„ძირითადად, ბავშვებმა შემაყვარეს ეს სოფელი, მართლა არ მიძებნია სხვა სკოლა“- მაია კვენიაშვილი - მარნეულის სოფელ ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელი
30-01-2023, 12:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი მაია კვენიაშვილი 10 წელია რაც აზერბაიჯანულენოვან სკოლაში ასწავლის და იმდენად მიეჩვია სოფლისა და სკოლის გარემოს, რომ არც კი უფიქრია მუშაობის სხვაგან გაგრძელება.

 

 

GUARDIAN.GE-ის არქივის, 2019 წელს გადაღებულ ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოს მიმდებარე ტერიტორია
 

 

როგორც მან GUARDIAN.GE-ის განუცხადა, სოფელი ხალხმა და ბავშვებმა შეაყვარეს და „დიდ ძალას და მოტივაციას აძლევს ბავშვების გაბრწყინებული სახეები“.

 

 

GUARDIAN.GE-ის არქივის, 2019 წელს გადაღებულ ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლა
 

 

„პირველი ჩემი პედაგოგიური საქმიანობა სწორედ ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლაში დაიწყო, ეს იყო „მასწავლების სახლის“ პროგრამა - „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, მაშინ ასეთი სახელწოდება ჰქონდა, იგივე პროგრამით ვარ ახლაც, უბრალოდ სახელი შეეცვალა და ამჟამად „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამა“ ჰქვია, ანუ თავიდან, 2013 წელს, „მასწავლებელის სახლიდან“, როგორც დამხმარე მასწავლებელი, ასე გამომგზავნეს ხანჯიგაზლოს სკოლაში - ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის დამხმარედ. პედაგოგიური პრაქტიკის გავლის შემდეგ, დირექტორმა საკუთარი სურვილით, საათები მომცა. ახლა ამ პროექტშიც ვარ და ამავე დროს ვარ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი. 2023 წლიდან კონსულტანტ მასწავლებელი გავხდი. ამჟამად ჩემი სტატუსი უფროსი მასწავლებელია, ჩაბარებული მაქვს საგნის და უნარების გამოცდა, ასევე 2022 წელს წამყვანი მასწავლებლის გამოცდაც ჩავაბარე წარმატებით, ჯერ უბრალოდ სტატუსი არ შემცვლია, გარკვეული დოკუმენტებია წარსადგენი და სავარაუდოდ, მომავალი სასწავლო წლიდან, ანუ სექტემბრიდან შემეცვლება. მუდმივად ვზრუნავ პროფესიულ განვითარებაზე, სისტემატურად ვესწრები ტრენინგებს, სემინარებს.

 

 

GUARDIAN.GE-ის არქივის, 2019 წელს გადაღებულ ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლა
 

 

„როგორც პროექტის მოწვეული მასწავლებელი, წლების განმავლობაში, პანდემიამდე, სოფელ ხანჯიგაზლოში, ერთ-ერთი მასწავლებლის ოჯახში ვცხოვრობდი, თვითონ სახელმწიფო მიხდიდა ბინის ქირას. 2020 წლიდან კი, უკვე რუსთავიდან დავდივარ ყოველდღიურად. 15 საათი მაქვს, ასევე პროექტის ფარგლებში კლუბები, წრეები. ბავშვებს დამატებით ვუტარებ ქართულის გაკვეთილებს, ხან კონცერტებისთვის ვამზადებ, ანუ დილიდან, თითქმის 3 საათამდე სკოლაში მიწევს ყოფნა. ვცდილობ, არაფორმალური განათლებით ხელი შევუწყო ჩემი მოსწავლეების ქართული ენის ცოდნის ამაღლებას და მათ მრავალმხრივ განვითარებას“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის მაია კვენიაშვილმა.

 

 

სკოლის მიერ მოწოდებულ ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი მაია კვენიაშვილი მოსწავლეებთან ერთად

 

 

როგორც მან აღნიშნა, ხანჯიგაზლოსა და მიმდებარე სოფლებში ქართული ენის ცოდნის მხრივ,10 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, სურათი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი და არაერთი წარმატებული მოსწავლე უკვე თბილისის უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობს სწავლას.

 

 

 


„რომ ჩავედი, იქ იყო უკვე ქართულის მასწავლებელი, ჩემი წინამორბედი, თუმცა არ დამხვდა მაინცდამაინც კარგი სურათი, ბავშვებს უჭირდათ კომუნიკაცია, არ იყვნენ ჩართული არაფორმალურ განათლებაში. ნამდვილად არ იყო სახარბიელო მდგომარეობა. რომ ჩავედი, მე-7 კლასთან დავიწყე მუშაობა, სულ სამი მოსწავლე იყო კლასში, ერთ-ერთი ნამიდ აბდულაევი, რომელიც დღეს არა მარტო ამ სოფლიდან, არამედ მიმდებარე სოფლებიდანაც კი, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია და ამჟამად „GIPA-ს“ - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის - სტუდენტია.

 

 

 

 

„როცა აქ ჩამოვედი, ეს მოსწავლეც, სხვებთან ერთად ჩავრთე არაფორმალურ განათლებაში. მარნეულში, ქართული ენის სიმღერის კონკურსი იმართება სახელწოდებით - „სხვა საქართველო სად არის“, სადაც იგი მეორე ადგილზე გავიდა და რევაზ ლაღიძის პრიზი მიიღო. მე თვითონ ვასწავლე ქართული სიმღერა.

 

 

 

 

„ბავშვებს ძალიან მოეწონათ დამატებითი არაფორმალური აქტივობები, დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ მასში. თავიდან სოფელში ისეთი სიტუაცია იყო, რომ ქართულ ენაზე ძალიან უჭირდათ ელემენტარული კომუნიკაციაც კი, ამ 10 წლის განმავლობაში კი, სრულიად შეიცვალა ჩემს სოფელში სიტუაცია.

 

 

 

 

„ასევე მყავს ძალიან წარმატებული მოსწავლე, თამარა ალიევა, მეზობელ სოფელში მე-10 კლასში განაგრძო სწავლა, საკმაოდ კარგად იცის ქართული.

 

 

 

 

„მანამდე იცით, როგორი სიტუაცია იყო, გულწრფელად გეტყვით, ჩემი სოფლიდან უნივერსიტეტს არავინ არ ამთავრებდა, პირველ წელს, როცა ჩავედი მე-9 კლასში დამხვდა ერთი ბიჭი, ორხანი, ანუ ჩვენს სკოლას ამთავრებდა, ცნობიერების ამაღლების შესახებ ტრენინგები ჩავატარე, მაქსიმალურად ვეცადე ქართული ენის მხრივ სწავლების დონის ამაღლებას და პირველი ბიჭი იყო ორხან ალიევი, რომელიც თბილისში, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. შემდეგ, ეს რომ დაინახეს, სხვებსაც გაუჩნდათ სურვილი სწავლის გაგრძელების, მას ელმადინ ჯაფაროვი მოჰყვა, გოგოების მხრივ ჯერჯერობით სხვანაირი სურათია, ჯერ არ უსწავლიათ უმაღლესში, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ მხრივაც შეიცვლება მდგომარეობა. დიდ იმედებს ვამყარებ თამარა ალიევაზე. ჩემი პირველი პრაქტიკა ალიევას კლასთან დავიწყე, ძალიან კარგი ბავშვები არიან, მარტო თამარა არ არის წარმატებული, სხვებიც არიან, ძალიან მოტივირებული მოზარდები არიან და მეუბნებიან, რომ უნივერსიტეტში განაგრძობენ სწავლას. თამარა ალიევას გარდა წარჩინებული მოსწავლეები არიან ნამიგ აბდულაევი, ელმადინ ჯაფაროვი, ელენა გაჯიევა, გიუნელ აივაზოვა, საბინა მამედოვა.

 

 

 

 

„ასევე ძალიან ბევრ სკოლასთან გვქონდა ურთიერთობა სხვადასხვა კუთხით, და ამ სკოლებში ბავშვებს ქართულად კომუნიკაცია უწევდათ და ესეც ძალიან დაეხმარათ წინსვლაში. ბევრი რამ კეთდება არაფორმალური განათლების მიმართულებით. მახსენდება, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა იყო მარნეულში და ბავშვებმა ძალიან ლამაზი „იმერული ოდა“ დაამზადეს ხის ჯოხებით, დღემდე მაქვს შენახული ბიბლიოთეკაში.

 

 

 


„სხვათაშორის, აქ რომ ჩამოვედი, არ უნდოდათ თბილისში წასვლა. ეგონათ, რომ იქ ჩასასვლელად ვიზა და პასპორტი სჭირდებოდათ. რამდენჯერმე მყავდა წაყვანილი ექსკურსიაზე თბილისის უნივერსიტეტებში, მარნეულის კოლეჯებში, დაათვალიერეს, ნახეს და აზრი შეეცვალათ. ნელ-ნელა მდგომარეობა შეიცვალა. თავიდან, როცა ვუთხარი, რომ თბილისში მათი ექსკურსიაზე წაყვანა მინდოდა, ერთმა ბავშვმა მითხრა, რომ ვერ წამოვიდოდა, მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა, საზღვარგარეთის პასპორტი არ მაქვსო. ეგონა, რომ თბილისში წასასვლელად ბიომეტრიული პასპორტი სჭირდებოდა“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის მაია კვენიაშვილმა .

 

 

 

 

 

GUARDIAN.GE-ის შეკითხვას - ხომ არ გიფიქრიათ სხვა სოფელში, სხვა სკოლაში გადასვლა ან ქართულენოვან საჯარო სკოლაში მუშაობის გაგრძელება? ხანჯიგაზლოზე საუბრისას რამდენჯერმე ახსენეთ „ჩემი სოფელი“. ეს უკვე „თქვენი სოფელი“ გახდა?- მაია კვენიაშვილმა უპასუხა, რომ ხანჯიგზალო ნამდვილად მის სოფლად იქცა და აქაურობა მას „ძირითადად, ბავშვებმა შეაყვარეს“.

 

 

 

 

„როცა აქ ჩამოვედი, ბავშვები რაღაც აქტივობებში რომ ჩავრთე, დავინახე მათი გაბრწყინებული თვალები. ძირითადად, ბავშვებმა შემაყვარეს ეს სოფელი. პატარა სოფელია. ზოგადად, ხალხი ძალიან თბილია. სოფელში რომ შევდივარ, ყველა მიღიმის, ყველა მესალმება და ეს დიდ მოტივაციას მაძლევს. მართლა არ მიძებნია სხვა სკოლა. დირექტორიც, ბატონი ზიადდინ საფაროვი, უაღრესად კარგი ადამიანია, ჯერ ადამიანია, როგორც იტყვიან ხოლმე და შემდეგ არის დირექტორი. ამას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პედაგოგებისთვის.

 

 

GUARDIAN.GE-ის არქივის, 2019 წელს გადაღებულ ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლის  დირექტორი ზიადდინ საფაროვი

 

 

„ოჯახი, სადაც ვცხოვრობდი, დღემდე როგორც საკუთარ შვილს, ისე მიყურებს, ჩვენს სკოლაში მათემატიკის მასწავლებელია, ქალბატონი არკინაზ ალიევა. მის ოჯახში არაერთი წელი ვიცხოვრე. ოპერაცია დამჭირდა ჯანმრთელობის პრობლემების გამო და ისე მივლიდა, როგორც საკუთარ შვილს. უაღრესად კარგი ადამიანია.

 

 

სკოლის მიერ მოწოდებულ ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი მაია კვენიაშვილი

 

 

„დიდ ძალას მაძლევს ბავშვების გაბრწყინებული სახეები. დღეში 10-ჯერ რომ დამინახონ, 10-ჯერ მესალმებიან. პირველკასელებს ისე უხარიათ ქართული სიტყვების ცოდნა, ქართულად ლაპარაკი, რომ ვერ წამოიდგენთ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. და როგორც გითხარით, ხალხი. სოფელში მგონი სახლი არ არის, სადაც სტუმრად არ ვყოფილვარ, ხან ქორწილებში, ხან ისე. არ მიძებნია მეორე სკოლა, გადარბენაზე ყოფნას მირჩევნია ერთ სკოლაში ვიყო და რეალური შედეგი დავდო. კირაჩ მუღანლოს დირექტორი, ბატონი მასიმ აივაზოვი, სხვათაშორის, ხშირად ამბობს, რომ ჩვენი სოფლის ბავშვებზე კარგად იციანო ქართული ენა“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის მაია კვენიაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი