„იქნებ ვინმეს პატრიოტული გრძნობა გაუღვიძოს ამ სტატიამ და თქვას, რომ მოდი, ერთი წელი ჯავახეთში ავალ და ვიმუშავებ, რომ ამ ქართულმა სკოლამ, ამ ქართულ სოფელში, იარსებოს“ - კოთელიის საჯარო სკოლის დირექტორი ზალიკო მაისურაძე
26-01-2023, 12:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში პედაგოგების დეფიციტის გამო, საგაკვეთილო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. სკოლის დირექტორის, ზალიკო მაისურაძის განცხადებით, მეორე სემესტრიდან ხუთი პრაქტიკოსი მასწავლებლის წასვლამ და გამოთავისუფლებულ ვაკანსიებზე ინტერესის არქონამ სკოლაში 53 საათის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. დირექტორი წუხს, რომ ვერანაირი გზით ვერ ახერხებს კადრების მოზიდვას, რადგან კლიმატურად რთულ რეგიონში, სადაც ზამთარში ყინვები ზოგჯერ -25 გრადუს ცელსიუსსაც კი აღწევს და, სადაც საცხოვრებელი პირობები არც ისე კომფორტულია, არავის სურს ასვლა და მასწავლებლობა.

 

 

ამ ფონზე, სკოლის დირექტორი იმის იმედადაა, რომ შესაძლოა, ვინმეში პატრიოტულმა გრძნობამ გაიღვიძოს და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ძირძველ ქართულ სოფელში ერთი წლით მაინც ავიდეს სამუშაოდ. თავად მან, ერთ-ერთი სხვა რეგიონიდან ასული მასწავლებელი თავის ოჯახში მიიყვანა და იქ შეუქმნა საცხოვრებელი პირობები, რომ კადრების დეფიციტით გამოწვეული პრობლემები მცირედით მაინც შეემსუბუქებინა.

 

 

აკაკი აჩელაშვილის Facebook-ის ფოტოზე: სოფელი კოთელია

 

 

კოთელიის საჯარო სკოლის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ თუკი მიგრაციის სწრაფი ტემპით მიმდინარე პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, შესაძლოა, მომავალში, სკოლების შერწყმის საკითხიც კი დადგეს დღის წესრიგში და სოფელი საერთოდ დაცარიელდეს, როგორც ამის მაგალითი კოთელიიდან 12-იოდე კილომეტრში, ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი თოკია.

 

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზალიკო მაისურაძე - ფოტო მოწოდებულია კოთელიის საჯარო სკოლის მიერ 

 


„სკოლაში ამჟამად ერთი წამყვანი მასწავლებელი გვყავს, დანარჩენი 15-იდან, ჩემი ჩათვლით, ყველა უფროსია, 5 მასწავლებელი გვყავდა პრაქტიკოსი, რომლებიც სამწუხაროდ, მეორე სემესტრიდან აღარ არიან სკოლაში, რადგან განათლების სამინისტრომ ამის ნება არ დაგვრთო და სკოლა დარჩა კადრების გარეშე. გამოთავისუფლებულ ადგილებზე, მოსვლა არავის სურს.

 


ამჟამად 53 ვაკანტური საათი მაქვს და ეს გაკვეთილები სკოლაში სადღეისოდ არ ტარდება - ეს საგნებია მათემატიკა, ფიზიკა, უცხო ენა, სპორტი, მუსიკა. საქართველოში ისედაც დეფიციტია მათემატიკის და ფიზიკის მასწავლებელი, ამ საგნების პედაგოგებს ძალიან ბევრი სკოლა ეძებს. თბილისში რომ ვერ იპოვი ფიზიკის მასწავლებელს, მე, ჯავახეთში, კოთელიაში, საიდან მოვიყვანო?!

 

 

„რესურსცენტრიდან არის მითითება, რომ ყველანაირი მეთოდი გამოვიყენოთ კადრების მოსაზიდად, იქნება ეს ონლაინ სწავლება, ჰიბრიდული თუ ტრადიციული. მუდმივად ვაახლებ ვაკანსიებს. გარდა ამისა, ყველა ნაცნობ-მეგობარს პირადად ვურეკავ და ვაწვდენ ხმას, მაგრამ არაფერი გამოდის. არ უნდათ აქ მოსვლა, არასათანადო საცხოვრებელი პირობების გამო. ახლა ერთი პედაგოგი, დაწყებითების მასწავლებელი ჩემთან მყავს ოჯახში. მეორესაც ჰქონდა აქ დარჩენის სურვილი, მაგრამ მეც, ჩემი ოჯახური პირობებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, მეტის დაბინავების საშუალება არ მაქვს. ძალიან ჭირს საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა“- აცხადებს ზალიკო მაისურაძე.

 

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის პედკოლექტივი - ფოტო მოწოდებულია კოთელიის საჯარო სკოლის მიერ
 


დირექტორის ინფორმაციით, მიგრაციიდან გამომდინარე, ბოლო წლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა კლებისკენ მიდის.

 

 

„სამწუხაროდ, ძალიან მცირდება მოსწავლეთა რაოდენობა - ამთავრებს 10, მოდის 2 ან 3. ახლა სულ 61 მოსწავლე ირიცხება. ასე თუ გაგრძელდა მიგრაცია და საკადრო პრობლემები, შესაძლოა, სკოლების შერწყმის საკითხიც კი დადგეს დღის წესრიგში. ნამდვილად არ არის ეს გამორიცხული. არ მინდა ასეთმა სკოლამ ფუნქციონირება შეწყვიტოს. არადა, არის ამის მწარე გამოცდილება, დედაჩემის სოფელ თოკში, ასპინძის რაიონში, ჩვენგან 12 კილომეტრია, სოფელი გაქრა, რასაც ჰქვია. დღეს, რაღაც ნიშანწყალი ისევ გაჩნდა თითქოს, სკოლამ 3 მოსწავლით ისევ დაიწყო ფუნქციონირება, არადა სოფელში მცხოვრები პრაქტიკულად აღარ დარჩა და ერთ-ერთი ძირძველი ქართული სოფელი, ჩათვალეთ, რომ გაქრობის პირასაა. ასეთი ვარიანტის მეშინია. თუკი კოთელიაში სკოლა არ იქნება, იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ზოგადად, ამ მხრივ, ჩვენი რაიონის ქართულ სოფლებში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ბევრი მიდის აქედან და ამას თუ ისიც დაემატება, რომ სკოლა არ იქნება სოფელში, მაშინ ვინღა დარჩება საერთოდ?!“ - ამბობს ზალიკო მაისურაძე.

 

 

სოფელი კოთელია - ფოტო კუკური მეტრეველის Facebook-იდან

 

 

როგორც მან GUARDIAN.GE-ის უთხრა, დირექტორობა მისი თვითმიზანი არ ყოფილა და სკოლის სათავეში ჩადგომა მხოლოდ პატრიოტული მოტივებიდან გამომდინარე გადაწყვიტა.

 


„1992 წლიდან ვმუშაობ პედაგოგად. 1990 წელს დავამთავრე ახალქალაქის ქართული სკოლა, მანამდე 8 წელი კოთელიაში, შემდეგ თბილისში, კომაროვის სახელობის სკოლაში ვსწავლობდი, თსუ-ს ახალციხის ფილიალში სწავლის პარალელურად კი მუშაობა კოთელიის სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად დავიწყე. 1992 წლიდან 2000 წლამდე ვიმუშავე, მერე 4 წელი სხვა საქმით ვიყავი დაკავებული და 2004 წლიდან ისევ მათემატიკის მასწავლებლობა განვაგრძე. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2022 წლის 22 სექტემბერს დავინიშნე. მანამდე ბოლო წლები სკოლის მაშინდელი დირექტორი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სათანადოდ ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას. მისი გარდაცვალების შემდეგ კი სკოლა უპატრონოდ დარჩა. რომ ვთქვა, რომ ჩემი მთავარი მიზანი დირექტორობა იყო, ასე არაა, მასწავლებლად მერჩია მუშაობა. მაგრამ ბოლო სამი წელი ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ წინა დირექტორის ავადმყოფობის გამო, სკოლაში დისციპლინა მოშლილი იყო, მასწავლებლები გაკვეთილებს აცდენდნენ. სკოლის ინფრასტრუქტურა მოძველებულია და არავინ იყო ყურადღების მიმქცევი და ამიტომ გადავწყვიტე, მიმეხედა სკოლისათვის იმ დრომდე, ვიდრე ვინმე გამოჩნდება ისეთი, ვისაც გულით და სულით ენდომება დირექტორობა. არავინ იყო სკოლის სათავეში მოსვლის მსურველი. საქმის ნულიდან დაწყება ცოტა ძნელია და არავის უნდა ეს, თუმცა რახან ჩემი მშობლიური სოფელია, მაინც გავბედე და დავთანხმდი.

 

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის შენობა

 


„უნდა ითქვას, რომ ამჟამად ძალიან მოძველებული ინვენტარი გვაქვს და ვცდილობ მისი ახლით შეცვლას. ჩემი მოსწავლეობის დროინდელი მერხებია ისევ საკლასო ოთახებში. თქვენ წარმოიდგინეთ, 40 და 50 წლის მერხები რა მდგომარეობაში იქნება - არაერთხელ დამტვრეული და არაერთხელ შეკეთებული, ყოვლად უვარგისი. ამასთან, არანაირი ლაბორატორია არ არსებობს სკოლაში, არც ქიმიის, არც ფიზიკის, როცა თავის დროზე მაღალი დონის ლაბორატორიები ფუნქციონირებდა. როცა ფიზიკას ვასწავლიდი, ძალიან კარგად იყო კაბინეტი აღჭურვილი, დღეს კი, აბსოლუტურად განადგურებულია ყველაფერი, არანაირი თვალსაჩინოება, არანაირი ლაბორატორია.

 

 

„ჩვენი სკოლა ახალ სკოლად ითვლება, 2006 წელსაა აშენებული და წესით უნდა იყოს საკმაოდ კარგ მდგომარეობაში, მაგრამ შენობა მეტისმეტად უხარისხოდ არის აშენებული. ჩემი მოსვლის შემდეგ, მცირე კოსმეტიკური რემონტი ჩავატარეთ, სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა და შევაკეთეთ, ხოლო მეორე სართულზე წყლის ჩამოსვლის შედეგად გაფუჭებული ოთხი საკლასო ოთახი მოვაწესრიგეთ, იატაკი შევაცვლევინეთ, კედლები შევაღებინეთ და რაც მთავარია, სახურავზე დამატებითი სამუშაოები ჩავატარეთ, რომ წყლის ჩამოსვლა შეჩერებულიყო“, - ამბობს დირექტორი.

 

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზალიკო მაისურაძე - ფოტოები მოწოდებულია კოთელიის საჯარო სკოლის მიერ

 

 

მისი თქმით, არც ისე დიდი ფინანსური რესურსების პირობებში, სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ინვენტარის შეძენისთვის ზრუნვა სპონსორების მოძიების პარალელურად ხდება.

 

 

„სამწუხაროდ, სკოლას დიდი ფინანსური საშუალება არ აქვს, ამიტომ სპონსორების მოძიება გვიწევს. შეხვედრები გვქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ერთი კარგი პროექტი შემოგვთავაზეს უკვე და ახორციელებენ კიდეც, ავეჯი მოიტანეს, ახლა ახალი კომპიუტერები უნდა გადმოგვცენ. მოკლედ, ასე, ერთობლივი ძალებით, სკოლის ბიუჯეტით და სხვების დახმარებით, იმედია, შევძლებთ პროლემების თანდათან მოგვარებას.

 

 

„სკოლის ბიუჯეტიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაც წინ წავწიოთ. მაგალითად, ახლა ტენდერი გვაქვს გამოცხადებული, ექიმის კაბინეტის მოსაწყობად. ასევე, ველოდებით აუდიტის სამსახურს, რომ ძველი ინვენტარი ჩამოვწეროთ და ახალი შევიძინოთ. ვფიქრობ, რომ მომავალი წლის იანვრისთვის, უფრო ალბათ სექტემბრისთვის, ინფრასტრუქტურა უკვე ასე თუ ისე, გამართული იქნება“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის ზალიკო მაისურაძემ.

 

 

 

 

კიდევ ერთი საკითხი, რასაც სკოლის დირექტორი მოსაგვარებელი პრობლემებიდან ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს, სპორტდარბაზის უქონლობაა.

 

 

„სამწუხაროდ, სკოლა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რომელიმე ოთახი მაინც გამოვყოთ სპორტდარბაზისთვის, 12 ოთახია და 12 კლასი, ერთი ბიბლიოთეკა და ერთი კაბინეტი. ამის მეტი ფართი სკოლაში არ არის. წარმოიდგინეთ, სკოლის ე.წ. სტადიონი მოასფალტებულია და იქ თამაში ბავშვებისთვის საფრთხესაც კი შეიცავს, პირობითად შეიძლება დავარქვათ სტადიონი, პატარა მოედანია და იმაზეც ასფალტია დაგებული. ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა სპორტდარბაზი, რომ ბავშვი გაიყვანო და ფიზიკურ აქტივობაში ჩართო.

 

 

 

 

„ზამთარი ჯავახეთში 6 თვეა და მოზარდებს სპორტის სახეობებში რაიმეს მიღწევის ნული შანსი აქვთ, სპორტდარბაზის არარსებობის გამო. გარეთ ვერ გაიყვან ბავშვს, ჩაკეტილ კლასში კი, რა უნდა გააკეთებინო. არადა, ახალქალაქამდე 15 კილომეტრია, იქით-აქეთ გზა 30 კილომეტრი გამოდის და ამხელა მანძილზე ბავშვების სისტემატური ტარების არც ფინანსური შესაძლებლობა და არც დრო აქვთ ოჯახებს, მით უფრო გადაადგილებაც უფრო რთულია ზამთრის პერიოდში, არადა ბავშვებს აქვთ საკმაოდ კარგი სპორტული მონაცემები და ასეთ პირობებში მათი ეს ნიჭი იკარგება.

 

 

სოფელი კოთელია - უკან სოფლები: ტურცხი, ლომატურცხი, ბურნაშეთი, ალასტანი, ღადო - ფოტო კუკური მეტრეველის Facebook-იდან

 

 

„საბოლოოდ, რომ ითქვას, ორი უმთავრესი პრობლემაა სკოლაში - მასწავლებლების არყოლა და სპორტდარბაზის არქონა. იქნებ ვინმეს პატრიოტული გრძნობა გაუღვიძოს ამ სტატიამ და თქვას, რომ მოდი, ერთი წელი ჯავახეთში ავალ და ვიმუშავებ, რომ ამ ქართულმა სკოლამ, ამ ქართულ სოფელში, იარსებოს“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ზალიკო მაისურაძემ.

 

აკაკი აჩელაშვილის Facebook-ის ფოტოზე: სოფელი კოთელია 

 

 

კომენტარები: 1
#1  ლევანი
      
ასეთ რეგიონში, ასეთ სოფლებს და ასეთ სკოლებს უნდა მიეხედოს პირველ რიგში. განათლების სამინისტროს არასწორმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ ძალიან ბევრი გამოცდილი, მაღალკვალიფიციური მასწავლებელი, რომლებმაც თაობები აღზარდეს, ხელაღებით დაითხოვეს სკოლებიდან. ასეთ რეგიონებში მაინც რომ დაუშვან გამონაკლისი არ აჯობებს იმას, რომ საერთოდ ჩავარდნილი არ იყოს სწავლის პროცესი? ხომ უნდა დაფიქრდნენ ამაზე? ამ პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა არ აღზარდეს მთელი საქართველო? რას უწუნებენ? დროა, დაფიქრდეს განათლების სამინისტრო და თბილისის თბილი სავარძლებიდან ვარდისფერი სათვალეები მოიხსნას, საერთოდ დადის ვინმე ამ უწყებიდან რეგიონებში, ეცნობიან, რა ხდება? რა თქმა უნდა, არა. და ამიტომაც გვაქვს ასეთი სავალალო შედეგი.
26 იანვარი 2023 13:55
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი