ეთერ ნადირაძის პედაგოგობის 23 და დირექტორობის 13 წელი ახალქალაქის ძირძველ ქართულ სოფელ გოგაშენში - დირექტორი სკოლისთვის ტრანსპორტს და სპორტდარბაზს ითხოვს
17-01-2023, 21:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ქალბატონი ეთერ ნადირაძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის სკოლაში მასწავლებლად 2000 წელს, მოხალისედ წავიდა და უკვე 23 წელია, რაც იქ მათემატიკას და ფიზიკას ასწავლის, ხოლო მე-13 წელი, რაც დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს. როგორ იგი GUARDIAN.GE-ისთან ინტერვიუში ამბობს, ხელმეორედ რომ ჰქონდეს ცხოვრების გზა გასავლელი, დღევანდელი გადმოსახედიდან, ნამდვილად უარს იტყოდა სკოლის ხელმძღვანელობაზე, რადგან მისი აზრით, ზღვის დონიდან 1750 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მკაცრი კლიმატური პირობების საზღვრისპირა სოფელში, რომელიც რაიონული ცენტრიდან 32 კილომეტრითაა დაცილებული, ქალისათვის დირექტორის პოსტზე საქმიანობას განსაკუთრებული სირთულეები ახლავს, მაგრამ აქვე ხაზს უსვამს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადახედავდა თავის განვლილ პროფესიულ გზას და ახალგაზრდა ასაკში მიღებულ გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა ახალციხის მე-5 საჯარო სკოლა და წასულიყო მისთვის სრულიად უცხო, შორს მდებარე სოფელში მათემატიკის მასწავლებლად.

 

 

 

 

GUARDIAN.GE-ისთან საუბარში ეთერ ნადირაძე აცხადებს, რომ ამჟამად სკოლისთვის და მთლიანად საზღვრისპირა ძირძველი ქართული სოფლისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა უტრანსპორტობაა. გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, უზარმაზარი საქმე იქნებოდა მათთვის ერთი გამართული სატრანსპორტო საშუალების ყოლა, რაც წინ წაწევდა როგორც სკოლას, ისე მთლიანად სოფელს, რადგან მისი ინფორმაციით, ამ სოფლიდან არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა სწავლობს საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში და მათი სკოლაში სწავლის პერიოდში მრავალმხრივი განვითარება დიდწილად პირდაპირ კავშირშია ტრანსპორტთან, გამომდინარე იქიდან, რომ სოფელში არავითარი პირობა არ არსებობს მოზარდების სპორტული, სახელოვნებო და სხვა მიმართულებით განვითარების მხრივ, ახალქალაქში კი, სადაც არაერთი სპორტული სექცია ფუნქციონირებს, მათ ამაზე, სწორედ უტრანსპორტობის გამო არ მიუწვდებათ ხელი.

 

 

ფოტო: კუკური მეტრეველის FACEBOOK-იდან სოფელი გოგაშენი

 


GUARDIAN.GE გთავაზობთ სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორთან, ქალბატონ ეთერ ნადირაძესთან ინტერვიუს.

 

 

 


GUARDIAN.GE - ქალბატონო ეთერ, როდის დაიწყეთ სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლაში მუშაობა?

 

 

ეთერ ნადირაძე: ახალქალაქის მაღალმთიან სოფელში არ ჰყავდათ კადრი მათემატიკაში და 2000 წელს მოხალისე მასწავლებლად წასვლა გადავწყვიტე, აქვე დავრჩი, ოჯახიც შევქმენი და მას შემდეგ აქ ვმუშაობ. მანამდე 5 წელი ახალციხეში ვიმუშავე, 1995 წელს დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და 1996 წლიდან ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა, წარმოშობით ადიგენის რაიონის სოფელ არალიდან ვარ.

 

 

ადვილი ნამდვილად არ იყო გადაწყვეტილების მიღება, რომ უკიდურეს საზღვრისპირა სოფელში წავსულიყავი, მაგრამ იმის გაცნობიერებამ, რომ მე იქ უფრო საჭირო შეიძლება ვყოფილიყავი, გადამაწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა. რომ არა ჩემი პროფესიის სიყვარული, ალბათ ამას ვერ ვიზამდი. მინდოდა ჩემი საგანი, მათემატიკა ბევრი მოსწავლისთვის მესწავლებინა, შემეყვარებინა და განსაკუთრებით იქ, სადაც ამის ყველაზე მეტი საჭიროება შეიძლებოდა ყოფილიყო და მე მგონი, ვახერხებ ამას.

 

 

 

 

 

GUARDIAN.GE - რამდენი მოსწავლეა ამჟამად თქვენს სკოლაში, როგორია მოსწავლეთა რაოდენობის მხრივ ტენდენცია ბოლო წლებში - მზარდი თუ კლებადი?

 

 

ეთერ ნადირაძე: წლევანდელ სასწავლო წელს 50 მოსწავლეა, აქედან 12 მეზობელი სოფლიდან, აფნიადან დადის. ჩვენი რეგიონის სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობამ ძალიან იკლო, რადგან ახალგაზრდები, რომლებიც ამთავრებენ სკოლას და აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში, გადადიან ქალაქებში საცხოვრებლად, უკან აღარ ბრუნდებიან, თავისთავად, მათი შვილებიც იქ იზრდებიან და იქ სწავლობენ. ასე რომ, ძალიან იკლო მოსწავლეთა რაოდენობამ. სკოლაში სამი ფინანსური კლასი არ მყავს. მეზობელი სოფლის ბავშვებისთვის ტრანსპორტი დანიშნულია და ემსახურება მათ. ადრეც, როცა ტრანსპორტი არ იყო, მაინც ჩვენს სკოლაში დადიოდნენ მოსწავლეები, რადგან იქ 9 კლასის, ანუ საბაზო საფეხურის სკოლაა, ჩვენთან კი 12 კლასია. ახლა სოფელ აფნიადან 6 მოსწავლე დაწყებითში გვყავს, 6 კი მაღალ საფეხურზე.

 

 

 

 

GUARDIAN.GE - რა განაპირობებს მეზობელი სოფლიდან დაწყებით კლასებში ბავშვების შემოდინებას, მშობლები თქვენს სკოლას უფრო კარგ საგანმანათლებლო დაწესებულებად ხომ არ მიიჩნევენ, სადაც შეიძლება უკეთესი განათლება შეიძლება მიიღონ თავიანთმა შვილებმა?

 

 

ეთერ ნადიარძე: თავს არ ვიქებ, მაგრამ ასეთი შემთხვევაა ზუსტად. ჩვენთან სკოლაში უფრო მაღალკვალიფიციური კადრები არიან. სწორედ ამის გამო, დაწყებითებში 6 მოსწავლე გვყავს მეზობელი სოფლიდან.

 


„მხოლოდ სპორტის მასწავლებელია უსტატუსო, დანარჩენი ყველა უფროსია. სკოლაში სულ 14 პედაგოგია ადგილზე და ამას ემატება უცხო ენების 2 მასწავლებელი, რომლებიც დისტანციურად ასწავლიან. მე თავად მათემატიკას და ფიზიკას ვასწავლი. ფიზიკაში 6 საათია და გამოცხადებულ ვაკანსიაზე არავინ გვეხმაურება, რადგან მხოლოდ 6 საათისთვის ძალიან რთულია აქ მოსვლა, არავინ მოდის. ის კი არა, 20 საათი გვაქვს უცხო ენა და ამისთვის არ სურთ მოსვლა. ამიტომ, თავად მე ვითავსებ ფიზიკის საათებსაც, განათლების სამინისტროს ნებართვის საფუძველზე, 10 საათი კი მათემატიკა მაქვს და აქედან გამომდინარე, უფროსი მასწავლებლის დანამატსაც ვიღებ. მოგეხსენებათ, მხოლოდ სკოლის დირექტორის ხელფასი იმ შრომასთან შედარებით, რასაც მაღალმთიან სოფელში ჩვენ ვეწევით, ნამდვილად არ არის შესაბამისი.

 


„როგორც მოგახსენეთ, უცხო ენებში - რუსული და ინგლისური ენები - სწავლება მაღალ კლასებში დისტანციურად მიმდინარეობს, დაბალ კლასებში კი მაძიებელი მასწავლებელი ასწავლის, რადგან პატარებისთვის დისტანციური მეთოდით სწავლა რთული იქნებოდა და მშობლების მოთხოვნით, დათმობაზე წავედით, ვაკანსია გამოვაცხადეთ და მაძიებელი მასწავლებელი ავიყვანეთ.

 


„მაღალ კლასებში კი, ინგლისურ ენას ახალციხის ერთ-ერთი სკოლის მენტორი პედაგოგი ასწავლის, რუსულს სექტემბრამდე მენტორი მასწავლებელი ირმა კურტანიძე ასწავლიდა, მან ძალიან კარგი შედეგი დადო. წელს კი, მისი რეკომენდაციით, გორის ერთ-ერთი სკოლის რუსულის მასწავლებელი, არევად ამბარიანი ასწავლის. მაშინ როცა სხვა საგნებში ადგილზე მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობას არ ვუჩივით, უცხო ენების მასწავლებლების მხრივ არც თუ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. არადა, მოგეხსენებათ, უცხო ენების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, ეროვნულ გამოცდებზე ის ერთ-ერთ საგნად ბარდება.

 

მანამდე, „ასწავლე საქართველოში“ პროგრამაში ვიყავით ჩართული და იქიდან მასწავლებლებს გვიგზავნიდნენ ყოველთვის. ძალიან კვალიფიციური პედაგოგები იყვნენ და ჩვენს მოსწავლეებსაც შეეტყოთ, როგორც კი სკოლას ამთავრებენ ბავშვები, იმ წელსვე ირიცხებიან, ეროვნულ გამოცდებს წარმატებით აბარებენ. ეს სამი წელია ცოტა პრობლემები შეიქმნა იმ მხრივ, რომ რადგან მაღალმთიანი და განაპირა სოფელია, მოსვლა არავის უნდა, ხელფასიც იმდენად დიდი არაა, სოფელიც იცით, როგორია? - ძველი სახლებია, 1 ან 2 ოთახია ახალი მიშენებული და ადგილობრივებსაც უჭირთ, რომ აქ ამოსული ახალგაზრდა მასწავლებელი ელემენტარული კომფორტით დააკმაყოფილონ. ეს პრობლემები გვაქვს, 3 წელია უკვე უარი განგვიცხადეს უცხო ენების მასწავლებლების გამოგზავნაზე, მაგრამ „მასწავლებლის სახლთან“ კომუნიკაციისას გამოვლინდა, რომ შეგვეძლო დისტანციურ სწავლებაში ჩავრთულიყავით და მე მგონი, პირველები ვიყავით, ჩვენი სკოლა პირველი იყო სამცხე-ჯავახეთში, რომელიც დისტანციური სწავლების პროგრამაში ჩაერთო. ჩამოსულები იყვნენ მასწავლებელთა სახლიდან და შეამოწმეს რამდენად ეფექტურად მიმდინარეობდა დისტანციური სწავლება მაღალმთიანი სოფლის სკოლაში, სადაც ადგილზე ვერ მიდის მასწავლებელი და დადებითად შეგვაფასეს, მაგრამ აქ გარკვეულ პრობლემას ინტერნეტი გვიქმნის, ბავშვებს გაკვეთილის მიმდინარეობისას ზოგჯერ ეთიშებათ ინტერნეტი ან ისეთი ხარვეზია, რომ სრულყოფილ ჩართვას ვერ ახერხებენ, ეს უკვე ხარისხს უკარგავს ამ პროცესს, მაგრამ გაცდენას და გაკვეთილის ჩაუტარებლობას მაინც ხომ სჯობს დისტანციური სწავლება.

 

 

 

ფოტო: ბექა ჯავახი სესაძეს FACEBOOK-იდან - სოფელი გოგაშენი

 

 

მოკლედ, უცხო ენებში - რუსულსა და ინგლისურში ბოლო წლებია დისტანციურ სწავლებაზე ვართ გადასული. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ამის გამოცდილება პანდემიამდე გვქონდა და ბავშვებისთვის უკვე პანდემიის პერიოდში ეს უცხო არ იყო.

 

 

 


GUARDIAN.GE - როგორია ინფრასტრუქტურული მდგომარეობა? სკოლის სტრატეგიული დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის რა გაკეთდა თქვენი დირექტორობის პერიოდში? მოგეხსენებათ, დირექტორებისგან მოითხოვენ ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების სწორად მართვის უნარებს. თქვენი შეფასებით, ამ მხრივ რამდენად სწორი ნაბიჯებია გადადგმული? ბოლო წლებში რა გაუმჯობესდა თქვენს სკოლაში აღნიშნული მიმართულებით?

 


ეთერ ნადირაძე: სკოლის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ბოლო წლებში არაერთი ნაბიჯი გადავდგით. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, სკოლას მივუშენეთ სველი წერტილები, რომ ბავშვებს ასეთ სიცივესა და რთულ კლიმატურ პირობებში გარეთ არ ჰქონოდათ გასასვლელი. ასე ვთქვათ, შიდა სივრცეში მოექცა სველი წერტილები, წყალი მუდმივად გვაქვს, დაცულია სისუფთავე. რადგან სკოლის ბიუჯეტის თანხა არ იყო საკმარისი, მერიას მივმართეთ თხოვნით და ამისათვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 86 000-ამდე ლარი გაიღო. ძალიან დაგვეხმარა მაშინდელი მერი, ბატონი იურიკ უნანიანი, ამ პროექტში წყლის სათავე-ნაგებობიდან შემოყვანა არ იყო ჩასმული, მაგრამ მას შემდეგ, რაც ავუხსენით, რომ ამას დამოუკიდებლად ვერ შევძლებდით, გაითვალისწინეს ჩვენი მდგომარეობა და ეს საკითხიც გადაგვიწყვიტეს, ცენტრალური მილსადენიდან შემოგვიყვანეს წყალი.

 


სკოლის მიერ მეორე ტენდერის წარმატებით დასრულების შედეგად კი, ლამინირებული იატაკი, დერეფნებსა და შემოსასვლეში კი მეტლახი დაიგო, შეიცვალა ყველა საკლასო ოთახის კარი. ჩვენი სკოლის ბიუჯეტიდან ამისათვის 36 000 ლარი დავხარჯეთ. ჩვენივე ბიუჯეტით შევისყიდეთ ახალი მერხები, სკამები, კარადები, სამასწავლებლოსთვის საჭირო ავეჯი.

 

 

ახალქალაქის მერიის დაფინანსებით კი, ზემოაღნიშნული 86 000 ლარის ფარგლებში, სველი წერტილების გარდა, ასევე გაკეთდა ცენტრალური შესასვლელის კარი და პანდუსი. 

 


სკოლა ორსართულიანია, ის 1971 წელს აშენდა, გათვლილი იყო 120 მოსწავლეზე, მაგრამ დღეს ამის ნახევარიც არ გვყავს. როცა 2000 წელს აქ პირველად ამოვედი მასწავლებლად, 76 მოსწავლე დამხვდა და მეზობელი სოფლიდან ძალიან მცირე რაოდენობით იყვნენ ბავშვები, უმეტესობა ამ სოფლის, ადგილობრივი მოსახლეობის შვილები სწავლობდნენ. ახლა, მხოლოდ ჩვენი სოფლის მოსწავლეები 39 გამოდის, თითქმის განახევრებულია, შევსება მეზობელი სოფლიდან რომ არ იყოს.

 

 

 

 

GUARDIAN.GE - რა სირთულეები ახლავს მაღალმთიანი სოფლის სკოლის ცხოვრებას?

 

 

ეთერ ნადირაძე: ბუნებრივია, ასეთ რეგიონში უფრო მეტი სირთულე იჩენს თავს. მაგალითად, 2021 წელს გათბობის პრობლემა შეგვექმნა. ქვაბისა და მთელი სისტემის შეცვლა მოგვიწია. 23 000 ლარი დაიხარჯა ამისათვის და აღნიშნული თანხა ინფრასტრუქტურის სააგენტომ ჩაგვირიცხა. ძალიან გვეხმარება ნუგზარ ვანიშვილი, ნებისმიერ რამეში, როცა დავურეკავთ, დიდი გულისხმიერებით გვიწევს დახმარებას, გულთან ახლოს მიაქვს ჩვენი პრობლემები. თან ზამთარში დაზიანდა საქვაბე, მთლიანად მწყობრიდან გამოვიდა და შეცვლაც ამ პერიოდშივე მოგვიწია, მარტის არდადეგებზე. დროულად რომ არ მიგვეღო თანხა და შემდეგ ახალი ქვაბი ასევე დროულად რომ არ დაგვემონტაჟებინა, ალბათ, გარკვეული პერიოდით სწავლის შეწყვეტა მოგვიწევდა, თუმცა საბედნიეროდ, გონივრულ ვადებში მოგვარდა პრობლემა და სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა.

 

 

„ამდენი წელი, გაძლება უნდოდა ამ რთულ სამუშაოზე. სკოლის შიდა საქმეები არ არის იმდენად რთული, რასაც მკაცრი კლიმატური პირობები გვიქმნის. ძლიერი ყინვების გამო ხშირად იყინება გათბობის სისტემაში წყალი იქ, სადაც მისი მუდმივად ცირკულირება არ ხდება. მერე გვიწევს ამის გალღობა. ფენიც კი ამომიტანია სახლიდან, რომ მილი გაგველღო (იცინის). მოკლედ ამ საქმეშიც თავად ვარ ჩართული. სხვა სკოლების დირექტორები რომ მხვდებიან ახალქალაქში, ვეკითხები ხოლმე, როგორ მუშაობს მათი გათბობა და რამე პრობლემები თუ ექმნებათ, არ ვიცითო, ჩვენ საქვაბეში არც შევსულვართო. და მიკვირს ხოლმე, როგორ არიან ასე. ჩემთან კი, როდესაც საქვაბე დავაყენეთ, თავიდანვე ვისწავლე მისი ჩართვა-გამორთვა, სხვა ნიუანსები, მუდმივად ვამოწმებ ყველა დეტალს, რომ არ გამოგვეპაროს რამე.

 

 

 

 

GUARDIAN.GE - რა შეგძინათ ამ გამოცდილებამ ისეთი, რაც შეიძლება რეკომენდაციის სახით გაუზიაროთ თქვენს კოლეგებს?.

 

 

ეთერ ნადირაძე: ქალებს არ ვურჩევდი ნამდვილად ასეთ რთულ რეგიონში სკოლის ხელმძღვანელობას. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ოჯახიდან მხარდაჭერა მაქვს და ეს ცოტა შეღავათია, თორემ სხვა შემთხვევაში, სკოლა, დირექტორობა, მასწავლებლობა, ოჯახი, შვილები, ერთად აღებული, მძიმე ტვირთია... საკმაოდ რთულია ქალისთვის ამ ტვირთის ტარება. ამას ემატება ისიც, რომ რაიონული ცენტრიდან ძალიან მოშორებული ვართ. 32 კილომეტრია სოფლიდან რაიონულ ცენტრამდე, ახალქალაქამდე. ძალიან ხშირად გვიწევს იქ ჩასვლა, რესურსცენტრში ხან თათბირია, ხან სკოლისთვისაა რაღაც მოსატანი და ყველაფერზე იქით გვიწევს ჩასვლა. ზამთარი მკაცრია, ხან გზები იკეტება, მუდმივად ტრასნპორტის პრობლემებია. ჩვენთან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის და ამ სიცივეში გვიწევს სახლიდან დიდი ხნით გასვლა, არადა ოჯახი, შვილები, ყველაფერი ეს თავის წილ ყურადღებას მოითხოვს. ძალიან რთულია ქალისთვის. ადრე გზაც მოუწესრიგებელი იყო, ახლა კი, ის მაინცაა შეღავათი, რომ თითქმის სოფელ აფნიამდე არის შემოყვანილი ასფალტირებული გზა.

 

 

 

 

 

GUARDIAN.GE - თქვენ რომ ხელმეორედ გქონდეთ გასასვლელი ცხოვრების გზა, დღევანდელი გადმოსახედიდან, რა ნაბიჯს გადადგამდით, კვლავ ამ გზას აირჩევდით?

 


ეთერ ნადირაძე: უარს ვიტყოდი ნამდვილად, ხელმძღვანელობაზე, მაგრამ პედაგოგობაზე არავითარ შემთხვევაში. ახლაც ვფიქრობ, რომ სტატუსი ავიმაღლო, ჩავაბარო გამოცდა და შეიძლება კიდეც დავტოვო დირექტორობა, იმიტომ, რომ ძალიან გამიჭირდა, ძალიან.

 

 

GUARDIAN.GE - 22 იანვარს საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებაა დაგეგმილი, მასში მონაწილეობას თუ აპირებთ?

 


ეთერ ნადირაძე: მე 2011 წელს გავიარე ტესტირება, წარმატებით ჩავაბარე გამოცდა, მაქვს სერტიფიკატი და როგორც გვითხრეს, ეს დოკუმენტი ისევ ძალაშია. თუ 7 წლის განმავლობაში გამოყენებული იყო სერტიფიკატი, ის ისევ ძალაშიაო, ასე გვითხრეს ცხელ ხაზზე. მე კი 2010 წლიდან შევუდექი დირექტორის მოვალეობის შესრულებას, შემდეგ დირექტორად ამირჩიეს, ხოლო 2020 წლის ბოლოდან ისევ მოვალეობის შემსრულებელი ვარ.

 

ფოტო: კუკური მეტრეველის FACEBOOK-იდან სოფელი გოგაშენი, ხედი არეშტის ქარაფებიდან

 

 

GUARDIAN.GE - რამდენად კარგი ატმოსფეროა სკოლაში, კოლექტივის მხრიდან გრძნობთ თუ არა მხარდაჭერას?

 


ეთერ ნადირაძე: ძალიან დიდი თანადგომა მაქვს პედაგოგების მხრიდან. სკოლაში ურთიერთგაგება უნდა იყოს და საბედნიეროდ, გვაქვს კიდეც. ჩემი მხრიდანაც მაქსიმალური მხარდაჭერა აქვთ მასწავლებლებს. საერთოდ, აბსოლუტური იდილია არსად არ არის, პატარ-პატარა პრობლემები, ჩვენთანაც იჩენს თავს, მაგრამ მარტივად ვაგვარებთ მას, ისე, რომ სკოლის გარეთ არ გადის ეს.

 

 

 

 

GUARDIAN.GE - თქვენი მუნიციპალიტეტი ძირითადად ეთნიკურად სომეხი ეროვნების მოქალაქეებითაა დასახლებული. როგორი ურთიერთობა გაქვთ სკოლებს ერთმანეთთან, გიწევთ თუ არა სომხურენოვან საჯარო სკოლებთან ურთიერთობა და რა სახის? თქვენ ქართული სკოლის პედაგოგი და დირექტორი ხართ და უმცირესობაში იმყოფებით მუნიციპალიტეტში, სადაც 65 სკოლიდან აბსოლუტური უმრავლესობა, 50-ზე მეტი საჯარო სკოლა, სომხურენოვანია, ერთი კი რუსულენოვანი, ქალაქ ახალქალაქში. ამ ფონზე, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სომხურენოვან სკოლებთან ურთიერთობა თქვენ ან პირიქით, მათ თქვენთან?

 


ეთერ ნადირაძე: სიმართლე რომ გითხრათ, დიდი ურთიერთობები ნამდვილად არ გვაქვს სხვა სკოლებთან და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიცაა, რომ ჩვენი სოფელი რაღაცნაირად მოწყვეტილია რაიონული ცენტრიდან და გვიჭირს ბავშვების წაყვანა სხვაგან. ყველაზე მეტად ტრანსპორტი გვიჭირს სოფელში. ზოგჯერ ბავშვების სატვირთო ტრანსპორტით გადაადგილება გვიხდება, სატვირთო „მარშრუტკებს“ რომ ეძახიან იმით, იქ სკამებს ჩავდგამთ და რაიონში შეჯიბრი იქნება თუ სხვა სახის ღონისძიება, ასე მივდივართ ქალაქამდე. მაგიდის ჩოგბურთში იმართება ხოლმე ხშირად შეჯიბრი, ჭადრაკში და ჩვენი ბავშვები მონაწილეობენ ამგვარ ღონისძიებებში. მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ გადაადგილება გვიჭირს ყველაზე მეტად, რადგან მუნიციპალური ტრანსპორტი არ არის სოფელში და სამგზავრო ტრანსპორტიც იშვიათია, რომ ვინმე თუნდაც დაიქირავო. ბუნებრივია, ჩვენ გვიწევს თანხის გადახდა ამაში, ბავშვსაც, მასწავლებელსაც და ყველას. ზამთრის პერიოდში, როცა თოვლია და ცუდი ამინდი, თავს ვიკავებთ გადაადგილებისგან.

 

 

„გასული წლის სექტემბერში ქართულ სკოლაში გვყავდა ბავშვები წაყვანილი, „იდეათეკა“ გაიხსნა ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაში, ქალბატონი თამარ ოძელაშვილია ამ სკოლის დირექტორი, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მხიარული სტარტები იმართება და გასულ წელს სამჯერ გვყავდა ბავშვები. „იდეათეკა“, ეს ბიბლიოთეკაა იგივე, „საქართველოს ბანკის“ პროექტია, თავად დააფინანსა ბანკმა ეს პროექტი, შეიძინა რესურსები, ასევე პროექტორი, ძალიან კარგადაა მოწყობილი ყველაფერი.

 

 

 


GUARDIAN.GE - რამდენად წარმატებული არიან თქვენი სკოლის კურსდამთავრებულები?

 

 

ეთერ ნადირაძე: ბოლო წლებში ამ მხრივ ალბათ, სატრაბახო მდგომარეობა გავქვს. გასულ წელს ორმა მეთორმეტე კლასელმა დაამთავრა სკოლა და ორივე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. 2021 წელსაც ორი კურსდამთავრებული გვყავდა, მე-11 კლასში გადმოვიდნენ ბათუმიდან, ექსტერნად ჩაირიცხნენ. ამ შემთხვევაში, არც ერთმა მათგანმა არ ისურვა ეროვნული გამოცდების ჩაბარება, მეზობელი სოფლის მოსწავლეები იყვნენ, თუმცა სოფლის მეურნეობის მხრივ ეწევიან საქმიანობას. რაც შეეხება 2020 წლის კურსდამთავრებულებს, ძალიან კარგი გამოშვება გვყავდა, მართლა საუკეთესო, შეიძლება საქართველოს მასშტაბითაც კი, შვიდმა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, მათგან ოთხმა ოქროს მედალზე, შვიდვე სტუდენტი გახდა. ამ შვიდიდან სამი გოგო ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, მათ შორის ერთ-ერთი უფასო სექტორზე, ბიჭებიდან კი ერთი „სეუ“-ში, მეორე „ევროპის უნივერსიტეტში“, მესამე „ილიას უნივერსიტეტში“, მეოთხე კი ბათუმში „შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში“ სწავლობს.

 

 

 

ფოტო: ბექა ჯავახი სესაძეს FACEBOOK-იდან - სოფელი გოგაშენი და აფნია
 

 

„იქიდან გამომდინარე, რომ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა, მასწავლებლები მეტ დროს უთმობენ მათ და ეს შედეგზეც აისახება. გვყავს 2-ბავშვიანი კლასიც, ყველაზე მეტი რაოდენობა კი 9 მოსწავლე გვყავს, მე-12 კლასში, მაგრამ წელს, ეს 9 მოსწავლე რომ წავა, საკითხავია, რამდენი შემოვა. სავარაუდოდ, 2 ან 3, რაც უკვე ძალიან შეეტყობა ჩვენი სკოლის მოსწავლეთა რაოდენობას.

 

 

 

 

 

GUARDIAN.GE - თქვენი შეხედულებით, დგას თუ არა დღევანდელი საჯარო სკოლა ისეთ დონეზე - თქვენს რეგიონში არსებული სურათიდან გამომდინარე გეკითხებით ამას, ისეთ რეგიონში და ისეთ საზღვრისპირა სოფელში, როგორიც გოგაშენია - როგორიც თანამედროვე საჯარო სკოლას მოეთხოვება? რამდენად პასუხობს თქვენი სკოლა ამ გამოწვევებს?

 

 

ეთერ ნადირაძე: მაქსიმალურად ვერ შევაფასებდი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ საშუალოზე მაღლა ვდგავართ იმიტომ, რომ შენობა ნორმალურია, სწავლის დონეც კარგია, რაც ჩანს იმითაც, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს, მშობლებიც კმაყოფილი არიან. გასულ წელს შევავსეთ თვითშეფასების კითხვარი, მოსული იყვნენ შემოწმებაზე და სკოლის მდგომარეობის გაცნობის შემდეგ „ყოჩაღი“ დაგვიწერეს. მართალია, ავტორიზაციის გასავლელად საჭირო ყველა გამოწვევას ვერ პასუხობს ჩვენი სკოლა, მაგრამ უმეტესწილად დადებითად ვართ შეფასებული. სკოლაში როგორც გითხარით, მიმდინარე რემონტი გაკეთებულია, სახურავიც შეცვლილია, მაგრამ მაინც კაპიტალური რემონტის საჭიროება დგას. ფანჯრებს უნდა ცოტა შეკეთება, 2009 წელს გაკეთდა მეტალოპლასტმასის ფანჯრები და უკვე ცოტა მოძველდა და ქარი აღწევს შიგნით. ჩვენ რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ, ჩვენი სკოლის ბიუჯეტით, ელექტროგაყვანილობა თავიდან ბოლომდე გამოვცვალეთ, სახანძრო უსაფრთხოების სისტემა მოვაწესრიგეთ, ყველა კლასში გვაქვს დეტექტორი დაყენებული, რამდენიმეგან დერეფნებშიც, ასევე ვიდეო თვალიც დავაყენეთ.

 

 

მაგრამ, ამ საკითხების მოგვარების პარალელურად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს სკოლას ყველაზე მეტად ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება ესაჭიროება. არ ვიცი, საიდან, როგორ, რანაირად, მაგრამ სასიცოცხლოდ გვჭირდება გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალება. ბავშვები ბევრ რამეს არიან ჩამორჩენილი იმიტომ, რომ უტრანსპორტობის პირობებში, ვერ მიგვყავს ქალაქში ამა თუ იმ ღონისძიებაზე, გნებავთ, სპექტაკლზე ან კონცერტზე დასასწრებად. მერწმუნეთ, მეტისმეტად რთულია ამ მხრივ ჩვენი მდგომარეობა. მოკლედ, ძალიან გვჭირდება ტრანსპორტი და თუ ვინმე გამოჩნდება სპონსორი, უაღრესად მადლობელი დარჩება სკოლაც და მთელი სოფელი. დიდი მადლი იქნება ეს ბავშვებისთვის და პედაგოგებისთვისაც, თუნდაც. პანდემიის პერიოდში, კოვიდის ტესტირებაზე რომ მივდიოდით ახალქალაქში - სავალდებულო ტესტირება ხომ უნდა გაგვეკეთებინა - აი, არ ვიცი, რა მდგომარეობა გვქონდა, ვერ გადმოგცემთ, ძალიან გვიჭირდა ამ პერიოდში. ბავშვების დიდი სურვილი და თხოვნაა, რომ ტრანსპორტი გვქონდეს.

 


ასევე, არ გვაქვს სპორტდარბაზი და მოზარდები, განსაკუთრებით ბიჭები და სხვათაშორის გოგონებიც, ძალიან მონდომებული არიან, რომ სპორტის რაიმე სახეობით იყვნენ დაკავებული, მაგრამ არც ამის პირობები გვაქვს. ახალქალაქში კი ფუნქციონირებს სპორტული სექციები, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, უტრანსპორტობის პირობებში, ძალიან რთულია მისვლა-მოსვლა. ოჯახებსაც არ აქვთ იმდენი შესაძლებლობა, რომ ბავშვები წაიყვან-წამოიყვანოს. თუ ერთი პრობლემა მაინც მოგვარდება ამ ჩვენი ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ძალიან მადლობელი ვიქნებით.

 

 





























 

 

ინტერვიუ მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ, ფოტოები კი მოწოდებულია გოგაშენის საჯარო სკოლის მიერ

 

 

კომენტარები: 1
#1  lia
      
ახალაქალაქის მერიას!!! გთხოვთ, დაუდექით გვერდში ასეთ კარგ სკოლას და ასეთ კარგ დირექტორს და გამოუყავით ტრანსპორტი.
27 იანვარი 2023 09:43
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი