რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა
12-05-2023, 18:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

 


„დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

 


მისივე თქმით, საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც განუხრელად დგას ადამიანის ღირსების და მისგან მომდინარე ყველა უფლების სადარაჯოზე.

 


„სამწუხაროდ, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ ეგუება საქართველოს წარმატებას და მოქმედებს მიზანმიმართულად, რათა ჩრდილი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მსჯავრდებული სააკაშვილის შემოსახლების პირველივე დღიდან დაიწყო, ხაზგასმით ვიტყვი, გაურკვეველი წყაროებიდან დაფინანსებული მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა, საქართველო წარმოჩენილიყო ისეთ სახელმწიფოდ, რომელშიც თითქოსდა ვინმეს აწამებდნენ. ამ მიზნის მისაღწევად ადამიანთა ეს ჯგუფი იმაზეც კი წავიდა, რომ მსჯავრდებული წაექეზებინათ, რათა ჰქონოდა შიმშილობის ოთხი ეპიზოდი, არ დამორჩილებოდა ექიმთა რეკომენდაციებს, არ ემკურნალა და, შესაბამისად, გაეუარესებინა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც სხვა არაფერია, თუ არა თვითდაზიანება.

 


ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესების მოტივით, თავისუფლების მოპოვების კამპანიის ფარგლებში სამართლებრივი დავა საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებული სააკაშვილის დაცვის მხარისთვის დასრულდა არასასურველი შედეგით. შემდგომში მათ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და საბოლოოდ მოითხოვეს დროებით ღონისძიებად მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანა.

 


დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს ძვირფას საზოგადოებასთან, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება მისი შემოსახლების დღიდან კორექტული გახლდათ და იყო ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.

 


კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა ღირსეულ თანამშრომელს, რომლებიც განუხრელად იცავენ ადამიანის უფლებებს და ასევე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მრავალი შეურაცხყოფის, მრავალი ცილისწამების მიუხედავად, განუხრელად ასრულებდა და ასრულებს საკუთარ მოვალეობას და დგას ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე“, – განაცხადა ბრეგაძემ, რონლის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს. 

 


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 11 აპრილს გადააგზავნეს. ადვოკატები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი