ჯულიეტა შირინიანი: დავდგები „იქ, სადაც ქარიშხალია“ - ჩემი საქართველოს სადარაჯოზე
17-11-2022, 17:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, წარსულში ჟურნალისტი და არაერთი სტატიისა და ნარკვევის ავტორი, ჯულიეტა შირინიანი იქ დგას, „სადაც ქარიშხალია“ და ეს მისთვის საქართველოს სადარაჯოზე დგომას ნიშნავს იმ რეგიონში, სადაც სახელმწიფო ენის სწავლების მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დირექტორთა სერტიფიცირებაში მონაწილეობა და თუკი წარმატებით გაივლის ტესტირებას და გასაუბრებას, ბევრი რამის შეცვლას აპირებს მშობლიურ სკოლაში. მისი მიზანია ქართული, სახელმწიფო ენა გახდეს პრიორიტეტული.

 

 

ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჯულიეტა შირინიანი

 

 

ქართულ გარემოში, გურიაში დაბადებული და გაზრდილი ქალი მიიჩნევს, რომ მისთვის მშობლიური ენა ქართულია და აცხადებს, რომ საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეროვნების ადამიანმა პატივი უნდა სცეს ქვეყნის სახელმწიფო ენას და ისწავლოს ის. თავად უკვე მრავალი ათეული წელია სომხურენოვან სკოლაში მომავალ თაობას ასწავლის ქართულ ენას და ლიტერატურას და ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხი ეროვნების ბავშვებს აყვარებს ქართულ ენას, ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას, ქართულ პოეზიას.

 

 

ქალბატონი ჯულიანა შირინიანი GUARDIAN.GE-ისთან ინტერვიუში ამბობს, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, საქართველოს სომხურენოვან საჯარო სკოლებში ქართული ენის შესწავლა იაკობ გოგებაშვილის უკვდავი „დედა ენით“ იწყებოდეს და სკოლებში უფრო მეტი პატრიოტული სულისკვეთებით აღიზარდოს მომავალი თაობა.

 

 

GUARDIAN.GE გთავაზობთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილესთან, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, ქალბატონ ჯულიეტა შირინიანთან ინტერვიუს.

 

 

ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის სომხურენოვანი საჯარო სკოლის პედკოლექტივი

 

 

GUARDIAN.GE: ქალბატონო ჯულიეტა, სად დაამთავრეთ სკოლა, უნივერსიტეტი, როდის დაინიშნეთ ბავრის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ? ამ პოსტზე მუშაობის დაწყებამდე სად საქმიანობდით?

 

 

ჯულიეტა შირინიანი: დავიბადე გურიაში. დავამთავრე სიმონ გუგუნავას სახელობის საშუალო სკოლა, წარჩინებით. დავამთავრე მახარაძის ეკონომიურ-ინდუსტრიული ტექნიკუმი. ოჯახი შევქმენი ჯავახეთში. 1980 წლიდან ვმუშაობდი რაიონულ გაზეთ „შუქურაში“ ქართული გვერდის კორესპონდენტად. დავამთავრე ერევნის ეკონომიურ-იურიდიული ინსტიტუტი, საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკის განხრით, დიპლომატი, მაგისტრის ხარისხით.

 

 

1989 წლიდან ვმუშაობდი სოფელ გულიკამის არაქართულენოვან საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ვარ რუსთაველის საზოგადოების წევრი,1990 წლიდან; ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი. 1991 წელს გადმოვედი სამუშაოდ სოფელ ბავრის არაქართულენოვან საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, სადაც დღემდე ვმუშაობ. პარალელურად ვმუშაობდი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატში რწმუნებულის მრჩევლად. ვმუშაობდი გაზეთებში - „კომუნისტი“, „არეალი“ „კრიმინალი და კორუფცია“, „საქართველო“, „თაობიდან თაობამდე“, „იბერია“. გამოქვეყნებულია უამრავი ჩემი სტატია და ნარკვევი. ჩემზეც ძალიან ბევრი დაწერილა. დაბეჭდილია ლექსების კრებული „სიკეთის სხივი“.

 


ვიყავი ადგილობრივი თვითმმართველობის სოფლის საკრებულოს დეპუტატი და იმ პერიოდში, დელეგაციასთან ერთად, მივლინებით ვიმყოფებოდი დიდ ბრიტანეთში - ინგლისში, შოტლანდიაში. ვმუშაობდი „ვრასტანის“ და „საქართველოს“ სპეციალურ კორესპონდენტად. წლების განმავლობაში ვიმუშავე ახალქალაქის რაიონის გამგეობაში სპეციალისტად. ვეწევი აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ჩართული ვარ ღონისძიებებში. ასევე, ვეწევი სათარჯიმნო საქმიანობას, ვფლობ ექვს ენას. 2015 წელს გავხდი „იმედის გმირი“ . 2021 წლიდან ვმუშაობ სოფელ ბავრის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ. როგორც უკვე გითხარით,1989 წლიდან ვასწავლი ქართულ ენას და ლიტერატურას, ვარ უფროსი მასწავლებელი.

 

 

ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი, მათემატიკის  მასწავლებელი მისაკ შირინიანი

 

 


GUARDIAN.GE: როგორი სურათია სადღეისოდ ბავრის საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლების მხრივ?

 


ჯულიეტა შირინიანი: მინდა ვთქვა, რომ ჩემი მშობლიური ენა არის ქართული ენა - „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ“. საქართველოში მცხოვრები ყველა ერის ადამიანი, რომელიც პატივს სცემს ქვეყანას, სადაც ცხოვრობს, ვალდებულია იცოდეს ქართული ენა. ჩვენს სკოლაში ბავშვები დაინტერესებული არიან ქართული ენის შესწავლით. ეწყობა ღონისძიებები, ზეიმები, კეთდება კედლის გაზეთები. კლასგარეშე აქტივობის მიმართულებით ფუნქციონირებს ქართული ენის წრე, სადაც მოსწავლეები ეუფლებიან ქართველი პოეტების ლექსებს, ქართულ პოეზიას.

 

 

 


GUARDIAN.GE: რამდენად წარმატებული არიან თქვენი სკოლის კურსდამთავრებულები და სად განაგრძობენ სწავლას ისინი - საქართველოს თუ სომხეთის უნივერსიტეტებში? იქნებ დაასახელოთ რამდენიმე წარმატებული სტუდენტი, რომლებმაც თქვენი სკოლა დაამთავრეს და თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძეს სწავლა.

 


ჯულიეტა შირინიანი: ბოლო პერიოდში, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები, ყველანი მიისწრაფიან სასწავლებლად თბილისისკენ. მყავს ძალიან წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებიც ამჟამად სწავლობენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ესენი არიან: ალიონა შირინიანი, რაია ლაზარიანი, ალიოშა ლაზარიანი, ლუსინე სტეპანიანი, ზოია ალვანიანი, ლავრენტი ასლანიანი, ნაპოლეონ დავთიანი. ისინი საკმაოდ წარმატებული სტუდენტები არიან და ვამაყობ, რომ მათი ქართული ენის მასწავლებელი მე ვიყავი. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ უნივერსიტეტის წინა კურსდამთავრებულებიდან ყველა დასაქმებულია მუნიციპალიტეტში.

 

 

 

 

 

GUARDIAN.GE: როგორ შეაფასებთ განათლების სფეროში ბოლო პერიოდში მიმდინარე რეფორმებს. რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ ამ მხრივ?

 


ჯულიეტა შირინიანი: საინტერესოა ეს პროცესი, მაგრამ დაძაბულიც. ამ რეფორმების შედეგად, მასწავლებლებს, რომლებიც ემზადებიან გამოცდების ჩასაბარებლად, ნაკლები დრო რჩებათ მოსწავლეებისთვის.

 

 


 

 

GUARDIAN.GE: როგორ გესახებათ საქართველოში არაქართულენოვანი სკოლების მომავალი? რა არის სახელმწიფოს მხრიდან გასაკეთებელი უფრო მეტი ასეთი სკოლებისთვის, იმისათვის, რომ სწავლება უფრო ეფექტური იყოს?

 


ჯულიეტა შირინიანი: სახელმწიფოს მხრიდან გასაკეთებელი ბევრია ასეთი სკოლებისთვის, იმისათვის, რომ სწავლება უფრო მაღალ დონეზე მიმდინარეობდეს. საჭიროა მასწავლებლების გადამზადება - მოსწავლეებს, ვინც კარგად ფლობენ ქართულ ენას, მცირე სტიპენდიები რომ დაუწესდეთ, ძალიან კარგი იქნებოდა; მოსწავლეები ვინც კარგად ფლობენ ქართულ ენას, უნდა წახალისდნენ, ასევე, ექსკურსიებზე წაყვანაც ძალიან წაადგებოდა საქმეს. ამასთან, ძალზე სასარგებლო იქნებოდა მუნიციპალიტეტში წარჩინებული სომეხი ეროვნების მოსწავლეების შეკრება და მათი ქართველ თანატოლებთან გაცვლით პროგრამებში ჩართვა;

 


მნიშვნელოვანი იქნებოდა მასწავლებლების დატრენინგება-გადამზადება; ქართული ენის წარჩინებული მასწავლებლებისთვის საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება. ეს სტიმული იქნება და მერე როგორი.

 

 

 

 


GUARDIAN.GE: პანდემიამ რა გამოცდილება შეგძინათ და რა ისწავლეთ ამ პერიოდში ისეთი, რაზეც მანამდე არ გიფიქრიათ?

 


ჯულიეტა შირინიანი: პანდემიამ მთელი სამყარო შეცვალა, გადაიხედა მთელი რიგი ფასეულობები. მთავარი მაინც, ჩემი აზრით, ადამიანი და ადამიანური ფასეულობებია, ურთიერთპატივისცემა, სიკეთე, შინაგანი კულტურა, კომუნიკაცია, პატრიოტიზმი, განათლება... გურამიშვილის სიტყვები მუდამ აქტუალურია - „თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი“... სახეზეა გლობალიზაცია, შეუქცევადია, როგორც ვხედავთ ეს პროცესი და მცირე ერები შესაძლოა, განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ ბევრი მიმართულებით. ასეთ დროს, ვფიქრობ, უმთავრესია სკოლების გაძლიერება. სწორედ ძლიერი სკოლაა ცოდნის აკვანი.

 

 

 

 


GUARDIAN.GE: აპირებთ თუ არა ან თქვენ ან ბავრის საჯარო სკოლის დირექტორი, მისაკ შირინიანი, დირექტორთა სერტიფიცირებაში მონაწილეობას?

 


ჯულიეტა შირინიანი: ბატონი მისაკი დირექტორთა სერტიფიცირებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. მე დავრეგისტრირდი. მინდა ბევრი რამე შევცვალო ჩვენს სკოლაში. უპირველესად, ქართული, სახელმწიფო ენა გავხადო პრიორიტეტული, მომავალ თაობებს საქართველო რომ გაუხდეს სათაყვანო.

 

 

 


GUARDIAN.GE: რას შეცვლიდით თქვენს სკოლაში და ზოგადად, თანამედროვე საჯარო სკოლაში?

 


ჯულიეტა შირინიანი: ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი, პირველ რიგში სასკოლო გარემოს, გავაკეთებდი გამართულ, საინტერესო ბიბლიოთეკას - მორგებულს მოსწავლეებზე. გაკვეთილებზე ქართულ ფილმებს ვუჩვენებდი, რისი საშუალებაც ამჟამად არ გაგვაჩნია. მთავარი მაინც დისციპლინაა მოსწავლეებში, დისციპლინაა მთავარი და ურთიერთპატივისცემა.

 


ძალიან კარგი იქნება, სკოლაში ქართული ენის შესწავლა იაკობ გოგებაშვილის უკვდავი „დედა ენით“ იწყებოდეს. სკოლებში პატრიოტული სულისკვეთებით უნდა აღიზარდონ თაობები.

 

 

 


ბავრის საჯარო სკოლაში სასწავლო სივრცე არასაკმარისია. მართალია, ჩემი თაოსნობით ხუთი საკლასო ოთახი ქველმოქმედებით გადმორიცხული თანხით მივაშენეთ სკოლას, მაგრამ მაინც არასაკმარისია ეს. სკოლას სჭირდება კაპიტალური რემონტი, საკლასო ოთახებში იატაკი დამპალია, არ გაგვაჩნია შესაბამისი ბიბლიოთეკა, ბუფეტი. ძალიან ბევრი რამე სჭირდება ჩვენს სკოლას, მოსწავლეებს, პედაგოგებს, სოფელს. იმედია, წარმატებით გავივლი დირექტორთა სერტიფიცირების ტესტირებას და დავდგები „იქ, სადაც ქარიშხალია“ - ჩემი საქართველოს სადარაჯოზე. საქართველოს სიყვარულით ანთებულ, განათლებულ, სასახელო ახალგაზრდებს კვლავაც აღვუზრდი ქვეყანას. თითქმის ორმოცი წელია ვმუშაობ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, თაობები აღვზარდე, საქართველო და ყველაფერი ქართული შევაყვარე; რომ იტყვიან, მთელი გული და სული ჩავდე მომავალი თაობების აღზრდაში.

 

კომენტარები: 2
#2   მაია კობახიძე
      
ჯული ველელი შირინიანი არის პატრიოტი, მოწოდებით პედაგოგი, კვალიფიციური, მოტივირებული მასწავლებელი და კეთილშობილი ქალბატონი! მეამაყება! წარმატებებს ვუსურვებ! მჯერა ობიექტური, დემოკრატი, კანონმორჩილი დამსაქმებელი და სკოლის ლიდერი იქნება!
3 დეკემბერი 2022 04:15
#1  ნინო
      
მომწონს ასე სახელმწიფოებრივად აზროვნება. სწორედ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ სკოლის დირექტორები ისეთ რეგიონში, როგორიც სამცხე-ჯავახეთია - ახალქალქსა და ნინოწმინდაში - და არა ისეთები, ორ სიტყვას რომ ვერ გეტყვიან ქართულად. ასევე უნდა იყოს მარნეულში, გარდაბანში, ბოლნისში და დმანისში, სადაც აზერბაიჯანულენოვანი სკოლებია. წარმატებას გისურვებთ ქალბატონო ჯულიეტა. <3
20 ნოემბერი 2022 09:00
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი