ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე - საქართველო იზიარებს თავისუფლებისა და დემოკრატიის იგივე ღირებულებებსა და პრინციპებს, რაც ჩვენს მტკიცე მეგობრობას განაპირობებს
29-06-2023, 23:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მთელი ისტორიის განმავლობაში თქვენი ქვეყანა ამაყად ატარებდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩირაღდანს, რაც ბრწყინვალე მაგალითს აძლევდა მსოფლიოს. შეერთებული შტატები გამუდმებით იცავდა ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ხელს უწყობდა განვითარებასა და პროგრესს, მხარს უჭერდა კანონის უზენაესობას, რითაც თავის კვალს ტოვებდა მსოფლიო ისტორიაში, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მტკიცედ დგას შეერთებულ შტატებთან.

 


„ჩემთვის დიდი სიამოვნებაა დღეს აქ ყოფნა და ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების გულწრფელი მოლოცვა თქვენთვის და ამერიკელი ხალხისთვის.

 

 

მთელი ისტორიის განმავლობაში თქვენი ქვეყანა ამაყად ატარებდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩირაღდანს, რაც ბრწყინვალე მაგალითს აძლევდა მსოფლიოს. შეერთებული შტატები გამუდმებით იცავდა ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ხელს უწყობდა განვითარებასა და პროგრესს, მხარს უჭერდა კანონის უზენაესობას, რითაც თავის კვალს ტოვებდა მსოფლიო ისტორიაში.

 


საქართველო, ქართველი ხალხი, როგორც ამაყი და თავისუფლების მოყვარული ერი, იზიარებს თავისუფლებისა და დემოკრატიის იგივე ღირებულებებსა და პრინციპებს, რაც ჩვენს მტკიცე მეგობრობას განაპირობებს. ამ გამოწვევებით აღსავსე დროს, ჩვენს მჭიდრო პარტნიორობასა და ერთიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ გლობალურ დონეზე. საქართველო მტკიცედ დგას შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ჩვენს პატივცემულ საერთაშორისო პარტნიორებთან, რადგან ერთად ვიცავთ ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს საერთაშორისო საზოგადოებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მტკიცე მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურებაში.

 


„მეგობრებო, ჩვენი ერის უახლესი ისტორია ჩვენი ძვირფასი თავისუფლების დასაცავად წარმოებულ ომებს მოიცავს. უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებსაც დღეს ვაწყდებით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას ჩვენი ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის კუთხით. მადლიერება მინდა გამოვხატო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის იდეის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ ჩვენი ძვირფასი პარტნიორების ურყევი მხარდაჭერით, შეგვიძლია რეალობად ვაქციოთ მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველო და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციასთან დაკავშირებული მისწრაფებები.

 


ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მტკიცე მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ჩვენი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურებაში. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, საქართველო შეერთებული შტატების მტკიცე და ერთგული პარტნიორია ამ რეგიონში. ქართველი სამხედროები ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ და ერთად იცავდნენ გლობალურ უსაფრთხოებას და საერთაშორისო წესრიგს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

 


ნება მომეცით, ქართველი ხალხის და ჩემი მთავრობის სახელით, გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისადმი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების მტკიცე მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ვაჭრობისა და კომერციის მიმართულებით აუთვისებელი პოტენციალი აქვთ. მოუთმენლად ველით ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ბიზნესისთვის, მხარს ვუჭერთ ამერიკული კაპიტალის შემოდინებას და საქონლის მიმოქცევას ჩვენი ქვეყნის მიმართულებით და პირიქით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისი უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ მიზნების მიღწევაში და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ერებს.

 


უნდა აღვნიშნო, რომ შეერთებულმა შტატებმა დიდი წვლილი შეიტანა საქარველოს სხვადასხვა სფეროს - მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ ჯანდაცვისა და განათლების სისტემების - გაუმჯობესებაში. დიდად ვაფასებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირებული საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების შეთავაზებას. ხალხთა შორის თანამშრომლობის მხარდაჭერით, ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი და გრძელვადიანი პარტნიორობის ხელშეწყობის მნიშვნელობას.

 


მეგობრებო, ყველასთვის ცნობილია, რომ ელჩი დეგნანის მოღვაწეობა საქართველოში თითქმის დასრულებულია და მინდა გამოვიყენო ეს მომენტი და მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს გულმოდგინე და დაუღალავი ძალისხმევისთვის ჩვენს ერებს შორის ორმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობისა და გაღრმავების საქმეში. ქალბატონო ელჩო, მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და ულევი წარმატება მომავალ საქმიანობაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით თქვენი ხილვით საქართველოში!

 


კიდევ ერთხელ, ქალბატონო ელჩო და ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მილოცვა ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულთან დაკავშირებით. მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს დიდი ამერიკელი ერის მეგზური მუდამ!

 


ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 


ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა.

 


საზეიმო მიღებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, პოლიტიკური პარტიების, მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი