ცნობილი „ვიდეობლოგერი“ რეზო ამაშუკელი გამოდის და ნახევარ ქვეყანას დედას აგინებს. ბევრს ჰგონია, რომ ბ-ნი რეზო იდეისთვის ირჯება, სინამდვილეში ეს მისთვის მაღალშემოსავლიანი სამსახურია, მაგრამ რამდენი ამაშუკელი აზის საქართველოს ბიუჯეტს?
08-12-2021, 11:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ერთი არეულ-დარეული პოსტი მინდა დავწერო სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, ოპოზიციაც გავაკრიტიკო, ბიუჯეტის მჭამელებსაც შევეხო და ა.შ.

 

 

ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რამდენადაც ვიცი, 4 საქმეა აღძრული. ჩვეულებრივი ადამიანები ძირითადად არ ინტერესდებიან საქმის დეტალებით. მისი დასჯის მომხრე „ობივატელი“ ზოგად ბრალდებას აყენებს, რომ "მან შექმნა სისხლიანი რეჟიმი" და უნდა დაისაჯოს. ან სვამენ კითხვას "რა, დამნაშავე არ არის?" ემოციურ დონეზეა ეს დამოკიდებულება და არა სამართლებრივი ინსტინქტებით ნაკარნახევი. ემოციით მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენება შეიძლება საარჩევნო ურნასთან, ხოლო სამართალი ასე არ მუშაობს.

 


დანარჩენ საქმეებს აქ არ შევეხები, მხოლოდ მიმდინარე საქმეზე ვისაუბრებ.

 


სააკაშვილს ედავებიან პრეზიდენტის ფონდიდან გახარჯულ ფულს, 9 მილიონს. პრეზიდენტის ფონდიდან მილიონების ხარჯვა პრეზიდენტის დისკრეცია იყო, მაგრამ მას ედავებიან მიზანშეწონილობას.

 


ნორმალურია როცა ერთი ადამიანი ერთპიროვნულად განაგებს ქვეყნის ბიუჯეტის 200 მილიონს? სულ ცოტა, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან სააკაშვილის საქართველო სუპერ საპრეზიდენტო სახელმწიფო იყო და პრეზიდენტის ჭარბი ძალაუფლების ფონზე ასეთი უფლებამოსილებაც არ მაკვირვებს. მომწონსთქო არ ვამბობ, არ მაკვირვებს.

 


სააკაშვილი ნამდვილად არ ცხოვრობდა ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი მუხიკასავით, ასკეტური ცხოვრებით. მისი ცხოვრების ხარისხი ჩანდა. სავსებით შესაძლებელია ხარჯვისას იყოს განცხრომის ელემენტები, მაგრამ ჩვენ რაც პროპაგანდისტულად მოგვაწოდა ხელისუფლებამ, ის ფაქტები მხოლოდ სააკაშვილის სასარგებლოდ მეტყველებს.

 


განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

 


ბიუროკრატიული მარაზმები იუშჩენკოს მასპინძლობისას 400 დოლარის გახარჯვის (საპნის ფული დაითვალეს), პიჯაკების შეძენის, ჰილარი კლინტონის კაფეში მასპინძლობის თაობაზე განხილვადაც არ ღირს.

 


საზოგადოების აღშფოთებას იწვევს, მაგალითად, მისი შვილის სწავლაში გადახდილი 9000 ლარი. მშრალად რომ ვთქვათ, არ არის ეს ის გადაწყვეტილება, რომელსაც ტაშს დაუკრავ, მაგრამ მოდი სიღრმეშიც ჩავიხედოთ. ეს ფაქტი, ჩემს წარმოდგენაში აქარწყლებს მითს იმის თაობაზე რომ მან მილიონები შეჭამა. მილიონების პატრონ ადამიანს 9000 ლარი არ აქვს ბიუჯეტში საძებნელი. ეს მილიონები არც მის პარტიას ეტყობა და არც მისი პარტიის მხარდამჭერ ტელევიზიას.

 


გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურს არ უნდა ედგეს შვილისთვის განათლების მიცემის პრობლემა. ეს აბსურდია. მაგალითად რომ გითხრათ, გაეროს (და არამარტო) სისტემაში მომუშავე რიგითი თანამშრომლების შვილების სწავლის 80%-ს ეს ორგანიზაცია აფინანსებს. ნორმალურია რომ სახელმწიფო მეთაური საკუთარ შვილს საკუთარი სურვილისამებრ, თუნდაც საუკეთესო სკოლაში, ვერ აძლევდეს განათლებას? არ არის ნორმალური. ამიტომ, ჯობდა სახელმწიფო მეთაურისთვის განსაზღვრული სოციალური პაკეტი კანონმდებლობაში გაწერილიყო და სააკაშვილს პირადად არ მოსწეოდა ფულის გამოყოფა.

 

 

შეიძლება ბევრმა თქვენგანმა უყურა გოგი გვახარიას გადაცემას და ინტერვიუს სააკაშვილის ვაჟთან - ედუარდთან. მის მშობლებს სხვა რომ არაფერი გაეკეთებინათ, მარტო ამ ბიჭის გაზრდისთვის ეკუთვნით დიდი მადლობა. მის განათლებაში ჩადებული ფული ნამდვილად არ იყო ფუჭი.

 


ქვემოთ შევეხები ახლა სად იხარჯება ჩვენი ბიუჯეტი და თავად შეაფასეთ ამ საქმეზე სააკაშვილის გასამართლების მორალური უფლება თუ აქვს ამ ხელისუფლებას.

 

 

მანამდე, კიდევ ერთი აბსურდი: ალბერტო ტომბა ჩამოიყვანაო, სვანეთში ისრიალესო და მერე ზღვაში იბანავესო. ტომბა არის თხილამურებით სრიალში მსოფლიოს ჩემპიონი. კარგად მახსოვს მისი ჩამოსვლა. სააკაშვილის მესიჯი იყო, რომ ჩვენ ისეთი მრავალფეროვანი ქვეყანა გვაქვს, ზაფხულში შეგიძლია თხილამურებით ისრიალო და 3 საათში ზღვაში იბანაოო. ტომბა ჩამოყვანილი იყო იმისთვის, რათა მოეზიდათ საერთაშორისო ყურადღება და ფართოდ გაეშუქებინათ. ეს იყო ტურიზმის კარგი პრომო აქცია. ამის ბრალეულობაში შეტანამ ერთი ეპიზოდი გამახსენა საკუთარი გამოცდილებიდან: რუსთაველის ფონდის დირექტორმა - ბნ. სამუშიამ დავისას "წამომაძახა", რომ ბექა კობახიძემ არაჯეროვნად გამოიყენა მისთვის მიცემული გრანტი და საგრანტო პროექტის მსვლელობისას ჰარვარდის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში კითხულობდა ლექციებსო. ქოცობა ამ ორ მაგალითზე უკეთ არ აიხსნება.

 

 

სააკაშვილისავე ბრალდებებშია, რომ ის ფულს უხდიდა ქართველ მომღერლებს, გაიკეთა ბოტოქსი, ალიევთან ერთადაც იყო აბანოში და ა.შ.

 

 

ამავე დროს, დღისით და მზისით ბიუჯეტის სრულიად „კანონიერი“ ძარცვა მიმდინარეობს. ყველა საშუალო და ქვედა რგოლის „ქოცს“ თან მოჰყვება თავისი შლეიფი. ერთი „ქოცი“ წარმოშობს ბიუჯეტის მჭამელ ახლობელთა საგვარეულო ხეს ან ხეებს, ხოლო კრებსითად ისინი ქმნიან ბიუჯეტის მჭამელთა არმიებს.

 

 

მაგალითად, ოკუპირებულ ქვეყანას ჰყავს დაახლოებით 22 ათასი ჯარისკაცი, მაგრამ მხოლოდ თბილისის მერიის სისტემაში მუშაობს 30 ათასი ადამიანი. მთელს საქართველოს ყავს დაახლოებით 26 ათასი პოლიციელი, მაგრამ მხოლოდ თბილისის მერიას 30 ათასი დასაქმებული. მგონი საჭიროა ამ ლაბირინთში შესვლა და საგვარეულო ხეების მოჩხრეკვა, ვინ ვისი დამსაქმებელია და ამ 30 ათას ადამიანში რეალურად რამდენი აკეთებს საქმეს, ხოლო რამდენი უბრალოდ მუქთად ჭამს.

 

 

მაგალითად, ზემოხსენებული ბნ. სამუშია 2014 წელს გახლდათ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. იმავე წელს მისი მეუღლე ხდება თბილისი მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების სააგენტოს თანამშრომელი. მუშაობს, მუშაობს წლები და ახლა მერიის შტატგარეშე თანამშრომელია, წლიური ანაზღაურებით 15 ათას ლარამდე.

 

 

ვინ არის სამუშია? წვრილფეხობა. რამდენი ასეთი გვყავს? ძალიან ბევრი. მეუღლის გარდა რამდენი ნათესავი ყავთ, რაც დეკლარაციებში არ ჩანს? ბევრი.

 

 

შეუძლია ამათი ზიდვა ჩვენს ბიუჯეტს? არ შეუძლია.

 

 

სხვათა შორის, გიგი უგულავა ასეთი რამის ერთჯერადად გაკეთებისთვის გაასამართლეს. თავად კი მუდმივი და ლეგალური სახე მისცეს ბიუჯეტით საკუთარი შლეიფების კვებას.

 

 

ჩვენში ოპოზიცია არ მუშაობს. დარბიან ქუჩებსა და ტელევიზიებში, ლოზუნგებით რომ „უნდა დავასრულოთ!“, „ხიხო!“ და ა.შ. მუშაობა არავის უნდა.

 


საჭიროა ისეთივე მიზანმიმართული მუშაობა, როგორც ეს ნავალნიმ გააკეთა რუსეთში „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ შექმნით. ყოველკვირეულად შიფრავდა კლანების და ბიუჯეტის მჭამელთა ქსელებს. ცალკე გამოძიების ციკლი ჰქონდა პროპაგანდისტებთან დაკავშირებით - რამდენი უჯდება ბიუჯეტს სალავიოვის, მარგარიტა სიმონიანის და მისი მეუღლის, კისილიოვის და სხვათა შენახვა, რა ქონებები დააგროვა ამ ხალხმა (იტალიაში ვილები და ა.შ.), რა სქემები მუშაობს და სხვ.

 


ჩვენში ვინმემ გამოიძია რატომ ირღვევიან შუაზე ღია აბაშიძეები, პოსტტივის ანალიტიკოსები, იმედის მაგდა ანიკაშვილები და სხვები?

 


ერთ მაგალითს აქაც ვიტყვი: ცნობილი „ვიდეობლოგერი“ რეზო ამაშუკელი პერიოდულად გამოდის და ნახევარ ქვეყანას დედას აგინებს. ბევრს ჰგონია რომ ბ-ნი რეზო იდეისთვის ირჯება, სინამდვილეში ეს მისთვის მაღალშემოსავლიანი სამსახურია.

 

 

მხოლოდ 2020 წელს, გაქანებული პანდემიისას და ეკონომიკური კრიზისისას, მას უბრალოდ და არაფრისთვის სამ ტრანშად 15 ათასი ლარი ჩაერიცხა კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, ის ყოველთვიურად იღებს 660 ლარს, როგორც კულტურის მოღვაწე იმავე კულტურის სამინისტროსგან. გარდა ამისა, ივანიშვილის ფონდისგან აქვს ყოველთვიური პენსია რამდენიმე ათასი ლარი (თავიდან 1500 იყო, მერე აუწიეს).

 


გარდა ამისა, მისი ქალიშვილი კულტურის სამინისტროს სსიპ სმირნოვების მუზეუმის დირექტორად დაინიშნა და იღებს შესაბამის ანაზღაურებას.

 


მე ბნ. რეზოს ვიდეობლოგების აქტიური მიმდევარი ვარ და ამიტომ მივადევნე მისი ოჯახის ევოლუციას თვალი, მაგრამ რამდენი ამაშუკელი აზის საქართველოს ბიუჯეტს?

 


ზემოთ აღვნიშნე და ისევ გავიმეორებ, სააკაშვილს ბრალში კულტურის მუშაკებისთვის საჩუქრების გაკეთება უწერია, მაგრამ ამავე დროს ბნ. რეზო გამოდის და სინდისის ქენჯნის გარეშე ითხოვს მისთვის სასჯელებს. ასეთია ამ ხალხის მორალი.

 


ამათგან ცალკეა ტენდერებზე მიმაგრებული ხალხი და მათი „ატკატები“. ეს მსუყეზე მსუყე მასალაა.

 


პატივცემულო ოპოზიციონერებო, დაანებეთ ქუჩაში სირბილს თავი და დაიწყეთ მუშაობა. საგამოძიებოს ყოველკვირეულად იმდენს ნახავთ, იმდენი სიბინძურე გადმოედინება ბიუჯეტზე მიბმული ხალხისგან, რომ ყოველ კვირა ღებინება არ მოეშლება ერს.

 


ჩვენ გვახსოვს რამხელა გავლენა ჰქონდა აკაკი გოგიჩაიშვილის გადაცემას „60 წუთი“ 90-იან წლებში. მაშინ ძირითადად პოლიციაში მიმდინარე დარღვევებს იძიებდნენ. ბიუჯეტი არ იყო ვინმეს რომ მოეპარა, „21-ე საუკუნეში საქართველოს გაუჩნდა ბიუჯეტი“, როგორც სასკოლო სახელმძღვანელო გვასწავლის, ამიტომ ახლა დანაშაულის ეპიცენტრი არის აქ.

 


მე ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ ნავალნისებრი პროფესიონალური და ეფექტური „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ გაჩნდება საქართველოში, რეალურად ეს ფონდი იქცევა ხელისუფლებად და საკმაოდ მალე მოახდენს ელექტორალურ გარდატეხას.

 

 

ქუჩაში სირბილით და პარტიის ოფისში ბირჟაობით საქმე არ გამოვა.

 

 

ბექა კობახიძე,

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

 

წყარო: Facebook-ი 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი