გია ხუხაშვილი: ხელისუფლებისთვის ახლა ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები, მათ შორის საპრეზიდენტო, „საფრთხის შემცველია“
03-01-2017, 04:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქართულ ოცნებას“ აფრთხილებს, რომ თუკი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას „ხელების გადაგრეხვით“ შეეცდება, „ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვერანაირ სცენარს ვერ გამოვრიცხავთ“ და „ასეთი ტიპის ძალადობაზე ასევე ძალადობრივი პასუხის“ მოლოდინში უნდა ვიყოთ.

 


აღნიშნული განცხადება ექსპერტმა Guardian.ge-სთან ინტერვიუში, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ გამოხატული მოსაზრების, რომ შესაძლებელია პრეზიდენტმა ვადაზე ადრე დატოვოს პოსტი, საპასუხოდ გააკეთა და აღნიშნა, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში „ხელისუფლება ცუდი სასტარტო პირობებით დაიწყებს საარჩევნო კამპანიას“ და ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების ფონზე, „მათთვის ახლა ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები „საფრთხის შემცველია“.

 


ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების სცენარის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ნებისმიერ ოპონენტთან, იქნება ეს ისევ მარგველაშვილი, რომლის პოლიტიკური კარიერის გაგრძელების სურვილშიც ექსპერტი დარწმუნებული არ არის, თუ სხვა ვინმე, „სერიოზული დისკომფორტი“ ექნება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გაჟღერებულ ფრაზას, რომ იგი მიესალმებოდა პრეზიდენტის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას, ხუხაშვილი თვლის, რომ ივანიშვილმა ამით „დიპლომატიური პასუხი გასცა და იქვე თქვა, რომ რატომ მაინცდამაინც ეს, რადგან ღარიბაშვილს შეიძლება სხვა რაღაცაც უნდოდეს“. თავად ხუხაშვილი კი ირაკლი ღარიბაშვილს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას, „ამ მდინარეში მეორედ შესვლას“ არ ურჩევდა, რადგან „მან როგორც იქნა მოახერხა თავისი რეალური ცხოვრების დაბრუნება. ახლა ისევ მეორედ იგივე საშინელ მდინარეში შესვლა... ადამიანურად, მე არ მემეტება ღარიბაშვილი“.

 


Guardian.ge გთავაზობთ ექსპერტ გია ხუხაშვილთან ინტერვიუს.

 


Guardian.ge: დავით უსუფაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართულმა ოცნებამ" ერთპიროვნულად გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით უნდა აირჩეს, აღნიშნული ცვლილებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, სავარაუდოა, რომ გიორგი მარგველაშვილმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღოს. რამდენად მოსალოდნელია მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება?

 


გია ხუხაშვილი: „დავით უსუფაშვილმა, პირველ რიგში, ილაპარაკა თეორიულ შესაძლებლობაზე. ეს არ იყო არც ინფორმაცია და არც პროგნოზი, ეს იყო თეორიული შესაძლებლობა თუ რა შეიძლება მოხდეს, წმინდა ფორმალური სიზუსტე რა ახლავს ამ პროცესს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთ რამ, რომ უნდა ვიაზროვნოთ სახელმწიფოებრივად. ყველა მხარე, ეს იქნება პარლამენტი, მთავრობა და ნებისმიერი შტო ხელისუფლების, უნდა იყოს ორიენტირებული რა არის კარგი სახელმწიფოსთვის და ფუნდამენტური საკითხი ინსტიტუტების სტატუსი, მათი, ასე რომ ვთქვათ, არჩევითობის წესი არ გახდეს პოლიტიკური თამაშის თემა. იმიტომ, რომ თუ პოლიტიკური თამაში დაიწყო ვიღაცამ, ბუნებრივია, რომ მეორე მხარემაც შეიძლება იგივე თამაშით უპასუხოს. ამით საბოლოო ჯამში, ვერავინ ვერ იგებს - ზარალდება სახელმწიფო. მე მაინც იმედი მაქვს, რომ პარლამენტისა და მთავრობის მხრიდან იქნება ღია დისკუსია ამ თემასთან, ანუ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით და იქნება პირველ რიგში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და არა რაღაც ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით. იმიტომ , რომ არსებობს აზრთა მრავალფეროვნება, ყველა აზრი უნდა იქნას გათვალისწინებული და ჯანსაღ დისკუსიაში უნდა განვითარდეს მოვლენები. თუ დამაჯერებელი არგუმენტაცია იქნება პრეზიდენტის ირიბ არჩევასთან დაკავშირებით და სახელმწიფოებრივად ჩათვალა მთლიანად საზოგადოებამ, ხაზს ვუსვამ და არა მხოლოდ ხელისუფლებამ, რომ ეს იქნება ქვეყნისთვის სასარგებლო, მე არა მგონია, რომ ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტმა დაიწყოს პოლიტიკური თამაში. მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა და ხელისუფლებამ ხელების გადაგრეხვით დაიწყო მოქმდება, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვერანაირ სცენარს ვერ გამოვრიცხავთ“.

 

 

Guardian.ge: ბ-ნო გია, თუ მოვლენები იმდაგვრად განვითარდა, რომ მარგველაშვილმა მიიღო ვადაზე ადრე პრეზიდენტის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება, როგორც ფიქრობთ, თავად მარგველაშვილს ექნება თუ არა კენჭისყრის შემთხვევაში ხელახალი გამარჯვების შანსი?

 

 

გია ხუხაშვილი: „თუ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა ასეთი განწყობა, რომ ხელისუფლება ცდილობს ხელოვნურად, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე შეცვალოს კონსტიტუცია, ამ შემთხვევაში, ნებისმიერი ოპონენტის, მე მარგველაშვილს არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, შანსები იქნება ძალიან მაღალი ასეთ განვითარებაში. შეიძლება მარგველაშვილი არ იყოს, სხვა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ ხელისუფლება ცუდი სასტარტო პირობებით დაიწყებს საარჩევნო კამპანიას, მოდი ასე ვთქვათ. თავი დავანებოთ იმას, რომ მათ წყალში გადაეყრებათ მთელი ეს დაწყებული „სპეცოპერაცია“, გარდა ამისა, ოპონენტთან ექნებათ სერიოზული დისკომფორტი იმიტომ, რომ ცუდ სასტარტო პირობებს მიიღებენ. მე არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში მხოლოდ მარგველაშვილზე, ნებისმიერი სავარაუდო ალეტერნატიული კანდიდატი, მე არ ვიცი ახლა მარგველაშვილს საერთოდ უნდა პოლიტიკური კარიერის გაგრძელება თუ არა. ჯერჯერობით მას ეს პოზიცია არ გამოუთქვამს, ამიტომ იმის განხილვა რაც არ არსებობს, ძნელი სათქმელია. ხელისუფლებას დღეს აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა და ძალიან ბევრი პრობლემები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ვიდრე თუნდაც ეს საკითხი და უკმაყოფილებამ საზოგადოებაში რამდენიმე თვეში შეიძლება პიკს მიაღწიოს, მთავარი გამოწვევა ეს არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკური და სოციალური პრობლემატიკა, რისი გადაწყვეტის შანსებიც ხელისუფლებას ძალიან სუსტი აქვს. მიუხედავად ოპტიმისტური განცხადებებისა, რომ ძალიან მაგარი წელი იქნება და ა.შ. ეს უფრო სადღეგრძელოებს ჰგავს, ვიდრე რეალურ გეგმას. ეს გეგმა, რაც წარმოადგინეს, ამ პრობლემებს ვერ წყვეტს. ეს დინამიკაში რომ გადავხედოთ ყველაფერ ამას ხომ, შეიძლება ვერ მივიღოთ სახარბიელო სურათი ხელისუფლებისთვის. მათთვის ახლა ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები საპრეზიდენტო, მე ვფიქრობ, რომ საფრთხის შემცველია. ამიტომ ასეთ სარისკო სცენარზე, მე ყოველ შემთხვევაში, არ ვურჩევდი მათ წასვლას. მაგრამ ესეც არ არის მთავარი, მთავარია, რა არის სწორი ქვეყნისთვის. ჩვენ ახლა განვიხილავთ პოლიტიკურ სცენარებს და გადავდივართ პოლიტიკაში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ პოლიტიკური გათვლები არ დავაყენოთ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. მთავარი კითხვა დღეს ჟღერს ასე - ქართული სახელმწიფოსთვის რა არის უმჯობესი, რომ პრეზიდენტი ირჩეოდეს პირდაპირი წესით თუ ირიბი წესით პარლამენტის მიერ? თუნდაც ამ პოლიტიკურ მოცემულობაში, რა არის ქვეყნისთვის უმჯობესი? - პირველ რიგში, ამ კითხვაზე უნდა გავცეთ ყველამ ერთად პასუხი. თუ პასუხი იქნება დამაჯერებელი და იმ სახით, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ჯობია ირიბი წესით ირჩეოდეს, კი ბატონო, ამ შემთხვევაში, არ მგონია, თუნდაც მარგველაშვილი ან სხვა, ამის წინააღმდეგ წავიდეს, თუ საზოგადოებრივი კონსენსუსი შედგა ამ სცენარზე, რაშიც ძალიან ეჭვი მეპარება. თუ კონსესუსი არ შედგა და საზოგადოება იქნა ამის წინააღმდეგი და ხელისუფლებამ გამომდინარე თავისი აბსოლუტური უმრავლესობისა, ხელის გადაგრეხვით დაიწყო მოქმედებები, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, მათ შეიძლება მიიღონ ასეთი ტიპის ძალადობაზე ასევე ძალადობრივი პასუხი, ბუნებრივია“.

 

 

Guardian.ge: ვინ შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ კანდიდატი პრეზიდენტის პოსტზე. ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გარკვეული პერიოდის წინათ განაცხადა, რომ ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მიესალმებოდა. შეიძლება თუ არა, რომ ეს იყოს ღარიბაშვილი?

 


გია ხუხაშვილი: „არა, ასე არ უთქვამს ბიძინა ივანიშვილს, ეს არის ინტერპრეტირებული ნათქვამი, ჩემი აზრით. მე გეტყვით, როგორც თქვა. მას დაუსვეს პირდაპირ კითხვა ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად, ანუ პირდაპირ კითხვაში იყო ეს ჩადებული“.

 


Guardian.ge: დიახ, ბიძინა ივანიშვილს დაუსვეს კითხვა, რომლის საპასუხოდაც მან აღნიშნა, რომ ამ პოსტზე ღარიბაშვილის კანდიდატურას მიესალმებოდა.

 


გია ხუხაშვილი: „არა, ბოდიში, სხვანაირად თქვა. მან თქვა, რომ პრინციპში რატომაც არა, ეს განხილვადია. როდესაც თქვენ კონკრეტულ ადამიანზე ეკითხებით და ის გპასუხობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ ადამიანს მხარს უჭერს ამ პოსტზე. ეს ნიშნავს, რომ განხილვადია ის, როგორც ნებისმიერი სხვა. აბა ახლა რა ეთქვა, რომ არა, არავითარ შემთხვევაშიო? - დიპლომატიური პასუხი გასცა და იქვე თქვა, რომ რატომ მაინცდამაინც ეს, რადგან ღარიბაშვილს შეიძლება სხვა რაღაცაც უნდოდეს. ანუ მან დიპლომატიურად თავი აარიდა პასუხის გაცემას. ეს რატომღაც იქნა წაკითხული, რომ ეს მიესალმება ირაკლი ღარიბაშვილს, რაც აბსოლუტურად არასწორია. თქვენ შეგიძლიათ ციტატა მოიძიოთ და მიხვდებით, რომ ასეა და არა სხვანაირად. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი შეიძლება იყოს, არ ვაპირებ ამაზე ტვინის ჭყლეტვას. სიმართლე გითხრათ, მე არ მეჩვენება, რომ ღარიბაშვილი არის კარგი კანდიდატი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ადამიანს აქვს თავისი კვალიფიკაცია. როგორც პოლიტიკოსი ის, რბილად რომ ვთქვათ, მაინცდამაინც არ იყო კარგი. თუნდაც კონტრასტი რომ ავიღოთ გიორგი კვირიკაშვილსა და მას შორის, მაშინ როდესაც კვირიკაშვილიც საკმაოდ სუსტად გამოიყურება, ამ ფონზე ღარიბაშვილი კიდევ უფრო უარესად ჩანს. მან როგორც იქნა მოახერხა თავისი რეალური ცხოვრების დაბრუნება. ახლა ისევ მეორედ იგივე საშინელ მდინარეში შესვლა… ადამიანურად მე არ მემეტება ღარიბაშვილი. მას აქვს თავისი საქმე, თავისი პროფესიონალიზმი, დიდი ოჯახი ჰყავს, ვუსურვებ, რომ იყოს ბედნიერი და თავის პროფესიულ საქმიანობაში რაღაცა აჩვენოს. როგორც პოლიტიკოსი ის, ბუნებრივია, არც არსებობდა, მოგონილი პოლიტიკოსი იყო და დამთავრდა ეს სიზმარი მის ცხოვრებაში და რატომ გვინდა რომ ისევ დავაძინოთ და გაუგებრობაში მოხვდეს, მე არ მესმის“.

 


Guardian.ge: და მაინც, როგორ ხედავთ ირაკლი ღარიბაშვილის როლს სამომავლოდ ქართულ პოლიტიკაში?

 


გია ხუხაშვილი: „მე არ ვურჩევდი, მოდი ასე ვთქვათ. მე რას ვხედავ რა მნიშვნელობა აქვს, ჩემს ხედვაზე არ არის დამოკიდებული. მისი ცხოვრებაა და თუ მას უნდა პოლიტიკაში, იყოს პოლიტიკაში. უბრალოდ, მე მას არ ვურჩევდი ამ მდინარეში მეორედ შესვლას. ისედაც დაზარალდა და კიდევ უფრო დაზარალდება. შესაბამისად, ახლა ადამიანურად ხომ არ მეჯავრება და ადამიანურ რჩევას ვაძლევ და დანარჩენი თვითონ გადაწყვიტოს, უნდა პოლიტიკაში წავიდეს და უნდა „ფორმულა 1“-ის პილოტი გახდეს. მისი გადასაწყვეტია, მისი ცხოვრებაა, ჩემი ხომ არ არის“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი