დარბაზის საჯარო სკოლის დირექტორი მუსეიბ გამბაროვი: სანამ ძალა შემწევს, ვიმუშავებ... თუ ღმერთი მაცოცხლებს, 2025 წელს, სკოლის ნახევარსაუკუნოვან და ჩემს 80 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ
21-04-2023, 13:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი მუსეიბ გამბაროვი პირველად დარბაზის საშუალო სკოლას 1986 წელს ჩაუდგა სათავეში, 5-წლიანი დირექტორობის შემდეგ კი, პოსტს ხელმეორედ, 2001 წელს დაუბრუნდა და დღემდე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობს.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი მუსეიბ გამბაროვი

 

 

როგორც ბაქოს მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტისა და შემდგომ უკვე ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლის კურსდამთავრებული GUARDIAN.GE-ისთან საუბრისას ამბობს, საგანმანათლებლო დაწესებულებაში და პარტიულ თანამდებობებზე მრავალწლიანმა მუშაობამ, მას დიდი გამოცდილება შესძინა და ფსიქოლოგის დონეზე შეუძლია ადამიანების პირველივე ნახვისთანავე შეცნობა.

 

 

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ნინო ნადაშვილი მე-9 კლასში გაკვეთილის ჩატარების პროცესში










 

 

„რაც უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე და არმიის რიგებიდან წამოვედი, დღემდე უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობ, 1 დღე არ ყოფილა, უმუშევარი ვყოფილიყავი. გამოვიარე საბჭოთა პერიოდი, მომსწრე გავხდი მისი დაშლის და დამოუკიდებელი რესპუბლიკების ჩამოყალიბების, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საბჭოთა დროებასაც ბევრი კარგი რამ ჰქონდა - განათლების სისტემაშიც და სხვა სფეროებშიც, თუმცა ცხოვრება იცვლება, დღეს სხვანაირად არის ბევრი რამე მოწყობილი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მაშინ უფრო მეტი დისციპლინა იყო, უფრო მეტი დოვლათი იქმნებოდა სოფლებში. წარმოიდგინეთ, ჩვენს სოფელში 1500-ამდე ოჯახი ცხოვრობდა და 1992 წლამდე სკოლაში 1200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა, 4 პარალელური ჯგუფი გვყავდა თითოეულ კლასში, 97 მასწავლებელი და 27 ტექნიკური პერსონალი მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აქაურების დიდი ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად.

 


„ახლა სოფელში 300-ამდე ოჯახია დარჩენილი და 119 მოსწავლეღა გვყავს ამხელა, ვებერთელა 4-სართულიან სკოლაში. მაშინ ამდენი მოსწავლე ლამის ყოველწლიურად ამთავრებდა სკოლას. ახლა 17 მასწავლებელი და 2 ტექპერსონალია სკოლაში. აღარ დარჩა სოფელში ხალხი, გესმით? - წავიდნენ აქედან, ვისაც სად მოუხერხდა. თუმცა, მე არც წარსულის და არც დღევანდელობის უმადური არ ვარ, სხვა შემთხვევაში დღეს აქ არ ვიმუშავებდი. მე პირადად, დღესაც, ისევე, როგორც ადრე, საქმეს მთელი გულით და პასუხისმგებლობით ვაკეთებ.

 

 

 


„ახალი სკოლა 1975 წელს აშენდა. სკოლის ამხელა შენობა, 4-სართულიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სხვაგან არსად არ არის, ერთია მარნეულის მუნიციპალიტეტში, რამდენადაც ვიცი. ეს სკოლა, მაშინდელი ცხოვრების შესაბამისად იყო გათვლილი, იმ კონტინგენტზე, რასაც ჩვენი სოფელი საჭიროებდა, როგორც გითხარით, 1200 მოსწავლეზე, ახლა კი 119 გვყავს“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის მუსეიბ გამბაროვმა.

 

 

 

 

GUARDIAN.GE-ის კითხვაზე - ოდესმე შეიძლება დაბრუნდეს ისეთი დრო, როცა სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობამ 30 წლის წინანდელ დონეს მიაღწიოს? - მუსეიბ გამბაროვმა იმედიანად უპასუხა:

 

 

„მოდის, მოდის უკეთესი დრო. მაგალითად, 1999 წლიდან ისე შემცირდა მოსწავლეთა რაოდენობა, რომ ზოგჯერ ორი მოსწავლე ამთავრებდა სკოლას, 2 წლის წინ 4 მოსწავლე მივიღეთ პირველ კლასში, ამ სასწავლო წელს კი 13, ემატება ბავშვების რაოდენობა, ეს ძალიან სასიამოვნოა...“

 


დარბაზის საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, სკოლაში ინფრასტრუქტურა გამართულია, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ამავე სკოლის აღზრდილ ზია აბასოვს.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლის ბუნების მასწავლებელი სევდა მუზაშვილი-ხალილოვა და მე-4 კლასელები - გაკვეთილის ჩატარების პროცესი - ბილინგვური სწავლება






 


„სკოლა 2010 წელს გარემონტდა, ზია აბასოვმა, ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ გაგვირემონტა. მთლიანად გამოიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები... მან 1988 წელს დაამთავრა სკოლა, ჩემი პირველი დირექტორობის პერიოდში. აქედან წასვლის შემდეგ ბიზნესს მიჰყო ხელი, შეძლებული კაცი გახდა და თავის სკოლას ამაგი ასე გადაუხადა, არა მარტო სკოლას, არამედ მთელ სოფელს. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა სოფლისთვის - წყალგაყვანილობები, სკოლის, კლუბის რემონტი, აქ დარჩენილი მოსახლეობის დახმარება - ძალიან დიდი ამაგი მიუძღვის ჩვენი სოფლის მიმართ. ძალზე დასანანია, რომ ეს ახალგაზრდა კაცი, გასული წლის დეკემბერში უკურნებელი სენით გარდაიცვალა“, - აღნიშნა მუსეიბ გამბაროვმა.

 


დირექტორი სკოლაში ქართული ენის სწავლების პროცესს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ბოლო წლებში მიღწეული შედეგები თვალშისაცემია.

 

 

„ქართული ენის სწავლების პროცესს უმაღლეს შეფასებას მივცემდი. ჩვენი ქართული ენის მასწავლებლების წყალობით, ბავშვები უკვე პირველი კლასიდანვე იწყებენ ქართულ ენაზე საუბარს. ძალიან, ძალიან ვემადლიერები ქართული ენის მასწავლებლებს. თავს ბედნიერად მივიჩნევ, რომ ასეთი ღირსეული და მაღალკვალიფიციური პედაგოგები გვყავს. საერთოდ, 17 მასწავლებლიდან, მხოლოდ ოთხს არ აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, დანარჩენები უფროსი და წამყვანი მასწავლებლები არიან.

 

 

 


„სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვობისა და შემდგომ პერიოდში ქართული ენის სწავლებას არ ექცეოდა შესაბამისი ყურადღება, საათებიც ძალზე ცოტა იყო და აქედან გამომდინარე, ჩვენმა და შემდგომმა თაობებმაც არ ვიცით ქართული ენა. ახლა პირდაპირ გეტყვით, რომ შესაშური მდგომარეობაა და ყველანარი ხელშეწყობაა იმისათვის, რომ აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ქართული ენა უმაღლეს დონეზე ისწავლებოდეს. ახლა ქართულ ენას კვირაში 5 საათი ეთმობა თითოეულ კლასში, სწავლება ნორმალურად მიდის, უფრო მეტიც, შესანიშნავად მიდის, ქართულის ოთხივე მასწავლებელი მაღალი კვალიფიკაციისა. ეს ყველაფერი აისახება შედეგზე. ბავშვების უმრავლესობა თბილისის უნივერსიტეტებში აბარებს - ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტში. ბოლო წლების კურსდამთავრებულთაგან 4 სწავლობს თბილისში და ძალიან კარგი ხმები მოგვდის მათ შესახებ“, - განაცხადა დარბაზის საჯარო სკოლის დირექტორმა.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი მუსეიბ გამბაროვი და ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ნინო ნადაშვილი
 


მუსეიბ გამბაროვმა 2023 წლის იანვარში, დირექტორობის მსურველთა ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა საკმარისი ქულების რაოდენობა ვერ დააგროვა, რადგან მისი შეფასებით, ქართულ ენის არასათანადო ცოდნიდან გამომდინარე, საკითხების გაგება საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი მუსეიბ გამბაროვი

 


„საქმე იმაშია, რომ (იცინის)... დიდი ხანია, სკოლას ვუდგავარ სათავეში. ოთხი შვილი მყავს, რომლებიც რუსეთში და აზერბაიჯანში ცხოვრობენ, ისინი მეუბნებიან, მამა ასაკში ხარო... მე ვუხსნი, სანამ ძალა შემწევს, შესაძლებლობა მაქვს, გონება მიჭრის, ვიმუშავებ, მერე რაა, რომ ასაკი მაქვს. მე დირექტორის პოსტზე ვარ, გაკვეთილებს აღარ ვატარებ უკვე და ისევ შემწევს უნარი, რომ გავუძღვე სკოლას...

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის შენობა
 


„თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, დირექტორობის მსურველთა ტესტირებაზე გასვლა არ მინდოდა, მაგრამ ჩვენი რესურსცენტრის უფროსის, ქალბატონი იამზე სვანიძის თხოვნით მაინც მივიღე მონაწილეობა გამოცდაში. მან მითხრა, რატომაც არა - გამოცდილება გაქვთ, ერთ-ერთი საუკეთესო დირექტორი ხართ და გადითო გამოცდაზე, არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ჩააბაროთო, უბრალოდ გადით, შეამოწმეთ თქვენი მომზადების დონეო. მეც გავედი...

 

 

 


„მოგეხსენებათ, გამოცდა ქართულ ენაზე ტარდება. ქართულ ენაზე წერა-კითხვა შემიძლია, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ თავისუფლად შევძლო ყველაფრის გაგება და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა შეკითხვების გაგება - ზოგიერთი კითხვა საერთოდ ვერ გავიგე, ვერ გავიგე რაზე იყო საუბარი და გამიჭირდა, ბუნებრივია.

 

 

 


„ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, სადაც 18 აზერბაიჯანულენოვანი სკოლაა, მხოლოდ ერთმა ჩააბარა, ქართველმა ქალბატონმა, რომელიც აზერბაიჯანულენოვანი სკოლის დირექტორია, სავანეთის სკოლაზეა საუბარი, დანარჩენმა - ქართული სკოლებიდან - მხოლოდ ორმა დირექტორმა შეძლო გამოცდის ჩაბარება, ე.ი. სულ სამმა ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, რამდენადაც მე ვიცი.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი მუსეიბ გამბაროვი


„გამოცდის 50% მაინც რომ ყოფილიყო აზერბაიჯანულ ენაზე, მაშინ, ვფიქრობ, არ გამიჭირდებოდა საკმარისი ქულების მოგროვება. ქართულ ენაზე კითხვას დიდ დროს ვანდომებ, ამასობაში დრო გადის და ვერაფერს ასწრებ. ამიტომ, ძალიან რთული იყო, თუმცა აზერბაიჯანულად არ გამიჭირდებოდა, რადგან არ არსებობს საქმე სკოლაში, რომელიც მე არ ვიცოდე, კანონმდებლობასაც ზედმიწევნით კარგად ვიცნობ. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სკოლას მივუძღვენი და ვიცი, რა უნდა აკეთოს დირექტორმა, როგორ უნდა მოახდინოს ორგანიზება - ყველაფერი ეს, ხელისგულზე მიდევს... როგორც გითხარით, საბჭოთა წლებში არ ექცეოდა ქართულის სწავლებას ყურადღება, ამიტომ, სამწუხაროდ, ჩვენც არ ვიცით სახელმწიფო ენა ისეთ დონეზე, რომ გამოცდები ჩავაბაროთ“, - განაცხადა მუსეიბ გამბაროვმა.

 

 

 

 

78 წლის დირექტორი თავისი განვლილი ცხოვრების შეფასებისას ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან მთელი ენერგია მომავალი თაობების აღზრდას მოახმარა და უკან მოხედვისას კმაყოფილების განცდა ეუფლება.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი დარბაზი

 


„მომავალი თაობების აღზრდა ალბათ ყველაზე დიდებული და კეთილშობილური მისიაა ადამიანის ცხოვრებაში და ღმერთის წყალობით, მე ეს მისია დამეკისრა, რასაც ალბათ, არც ისე ცუდად გავართვი თავი, ამიტომ კმაყოფილი ვარ, ძალიან კმაყოფილი ვარ ცხოვრების. ყველაფერი კარგად მიდის, მადლობა ამისათვის ჩვენს სახელმწიფოს. მე ვიტყოდი, რომ სახელმწიფოს მხრიდან დღეს აზერბაიჯანული სოფლების, სკოლების მიმართ გამოხატული ყურადღებით, კმაყოფილები ვართ, ყველაფერი რიგზეა, ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევენ.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის მიმდებარე სოფლები

 

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც მე ვცხოვრობ, ხელისუფლება ჩვენს ხალხს ძალიან ზრდილობიანად ეპყრობა, მე ასე ვუყურებ, ჩემი აზრი ასეთია...“, - აღნიშნა დარბაზის საჯარო სკოლის დირექტორმა, მუსეიბ გამბაროვმა და დაამატა, რომ სანამ ჯერ კიდევ ძალა შესწევს, უნდა თავისი გამოცდილება ბოლომდე მოახმაროს სკოლის ხვალინდელ დღეს.

 

 

 


„თუ ღმერთი მაცოცხლებს, 2025 წელს, სკოლის ნახევარსაუკუნოვან იუბილეს და ჩემს 80 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ (იცინის), მერე კი ვნახოთ...“,- უთხრა მუსეიბ გამბაროვმა GUARDIAN.GE-ის რუსულ ენაზე.

 

 

მუსეიბ გამბაროვის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები

 


დაიბადა 1945 წელს ბოლნისის რაიონის სოფელ დარბაზში, 1965 წელს დაამთავრა დარბაზის საშუალო სკოლა, იმავე წელს ჩააბარა ბაქოს მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში - რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, რომელიც 1970 წელს დაასრულა. 1971 წელს საბჭოთა არმიის რიგებში გაიწვიეს, მსახურობდა მოსკოვის სიახლოვეს, ქალაქ ჟუკოვსკში, მიენიჭა უმცროსი ლეიტანანტის წოდება, 1972 წელს დემობილიზებული იქნა არმიის რიგებიდან და მშობლიურ სოფელში დაბრუნებისთანავე სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, ამავე დროს, სკოლის პარტკომად აირჩიეს, 6 თვეში კი, დარბაზის მერძევეობა-მეკარტოფილეობის საბჭოთა მეურნეობის პარტიული კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა, რომელშიც 10 დასახლებული პუნქტი შედიოდა - სოფელ ქვეშიდან დარბაზამდე, სადაც 10 წელი იმუშავა აღნიშნულ თანამდებობაზე. ამ პერიოდში, 1981 წელს, ბაქოს უმაღლეს პარტიულ სკოლაში გააგზავნეს სასწავლებლად. 1986 წელს დარბაზის საშუალო სკოლის დირექტორად გადაიყვანეს, სადაც 1991 წლამდე იმუშავა, შემდეგ კი დარბაზის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს, სადაც 2000 წლამდე დაჰყო, პარალელურად სკოლაში, 1972 წლიდან, უწყვეტად ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას, კვირაში 5 საათი. 2001 წელს ისევ სკოლის დირექტორის პოსტზე დაბრუნდა და დღემდე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი