BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებით, გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, თაღლითური სქემის ორგანიზატორად კი, დავით კეზერაშვილია დასახელებული
12-04-2023, 12:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ბიბისი“ აქვეყნებს ჟურნალისტური გამოძიების მასალებს, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

 


„ბიბისის“ ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს.

 


ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევედნენ და ძარცვავდნენ.

 


„ბიბისის“ ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 125 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“.

 


როგორც „ბიბისი“ წერს, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ. მათივე ინფორმაციით, ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია „მილტონის ჯგუფის“ სახელწოდებით.

 


ნოემბერში „ბიბისის“ გადამღები ჯგუფი თან ახლდა გერმანელ და ქართველ სამართალდამცველებს, რომლებმაც სატელეფონო ცენტრებში ჩხრეკა ჩაატარეს თბილისში.

 


„ბიბისის“ ცნობით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „მილტონის ჯგუფთან“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან ყველაზე ხშირად ხუთი ადამიანის სახელი ჩნდება. ესენია დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.

 


„ბიბისიმ“ აღნიშნული გვარები ე.წ. პანამის დოკუმენტებში გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ მათგან გოგეშვილი, მგელაძე და მაიკლ ​ბენიმინი ოფშორულ კომპანიებში დირექტორებად ან მაღალი თანამდებობის პირებად მუშაობენ. ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ ყველა ეს კომპანია დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან.

 


„ბიბისის“ ცნობით, კეზერაშვილი დაუსწრებლად არის გასამართლებული ბიუჯეტიდან 5 მილიონი დოლარის გახარჯვაში. სასამართლო ვერდიქტის გამოქვეყნების დროს, კეზერაშვილი ლონდონში ცხოვრობდა და დიდმა ბრიტანეთმა მისი საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 


„ბიბისის“ გამოძიების ცნობით, საჯაროდ არ მოიპოვება დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილისა და ოფშორული კომპანიების ქსელთან კავშირს დაადასტურებდა, თუმცა გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ე.წ. პანამის დოკუმენტებში მისი სახელი ფიგურირებს როგორც ზოგიერთი კომპანიის დამფუძნებელი ან აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი. „ბიბისი“ ვარაუდობს, რომ კეზერაშვილი ამ ქსელის ხელმძღვანელია.

 


ამასთან, „ბიბისი“ ესაუბრა „მილტონის ჯგუფში“ შემავალი კომპანიების რამდენიმე ყოფილ თანამშრომელს და მათ დაადასტურეს, რომ პირადად ჰქონდათ საქმე კეზერაშვილთან და იცოდნენ რომ ის ამ სქემაშია ჩართული.

 


„ბიბისის“ ცნობით, კეზერაშვილი სხვადასხვა სოციალურ ქსელში და მათ შორის „ლინკედინში“ საკუთარ გვერდზე ხშირად ავრცელებდა ინფორმაციას „მილტონის ჯგუფში“ შემავალი კომპანიებსა და იქ არსებული ვაკანსიების შესახებ.

 


„ბიბისიმ“ ასევე მოიპოვა მტკიცებულება, რომ კეზერაშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიები იყენებდნენ ელექტრონული ფოსტის იმ კერძო სერვერს, რომელთან წვდომაც მხოლოდ თაღლითობაში ჩართულ „,მილტონის ჯგუფის“ კომპანიებს ჰქონდათ. ასევე, „ბიბისის“ ინფორმაციით, კეზერაშვილის ვენჩურული კაპიტალის კომპანია „ინფინითი“ ფლობდა ვებდომეინებს კომპანიებისთვის, რომლებიც სავაჭრო პლატფორმებს სთავაზობდნენ თაღლითებს.

 


„ბიბისის“ ცნობით, კეზერაშვილი ფლობს კიევში საოფისე შენობას, რომელშიც განთავსებული იყო თაღლითური ქოლ-ცენტრი „ევერ ეფიქსი“ და ტექნოლოგიური კომპანიები, რომლების პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობდნენ იმ ფირმებს, რომელთა ოფისებიც ნოემბერში პოლიციამ გაჩხრიკა. ის ასევე ფლობს ანალოგიური ოფისებს თბილისშიც.

 


„ბიბისიმ“ ასევე გადაამოწმა, იმ ოთხი პირის სოციალური ქსელები, როლებიც გამოძიებაში ფიგურირებენ. ამ ქსელებში განთავსებული სხვადასხვა წვეულებისა თუ ქორწილების ფოტოებიდან ირკვევა, რომ თაღლითურ სქემაში ჩართულ ოთხივე პირს ახლო კავშირი აქვს კეზერაშვილთან.

 


კეზერაშვილს „ფეისბუქზე“ 45 საერთო მეგობარი ჰყავს „მილტონის ჯგუფთან“ დაკავშირებულ პირებთან და „ბიბისიმ“ დაადგინა, რომ თაღლითურ სქემაში ჩართული ერთ-ერთი პირი არის კეზერაშვილის ნათესავი.

 


„ბიბისი“ წერს, რომ კეზერაშვილისგან კომენტარის მიღების მიზნით, „ბიბისის“ ჟურნალისტები მივიდნენ ლონდონში მდებარე მის სახლში, რომლის ღირებულებაც 18 მილიონი გირვანქა სტერლინგია. მან ადვოკატის საშუალებით უარყო თაღლითურ სქემასთან კავშირები.

 

 

ამასთან, მან თქვა, რომ კიევში მდებარე კომპანია „ევერ ეფიქსი“ მისი ცნობით, კანონიერ ბიზნესს აწარმოებს. მისმა ადვოკატმა „ბიბისის“ უთხრა, რომ ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მისი თაღლითებთან კავშირის შესახებ ვერაფერს ამტკიცებს. თაღლითობაში მონაწილეობას „ბიბისისთან“ ინტერვიუში უარყოფენ გამოძიებაში მოხსენიებული სხვა პირებიც.

 

1tv.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი