ვაჟა ჩოხელი: ევროპის საბჭოს საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად, დუშეთისთვის გამოყოფილი 18 000 ევროს ოდენობით გრანტის ძირითადი ნაწილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან კომუნიკაციის საშუალებების გაუმჯობესებაზე დაიხარჯება
14-03-2017, 05:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტმა ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „ადგილობრივი ინიციატივები ეთიკური და გამჭვირვალე მმართველობისათვის'' გაიმარჯვა, რითაც ევროსაბჭოს მხარდაჭერით, პროექტების განხორციელებისთვის დაფინანასება მოიპოვა.

 

 

მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი პროექტის, „გახდი გადაწყვეტილების მიმღები პირი ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში'' პრეზენტაციის შემდეგ, 1-ელ მარტს ევროპის საბჭოს სათაო ოფისში, საზეიმო ვითარებაში ხელი საპროექტო წინადადების ფარგლებში გრანტის მიღების შესახებ შეთანხმებას მოეწერა.

 

 

 

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი თანაშემწესთან, თინათინ ცოცხალაშვილთან ერთად, სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტისას, დაესწრო ევროპის საბჭოს მიერ დაგეგმილ შეხვედრას „ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის'', რომელიც საქართველოსთვის 2015-2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სამოქმედო გეგმის ნაწილია და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მიერ ხორციელდება.

 

 

დუშეთის გამგებლის განცხადებით, ევროსაბჭოს მიერ გამოყოფილი გრანტი, რომელიც დაახლოებით, 18 000 ევროა, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან კომუნიკაციის საშუალებების გაუმჯობესებაზე დაიხარჯება.

 

 

რა პროექტის განხორციელებას გეგმავს გამგეობა და რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის - ამ საკითხზე Guardian.ge თავად დუშეთის გამგებელს, ვაჟა ჩოხელს ესაუბრა.

 

 

Guardian.ge: ბ-ნო ვაჟა, რამდენიმე დღის წინათ, სტრასბურგში თქვენი ვიზიტისას ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას ევროპის საბჭოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტს შორის. რას გულისხმობს აღნიშნული ხელშეკრულება და როგორ შეაფასებთ ზოგადად ვიზიტს?

 

 

ვაჟა ჩოხელი: ჩვენ სტრასბურგში, კერძოდ კი ევროპის საბჭოს სათაო ოფისში, წარვადგინეთ პროექტი "გახდი გადაწყვეტილების მიმღები პირი ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში'', სადაც ხელი მოეწერა აღმოსავლეთ ევროპის ოთხი ქვეყნის თორმეტ მუნიციპალიტეტთან საპროექტო წინადადებების ფარგლებში შეთანხმებებს გრანტის მიღების შესახებ, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ოფიციალურ პირების თანდასწრებით. ეს ვიზიტი ჩვენთვის იყო ძალიან ნაყოფიერი, რადგან დუშეთის მუნიციპალიტეტს მიეცა შანსი, ევროპის საბჭოსთან კიდევ ერთხელ თანამშრომლობისა და საკუთარი ინოვაციური პროექტის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობისა.

 

 

 

 

 

G: რა მოცულობის გრანტით მოხდება დუშეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსება?



ვ.ჩ: გრანტის მოცულობა შეადგენს, დაახლოებით, თვრამეტ ათას ევროს (17 953 EURO) და მისი ძირითადი ნაწილი დაიხარჯება მოსახლეობასთან კომუნიკაციის საშუალებების გაუმჯობესებაზე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით.

 

 

G: Guardian.ge-სთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ პროექტი, რომელიც საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ განხორციელდებოდა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მოსაწონი და მნიშვნელოვანი იქნებოდა - ხელშეკრულება ხელმოწერილია - რა პროექტის განხორციელებას გეგმავს გამგეობა?

 

 

ვ.ჩ: რა თქმა უნდა, რადგან ნებისმიერი მთავრობა პირველ რიგში ხალხის არჩეულ, მის დაქირავებულ და მოსახლეობის სამსახურში მყოფ ინსტიტუტს წარმოადგენს, შესაბამისად, ეს პროექტიც მათ სარგებლიანობაზეა ორიენტირებული და "გახდი გადაწყვეტილების მიმღები პირი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში" განახორციელებს კონკრეტულ ამოცანებს ერთი ძირითადი მიზნის მისაღწევად, ესაა - მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა თანამედროვე კომუნიკაციების გზით მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლებით. ეს არ ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის საქმიანობა ამ ეტაპზე არაა გამჭვირვალე, უბრალოდ ჩვენ გვინდა მოსახლეობასთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით, ავამაღლოთ მოსახლეობის ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის სერვისებზე. ინფორმირება, თავისთავად, გაზრდის ჩართულობას, რადგან ინფორმირებული ადამიანი უკეთესად გაიგებს თემში არსებულ პრობლემებსა თუ მიღწევებს, ხოლო ინფორმირებული საზოგადოება ეს უკვე ძლიერი საზოგადოებაა, რომელიც მთავრობასთან ერთად ინაწილებს კუთვნილ პასუხისმგებლობებს.

 

 

G: როდის დაიწყება და რა სავარაუდო თარიღები არსებობს ამ პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესასრულებლად?

 


ვ.ჩ: პროექტის მოსამზადებელი ფაზა ხელმოწერის დღიდან უკვე დაწყებულია, მაგრამ ძირითადი ნაწილი აპრილიდან აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. პროექტი 6-თვიანია და პირველ ეტაპზე საპილოტედ მოიცავს მუნიციპალიტეტის 5 ადმინისტრაციულ ერთეულს: დუშეთს, ჟინვალს, მჭადიჯვარს, ჭოპორტს და ფასანაურს. რაც შეეხება ღონისძიებებს, აღნიშნულ 5 ადმინისტრაციულ ერთეულში იგეგმება ინფო-ბოქსების განთავსება, რომელთა საშუალებითაც მოსახლეობა მიიღებს დეტალურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ, მიმდინარე და დასრულებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ და ასევე, ელექტრონული გამოკითხვის ფორმით შესაძლებელი იქნება მუნიციპალური სერვისების ეფექტურობის კვლევა. ასევე მოხდება საინფორმაციო სტენდების ე.წ. ლაით-ბოქსების განთავსება, რომელთა საშუალებითაც მოსახლეობას ექნება მუდმივად განახლებადი, ილუსტრირებული ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ღონისძიებისა და აქტუალური პროგრამის შესახებ. ასევე განთავსდება 5 საფოსტო ყუთი, სახელწოდებით "შენი აზრი მნიშვნელოვანია", სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მოათავსონ საკუთარი წინადადება/მოსაზრებები წერილობით, რომელსაც პირადად გაეცნობა და უპასუხებს გამგებელი. ასევე ვგეგმავთ ცხელი ხაზის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმართველობას შორის, სატელეფონო ზარისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გზით. რაც მთავარია, ვგეგმავთ არამარტო მოქალაქეების, არამედ საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლების კამპანიასაც, რათა მოხდეს მონაწილეობითი და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება მოქალაქეებისა და საჯარო მოხელეებს შორის ეთიკურ ღირებულებზე დაყრდნობით.

 

 

 

 

 

G: თავად პროექტის დამფინანსებლები თუ იქნებიან განხორციელების პროცესში რაიმე, თუნდაც მონიტორინგის კუთხით ჩართულები?

 


ვ.ჩ: ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი და მათი ექსპერტები უშუალოდ იქნებიან ჩართული პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე და ჩვენი ყველა ნაბიჯი უკვე შეთანხმებულია მათთან, რადგან ეს მცირე გრანტის პროექტი ნაწილია ევროპის საბჭოს პროგრამის ,,ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის'', რომელიც საკუთრივ საქართველოსთვის 2015-2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სამოქმედო გეგმის ნაწილს წარმოადგენს.

 

 

G: დუშეთის მუნიციპალიტეტმა საქართველოს ორ სხვა მუნიციპალიტეტთან (თიანეთი, კასპი) ერთად კონკურსში გამარჯვების შედეგად მოიპოვა აღნიშნული გრანტი. რა პროექტში მონაწილეობს მუნიციპალიტეტი და რა ტიპის კონკურსი ჩატარდა გამარჯვებულების გამოსავლენად?

 

 

ვ.ჩ: ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსი ,,ადგილობრივი ინიციატივები ეთიკური და გამჭვირვალე მმართველობისათვის'', საკმაოდ კონკურენტული იყო, რადგან ამ კონკურსის მიზანს წარმოადგენდა აღმოსავლეთ პარტნიორობის 4 ქვეყანაში (საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, უკრანია) შეერჩიათ 12 საუკეთესო პროექტი ანუ თითოეულ ქვეყანაში - სამი პროექტი, რომლებსაც ისინი შემდეგ დააფინანსებდნენ. საქართველოში არსებული მუნიციპალიტეტებიდან საკმაოდ ბევრს ჰქონდა გრანტის მიღებაზე შეტანილი განაცხადი, მაგრამ დაფინანსდა მხოლოდ სამი: დუშეთი, თიანეთი და კასპი.

 


G: როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს თქვენი მუნიციპალიტეტისთვის მსგავსი ტიპის პროექტებსა თუ კონკურსებში მონაწილეობას?

 

 

ვ.ჩ: მსგავსი ტიპის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამით საშუალება გვეძლევა საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ სხვა ქვეყნებს და ასევე მივიღოთ სიახლეები ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ექსპერტებისაგან და რაც მთავარია, ასეთი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი მუნიციპალიტეტის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო დონეზე.

 

 

 

 

 

G: ევროკავშირისა და ევროსაბჭოს აღნიშნული პროექტის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში ხომ არ იგეგმება ისევ თქვენი ვიზიტი რომელიმე ევროპულ ქვეყანაში?

 

 

ვ.ჩ: ამ პროექტის ფარგლებში უახლოეს მომავალში საერთაშორისო ვიზიტი არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია, სადაც მოწვეულ იქნებიან: რეგიონული და ეროვნული მედია-საშუალებები და საინფორმაციო სააგენტოები, ადგილობრივი საზოგადოების, დონორი ორგანიზაციის, პარტნიორი მუნიციპალიტეტებისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია), სამხარეო ადმინისტრაცია, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წევრები, რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტი და ევროპის საბჭოს ექსპერტები.

 


ასევე მე პირადად ვარ ჩართული ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ პროექტში "მერები/გამგებლები, როგორც ლიდერები ცვლილებებისათვის", რომლის ფარგლებშიც იგეგმება ღონისძიებება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ამას გარდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან კიდევ ორი პროექტის ფარგლებში, ესენია: "თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში" (COMUS) და "კულტურა და კრეატიულობა" - საპილოტე ქალაქები და რეგიონები კრეატიული ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივისთვის. ასევე 2015 წლიდან ქალაქი დუშეთი წევრია მსოფლიოს ისტორიული ქალაქების საერთაშორისო ასოციაციისა (OWHC), რომელთან ერთადაც აქტიურად ვმუშაობთ და აუცილებლად მინდა აღვნიშნო მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული რეგიონული განვითარების მესამე პროექტი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ინფრასტრუქტურული სერვისების და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება ადგილობრივ ეკონომიკაში ტურიზმის წვლილის ზრდის მხარდასაჭერად. იმედი მაქვს ეს ყველაფერი სასიკეთოდ წაადგება დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.

 

კომენტარები: 1
#1   Valeri
      
Gilocavt!gisurvebt warmatebebs!!!
16 მარტი 2017 10:33
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი