ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი არარატ ელიზბარიან: დირექტორად დანიშვნისთანავე ერთ-ერთ პირველ მიზნად სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დავისახე
24-05-2023, 13:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - „2011 წელს, როდესაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დავინიშნე, ერთ-ერთ პირველ მიზნად სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დავისახე. სკოლა არასახარბიელო მდგომარეობაში იყო, ეს შენობა 1991 წელს აშენდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დანგრევის გამო მისი კეთილმოწყობა ვერ მოესწრო. მე იმ წელს დავიწყე აქ მასწავლებლად მუშაობა და შენობა დაუსრულებელი იყო, მაგრამ იძულებული ვიყავით მაინც შევსულიყავით და დაგვეწყო სწავლის პროცესი, რადგან სხვა გამოსავალი არ გვქონდა. არც წყალი, არც გაზი, არც შუქი, არც სხვა კომუნიკაციები, შენობა დიზელის საწვავაზე მომუშავე ღუმელებით თბებოდა, უფრო სწორად, ვერ თბებოდა, რადგან აქ ძლიერი ყინვებია ზამთარში და საკმაოდ ციოდა, მაგრამ სწავლის პროცესი არასდროს შეწყვეტილა“, - ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, არარატ ელიზბარიანმა ქართულ ენაზე განუცხადა (შენიშვნა: ბატონ არარატ ელიზბარიანთან ინტერვიუ ქართულ ენაზე შედგა).

 

GUARDIAN.GE-ს ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი არარატ ელიზბარიან

 


როგორც მან აღნიშნა, დირექტორის პოსტზე მუშაობიდან მოყოლებული თითქმის 5 წელი, არაერთი წერილი მისწერა შესაბამის უწყებებს სკოლისთვის კაპიტალური რემონტის ჩატარების თხოვნით და ბოლოს და ბოლოს მისმა მრავალგზის მცდელობამ შედეგი გამოიღო - 2015 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა მილიონობით ლარი გამოყო შენობის სრული აღდგენისთვის და კარტიკამის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები 2017-2018 სასწავლო წელს ახალ სკოლაში შეხვდნენ.

 


„რამდენჯერმე მოვიდა კომისია, შეამოწმა. 2015 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - მილენიუმის - ფარგლებში, სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, 1.5 მილიონი ევრო გამოყვეს ამერიკელებმა, 20% კი სახელმწიფომ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაამატა და 2 წელი და 2 თვე, 2017 წლამდე, სანამ სკოლა ექსპლუატაციაში შევიდოდა, მეზობელი სოფლის, კულიკამის საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი“, - აღნიშნა არარატ ელიზბარიანმა.

 


ელიზბარიანის თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან ოჯახების საზღვარგარეთ, ძირითადად რუსეთში გადინების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და ეს სკოლებში კონტინგენტის შემცირების მთავარი მიზეზი ხდება.

 

GUARDIAN.GE-ს ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი არარატ ელიზბარიან

 


„დიდი სოფელია, როცა სკოლის აღდგენა დიაწყო, 2015 წელს, ბევრი ბავშვი გვყავდა, ახლა 206 მოსწავლეა, მაშინ 450 იყო. უფრო ადრე, საბჭოთა წლებში, 80-იან წლებში 550 მოსწავლე მაინც სწავლობდა ჩვენს სკოლაში. კლებას მიგრაცია განაპირობებს, რუსეთში მიდიან საცხოვრებლად. არის მეორე მიზეზიც. ჩვენი სოფლის მცხოვრებთა ნაწილი თავიანთი შვილების ახალქალაქის რუსულ სკოლაში გაგზავნას არჩევს. ამჟამად, ჩვენი სოფლიდან 55 ბავშვი მაინც სწავლობს ახალქალაქის #2 რუსულენოვან საჯარო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგაც ისინი უკვე რუსეთში მიდიან სასწავლებლად ან სამუშაოდ და უმეტეს შემთხვევაში იქ რჩებიან საცხოვრებლად. რაც შეეხება ახალქალაქის #3 ქართულ საჯარო სკოლას, ჩვენი სოფლიდან წელს ერთმა დაამთავრა ეს სკოლა, ორი კი ამჟამადაც სწავლობს. წელს ჩვენი სკოლა 15-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა, ხოლო პირველ კლასში 12 ბავშვს ველოდებით, მომავალ წელს 27 გვეყოლება“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის არარატ ელიზბარიანმა.

 


კარტიკამის საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სკოლაში სულ 35 პედაგოგია დასაქმებული, მათგან ერთი წამყვანი, 21 უფროსი და 13 პრაქტიკოსია.

 

GUARDIAN.GE-ს ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი არარატ ელიზბარიან



„სექტემბრიდან ალბათ 4 პედაგოგი დაგვემატება, რადგან 1-ელიდან მე-4 კლასის ჩათვლით ბილინგვური სწავლება ინერგება და დამატებითი კადრები დაგვჭირდება. სომხური ენისა და ლიტერატურის 5 მასწავლებელი გვყავს, 5-დან ერთი უფროსია, სამი კი ელოდება სტატუსის ამაღლებას, ბ1 დონე აქვთ და გრძელვადიანი ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ სავარაუდოდ, მიიღებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს. 35 მასწავლებლიდან ა1 და ა2 დონე ყველას გავლილი აქვს, ბ1 კი მათ ნახევარზე მეტს, 22 პედაგოგს“, - აცხადებს არარატ ელიზბარიანი.

 

დაბლა GUARDIAN.GE-ს ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სომხურენოვანი საჯარო სკოლის შენობა და ეზო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მისი თქმით, კარტიკამის საჯარო სკოლაში ქართულის როგორც მეორე ენის სწავლება ამჟამად მაღალ დონეზე მიმდინარეობს, სკოლაში ქართულის 4 პედაგოგია დასაქმებული. მათგან სამი უფროსია, ერთი წამყვანი.

 


„თუ ავიღებთ ადრეულ წლებს, ქართულის მასწავლებლების ნაკლებობა იყო, მხოლოდ ადგილობრივი კადრები გვყავდა, რომლებიც ასო-ბგერებს და სხვა ელემენტარულ საკითხებს ასწავლიდნენ, საათებიც ცოტა იყო, 2-3 საათი კვირაში. ამასთან, არც მატერიალური რესურსები გვქონდა, თუმცა 2007 წლის შემდეგ თანდათან გამოკეთდა მდგომარეობა. ბოლო 10 წელიწადზე მეტია, რაც 5 საათი ეთმობა კვირაში ქართულ ენას. ამასთან, ქართული ენის მაღალი დონის სპეციალისტები მოვიდნენ სკოლაში და სახელმწიფო ენის სწავლების მხრივ ძალიან კარგი მდგომარეობაა“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის არარატ ელიზბარიანმა ქართულ ენაზე.

 


მან საქართველოს სახელმწიფო ენის შესწავლა 43 წლის ასაკში ყველაზე დაბალი საფეხურიდან დაიწყო და იმდენად დიდი იყო მისი მოტივაცია, რომ დღეს იგი ქართულად სრულიად გამართულად საუბრობს, წერს და კითხულობს.

 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ს ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კარტიკამი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


„თავად მე, ქართული ენის შესწავლა 10 წლის წინათ დავიწყე, ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გრძელვადიანი, 6-თვიანი კურსი გავიარე, მანამდე საერთოდ არ ვიცოდი ქართული. ენის გარკვეულ ასაკში და სკოლის პერიოდში სწავლა დიდად განსხვავდება ერთმანეთისაგან და ცოტა რთული იყო. სწავლა ჟვანიას სკოლის დასრულების შემდეგაც არ შემიწყვეტია და კიდევ ვაგრძელებ, რადგან ქართული ენის ცოდნის გარეშე სკოლის ეფექტურად მართვა წარმოუდგენელია. ყველა დოკუმენტაცია ქართულ ენაზეა შესადგენი.

 

 

„მინდა გითხრათ, რომ სკოლაში ასევე არის ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ფარგლებში ქართული ენის სწავლების ჯგუფები, რომელშიც გაკვეთილების შემდეგ დამატებით არიან ჩართული მოსწავლეები, ასევე მათი მშობლები და პედაგოგები. აღნიშნულ ჯგუფებს ჩვენი ქართულის მასწავლებლები ასწავლიან. ამასთან, ტარდება ღია გაკვეთილები“, - განაცხადა არარატ ელიზბარიანმა.

 


დირექტორის ინფორმაციით, კარტიკამის საჯარო სკოლაში სპორტისა და ხელოვნების მიმართულებით წარმატებული ნაბიჯებია გადადგმული და ამჟამად კრივის უფასო სექცია და ცეკვის გოგონების და ვაჟების ჯგუფები ფუნქციონირებს.

 

GUARDIAN.GE-ს ფოტოებზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი არარატ ელიზბარიან

 


„ჩვენს სკოლაში ძალიან მაღალ დონეზეა სპორტის განვითარების საკითხი დაყენებული. მოქმედებს კრივის უფასო სექცია და ბავშვები კვირაში სამი დღე ვარჯიშობენ. სოფლიდან მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ასევე ევროპის ჩემპიონი, პროფესიონალი მოკრივე გვყავს, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ამ დროისთვის სკოლაში, დაახლოებით 60 ბავშვი ვარჯიშობს კრივში და დიდი იმედი მაქვს, რომ მათგან არაერთი მიაღწევს წარმატებას. კრივიდან საქართველოს ნაკრებშიც არიან ჩართული ჩვენგან.

 

 

„გარდა ამისა, გვაქვს ცეკვის ორი ჯგუფი - გოგონების და ვაჟების და ისინი ქართულ და სომხურ ხალხურ ცეკვებს სწავლობენ, უწევთ რეგიონიდან გასვლები, მონაწილეობენ ფესტივალებში - მცხეთაში, თბილისში სხვა ქალაქებში.

 


„სკოლა ასევე 3 წელი ჩართული იყო საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტში - „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდებოდა და 3-ჯერ გრანტის სახით ინვენტარიც გადმოგვცეს“, - აღნიშნა არარატ ელიზბარიანმა.

 

 

 


დირექტორი სიამაყით აცხადებს, რომ კარტიკამის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობს სწავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგაც მათი დიდი ნაწილი მშობლიურ მუნიციპალიტეტს უბრუნდება და კერძო თუ საჯარო სექტორში საქმდება.

 


„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთაგან ამჟამად 40-45 სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს - თბილისში, ახალციხეში. მათგან 7 ექიმი გამოვა, ზოგი იურისტი, ზოგი ეკონომისტი. შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო წლებში ჩვენი სკოლიდან 90% საქართველოში განაგრძობს სწავლას. გასულ წელს 13-მა ჩვენს ქვეყანაში ჩააბარა, სამმა სომხეთში. შარშანწინ 6 მედალოსანი გვყავდა, სამი ოქროს, სამი ვერცხლის, ყველა მათგანი 100%-იანი გრანტით სწავლობს ახლა თბილისში. გასულ წელს 12 წავიდა თბილისში, წელს 15 კურსდამთავრებულიდან 6 დარეგისტრირდა ეროვნულ გამოცდებზე, მათგან ერთი ოქროს მედალოსანია.

 

 

„ასევე მინდა გითხრათ, რომ არაერთი ჩვენი თანასოფლელი, ვინც კარტიკამის სკოლის დასრულების შემდეგ საქართველოს უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, მუნიციპალიტეტში დაბრუნდა და მუშაობენ იუსტიციის სახლში, ბანკებში და ასევე მასწავლებლებად - ხულგუმოში, კულიკამში, დილისკაში და აბულში. სექტემბრიდან, ჩვენი სკოლის სამი კურსდამთავრებული ჩვენივე სკოლაში დაიწყებს მასწავლებლად მუშაობას. ეს მომავალი თაობისთვისაც დიდი სტიმულის მიმცემია. მოზარდები უყურებენ, რომ კარგად სწავლისა და ქართული ენის კარგ დონეზე ცოდნის შემთხვევაში მათ წარმატება ელოდებათ“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის არარატ ელიზბარიანმა.

 

 

 

 

მისი ინფორმაციით, კარტიკამის საჯარო სკოლა ყველა საჭირო ინვენტარით, ლაბორატორიით, ინტერნეტით, გათბობით და თითქმის ყველაფრით უზრუნველყოფილია იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი გამართულად მიმდინარეობდეს.

 


„ახლა მთავარია რაც შეიძლება მეტი კვალიფიცირებული კადრი გვყავდეს, რომ სწავლება მთლიანად მოსწავლეებზე იყოს ორიენტირებული და სასწავლო პროცესი უფრო წარმატებული იყოს - ამჟამად პედაგოგები უფრო კვალიფიკაციის ამაღლებაზე ფიქრობენ (იცინის) და ალბათ, ეს ბუნებრივიცაა. როცა ეს პრობლემა გადაიჭრება, პირველ ადგილზე უკვე მთლიანად მოსწავლე იქნება დაყენებული“, - აღნიშნა არარატ ელიზბარიანმა.

 

 

კარტიკამის საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სკოლის საკითხების დროულად გადაწყვეტაში მას მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი თერეზა ჩივჩიანი.

 

 

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ქალბატონ თერეზა ჩივჩიანს ჩვენი სკოლის თანადგომისათვის. იგი ახალგაზრდა, ენერგიული და პროფესიონალი ქალბატონია. მაქსიმალურად გვიდგას გვერდში და გულშემატკივრობს ჩვენს სკოლას. ის წარმატება, რაც სკოლას აქვს, მისი დამსახურებაცაა“, - განაცხადა არარატ ელიზბარიანმა.

 

 

 

ბიოგრაფიული ცნობები არარატ ელიზბარიანის შესახებ

 

 


დაიბადა 1970 წლის 17 ივლისს ახალქალაქის რაიონის სოფელ კარტიკამში, 1987 წელს დაამთავრა კარტიკამის საშუალო სკოლა, 1993 წელს ერევნის ხაჩატურ აბოვიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, რომლის სრული კურსის დასრულებამდე, 1991 წლიდან, სწავლის პარალელურად, გამომდინარე იქიდიან, რომ ინდივიდუალური სწავლების პროგრამაში იყო ჩართული, მშობლიურ სოფელ კარტიკამში ისტორიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და დღემდე ასწავლის აღნიშნულ საგანს. 2005 წლიდან 2011 წლამდე კარტიკამის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო, 2011 წელს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა და დღემდე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობს.

 

დაბლა GUARDIAN.GE-ს ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სომხურენოვანი საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი თამარა სტეპანიან გაკვეთილის ჩატარების პროცესში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ს ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სომხურენოვანი საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი მარიამ ზარიძე გაკვეთილის ჩატარების პროცესში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ს ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ქიმიის გაკვეთილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ს ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სომხურენოვან საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ს ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სომხურენოვანი საჯარო სკოლის ექიმის კაბინეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ს ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სომხურენოვანი საჯარო სკოლის კრივის სავარჯიშო სექცია და ბიბლიოთეკა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ს ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სომხურენოვანი საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ქეთევან ნასყიდაშვილი მოსწავლეთა ნამუშევრებს წარმოგვიდგენს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სომხურენოვანი საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ქეთევან ნასყიდაშვილი გაკვეთილის ჩატარების პროცესში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

 

კომენტარები: 2
#2  ნინო მახარაშვილი
      
წარმატებები კარტიკამის სკოლას. მის დირექტორს და კოლეგებს. მათთან 6 წელი ვმუშაობდი და დიზელით რომ ვითომ თბებობდა და საშინელი სიცივე და უკომფორტობა რომ იყო, სწორედ იმ წლებში მომიწია სახელმწიფო ენის პროგრამით მუშაობა.მაგრამ ჩემი კოლეგების და სოფლის მოსახლეობის ზრუნვამ,თანდგომამ ბედნიერად მაგრძნობინა თავი. 2006 წელს წამოვედი და მას მერე არ შემიწყვეტია მათთან ურთიერთობა. ვსტუმრობ და მსტუმრობენ. მიხარია რომ მათი სახით საიმედო მეგობრები მყავს კარტიკამში. ამ პედაგოგებიდან, ზოგიერთი მათგანი ჩემი ნამწაფარია. მიხარია დღეს ასეთი სასწავლო გარემო რომ არის . ბავშვთა,სიმრავლეს გისურვებ არარატ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თითოელს და ყველას ერთად. გამორჩეულად ლამაზი,ჭკვიანი და კეთილი ხალხი ცხოვრობს კარტიკამში.
24 მაი 2023 23:39
#1  ელენე
      
რა კარგი სკოლაა. ბავშვობა მოგინდება. love
24 მაი 2023 16:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი