„მე აქ სტერეოტიპები მთლიანად დამემსხვრა... ბავშვები მაძლევენ ძალას, ყოველ დილით, 6 საათზე ავდგე და დავადგე 100-კილომეტრიან გზას“ - ნინო ნადაშვილის 8 წელი ბოლნისის სოფელ დარბაზის აზერბაიჯანულენოვან საჯარო სკოლაში
25-04-2023, 19:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE - 2015 წელს, ქალაქ რუსთავიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის პოზიციაზე მისულ ნინო ნადაშვილს ერთი წელი სოფლად ცხოვრება მოუწია. ამ დროს გაიცნო ყველაზე კარგად აზერბაიჯანელები და აქ ცხოვრებამ მასში ბავშვობისა და შემდგომი წლების სტერეოტიპები მთლიანად დაამსხვრია. შეისწავლა აზერბაიჯანული ენა, გაეცნო მათ კულტურას, ცხოვრების წესს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რელიგიური თუ ეროვნული განსხვავებულობის მიუხედავად, ადამიანები ერთნაირები არიან თავიანთი ავ-კარგით, მისწრაფებებით, სურვილებით, სიხარულითა თუ ტკივილით.

 

დარბაზის საჯარო სკოლაში თითქმის 8-წლიანი მუშაობის შემდეგ, ნინო ნადაშვილი ამბობს, რომ ამჟამად მისი ერთ-ერთი მთავარი მისიაა მე-7 კლასელ 7 გოგონას, რომელთაც პირველი კლასიდან მოყოლებული ასწავლის, ბოლომდე უერთგულოს, დაასრულებინოს სკოლა, ქართულთან ერთად, ცხოვრების გზაზე დამკვიდრებისთვის ბრძოლისუნარიანობაც ასწავლოს, შემდეგ კი, როგორც თავად ამბობს, ცხოვრება უკარნახებს, დარჩეს ამავე სკოლაში, თუ სხვაგან განაგრძოს საქმიანობა.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ნინო ნადაშვილი მე-9 კლასში გაკვეთილის ჩატარების პროცესში

 

ნინო ნადაშვილმა დარბაზის საჯარო სკოლაში „მასწავლებლის სახლის“ პროგრამით - „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ - დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ, აღნიშნულმა პროგრამამ სახელი შეიცვალა და დღეს უკვე „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის“ პროექტს წარმოადგენს.

 


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის აზერბაიჯანულენოვან საჯარო სკოლაში ამჟამად ქართულის, როგორც მეორე ენის ოთხი მასწავლებელი მუშაობს - ლიანა გიორგობიანი, ნინო ნადაშვილი, ნინო თაყნიაშვილი და ნონა მემანიშვილი.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი დარბაზი

 

 

GUARDIAN.GE ინტერვიუს ამჯერად ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვან მასწავლებელთან, ქალბატონ ნინო ნადაშვილთან გთავაზობთ.

 


GUARDIAN.GE - ქალბატონო ნინო, რა იყო იმის მოტივაცია, რომ აზერბაიჯანულენოვან საჯარო სკოლაში დაგეწყოთ მუშაობა?

 


ნინო ნადაშვილი: „ყოველთვის, ბავშვობიდანვე მინდოდა, რომ ქართული ენის მასწავლებელი ვყოფილიყავი, რადგან ბებია და მამა მასწავლებლები იყვნენ. ეს პროფესია ჩემთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ჩემი თავი სხვა ამპლუაში ვერც კი წარმომედგინა. ზოგადად, ის, რომ საქართველოში ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც არ იციან სახელმწიფო ენა, შენ კი შეგწევს ძალა, რომ მათ დაეხმარო და ასწავლო ენა, ეს ძალიან დიდი მოტივაციაა ჩემთვის - რომ მათ ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი და გამოადგნენ ჩვენს ქვეყანას, რადგან სახელმწიფო ენის არცოდნა ბევრ რამეში უშლით ხელს.

 


სულ თვალწინ მიდგას 2015 წელს ჩემი დარბაზის საჯარო სკოლაში პირველად მისვლის მომენტი - მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასელებთან შემიშვეს, როგორც კვალიფიციური მასწავლებელი და მითხრეს, რომ თქვენ ამათ კარგად უნდა ასწავლოო. მაშინ, ჯერ კიდევ ე.წ. კატის (CAT) გამოცდები იყო და მინდა გითხრათ, რომ სახტად დავრჩი, როდესაც მე-9, მე-11 კლასელი მოსწავლეები ტექსტებს კითხულობდნენ ძალიან გამართულად, მაგრამ როგორც კი შინაარსში ჩავეკითხებოდი, ანუ რაც წაიკითხეს, იმის შესახებ რომ დავუსვამდი შეკითხვებს, როგორ ჰქონდათ ტექსტი გააზრებული, აბსოლუტურად გაუგებარი იყო ეს მათთვის.

 

 

ჩვენს სკოლაში მაშინ ქართულის სამი მასწავლებელი ვიყავით - დაწყებითებში ქალბატონი ლიანა გიორგობიანი, საბაზო საფეხურზე ბატონი აივაზი, აზერბაიჯანელი მასწავლებელი ასწავლიდა და შემდეგ უკვე ჩემთან გადმოდიოდნენ. ბატონმა აივაზმა სკოლა მასწავლებლის საპენსიო ჯილდოს მიღების შემდეგ დატოვა, ისარგებლა ამ პროგრამით და მის ნაცვლად ქართველი მასწავლებლები დაემატნენ სკოლაში. ბოლო წლებში, შეიძლება ითქვას, გაზრდილია როგორც ბავშვების მოტივაცია, ისე სწავლების დონეც. ამას, თქვენ წარმოიდგინეთ, ხელი შეუწყო პანდემიამამაც.

 

 

როგორც ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო. პანდემიამ, ჩემი დაკვირვებით, დიდი კვლევა არ ჩამიტარებია ამაზე, მაგრამ ჩემს მოსწავლეებს რასაც ვუყურებ, ამაზე დაკვირვებით გეტყოდით, პანდემიამ ქართული ენის სწავლების ნაწილში თავისი დადებითი როლი შეასრულა. მანამდე თუ ამბობდნენ მოსწავლეები - რატომ ვისწავლო ქართული ენა, სკოლის დამთავრების შემდეგ მაინც ბაქოში უნდა წავიდე, თურქეთში უნდა წავიდეო... პანდემიის დროს, როცა ჩაიკეტა სახელმწიფო საზღვრები და მე მგონი, აზერბაიჯანთან დღემდე არ გახსნილა, შეეცვალათ აზრები, გააცნობიერეს, რომ კი არიან აზერბაიჯანელები, მაგრამ პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეები არიან და ბაქო არ უშვებს მათ - გააცნობიერეს ის, რომ მათ აქ უნდა იცხოვრონ, აქ უნდა იპოვონ სამსახური და ამაში ქართულის ცოდნა სჭირდებათ და ამან ძალიან დადებითად იმოქმედა. ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ მათი მოტივაცია გაიზარდა.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი დარბაზი

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის მიმდებარე სოფლები

 

 

განათლებით ფილოსოფოსი ვარ, უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დავამთავრე, ხშირად ვაკვირდები მსგავს მოვლენებს და მინდა ვთქვა, რომ მარტო მოსწავლეებში კი არა, თვითონ მოსახლეობაშიც იგრძნობა ეს. ჩვენი სოფელი მოწყვეტილია რაიონული ცენტრიდან, თუ მანქანა არ გყავდა, ისე ვერ მოხვდებოდი ქალაქში - ბოლნისში და შესაბამისად, თბილისში. ისე იყო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ დადიოდა, მხოლოდ ერთი სამარშრუტო ტაქსი ემსახურებოდა აქაურებს, მაშინ როცა ყოველ ნახევარ საათში, ერთ საათში ბაქოს ავტობუსი გადიოდა ჩვენი სოფლიდან და შესაბამისად, ამ ადამიანებს იმის განცდა, რომ საქართველოში ცხოვრობენ, ნაკლებად ჰქონდათ, რადგან ბაქო უფრო ხელმისაწვდომი იყო მათთვის, ვიდრე თბილისი. მას შემდეგ კი, რაც პანდემიის გამო ჩაიკეტა სახელმწიფო საზღვრები - ამაზე ბევრი მიფიქრია - რაც ჩაიკეტა და ვეღარ მიდიან, ის სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები, რომლებიც დადიოდნენ ბაქოს ხაზზე, გადმოეწყვნენ ასე ვთქვათ, დარბაზი-ბოლნისის, დარბაზი-თბილისის მიმართულებაზე და თვითონ მძღოლებიც, რომლებიც 2-3 წლის წინ ორ სიტყვასაც ვერ აბამდნენ ქართულად, ახლა როცა სამარშრუტო ტაქსით მიწევს წასვლა თბილისამდე, ვხედავ, რომ მშვენიერი ქართულით საუბრობენ. მოკლედ, კომუნიკაცია აქეთ უფრო განვითარდა.

 


GUARDIAN.GE - რაც შეეხება სკოლის კურსდამთავრებულებს. სად განაგრძობენ სწავლას ისინი, რამდენად აღწევენ წარმატებას საქართველოში?

 


ნინო ნადაშვილი: სიმართლე რომ გითხრათ, ვერ დავიკვეხნით იმით, რომ ბევრი მოსწავლე გვყავს და ბევრი მიდის უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ ყოველ წელს თითო მაინც აბარებს უნივერსიტეტში, თბილისში. ამას ხელს უწყობს „4+1“ პროგრამაც, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და თავის დროზე დიდი როლი შეასრულა ამ პროგრამამ, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ვფიქრობ, რომ ცოტა უნდა დაიხვეწოს ის, რადგან როცა ეს პროგრამა დაიწყო, მაშინ არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის საათები კვირაში 2 იყო, ახლა კი 5 საათია. ამასთან, მასწავლებლების კვალიფიკაცია, სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ჩვენს სკოლაში, გაიზარდა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ უნდა რაღაც შეიცვალოს ამ პროგრამაში... კი, მიდიან, თბილისში აბარებენ, თუმცა ნაკლებად ხვდებიან გრანტით...

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის შენობა და ეზო

 

 

 

 

 

ერთი პერიოდი ძალიან ვიყავი ჩართული, რომ ჩემი მოსწავლეები დარეგისტრირებულიყვნენ პროფესიულ სასწავლებლებში, მაგრამ ეს ის პერიოდი დაემთხვა, როცა ტრანსპორტი ჭირდა და სოფლის მოსახლეობას არ აქვს იმის საშუალება, რომ თბილისში თავიანთი შვილები აცხოვრონ, გადაუხადონ ბინის ქირა, სწავლის გადასახადი და ა.შ. ეს ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელია, თორემ უფრო მეტი მსურველი იქნებოდა ამ მხრივ. ბოლნისში არ გვაქვს პროფესიული სასწავლებელი, ახლომდებარედ, მარნეულშია მხოლოდ და ვცდილობ მათთან მოლაპარაკებას, რომ ხელი შეუწყონ ჩვენი სოფლის ბავშვებს. მე, მართალია, ქართული ენის მასწავლებელი ვარ, მაგრამ მხოლოდ ამ კუთხით არ მინდა შემოვიფარგლო და ვცდილობ სხვა მიმართულებითაც ხელი შევუწყო მათ განვითარებას, იგივე პროფესიული განათლების მხრივ და ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს, რომ ვისაც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების სურვილი არ აქვთ, შეუძლიათ პროფესიულ კოლეჯებში წავიდნენ და მათთვის სასურველ პროფესიებს დაეუფლონ. სამწუხაროდ, ამაზე არა მარტო აქ, ქართულ სოფლებშიც ნაკლები ინფორმაცია გააჩნია მოსახლეობას.

 

 

GUARDIAN.GE - თქვენ, როგორც მითხარით, რუსთავიდან დადიხართ დარბაზში და მხოლოდ ერთი მიმართულებით 100 კილომეტრის გავლა გიწევთ. ყოველდღიურად, ჯამში, 200 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლა არც ისე ადვილი უნდა იყოს. რა გაძლევთ იმის ძალას, რომ ასეთ შორ მანძილზე იაროთ, ენთუზიაზმით ასწავლოთ ბავშვებს და იზრუნოთ თქვენი სკოლის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე?

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი მუსეიბ გამბაროვი და ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ნინო ნადაშვილი


 

ნინო ნადაშვილი: ნამდვილად ყოფილა დაღლის მომენტი, მასწავლებლებს პროფესიული გადაწვაც გვაქვს ხოლმე... და ფიქრობ, რატომ, რა საჭიროა?.. მაგრამ იმ წუთასვე წარმომიდგებიან ჩემი მოსწავლეები. თქვენ ვერ მოახერხეთ ჩემი მე-7 კლასელების გაცნობა. ამ ბავშვებს ვასწავლი პირველივე კლასიდან და არიან სულ გოგონები - 7 მოსწავლიდან 7-ივე გოგონაა და რომ წარმომიდგებიან ხოლმე ეს ბავშვები, მე რომ არ ვიყო იქ, ასე მგონია, რომ რაღაცნაირად თითქოს უპატრონოდ ვტოვებ (იცინის)... და უფრო მეტი ძალა მეძლევა, მეტი მოტივაცია მიჩნდება იმისა, რომ მათ დავეხმარო სკოლის დამთავრებაში... პირველად რომ მოვედი სკოლაში, მე-9 კლასში გოგონა არ გვყავდა - 2016-ში, 2017-ში, 2018-ში სკოლა გოგონებს არ დაუმთავრებიათ, რადგან კლასებში არ იყვნენ ისინი წარმოდგენილი. 2019-ში კი მხოლოდ ერთმა დაამთავრა, ისიც იმიტომ, რომ მისი ძმა იყო იმავე კლასში. და ეს 7 გოგონა რომ მყავს, ესაა მოტივაცია, ეს მაძლებინებს, რომ აუცილებლად უნდა დავამთავრებინო მათ სკოლა, გავყვე ბოლომდე, ესაა პროგრამა მინიმუმი... (იცინის).

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ნინო ნადაშვილი მე-9 კლასში გაკვეთილის ჩატარების პროცესში

 

 











 


GUARDIAN.GE - ყველაზე მეტად რა გახსენდებათ ამ სოფელთან ურთიერთობაში?

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ნინო ნადაშვილი მე-9 კლასში გაკვეთილის ჩატარების პროცესში

 

ნინო ნადაშვილი: ერთი წელი დარბაზში მომიწია ცხოვრება და ეს საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის. ზამთრის პერიოდი იყო რთული. სოფელი მაღალმთიანია, დიდი თოვლი მოვიდა, ძლიერმა ყინვებმა დაიჭირა. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან გამიჭირდა. ოჯახიდან მოშორებით ვიყავი, ტრანსპორტი არ დადიოდა. ზოგადად, დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ჩემი პროფესიის მიმართ და იქიდან გამომდინარე, რომ სკოლაში დროულად გამოვცხადებულიყავი - სწავლა დილის 9 საათზე იწყება - პირველ წელს სოფელში დარჩენა ვამჯობინე, რომ სასწავლო პროცესი არ შეფერხებულიყო, სკოლა რომ არ გამეცდინა, რადგან შეიძლება ზამთარში გზაც ჩაიკეტოს, თუ დიდი თოვლი მოვიდა, ანდა დილით გზა მოლიპული იყოს და ვერც ახვიდე ამ აღმართებზე.

 

 

 

ახლა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, ტრანსპორტიცაა და გზებსაც უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ. ეს ერთი წელი მძიმე იყო, მაგრამ სოფელმა და სკოლამ ძალიან კარგად მიმიღო. ადამიანები იყვნენ ძალიან გულისხმიერები ჩემ მიმართ. იგივე, ჩვენი სკოლის დირექტორი, ბატონი მუსეიბ გამბაროვი არის ადამიანი, რომელიც ყველანაირად გვერდში მედგა, ზრუნავდა, მართლა მამასავით იზრუნა ამ ადამიანმა ჩემზე. რამდენჯერ დამხვედრია აქედან 15 კილომეტრში, სოფელ ქვეშთან თავისი ავტომანქანით, რომ ამოვეყვანე სკოლაში ან პირიქით, რამდენჯერ ჩავუყვანივარ ცენტრალურ ავტომაგისტრალამდე ან ბოლნისამდე. ბუნებრივია, სკოლის დირექტორის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად გიძლიერებს მოტივაციას, გაიღო მაქსიმუმი.

 

 

გვეტყვიან ხოლმე, რომ თქვენ იქ ელჩები ხართო. ეს შესაძლოა, ცოტა გაზვიადებული მიდგომაა, მაგრამ გარკვეულწილად სიმართლეცაა, რადგან მე აქ, ამ თემის წარმომადგენლებს, ქართველებს ვაცნობ - როგორები ვართ და რა არის საქართველო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის თავად აზერბაიჯანელები იყვნენ აღმოჩენა. რუსთავში ვცხოვრობ და ეს ქალაქი მრავალეთნიკურია, იქაც ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, მაგრამ მე, ისე მოხდა, რომ იქ მათთან შეხება არ მომიწია, და ეს ადამიანები გავიცანი აქ, დარბაზში და ჩემთვის იყვნენ აღმოჩენა, ნამდვილად. ძალიან გულისხმიერები არიან... თუ მიგიღეს, ისეთი თანადგომა იციან, რომ გაგიკვირდებათ. ძალიან თბილი ხალხია. სტერეოტიპი, რომ ესა თუ ის ერი ასეთია - ეს სტერეოტიპი მე აქ დამემსხვრა. ბევრი რამ, რომელიც შორიდან სხვაგვარად ჩანს, იგივე მაგალითად ნაადრევი ქორწინება, რაზეც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც მუშაობს და ისეა ზოგჯერ წარმოდგენილი, რომ თითქოს ეს ამ ხალხის ტრადიცია და დამახასიათებელია მხოლოდ, ეს ნაადრევი ქორწინება, სინამდვილეში ეს მთლად ასე არაა. ცოტა ახლოდან რომ შევხედე ამ ამბავს, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს გამომდინარეობს არა ტრადიციიდან, არამედ იქიდან, რომ ჩაკეტილები არიან, სოფელში ცხოვრობენ და შეიძლება ითქვას, რომ მეტი გასაქანიც არ აქვთ ამ გოგონებს - ანუ, არა მათი ტრადიცია, არამედ ყოფა განსაზღვრავს ამას.

 

 

მაგალითად, სკოლის მიტოვებაც არის გამომდინარე არა იქიდან, რომ აზერბაიჯანელები არიან, არამედ სოფელში როცა მეცხოველეობით ირჩენენ თავს, აი, ახლა უკვე იალაღებზე მიჰყავთ ეს საქონელი და რა ქნან, ოჯახი მიდის, გოგონებს მარტო ხომ ვერ დატოვებენ აქ?! შესაბამისად, ბავშვიც მიჰყავთ და ეს არის გამომდინარე ყოფიდან და არა მათი ეთნიკურობიდან. ზოგჯერ ყველაფერი ისე არ არის, რასაც შორიდან ვხედავთ. ვფიქრობ, ყოფითი მდგომარეობის შეცვლა მათ დამოკიდებულებებსაც შეცვლის. რადგან აი, ცოტა რომ მეტ-ნაკლებად გამოუსწორდათ მდგომარეობა და ჩვენც, როგორც მასწავლებლებმა ვიმუშავეთ იმაზე, რომ... იცით, მათ ჰქონდათ ისეთი დამოკიდებულება, რომ ქალები... პირველ წელს რომ მივედი სკოლაში, ქალი მასწავლებელი ვიყავით სულ სამნი და ისიც მხოლოდ ქართველები. ქალის სახლიდან გასვლის მომენტი ჰქონდათ. ახლა უფრო მეტი ვართ ქალები. გვყავს უკვე ბუნების მასწავლებელი, ქალბატონი სევდა [მუზაშვილი-ხალილოვა] ეთნიკურად აზერბაიჯანელი, თბილისიდან დადის. იგი ბილინგვური სწავლების პროგრამაშია ჩართული. მის გარდა, კიდევ ორი აზერბაიჯანელი ქალბატონი გვყავს, ერთი დაწყებითი კლასების, მეორე კი აზერბაიჯანული ენის პედაგოგია.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლის ბუნების მასწავლებელი სევდა მუზაშვილი-ხალილოვა და მე-4 კლასელები - გაკვეთილის ჩატარების პროცესი - ბილინგვური სწავლება






 

 

ბავშვებმაც უკვე რომ დაინახეს, რომ ქალებიც არიან მასწავლებლები, მათაც შეეცვალათ დამოკიდებულება. თუკი უფრო ადრე, ეს გოგონები ფიქრობდნენ, რომ თუგინდ მასწავლებლობა ან სწავლა მხოლოდ ქართველებისთვის იყო დასაშვები, უკვე ასე არ მიაჩნიათ. ახლა, როცა ვუბიძგებთ იმისკენ, რომ მათაც შეუძლიათ ისწავლონ, ჩააბარონ და ა.შ. უფრო მეტად მონდომებულები არიან. მეც, ამის შემყურეს, მეტი მოტივაცია მიჩნდება და ეს მაძლევს იმის ძალას, რომ ყოველ დილით 6 საათზე გავიღვიძო და დავადგე ამხელა გზას. პროგრესს რომ ვხედავ ეს ძალიან მიხარია.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ნინო ნადაშვილი მე-9 კლასში გაკვეთილის ჩატარების პროცესში

 


საერთოდ, ყველა ჩემი სამსახური უკავშირდება ბავშვებს. ჩემი პირველი სამსახური ბავშვთა სახლში დავიწყე, ღამის აღმზრდელად. ამის შემდეგ ნორიოში მცირე საოჯახო ტიპის სახლში ვმუშაობდი, შემდეგ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან და ჩემი ცხოვრება მათ გარეშე ვერც წარმომიდგენია. მგონია, კარგს ვაკეთებ იმით, რომ ადამიანებს ოდნავ მაინც ვუმსუბუქებ ყოფას. სადაც მიმუშავია, ყველგან ვხედავი მათ ცხოვრებაში ჩემს ადგილს და ახლა, ამ სკოლაში, ვცდილობ ვიყო არა მხოლოდ ქართულის მასწავლებელი, არამედ გზის გამკვალავიც, რომ დავეხმარო საკუთარი პიროვნების უკეთ შეცნობაში, საკუთარი ცხოვრების გზის უკეთ დანახვაში.

 

 

არ დამავიწყდება ჩემი პირველი შეხვედრა 2015 წელს მე-12 კლასელებთან, როცა ვკითხე, რა პროფესიაზე ფიქრობდნენ, როგორ წარმოედგინათ თავიანთი მომავალი ცხოვრება - მხრები აიჩეჩეს ბავშვებმა, ამაზე არც კი ჰქონდათ ნაფიქრი. დღეს ეს სურათი შეცვლილია. ბავშვები უკვე თავიანთ ოცნებებზე ლაპარაკობენ. არ დამავიწყდება, მე-4 კლასელი გოგონას ნათქვამი - მინდა პოლიციელი ვიყოო. ეს ცვლილებები აშკარად თვალშისაცემია და მეც მინდა უფრო მეტი გავცე, უფრო მეტი შევძლო და გავაკეთო.

 

 

მინდა ბილინგვური სწავლების დანერგვის შესახებაც გითხრათ ორიოდე სიტყვა. საპილოტე პროგრამა იყო - სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრი რომ არის, შალვა ტაბატაძის ორგანიზაცია, მათ ჰქონდათ გრანტი. როგორც კი ვნახე ეს განცხადება, რაღაცნაირად მომინდა, რომ ჩართულიყო ჩვენი სკოლა ამაში და ამის შესახებ სკოლის დირექტორს, ბატონ მუსეიბ გამბაროვს ვუთხარი. აი, რატომ ვამბობ, რომ ის არის საოცარი პიროვნება - როგორც კი ვუთხარი, ავუხსენი და დავუსაბუთე, რამდენად კარგი იქნებოდა ბილინგვური სწავლება, მაშინვე მომიწერა ხელი განაცხადზე და ასე დაიწყო ბილინგვური სწავლების დანერგვა ჩვენს სკოლაში.

 

 

ასევე, მინდა გითხრათ, თუ როგორ გავხსენით სოფელში წინა სასკოლო მზაობის ჯგუფი. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა გავაკეთე, სადაც ვამბობ, რომ სკოლაში მოსულ ბავშვებს ფონოლოგიური უნარები არ აქვთ განვითარებული იქიდან გამომდინარე, რომ სოფელში ბაგა-ბაღი არ არის და მშობლებსაც ნაკლებად სცალიათ შვილებისთვის, თავიანთი მეურნეობიდან გამომდინარე და კვლევამ მომცა ის შედეგი, რომ ფონოლოგიურ უნარებს თუ გავავითარებთ, კითხვით სწავლებაში ეს ძალიან დაგვეხმარება.

 

 


კვლევამ მოითხოვა ის გაგრძელება, რომ - ბაღს ვერ ავაშენებდით სოფელში, რადგან ამას დიდი სახსრები სჭირდება - წინა სასკოლო მზაობის ჯგუფი გავხსენით ჩვენს სკოლაში. ჩემი კვლევის დადასტურებაა ამ ჯგუფის არსებობა ჩვენს სკოლაში. მივმართეთ საქართველოს პარლამენტში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონი გოგი მეშველიანის ბიუროს და ვთხოვეთ დახმარება - ბაღი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ამ წინა სასკოლო ჯგუფის გახსნა იყო ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი სოფლისთვის და ბავშვები უკვე პირველ კლასში რომ მოდიან, აშკარად ემჩნევათ განსხვავება.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი მუსეიბ გამბაროვი

 


ბატონი მუსეიბ გამბაროვის სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ წინა სასკოლო ჯგუფის გახსნაზე იგი ყველანაირად გვერდში გვედგა, მშობლებთან კომუნიკაციისას, ხელმოწერების შეგროვებისას - გვერდში გვედგა, როგორც დირექტორი და როგორც დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი.

 


მოკლედ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. პროგრესი აშკარაა. მოსწავლეებს ვასწავლი, რომ თვითონ იპოვონ პრობლემა, თვითონვე იფიქრონ ამ პრობლემის გადაჭრაზე და თავიანთი შესაძლებლობებით დაიწყონ ამის მოგვარება და არ დაელოდონ სხვას - რომ სხვა ვიღაც მოვა და გადაგიჭრის პრობლემას.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი მუსეიბ გამბაროვი

 


GUARDIAN.GE-ის სტატია - დარბაზის საჯარო სკოლის დირექტორი მუსეიბ გამბაროვი: სანამ ძალა შემწევს, ვიმუშავებ... თუ ღმერთი მაცოცხლებს, 2025 წელს, სკოლის ნახევარსაუკუნოვან და ჩემს 80 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ - წაიკითხეთ ბმულზე.

 

 

კომენტარები: 1
#1   Alex
      
I read this post fully on thhe topic of the difference of newest and preceding technologies, it's amazing article.


My web blog: rjral tourism (hotelsalambina.com)
27 აპრილი 2023 00:55
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი