ლაშა ჟვანია: მაღალყოვლადუსამღვდელოესო ნეკრესელო მიტროპოლიტო! ბევრი ხმამაღლად… ბევრიც, ჩუმად, ჩათუთქული გულით, მთელს ტანში დავლილი უკიდეგანო ტკივილით გააცილებს შენს ნეშტს
20-09-2021, 09:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეუფეო ტკბილო! შენ იცი, და ბევრმა ჩემმა მეგობარმა და ოჯახის წევრმაც არ იცის, რა ხარ შენ ჩემთვის! როგორც ბერი და იპოდიაკონი პატარა ბავშვმა გაგიცანი სიონის წმინდა, მრავალი თავდადების, ტკივილისა და სიხარულის მოწმე საკათედრო ტაძარში. მაღალმა ღმერთმა ისე განაწესა, რომ შენს მღვდლად კურთხევასაც დავესწარი 1988 წლის ნოემბერში, ხოლო 1989 წლის ნათლისღებას, შენთან ერთად, ისტორიულ დღესაც მომასწრო გამჩენმა, რაც სულის ბოლო ამოფშვინვამდე გამყვება - ამ დღეს საქართველოს, არასრული ათი წლით ადრე ნაკურთხმა, შენმა გამომრჩეველმა, პატრიარქმა ჩვენმა გვამცნო, რომ “ღვთის დიდი წყალობით საქართველოს ეკლესიას დაუბრუნდა მცხეთის ისტორიული ჯვარის მონასტერი და კათალიკოსს ნება დაერთო აღავლინოს მსახურება ღვთისა”. საპატრიარქოს გამგებლობაში იმ დროს, საბჭოთა “პაზიკის” ავტობუსი იყო, ყოველ ათ კილომეტრში წყალი რომ უდუღდებოდა. უწმინდესმა შემოგვთავაზა წავსულიყავით და ერთად შეგვეწირა მადლობა ღვთისათვის. შენ შემაგდე იმ მცირე ავტობუსში და მეც კათოლიკოსთან ერთად აღმოვჩნდი ჯვარზე. რამდენიმე სახე და სახელი ახლაც მახსოვს - ჩემი ლონდა Londa Jikia, ქეთევანი (ახლა მონაზონი ანგელინა), რუსიკო ავალიშვილი და ცისანა ბედელაძე; ჩემი დოკი, სტეშა და ვალია. მამა ამირან ამირანაშვილი, თემურ (მამა თეიმურაზი) ბერიშვილი; რეზო (მამა რევაზი) სიხარულიძე, ფედოსიაც და ახლანდელი დედა ბარბარეც იქ იყვნენ მგონი.

 


შენ იდექი ლერწამივით მაღალი და თხელი, სიხარულით და დიდი მადლით სავსე და მსახურობდი როგორც მღვდელი იეროდიაკონი საქართველოს წმინდა კათოლიკოსთან ერთად. მანამდე… მანამდე კატეხიზმო შემასწავლე ჯერ კიდევ იეროდიაკონმა. დაუზარელად, ლოცვის და წირვის შემდეგ, ღვთის, თუნდაც ერთი ცხოვარისთვის რომ რჩებოდი სიონის წმინდა ტაძრის ეზოში. ათას სულელურ კითხვას პასუხობდი მოთმინებით და სიყვარულით ჩემო ტკბილო და სათნოებით სავსე, ღვთისა და ადამიანთა მოყვარულო კარგო ღვთისმსახურო. 1992 წლის 26 დეკემბერს საღამოს ლოცვაზე, იმავე სიონის საკათედრო ტაძარში, შენი მღვდელმთავრად გამორჩევის ცისკრის ლოვცაზე წარმოთქმული სიტყვის საერთო პათოსი ახლაც იმავე ამაღლებულ განწყობას მიქმნის. არც არაფერი მესმოდა, მაგრამ, ვგრძნობდი, რომ კარგი ხდებოდა ჩვენს ერში…

 


დღეს, ამ ღამეს, წმინდა მიწის ჩრდილოეთიდან იერუსალიმისკენ მიმავალი გწერ მადლიერებით, კურთხევით, შენდობის თხოვნის გრძნობით სავსე, გულწრფელ სიტყვებს: სულ რომ არაფერი გაგეკეთებინა, მრავლისგამკეთებელ მღვდელს და მღვდელმთავარს, 16 წლის მამაახლადგარდაცვალებული პატარა, დაბნეული უიმედო ბიჭისთვის მინიჭებული სიცოცხლისა და ცხოვრების სურვილისთვის ხარ შენ ცხონებული! მაღალყოვლადუსამღვდელოესო ნეკრესელო მიტროპოლიტო! ბევრი ხმამაღლად… ბევრიც, ჩუმად, ჩათუთქული გულით, მთელს ტანში დავლილი უკიდეგანო ტკივილით გააცილებს შენს ნეშტს! ეამბორება შენს მაკურთხეველ მარჯვენას! ვიღაც ამქვეყნიურ ცდუნებას ვერ გაუძლებს და ერთ-ორ, ამ დღეებში, ადამიანთა დამაბნევლად ამოგლესილ “კრებსსაც” მოგაყოლებს, მაგრამ ჩემი და ჩემთან ერთად ბევრი სულიერად გადარჩენილი იმედიანი ცოდვილის გულის “კრებსი” უფრო მეტი რომ არის, ეს იცოდი და ამიტომ შეუდექი მღვდელმსახურების უმძიმეს გზას!

 


განიხარე მეუფეო ქრისტეში!

 


ცხონდი ცხონებულო მღვდელმთავარო კეთილო!

 


დაგვლოცე კარგო ბერო და მრავალთა მომქცეველო და ხელის გამწოდო სათნო ადამიანო!

 


შორიდან მიიღე ამბორი ჩემი ახლობელო ჩემო!

 


შენ ის ხარ, ათი, დღეს დაცემული, მაგრამ ხვალ წამომდგარი კაცის დაცემის სიუჟეტის დამსკრინველ-გამავრცელებელთა ზრახვებს საკუთარი გარდაცვალებით, უკვდავი ეკლესიის სასარგებლოდ რომ აბრუნებ!

 


ჩვენც მოგვიხსენე და შესთხოვე ყველა წმინდანის მსასოებელო მეუფეო, და კარგო მღვდელმთავარო, ჩვენი, მცირესულოვანთაგან აზვირთებული სულების დაცხრომა და დამშვიდება!

 

 

იძინე მშვიდად! ბოდიში! მადლობა!

 


ლაშა ჟვანია,


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში


წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი