისიც ხომ მშვენივრად ვიცით, აქ როგორ ჩამოფრინდა. ხომ არ გაგვიკეთებია საპროტესტო განცხადება ერთ-ერთი ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკის წინააღმდეგ. გეყოფათ. თქვენ აფხაზეთში დამკვრელ ბრიგადებს აგზავნიდით“.

 


იანდარბიევი: „არა, ისინი მოხალისეები იყვნენ“.

 


ავთანდილ იოსელიანი: „რისთვის მოაწყეთ კონფედერაციის ყრილობა სოხუმში?“

 


იანდარბიევი: „კონფედერაცია საჭიროა კავკასიის გაერთიანებისათვის“.

 


შევარდნაძე: „როცა გამსახურდიას სამეგრელოში აგზავნიდით, გამოუყავით თვითმფრინავი. რატომ მაშინ არ დაურეკეთ მეზობლებს, არ შეეკითხეთ, პრეზიდენტი მოფრინავს და ხელს ხომ არ შეგიშლითო?“

 


ამაზე იანდარბიევმა არაფერი უპასუხა.

 


შევარდნაძე: „პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა დაიკითხოს ის კაცი, ვინც ინფორმაცია მოგაწოდათ. ჩვენ მზად ვართ მოვიწვიოთ საერთაშორისო ექსპერტები. თქვენც მიიღეთ მონაწილეობა“.

 


ამ ეტაპზე საუბრის ტონი თითქოს ჩაწყნარდა და ჩეჩნეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკისა და საწვავის საკითხების წამოწევაც კი სცადა, მაგრამ ფინალი მაინც დაძაბული გამოდგა. იანდარბიევის რეპლიკაზე, რომ ჩეჩნეთის პოლიტიკა მხოლოდ კავკასიის ერთიანობისკენაა მიმართული, შევარდნაძემ უპასუხა, რომ იცის, რას ნიშნავს ეგ ერთიანობა. „ერთიანობა ისაა, რომ გლეჯენ საქართველოს, ახლეჩენ მას აფხაზეთსა და ოსეთს“.

 


2004 წლის 13 თებერვალს საინფორმაციო საშუალებებმა აუწყეს მსოფლიოს, რომ კატარის დედაქალაქ დოჰაში, საკუთარ „ჯიპში“, დაცვის ორ წევრთან და ვაჟთან ერთად ააფეთქეს ზელიმხან იანდარბიევი. პარასკევის ლოცვის შემდეგ ის მეჩეთიდან შინ ბრუნდებოდა.

 

 

გელა ჩარკვიანი,


მწერალი, დიპლომატი, პედაგოგი და ტელეწამყვანი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი